ლოცვანი
აპლიკაცია

პირველი კორინთელთა მიმართ, თავი 3

1

მე არ შემეძლო, ძმებო, ისე მელაპარაკა თქვენთან, როგორც სულიერ ხალხთან, არამედ გელაპარაკებოდით როგორც ხორციელთ, ან როგორც ჩვილებს ქრისტეში.

2

რძით გზრდიდით და არა საჭმლით, ვინაიდან არც მაშინ შეგეძლოთ მეტის ატანა და არც ახლა შეგიძლიათ.

3

იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ, ვინაიდან თუ თქვენს შორის დღესაც შური და დავაა, განა ხორციელნი არა ხართ და ისევე არ იქცევით, როგორც საერთოდ იქცევიან კაცნი?

4

მართლაცდა, თუ ერთი ამბობს: მე პავლესი ვარ, ხოლო მეორე: მე აპოლოსისო, განა ხორციელნი არა ხართ?

5

მაგრამ ან პავლე ვინ არის და ან აპოლოსი? მხოლოდ მსახურნი, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ და თანაც იმდენად, რამდენადაც უფალი შეეწია თვითეულ მათგანს.

6

მე დავრგე, აპოლოსმა მორწყო, გაზრდით კი უფალმა გაზარდა.

7

ასე რომ, არც დამრგველია რამე და არც მომრწყველი, არამედ - გამზრდელი ღმერთი.

8

დამრგველი და მომრწყველი ერთი არიან, მაგრამ თვითეული თავისი შრომისამებრ მიიღებს საზღაურს.

9

ჩვენა ვართ ღვთის თანამოსაქმენი, თქვენ კი ღვთის ნამუშაკევნი, ღვთის ნაშენნი ხართ.

10

მე, ჩემთვის ბოძებული ღვთის მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავდე, სხვა კი აშენებს მასზე, მაგრამ ყველამ უყუროს, როგორ აშენებს.

11

რადგან ვერავინ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე.

12

ხოლო ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე - ოქროს, ვერცხლს, პატიოსან თვლებს, შეშას, თივას თუ ჩალას, -

13

თვითეულის საქმე გამომჟღავნდება, რადგანაც ცხადყოფს დღე; ვინაიდან ცეცხლით მჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს.

14

ვისი საქმეც გაუძლებს, მშენებელს საზღაური ელის.

15

ხოლო ვისიც დაიწვის, ის იზარალებს. თვითონ კი გადარჩება, მაგრამ თითქოს ცეცხლს გადარჩენოდეს.

16

ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ, და სული ღვთისა მკვიდრობს თქვენში?

17

ვინც ღვთის ტაძარს დააქცევს, დააქცევს მას ღმერთი, რადგანაც ღვთის ტაძარი წმიდაა, და ესა ხართ თქვენ.

18

ნურავინ მოიტყუებს თავს; თუ ვინმეს ამ ქვეყნად ბრძენი ჰგონია თავი, შლეგი გახდეს, რომ სიბრძნეს ეზიაროს.

19

რადგანაც სიბრძნე ამა ქვეყნისა სიშლეგეა ღვთის წინაშე, როგრრც წერია: „მათსავ ცბიერებაში ატყვევებს ბრძენთ“.

20

და კიდევ: „იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ფუჭნი არიან ისინი“.

21

მაშ, ნურავინ იქადის კაცთა შორის, რადგანაც ყველაფერი თქვენია:

22

პავლე თუ აპოლოსი, კეფა თუ ქვეყანა, სიცოცხლე თუ სიკვდილი, აწმყო თუ მომავალი, თქვენია ყოველი.

23

ხოლო თქვენ ქრისტესნი ხართ, ქრისტე კი - ღვთისა.

1

და მე, ძმანო, ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ჴორციელთა, ვითარცა ჩჩჳლთა ქრისტეს მიერ.

