მეორე რჯული, თავი 13
თუ გამოჩნდა შენს შორის წინასწარმეტყველი ან სიზმართმხილველი და მოგცა რამე ნიშანი ან სასწაული,
და ახდა ეს ნიშანი და სასწაული, რაც გამოგიცხადათ, და გეტყვით: მივმართოთ სხვა ღმერთებს, რომელთაც შენ არ იცნობ, და ვემსახუროთო,
ყურს ნუ დაუგდებ ამ წინასწარმეტყველის ან სიზმართმხილველის ნათქვამს, რადგან გცდით უფალი, თქვენი ღმერთი, იმის გასაგებად, გიყვართ თუ არა უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი თქვენი გულითა და სულით.
უფალს, თქვენს ღმერთს, მიჰყევით და მისი გეშინოდეთ, მისი მცნებები შეასრულეთ, მისი სიტყვა გაიგონეთ, მას ემსახურეთ, მას მიეწებეთ.
ის წინასწარმეტყველი ან სიზმართმხილველი კი უნდა მოკვდეს, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანათ და მონობის სახლიდან დაგიხსნათ, დაჰგმო მან, რათა იმ გზიდან აეცდინე, რაზეც სიარული გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა. ასე აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.
თუ იდუმალ წაგაქეზებს შენი ძმა, დედაშენის შვილი, ან შენი ვაჟი, ან ასული, ან შენს გვერდით მწოლი ცოლი, ან მეგობარი, რომელიც საკუთართ სულივითა გყავს და გეტყვის: წამო, ვემსახუროთ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობთ არც შენ და არც შენი მამა-პაპა,
იმ ხალხთა ღმერთებს, თქვენს გარშემო რომ არიან, შენთან ახლოს მყოფთა თუ შენგან შორს მყოფთა, ქვეყნის კიდიდან კიდემდეო,
ნუ დაჰყვები მას და ნუ გაუგონებ, ნუ დაგენანება იგი, ნუ შეიბრალებ, ხელს ნუ დააფარებ,
არამედ მოჰკალი იგი. პირველად შენი ხელი უნდა აღიმართოს მის მოსაკლავად, მერე კი მთელი ერისა.
ჩაქოლე იგი, რომ მოკვდეს, რადგან ცდილობდა მოეწყვიტე უფალს, შენს ღმერთს, რომელმაც გამიგიყვანა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან.
მთელი ისრაელი გაიგებს და შეშინდება და ბოროტ საქმეს აღარ ჩაიდენენ შენს წიაღში.
თუ გაიგებ, რომ ერთ-ერთ ქალაქში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს საცხოვრებლად,
გამოჩნდა უგვანი ხალხი შენი წრიდან და აცთუნებს თავისი ქალაქის მკვიდრთ, ეუბნება: წამო, ვემსახუროთ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობდითო,
ხოლო შენ გამოიძიე, გაარკვიე, კარგად გამოიკითხე და, აჰა, ყველაფერი სრული სიმართლე გამოდგა: ჩადენილია ასეთი საძაგლობა შენს წიაღში,
მახვილით დახოცე იმ ქალაქის მცხოვრებნი, დაარისხე ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია. მისი საქონელიც მახვილით დახოცე.
მთელი ნადავლი შუაგულ მოედანზე დაახვავე და მთლიანად დაუწვი უფალს, შენს ღმერთს, ქალაქი და მთელი ნადავლი; სამარადისო ნანგრევებად დარჩეს და აღარ აშენდეს არასოდეს.
დარისხებულს არაფერს მიეწებოს შენი ხელი, რომ დაცხრეს უფლის რისხვა, წყალობა მოგცეს, შეგინდოს და გაგამრავლოს, როგორც შეჰფიცა შენს მამა-პაპას,
თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას და შეასრულებ ყველა მცნებას, რომელსაც დღეს გიცხადებ, და წესიერად მოიქცევი უფლის, შენი ღვთის თვალში.
უკუეთუ აღ-ვინმე-დგეს შენ შორის წინაწარმეტყუელი, ანუ ჩუენებისმხილველი,
და აჩუენოს რაჲმე სასწაული საცთურებისაჲ თქუენ შორის და თქუას: მოვედით და მივიდეთ ჩუენ ღმერთთა უცხოთა, რომელ-იგი თქუენ არა იცოდეთ, თქუას: ვმსახურებდეთ მათ.
ნუ ისმენთ სიტყუათა მის წინასწარმეტყუელისათა, ნუცა მის ჩუენებისმხილველისათა, რამეთუ გამოცდით გამოგცდის თქუენ უფალი ღმერთი თქუენი, გიყუარდეს თუ თქუენ უფალი ღმერთი თქუენი ყოვლითა გულითა თქუენითა და ყოვლითა გონებითა თქუენითა.
