მეორე რჯული, თავი 27
დამოძღვრეს მოსემ და ისრაელის უხუცესებმა ერი და უთხრეს: დაიცავი ყოველი მცნება, რასაც დღეს გიცხადებ.
როცა გადახვალ იორდანეს გაღმა ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, მოგცემს, დაიდგი დიდი ქვები და კირით შელესე.
დააწერე ზედ ამ რჯულის ყოველი სიტყვა იორდანეზე გადასვლისას, რომ შეხვიდე ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ზეთითა და თაფლით მდინარ ქვეყანაში, როგორც უთქვამს შენთვის უფალს, შენი მამა-პაპის ღმერთს.
როცა გადახვალ იორდანეზე, დადგი ეს ქვები, როგორც დღეს გიცხადებ, ღებალის მთაზე და კირით შელესე.
აუგე იქ სამსხვერპლო უფალს, შენს ღმერთს, ქვის სამსხვერპლო. რკინა არ შეახო მას.
მთელ-მთელი ქვებისგან უნდა ააგო უფლის, შენი ღვთის სამსხვერპლო და მასზე უნდა აღუვლინო უფალს, შენს ღმერთს, აღსავლენი მსხვერპლი.
მიიტანე სამადლობელი მსხვერპლი და ჭამე იქ, გაიხარე უფლის, შენი ღმერთის წინაშე.
დააწერე ქვებზე ამ რჯულის ყოველი სიტყვა გარკვევით და მკაფიოდ.
ასე ელაპარაკნენ მოსე და ლევიანი მღვდლები მთელს ისრაელს: გაიგონე და ისმინე, ისრაელო! ამ დღეს გახდი შენ უფლის, შენი ღმერთის ერი.
ისმინე უფლის, შენი ღმერთის ხმა და შეასრულე მცნებები და წესები, რომელთაც დღეს გიცხადებ.
ასე დამოძღვრა იმ დღეს მოსემ ერი:
ესენი იდგნენ ერის დასალოცავად გერიზიმის მთაზე, როცა იორდანეს გაღმა გახვალთ: სიმეონი, ლევი, იუდა, ისაქარი, იოსები და ბენიამინი.
ესენი იდგნენ დასაწყევლად გერიზიმის მთაზე: რეუბენი, გადი, აშერი, ზებულონი, დანი და ნაფთალი.
გამოაცხადებენ და ეტყვიან ლევიანები თითოეულ ისრაელიანს მაღალი ხმით:
წყეულიმც იყოს, ვინც გააკეთებს ქანდაკს და ჩამოსხმულ კერპს - სისაძაგლეს უფლისათვის, ოსტატის ხელით ნაკეთებს, და ფარულად დადგამს. დასტურს დასცემს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
წყეულიმც იყოს თავისი მეზობლის სამანის გადამწევი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
წყეულიმც იყოს ბრმისთვის გზა-კვალის ამრევი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
წყეულიმც იყოს მდგმურისა და ქვრივ-ობლების სამართლის გამმრუდებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
წყეულიმც იყოს მამის ცოლთან მწოლელი, რადგან კალთა გადაუწია მამას! იტყვის მთელი ერი: ამინ!
წყეულიმც იყოს პირუტყვთან მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
წყეულიმც იყოს თავის დასთან - თავისი მამის ქალიშვილთან ან დედის ქალიშვილთან - მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
წყეულიმც იყოს სიდედრთან მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად, უბრალო სისხლის დასაღვრელად! იტყვის მთელი ერი: ამინ!
წყეულიმც იყოს, ვინც გატეხს ამ რჯულის სიტყვებს და არ შეასრულებს მათ! იტყვის მთელი ერი: ამინ!
და უბრძანა მოსე და ყოველმან მან კრებულმან მოხუცებულთა ერსა მას ისრაჱლისასა და ჰრქუეს: დაიმარხენით ყოველნი ესე მცნებანი, რომელსა-ესე მე გამცნებ დღესდღე.
და იყოს, რაჟამს წიაღხვიდოდი შენ იორდანესა, ქუეყანასა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ, აღჰმართნე შენ თავისა შენისა ქვანი დიდ-დიდნი და აღმოჰკოდნე იგინი.
და დასწერნე მას ზედა ყოველნი ესე სიტყუანი შჯულისანი, რაჟამს წიაღჰხდე შენ იორდანესა ქუეყანასა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ, ქუეყანასა მას, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი, ვითარ-იგი ეტყოდა უფალი ღმერთი მამათა მათ თქუენთა მოცემად თქუენდა.
