პირველი კორინთელთა მიმართ, თავი 5
როგორც ამბობენ, დაწყებულა თქვენში მრუშობა და თანაც ისეთი მრუშობა, რომლის მსგავსი არ სმენიათ თვითონ წარმართთაც, რომ ვიღაცას მამის ცოლი თურმე ცოლად ჰყავს.
თქვენ კი ქედმაღლობთ, ნაცვლად იმისა, რომ გეგლოვათ და მოგეკვეთათ ამნაირი საქმის ჩამდენი.
ხოლო მე - თუმცა შორსა ვარ ხორცით, მაგრამ თქვენთან ვარ სულით, - უკვე მსჯავრი დავდე, როგორც თქვენს შორის მყოფმა, ამ უკეთურების მოქმედს.
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, როცა თქვენთან იქნება ჩემი სული, უფალ იესოს ძალით, -
სატანას მიეცეს ხორცით სატანჯველად, რათა სული ხსნილ იქნეს უფალ იესოს დღეს.
საგმობია თქვენი სიქადული. ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს?
მაშ, გაწმინდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, ვინაიდან უფუარნი ხართ; რაკიღა ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენთვის დაიკლა.
ასე რომ, ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა უკეთურებისა და უწმინდურობის საფუარით, არამედ სიწმიდისა და ჭეშმარიტების უფუარი პურით.
აკი მოგწერეთ წერილში: არ შეერიოთ-მეთქი მემრუშეთ,
და არა მარტო ამ წუთისოფლის მემრუშეთ, ანდა ანგართ, მტაცებელთა თუ კერპთმსახურთ, თორემ ამ ქვეყნით გასვლა მოგიწევთ-მეთქი.
ისიც მოგწერეთ, არ შერეოდით იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან.
ვინაიდან რად განვიკითხო გარეშენი? განა თქვენ შინაურებს არ განიკითხავთ?
გარეშენი კი ღვთის მიერ განიკითხებიან. მაშ, მოიკვეთეთ უკეთური.
ყოვლადვე ისმის, რაჲსა თქუენ შორის სიძვაჲ და ეგევითარი სიძვაი, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-ედების, ვითარმცა მამის ცოლი ვისმე ცოლად ესუა.
და თქუენ განლაღებულ ხართ და არა უფროჲსად იგლოვეთ, რაჲთა მოისპოს თქუენ შორის, რომელმან საქმე ესე ქმნა.
რამეთუ მე შორს ღათუ ვარ ჴორცითა, ხოლო მახლობელ სულითა; და აწ ეგრეთ შემირაცხიეს, ვითარცა მანდა მყოფსა ეგევითარისა მისთჳს, რომელმან საქმე იგი ქმნა,
სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, შეკრებასა სულისა ჩემისა და თქუენისასა, ძალითურთ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა
მიცემად ეგევითარი იგი ეშმაკსა სატანჯველად ჴორცითა, რაჲთა სული ცხონდეს დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრსისტესსა.
არა კეთილ არს სიქადული ეგე თქუენი; არა უწყითა, რამეთუ მცირემან ცომმან ყოველივე შესუარული აღაფუვნის?
განწმიდეთ უკუე ძუელი იგი ცომი, რაჲთა იყვნეთ ახალ თბე, ვითარცა-ეგე ხართ უცომო, რამეთუ ზატიკად ჩუენდა, ჩუენთჳს დაიკლა ქრისტე.
რაჲთა ვზატიკობდეთ არა ცომითა მით ძუელითა, არცა ცომითა მით სიბოროტისა და უკეთურებისაჲთა, არამედ უცომოებითა მით სიმართლისა და ჭეშმარიტებისაჲთა.
მოვწერე თქუენდა წიგნსა ამას შინა: ნუ თანა-აღერევით მეძავთა;
და არა თუ ყოველთა მეძავთა ამის სოფლისათა, გინა ანგაჰრთა, გინა მტაცებელთა, გინა კერპთ-მსახურთა; უკუეთუ არა, თანა-გაც სამე სოფლით გამოსლვაჲ.
ხოლო აწ მივწერე თქუენდა: ნუ თანა-აღერევით, უკუეთუ ვინმე ძმაჲ სახელდებულ იყოს მეძავ ანუ ანგაჰრ, გინა კერპთ-მსახურ, გინა მაგინებელ, გინა მომთრვალე, ანუ მტაცებელ; ესევითარისა მის თანა არცაღა ჭამად.
რამეთუ რაჲ ძეს ჩემი და გარეშეთა მათ განკითხვაჲ? ანუ არა შინაგანნი იგი თქუენ განიკითხნეთა?
ხოლო გარეშენი იგი ღმერთმან განიკითხნეს; და მოსპოთ უკეთური იგი შორის თქუენსა.