ლოცვანი
აპლიკაცია

მეორე რჯული, თავი 7

1

როცა მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ და მოგაშორებს მრავალრიცხოვან ხალხებს - ხეთელებს, გირგაშელებს, ამორეველებს, ქანაანელებს, ფერიზელებს, ხივიელებს და იებუსელებს - შვიდ ხალხს, შენზე მრავალრიცხოვანს და ძლიერს,

2

ხელში ჩაგაგდებინებს და შენც დაამარცხებ მათ, დაარისხე ისინი, არ შეკრა მათთან კავშირი და არც დაინდო.

3

არ დაუმოყვრდე, არ გაათხოვო შენი ქალიშვილი მის ვაჟზე და არ მოუყვანო შენს ვაჟს მისი ქალიშვილი ცოლად,

4

რადგან ჩემი გზიდან ააცდენენ შენს ვაჟს, დაიწყებენ უცხო ღმერთების თაყვანისცემას, უფლის რისხვა დაგატყდებათ თავს და დაუყოვნებლივ განადგურდებით.

5

ასე მოექეცით მათ: დაუნგრიეთ სამსხვერპლოები, დაულეწეთ სვეტები, გაუჩეხეთ ხემხვივანები და ცეცხლში დაწვით მათი კერპები.

6

რადგან წმიდა ერად ყავხარ უფალს, შენს ღმერთს. შენ აგირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ ჰყოლოდი უნჯ ერად ყველა ერს შორის, რომელიც კი არსებობს დედამიწის ზურგზე.

7

იმის გამო კი არ მოგისურვა და გამოგარჩია უფალმა, რომ სხვა ხალხებზე მრავალრიცხოვანი იყავი, შენ ხომ ყველა ხალხზე მცირერიცხოვანი ხარ,

8

არამედ იმის გამო, რომ უყვარდით უფალს და ინახავდა თქვენს მამა-პაპასთან დადებულ ფიცს. გამოგიყვანათ უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნათ მონობის სახლიდან, ეგვიპტის მეფის, ფარაონის ხელიდან.

9

იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი მტკიცე ღმერთია, შემნახველი ათას თაობაში აღთქმისა და წყალობისა მის მოყვარულთათვის და მათთვის, ვინც დაიცავს მის მცნებებს.

10

სამაგიეროს მიმზღველი მის მოძულეთა მიმართ, მათი დამღუპველი უყოყმანოდ. არ დაახანებს, უყოყმანოდ მიუზღავს სამაგიეროს თავის მოძულეებს.

11

დაიცავი მცნებები, წესი და სამართალი, რომლის შესრულებასაც გავალებ დღეს.

12

თუ შეისმენთ ამ სამართალს, შეინახავთ და შეასრულებთ მას, უფალი, თქვენი ღმერთიც შეგინახავთ აღთქმას და წყალობს, რაც შეჰფიცა თქვენს მამა-პაპას.

13

შეგიყვარებს, დაგლოცავს, გამრავლებს და გიკურთხებს შენი მუცლის ნაყოფს, შენი მიწის ნაყოფს, პურს, ღვინოს და ზეთს, საქონლის ნამატს და ცხვრის მონაგებს იმ მიწაზე, რომელიც შენთვის მისაცემად აღუთქვა შენს მამა-პაპას.

14

კურთხეული იქნები ყველა ხალხზე უფრო, არ იქნება შენში და არც შენს საქონელში ბერწი და უნაყოფო.

15

აგაშორებს უფალი ყოველგვარ სნეულებას, არ შეგყრის ეგვიპტის საშინელ სნებებს, რომლებიც იცი, შენს მოძულეებს კი გაუჩენს.

16

შენ შთანთქავ ყველა ხალხს, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი. ნუ შეიწყალებს მათ შენი თვალი. არ სცე თაყვანი მათ ღმერთებს, რადგან ხაფანგი იქნება ეს შენთვის.

17

თუ იტყვი გულში: ჩემზე ბევრნი არიან ეს ხალხები, როგორ შევძლებო მათ განდევნას?

18

ნუ შეგეშინდება მათი, გაიხსენე, რა გაუკეთა უფალმა, შენმა ღმერთმა ფარაონს და მთელს ეგვიპტეს -

19

დიდი განსაცდელნი, რომლებიც იხილეს შენმა თვალებმა, ნიშნები და სასწაულები, მაგარი ხელი და შემართული მკლავი, რომლითაც გამოგიყვანა უფალმა, შენმა ღმერთმა. ასე უყოფს უფალი, შენი ღმერთი ყველა ხალხს, რომლისაც გეშინია.