2

სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი, რამეთუ არღა გეძლო, არამედ არცაღა აწ გიძლავს,

3

რამეთუ წუთღა ჴორციელვე ხართ. რამეთუ სადაღა თქუენ შორის შური და ჴდომაჲ და განწვალებანი, არა ჴორციელვეღა ხართა და კაცობრივ იქცევით?

4

რამეთუ რაჟამს ვინმე იტყოდის, ვითარმედ: მე პავლესი ვარ, და სხუაჲ იტყოდის: მე აპოლოჲსი ვარ, არა ჴორციელვეღა ხართა?

5

რამეთუ რაჲ არს პავლე? ანუ რაჲ არს აპოლო? არამედ მსახურნი, რომელთაგან თქუენ გრწმენა, და კაცად-კაცადსა, ვითარცა უფალმან მისცა.

6

მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა.

7

აწ უკუე არცა დამსხმელი რაჲ არს, არცა მომრწყველი, არამედ აღმაორძინებელი ღმერთი.

8

ხოლო დამსხმელი იგი და მომრწყველი ერთ არიან; და კაცად-კაცადმან თჳსი სასყიდელი მიიღოს თჳსისაებრ შრომისა.

9

რამეთუ ღმრთისა თანაშემწენი ვართ; ღმრთისა ნამუშაკევნი, ღმრთისა აღშენებულნი ხართ.

10

მადლითა მით ღმთისაჲთა, მოცემულითა ჩემდა, ვითარცა ბრძენმან ხუროთმოძღუარმან, საფუძველი დავდევ, ხოლო სხუაჲ იგი აშენებდინ. ხოლო კაცად-კაცადი ეკრძალენ, ვითარ-ძი აშენებდეს.

11

რამეთუ საფუძველი სხუაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დადებად გარეშე მისსა, რომელი-იგი დადებულ არს, რომელ არს იესუ ქრისტე.

12

უკუეთუ ვინმე აშენებდეს საფუძველსა ამას ზედა ოქროსა, ვეცხლსა, ანთრაკთა პატიოსანთა, ძელსა, თივასა, ლერწამსა,

13

კაცად-კაცადისა იგი საქმე გამოცხადნეს, რამეთუ დღემან მან გამოაცხადოს, რამეთუ ცეცხლითა გამოჩინებად არს; და კაცად-კაცადისა იგი საქმე, ვითარ-რაჲ იყოს, ცეცხლმან გამოცადოს.

14

რომლისა-იგი საქმე ეგოს, რომელ აღაშენა, სასყიდელი მოიღოს.

15

რომლისა-იგი საქმე დაიწუეს, იზღვიოს; ხოლო იგი განერეს და ეგრეთ განერეს, ვითარცა ცეცხლისაგან.

16

არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის?

17

რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან; რამეთუ ტაძარი ღმრთისაჲ წმიდა არს, რომელ-ეგე ხართ თქუენ.

18

ნუვინ თავსა თჳსსა აცთუნებნ. უკუეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თჳსი თქუენ შორის ამას სოფელსა, სულელ იქმენინ, რაჲთა იყოს იგი ბრძენ.

19

რამეთუ სიბრძნე ამის სოფლისაჲ სიცოფე არს წინაშე ღმრთისა, რამეთუ წერილ არს: რომელმან შეიპყრნის ბრძენნი სივერაგითა მათითა.

20

და კუალად იტყჳს: უფალმან უწყნის ზრახვანი ბრძენთანი, რამეთუ არიან ამაო.

21

ვინაჲცა ნუვინ იქადინ კაცთაგანი, რამეთუ ყოველივე თქუენი არს:

22

გინა თუ პავლე, გინა თუ აპოლო, გინა თუ კეფა, გინა თუ სოფელი, გინა თუ ცხორებაჲ, გინა თუ სიკუდილი, გინა თუ აწინდელი ჟამი, გინა თუ მერმე იგი ჟამი - ყოველივე თქუენი არს.

23

ხოლო თქუენ - ქრისტესნი, ხოლო ქრისტე - ღმრთისაჲ.

12345678910111213141516