და იყოს, რაჟამს წიაღჰჴდეთ თქუენ იორდანესა მდინარესა, აღჰმართნე შენ ქვანი იგი, რომლისა-იგი მე გამცნებ თქუენ დღეს მთასა მას ზედა გებალსა და აღჰმოკოდნე იგინი.
და უშენო მუნ საკურთხეველი უფალსა ღმერთსა შენსა, საკურთხეველი გამოუკუერველთაგან ქვათა, რომელსა არა შეხებულ იყოს რკინაჲ.
მრგუალთაგან ქვათა უშენო შენ საკურთხეველი უფალსა ღმერთსა შენსა.
და შესწირო შენ მას ზედა მსხუერპლი შესაწირავი მაცხოარებისაჲ უფალსა ღმერთსა შენსა და დაუკლნე მუნ საკლველნი ლხინებისანი, შჭამდე და განსძღე და იხარებდე წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.
და დასწერო ლოდთა მათ ზედა ყოველი ესე შჯული ჭეშმარიტებისაჲ განცხადებულად.
სიტყუად იწყო მოსე და მღდელთა მათ ლევიტელთა ყოვლსა მის ერისა და ჰრქუეს: დუმენ და ისმინე, ისრაჱლ, რამეთუ დღესდღე შეიქმენ შენ ერად უფლისა ღმრთისა.
ისმინო თუ ჴმაჲ უფლისაჲ ღმრთისა შენისაჲ და ჰყვნე ყოველნი ესე მცნებანი და სამართალნი მისნი, რომელ-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე.
და ამცნო მოსე ყოველსა მას ერსა და ჰრქუა:
ესენი დადგეს მაკურთხევლად ყოვლისა მაგის ერისა მთასა მას ზედა გარიზინსა, რაჟამს წიაღჰჴდე თქუენ იორდანესა მდინარესა: სჳმეონ, ლევი, იუდა, იზაქარ, იოსებ და ბენიამენ.
და ესენი დადგენ წყევად მათსა მას ზედა გებალსა: რუბენ, გად, ასერ, ზაბულონ, დან და ლეფთალიმ.
და ეტყოდიან ლევიტელნი იგი ყოველსა მას ერსა ისრაჱლისასა ჴმითა დიდითა და ჰრქუან:
წყეულ იყავნ იგი კაცი, რომელმან იქმნნეს თავისა თჳსისა კერპნი გამოქანდაკებულნი და გამოჭედილნი ქმნილნი ჴელთა ჴელოვნისათა და დადგნეს იგინი დაფარულად, რამეთუ ბილწ არს უფლისა ღმრთისა. და ჰრქუან ყოველმან ერმან: იყავნ!
წყეულ იყავნ, რომელმან შეურაცხყოს მამა თჳსი, გინა თუ დედაჲ. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
წყეულ იყავნ, რომელმან დრიკოს სასჯელი მწირისაჲ, ობლისა და ქურივისა, და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
წყეულ იყავნ, რომელმან ცვალნეს საზღვარნი მოყუსისა თჳსისანი. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
წყეულ იყავნ რომელმან აცთუნოს ბრმაჲ გზასა. და ჰრქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
წყეულ იყავნ, რომელი დაწვეს მამის ცოლისა თანა, რამეთუ განაცხადა საიდუმლოჲ იგი მამისა თჳსისა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
წყეულ იყავნ, რომელი შეიბილწოს ყოვლისა საცხოვრისა თანა. და თქუას ყოველმან ერმან: იყაჱნ!
წყეულ იყავნ, რომელი დაწვეს დისა თანა მამითისა, გინა თუ დედითისა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
წყეულ იყავნ, რომელი დაწვეს სიდედრისა თანა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! წყეულ იყავნ, რომელი დაწვეს მამისა დისა თანა, გინა თუ დედის დისა თანა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
წყეულ იყავნ, რომელმან გუემოს მოყუასი თჳსი ზაკვით. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
წყვულ იყავნ, რომელმან მოიღოს ქრთამი მოკლვად სულისა მართლისა და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
წყეულ იყავნ ყოველი კაცი რომელი არა დაადგრეს ყოველთა ამათ სიტყუათა შჯულისათა ყოფად მისა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!