არამედ შენ უფალსა ღმერთსა შენსა ხოლო შეუდეგ და მისა გეშინოდენ და მცნებათა მისთა იმარხევდით და ჴმისა მისისაჲ ისმინეთ და მას მხოლოსა შეეყვენით.
და წინაწარმეტყუელი იგი, გინა ჩუენებისმხილველი იგი სიკუდილით მოკუედინ, რამეთუ საცთურსა იტყოდა, რათამცა გაცთუნა შენ უფლისაგან ღმრთისა შენისა, რომელმან გამოგიყვანა შენ ქვეყანით ეგჳპტით და გიჴსნა შენ სახლისაგან კირთებისაჲსა, რათამცა განგაშორა შენ მან გზისა მისგან, რომელ გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან, რათამცა ხვიდოდე შენ მას და აღიჴოცენ უკეთურებანი იგი თქუენ შორის.
უკუეთუ გლოცვიდეს შენ ძმაჲ შენი მამითი, გინა თუ დედით, გინა თუ ძე შენი, გინა თუ ასული შენი, გინა თუ ცოლი შენი, რომელი იყოს წიაღთა შენთა, ანუ თუ მეგობარი შენი, რომელი სწორი იყოს თავისა შენისაჲ ფარულად და გეტყოდის: გუალე, მივიდეთ, და ვმსახუროთ ღმერთთა უცხოთა, რომელ არა იცოდე შენ, არცა მამათა მათ შენთა.
სამსახურებელთა მათგან წარმართთაჲსა, რომელნი იყვნენ გარემოჲს თქვენსა, მახლობელნი, გინა თუ შორიელნი, კიდითგან კიდედმდე ქუეყანისა, არა ჯერ-იჩინო მისლვაჲ მის თანა, არცაღა ისმინო მისი.
არა ჰრიდოს თუალმან შენმან, არცაღა გეწყალოდის იგი, არცაღა დაუფარო მას,
არამედ მხილებით ამხილო მას და ჴელი შენიღა პირველად შეხებულ იყავნ მოკლვად მისა, მაშინღა ჴელნი ყოვლისა ერისანი.
და ქვაჲ დაჰკრიბონ მას და მოკუედინ, რამეთუ იზრახა განშორებად შენი უფლისაგან ღმრთისა შენისა, რომელმან მოგიყვანა შენ ქუეყანით ეგჳპტით სახლისა მისგან კირთებისა.
და ყოველსა ისრაჱლსა, რომელსა ესმეს, შეეშინოს და არღარა შესძინონ ყოფად ესევითარი სიტყუაჲ ბოროტი თქუენ შორის.
უკეთუ გესმეს შენ ერთისა ქალაქთაგანისაჲ, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ სამკვიდრებელად და თქუენ,
ვითარმედ კაცნი უსჯულონი განვიდეს ჩუენგან და გადააქცინეს ყოველნი იგი მკვიდრნი მის ქალაქისანი და ჰრქუეს: მოვედით და ვმსახუროთ ღმერთთა უცხოთა, რომელ-იგი თქუენ არა იცოდეთ.
გამოიძიო, გამოიკულიო ეგევითარი იგი, გამოიკითხო ფრიად და თუ ჭეშმარიტად ყოფილ იყო სიტყუაჲ იგი ბილწებისაჲ თქუენ შორის,
მოსრვით მოისრნეთ მკვიდრნი იგი მის ქალაქისანი პირითა მახვილისაჲთა. და დაწყევით დასწყევნეთ იგინი და ყოველივე, რაჲცა იყოს ქალაქსა მას შინა და საცხოვარი მათი მოსრათ პირითა მახვილისაჲთა.
და ყოველი მონაგები მათი გამოჰკრიბო გზასა წარსავალთა მათთასა, და ქალაქნი იგი მათნი, და ყოველი იგი ნატყუენავი და მონაგები მათი, რომელ გამოგეკრიბოს დაწვით ცეცხლითა წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და იყავნ იგი ოჴერ უკუნისამდე ჟამთა და ნუღარა აღიშენებინ.
და ნუცარაჲ შეგეხებინ ჴელთა შენთა ჭურჭელისა მისგან მისისა, რამეთუ წყეულ არს, რათა მოიქცეს, უფალი რისხვისა, მისგან გულისწყრომისა მისისა და შეგიწყალოს შენ და განგამრავლოს შენ, ვითარცა ეფუცა უფალი მამათა მათ შენთა.
უკეთუ ისმინო შენ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა შენისაჲ და დაიცვნეთ ყოველნი მცნებანი მისნი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე, უკეთუ ჰყო კეთილი და სათნოებაჲ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.