20

კრაზანასაც მიუსევს უფალი, შენი ღმერთი, ვიდრე არ გაანადგურებს ყველას, ვინც გადაგირჩება და დაგემალება.

21

ნუ უფრთხი მათ, რადგან უფალი, შენი ღმერთია, შენს შორის, დიადი და საშინელი ღმერთი.

22

თანდათანობით მოგაშორებს უფალი, შენი ღმერთი ამ ხალხებს. მალე არ უნდა გადააშენო ისინი, რომ არ იმრავლონ შენზე ველის მხეცებმა.

23

დაყრის მათ შენს წინაშე, მაგრად შეარყევს მათ და განადგურდებიან.

24

ხელში ჩაგაგდებინებს მათ მეფეებს და მოსპობ მათ სახენებელს.

25

ცეცხლში დასწვით მათი ღმერთების ქანდაკები, ნუ ისურვებ ვერცხლსა და ოქროს, ზედ რომ აქვთ. ნუ წაიღებ, რომ ხაფანგად არ გექცეს, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის, შენი ღმერთისათვის.

26

არ შეიტანო სისაძაგლე შენს სახლში, რომ შენც მასავით დარისხებული არ გახდე. გეზიზღებოდეს და გძაგდეს, რადგან დარისხებულია იგი.

1

რაჟამს უკუე შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანასა მას, რომელსა შეხუალთ, დამკჳდრებად მუნ და შემუსრნეს ნათესავნი იგი დიდნი და მართალნი პირისაგან შენისა, ქეტელი იგი, გერგესეველი, ამორეველი იგი, და ქანანელი იგი, და ფერეზელი იგი, ეველი იგი და იობოსელი იგი, შვიდი იგი ნათესავი დიდ-დიდი და უძლიერესი თქუენსა.

2

მოგცნეს შენ უფალმან ღმერთმან ჴელთა შენთა, დასცნე შენ იგინი და მოსრვით მოსრნე, არა აღუთქუა აღთქუმაჲ შენი მათ თანა, არცა შევიწყალნე იგინი.

3

არცა დაემზახო მათ, ასული შენი არა მისცე მათსა ძესა და ასული მისი არა მოჰგუარო ძესა შენსა.

4

რამეთუ განდრიკოს ძე იგი შენი ჩემგან და ამსახუროს იგი ღმერთთა უცხოთა და განრისხნეს გულისწყრომითა უფალი შენ ზედა და აღგჴოცოს მსთუად.

5

არამედ ესრეთ უყო მათ, ბაგინები მათი დაამჴუთ, ძეგლები დაჰმუსრეთ, კერპები მათი სერტყები დაჰკაფეთ, ძეგლები მათი დაწვით ცეცხლითა,

6

რამეთუ ერი ეგე წმიდა ხართ უფლისა ღმრთისა შენისა. და შენ პირველად გამოგირჩია უფალმან ღმერთმან შენმან, რათა იყო შენ მისა ერად საზეპუროდ ყოველთა უფროს ნათესავსა ნათესავთა, რომელნი არიან პირსა ზედა ქუეყანისასა.

7

და არათუ სიმართლისა თქუენისათჳს რაჲმე გამოგირჩინა თქუენ ღმერთმან, რამეთუ თქუენ უმცირეს ხართ ყოველთა ნათესავთა,

8

არამედ, რამეთუ უყუარდით თქუენ უფალსა, დაამტკიცა ფიცი იგი, რომელ ეფუცა მამათა მათ თქუენთა და გამოგიყვანნა თქუენ ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა და გიჴსნა შენ სახლისა მისგან კირთებისაჲსა ჴელთაგან ფარაო, მეფისათა ეგჳპტელთაჲსა,

9

რათა გულისხმა-ჰყო, რამეთუ უფალი ღმერთი შენი ესე არს ღმერთი, ღმერთი სარწმუნოჲ, რომელმან დაუმარხის აღთქუმაჲ მისი და წყალობაჲ მისი მოყუარეთა მისთა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი მისნი ვიდრე ათასამდე ნათესავად.

10

და მიაგის პირისპირ მისაგებელი და მოსრვაჲ მოძულეთა მისთა, და არა აყოვნის, დაიცვენ შენ მცნებანი მისნი.

