ლოცვანი
აპლიკაცია

პირველი კორინთელთა მიმართ, თავი 16

1

რაც შეეხება წმიდათათვის განკუთვნილ შეწირულობას, როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით.

2

კვირის ყოველ პირველ დღეს თვითეულმა თქვენგანმა რაც შეუძლია გადადოს და შეინანოს, რათა ჩემი მოსვლისას აღარ დაიწყოთ გროვება.

3

ხოლო, როდესაც მოვალ, თქვენს მიერვე სანდოდ მიჩნეულ ხალხს წერილებს გავატან და წარვგზავნი, რათა თქვენი შეწირულობა ჩაიტანონ იერუსალიმს.

4

თუ ვნახე, რომ ღირს ჩემი წასვლა, მაშინ ჩემთან ერთად წამოვლენ.

5

ხოლო მე მოვალ თქვენთან, როცა მოვივლი მაკედონიას, რადგანაც მაკედონიიდან უნდა ჩამოვიდე.

6

შეიძლება ერთხანს დავრჩე თქვენთან და იქნებ კიდეც გამოვიზამთრო, რათა შემდეგ გამაცილოთ, საითაც წავალ.

7

რადგან ამჯერად არ მინდა გავლით გინახულოთ, არამედ იმედი მაქვს, რომ, თუკი უფალი ინებებს, რამდენიმე ხანს დავყოფ თქვენთან.

8

ეფესოში კი ორმოცდაათობამდე დავრჩები.

9

ვინაიდან გამეღო ვრცელი და ფართო ბჭე, თუმცა ბლომად არიან მოწინააღმდეგენიც.

10

ხოლო თუ ტიმოთე გეწვიათ, ეცადეთ უშიშრად გყავდეთ, რადგანაც ღვთის საქმეს ასრულებს, ისევე, როგორც მე.

11

ნურავინ უგულებელყოფს, არამედ მშვიდობით გამოისტუმრეთ, ვინაიდან ძმებითურთ ველი.

12

ძმა აპოლოსს კი ბევრი ვეხვეწე, რომ ძმებთან ერთად გწვეოდათ, მაგრამ ამჟამად არასდადებით არ ინება, არამედ მოვა, როცა მოიცლის.

13

იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით რწმენით, მხნედ იყავით და გაძლიერდით.

14

სიყვარულით გეკეთებინოთ ყოველი თქვენი საქმე.

15

ხომ იცნობთ სტეფანეს სახლს, პირველნაყოფს აქაიისას, წმიდათა სამსახურს რომ მიუძღვნა თავი;

16

შეგაგონებთ, ძმანო, მორჩილნი იყავით მისნაირთა და ყველა თანამოსაქმისა თუ მოღვაწის მიმართ.

17

გამახარა სტეფანეს, ფორტუნატუსისა და აქაიკოსის მოსვლამ, რადგანაც მათ შემივსეს თქვენი სიშორე,

18

ასე რომ, ჩემს სულსაც მოუფონეს და თქვენსასაც; პატივი ეცით ამნაირთ.

19

მოგიკითხავენ ასიის ეკლესიები; გულითად მოკითხვას გითვლიან უფლის მიერ აკვილა და პრისკილა მათი შინაური ეკლესიითურთ.

20

მოგიკითხავთ ყველა ძმა; მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით.

21

მოგიკითხავთ ჩემი საკუთარი ხელით, პავლე.

22

ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, ანათემა, მარანათა!

23

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთან.

24

ჩემი სიყვარული ყველა თქვენგანთან ქრისტე იესოს მიერ. ამინ.

1

ხოლო შესაწირავისა მისთჳს წმიდათაჲსა, ვითარცა-იგი უბრძანე ეკლესიათა გალატიისათა, ეგრეთცა თქუენ ჰყოფდით.

2

ერთშაბათად-ერთშაბათად კაცად-კაცადი თქუენი თჳს თანა დაიკრებდინ და იუნჯებდინ, რაჲცა-იგი განემარჯოს, რაჲთა არა, ოდეს მოვიდე, მაშინღა იქმნას შეკრებაჲ.

3

ხოლო რაჟამს მოვიდე, რომელნიცა-იგი გამოსცადნეთ წიგნებითა, ესენი წარვავლინნე მიღებად მადლისა მის თქუენისა იერუსალჱმდ.

4

და უკუეთუ ღირდეს ჩემიცა წარსლვაჲ, ჩემ თანა მოვიდენ.

5

ხოლო მოვიდე თქუენდა, რაჟამს მაკედონიაჲ განვლო, რამეთუ მაკედონიას განვჰვლი.

6

და, ვინ უწყის, თქუენ თანა დავადგრე, გინა თუ და-ცა-ვიზამთრო, რაჲთა თქუენ წარმგზავნოთ მე, ვიდრეცა ვიდოდი.

7

რამეთუ არა მნებავს აწ მგზავრ ხილვაჲ თქუენი; ხოლო ვესავ რაოდენისამე ჟამისა დაყოფასა თქუენ თანა, უფალმან თუ გჳბრძანოს.

8

ხოლო დავადგრე ეფესოს შინა ვიდრე მარტჳლიადმდე.

9

რამეთუ კარი განმეღო მე დიდი და შემწე, და მჴდომნი მრავალ არიან.

10

და უკუეთუ მოვიდეს ტიმოთე, იხილეთ, რაჲთა უშიშად იყოს თქუენ თანა, რამეთუ საქმესა უფლისასა იქმს, ვითარცა-ესე მე.

11

ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ყოს იგი, და წარმომიგზავნეთ იგი მშჳდობით, რაჲთა მოვიდეს იგი ჩემდა, რამეთუ ველი მას ძმათა თანა.

12

ხოლო აპოლოჲსთჳს ძმისა ფრიად ვჰლოცევდი მას, რაჲთამცა მოვიდა თქუენდა ძმათა თანა; და არა სამე იყო ნებაჲ, რაჲთამცა აწ მოვიდა, ხოლო მოვიდეს, ოდეს მოიცალოს.

13

მღჳძარე იყვენით, მტკიცედ დეგით სარწმუნოებასა ზედა, მჴნე იყვენით და განძლიერდით;

14

ყოველივე თქუენი სიყუარულით იყავნ.

15

ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, რამეთუ იცით სახლი იგი სტეფანაჲსი, ვითარმედ არს პირველი აქაიაჲსი, და მსახურად წმიდათა დააწესნეს თავნი თჳსნი.

16

რაჲთა თქუენცა დაემორჩილნეთ ეგევითართა და ყოველსავე თანა-შემწესა და მშრომელსა.

17

ხოლო მიხარის მოსლვასა მას ზედა სტეფანაჲსსა და ფურტონატესსა და აქაიკესსა, რამეთუ თქუენი იგი დაკლებული ამათ აღავსეს,

18

რამეთუ განუსუენეს ჩემსაცა სულსა და თქუენსაცა. იცნითმცა უკუე ეგევითარნი იგი.

19

გიკითხვენ თქუენ ეკლესიანი ასიისანი; გიკითხვენ თქუენ ფრიად უფლისა მიერ აკჳლა და პრისკილა თანა-მკჳდრითურთ მათით კრებულით.

20

გიკითხვენ თქუენ ძმანი ყოველნი. მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა წმიდითა.

21

კითხვაჲ ჴელითა ჩემითა პავლესითა.

22

რომელსა არა უყუარდეს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, იყავნ შეჩუენებულ, მარანათა.

23

მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ თანა.

24

სიყუარული ჩემი თქუენ ყოველთა თანა ქრისტე იესუჲს მიერ. ამინ.

12345678910111213141516