11

და ესე სამართალნი და მშჯავრნი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღეს, ყოფად მისა.

12

და იყოს, რაჟამს ისმინნეთ თქუენ ყოველნი ესე სამართალნი ჩემნი, დაიცვნეთ და მოგცნეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან აღთქუმაჲ იგი და წყალთბაჲ, ვითარცა-იგი ეფუცა მამათა მათ თქუენთა.

13

და შეგიყვაროს შენ და გაკურთხოს შენ და განგამრავლოს შენ, აკურთხნეს ნაშობნი მუცლისა შენისანი და ნაყოფი ქუეყანისა შენისაჲ, იფქლი იგი შენი და ღვინოჲ შენი და ზეთი შენი, ზროხანი სამროწლისა შენისანი და არვები ცხოვართა შენთა ქვეყანასა ზედა, რომელ-იგი ეფუცა ღმერთი მამათა მათ შენთა მიცემად შენდა.

14

და კურთხეულ იყო შენ ყოველთა უფროჲს ნათესავთა, არა იპოოს ნათესავსა შენსა შორის უმკჳდროჲ, არცა უზუები საცხოვარსა შენსა შორის.

15

და განგაშოროს უფალმან ღმერთმან შენგან ყოველი იგი სენი და სალმობაჲ ბოროტი მეგჳპტელთა, რომელ-იგი იხილე და უწყოდე, არა მოავლინოს იგი შენ ზედა, არამედ მიავლინოს იგი ჴელთა ზედა მტერთა შენთა.

16

და შეჭამდე შენ ნატყუენავსა მას წარმართთასა რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ, არა გეწყალოდიან შენ იგინი, არცაღა ჰმსახურო სამსახურებელთა მათთა, რათა არა საცთურ გეყოს შენ.

17

უკეთუ სთქუა გონებასა შენსა: არამედ ნათესავი ესე უძლიერ არს შენსა, ვითარ შეუძლო მოსრვად მათა?

18

არა გეშინოდის შენ მათგან, მოჴსენებით მოიჴსენო, რაჲ-იგი უყო უფალმან ღმერთმან შენ მიერ ფარაოს და ყოველთა მათ მეგჳპტელთა.

19

განსაცდელნი დიდ-დიდნი, რომელ-იგი იხილეს თუალთა შენთა, სასწაულები და ნიშები დიდ-დიდები, ჴელი იგი მტკიცე და მკლავი იგი მაღალი, ვითარ-იგი გამოგიყვანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან, ეგრე უყოს უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა წარმართთა, რომელთაგან გეშინის პირისაგან მათისა.

20

და ბზიკები მოავლინოს უფალმან ღმერთმან მათა, ვიდრე მოესრულნენ ნეშტნი იგი და რომელნი დამალულ იყვნენ პირისაგან შენისა.

21

ნუ გეშინინ პირისაგან მათისა, რამეთუ უფალი ღმერთი შენი თანა არს, დიდი და ძლიერი.

22

და მოსრნეს უფალმან ღმერთმან შენმან ყოველნი წარმართნი პირისაგან შენისა მცირედ, არა მოსრნეს იგინი ერთბამად, რათა არა დაშთეს ქუეყანაჲ იგი ოჴრად და განმრავლდენ შენ ზედა მჴეცნი.

23

და მიგცნეს შენ იგინი უფალმან ღმერთმან შენმან ჴელთა შენთა და მოსრნეს იგინი მოსრვითა დიდითა, ვიდრემდე მოასრულნე იგინი.

24

და მოგცნეს უფალმან შარავანდედნი მათნი ჴელთა თქუენთა და წარსყმიდოთ საჴსენებელი მათი ადგილით მათით, არა ვინ აღგიდგეს წინაშე შენსა პირსა, ვიდრე მოასრულნე იგინი.

25

ხატები კერპებისა მათისაჲ დასწუა ვეცხლითა, ნუ გული-გითქუამნ ოქროსა და ვეცხლსა მათსა ნუ მოიღებ თავისა შენისა, რათა არა საცთური გეყოს შენ იგი, რამეთუ საძაგელ არს წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.

26

არა შეიღო იგი სახლად შენდა, რამეთუ ბილწი არს, რათა არა მის თანა წყეულ იყოს, დამჴობით დაამჴუნე იგინი და განშორებით განიშორო იგი, რამეთუ წყეულ არს.

12345678910111213141516171819202122232425262728293031323334