მეორე რჯული, თავი 10
მითხრა უფალმა იმჟამად: გამოთალე ორი ფიქალი, იმ პირვანდელთა მსგავსი, ამოდი ჩემთან მთაზე და გაიკეთე ხის კიდობანი.
მე წავაწერ დაფებზე სიტყვებს, რომლებიც ეწერა იმ პირვანდელ დაფებზე, შენ რომ დალეწე. ჩააწყვე ისინი კიდობანში.
მეც გავაკეთე ურთხელის კიდობანი, გამოვთალე ორი ფიქალი, იმ პირვანდელთა მსგავსი, და ავედი მთაზე. ხელში ეს ორი ფიქალი მეჭირა.
მაშინდელივით წააწერა ფიქალებზე ათი სიტყვა, რომელიც გამოგიცხადათ უფალმა მთაზე ცეცხლის შუაგულიდან, თავშეყრის დღეს, და მომცა ისინი უფალმა.
პირი ვიბრუნე და ჩამოვედი მთიდან, ჩავაწყვე ფიქალები ჩემს გაკეთებულ კიდობანში და ეწყო იქ, როგორც მიბრძანა უფალმა.
ისრაელიანები კი გაემგზავრნენ იაყაკანიანთა ბეეროთიდან მოსერისკენ, იქ მოკვდა აარონი და იქვე დაიმარხა. მის ნაცვლად მისი ძე ელეაზარი გახდა მღვდელი.
იქიდან გუდგოდისკენ გაემგზავრნენ, გუდგოდიდან იოტბათისკენ, ნაკადულების ქვეყანაში.
იმჟამად გამოაცალკევა უფალმა ლევიანთა შტო, რომ ეტარებინათ უფლის აღთქმის კიდობანი, მდგარიყვნენ უფლის წინაშე, ემსახურათ მისთვის და ეკურთხებინათ მისი სახელით, როგორც დღევანდლამდეა.
ამიტომაც არა აქვთ ლევიანებს წილი და სამკვიდრო თავის მოძმეებთან. თავად უფალია მათი სამკვიდრო, როგორც უთხრა მას უფალმა, შენმა ღმერთმა.
მე დავრჩი მთაზე მაშინდელივით ორმოც დღეს და ორმოც ღამეს და ამჯერადაც მისმინა მე უფალმა - არ ინება უფალმა შენი დაღუპვა.
მითხრა უფალმა: ადექ და წაუძეღი ერს, წავიდნენ და დაიმკვიდრონ ქვეყანა, რომელიც ფიცით აღვუთქვი მათ მამა-პაპას.
აბა, ისრაელ, რას მოითხოვს შენგან უფალი, შენი ღმერთი? თუ არა იმას, რომ გეშინოდეს უფლისა, შენი ღმერთისა, იარო მის კვალზე, გიყვარდეს იგი, ემსახურო უფალს, შენს ღმერთს, მთელი შენი გულითა და სულით.
დაიცვა უფლის მცნებები და წესები, რომელთაც გამცნებ დღეს შენს სასიკეთოდ.
აჰა, უფლის, შენი ღვთისაა ცანი და ცანი ცათანი, ქვეყანა და ყველაფერი, რაც მასშია.
მაგრამ მხოლოდ შენი მამა-პაპა შეივრდომა სიყვარულით და გამოგარჩიათ თქვენ, მათი მოდგმა, ყველა ხალხიდან, როგორც დღეს.
დაიცვითეთ თქვენი გულის ჩუჩა და ნუღარ იქნებით ქედმაღლები,
რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, არის ღმერთთა ღმერთი და მეუფეთა მეუფე, დიდი, ძლიერი და საშინელი ღმერთი, რომელმაც არ იცის მიმხრობა და არც ქრთამს იღებს.
იგი უჩენს სამართალს ქვრივსა და ობოლს, უყვარს მდგმური და აძლევს მას პურს და შესამოსელს.
გიყვარდეთ მდგმური, რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში.
უფლის, თქვენი ღმერთისა გეშინოდეს, მას ემსახურე, მას მიეწებე, მისი სახელით დაიფიცე.
ის არის შენი სადიდებელი, ის არის შენი ღმერთი, რომელმაც მოიმოქმედა შენთვის დიადი და საშინელი საქმეები, შენი თვალით რომ გაქვს ნანახი.
სამოცდაათი სული ჩავიდა შენი მამა-პაპა ეგვიპტეში, ახლა კი ცის ვარსკვლავებივით მრავალრიცხოვანი უქცევიხარ უფალს, შენს ღმერთს.
მას ჟამსა შინა მრქუა მე უფალმან: გამოთალენ თავისა შენისა ორნი ფიცარნი ქვისანი მსგავსად პირველისა მის და აღმოგუალე ჩემდა მთასა მას და იქმენ შენ თავისა შენისა კიდობანაკი ძელთაგან ულპოლველთა.
და დავწერო ფიცართა მათ შჯული იგი პირველი, რომელი-იგი იყო პირველთა მათ ფიცართა, რომელნი-იგი შენ დაჰმუსრენ და შთასხნე ფიცარნი იგი კიდობანსა მას.
და შევქმენ მე კიდობანი ერთი ძელთაგან ულპოველთა და გამოვთალენ ორნი ფიცარნი ქვისანი მსგავსად პირველთა მათ და აღვედ მთასა მას და ორნი იგი ფიცარნი ჴელთა შინა ჩემთა.
და დაწერა ფიცართა მათ ზედა ათი იგი მცნებაჲ, რომელთა-იგი გეტყოდა თქუენ უფალი მთასა მას ზედა შორის ცეცხლსა მას და მომცნა მე იგინი უფალმან.
და მოვიქეც და გარდამოვედ მე მიერ მთით და შთავსხენ მე ფიცარნი იგი კიდობანსა, რომელ-იგი შევქმენ, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან.
და წარიძრნეს და წარვიდეს ძენი იგი ისრაჱლისანი ბეროთით ძეთა მათგან აკასისთა მოსლვად. და მუნ მოკუდა აჰრონ და დაეფლა და შედგა მღდელობად მის წილ ელიაზარ, ძე მისი.
მიერ წარიძრნეს გალგალდ და გალგალით მივიდეს ტეგად, ქუეყანასა მას მდინარეთა წყალთასა.
მას ჟამსა შინა გამოარჩია უფალმან ნათესავი იგი ლევისი აღღებად კიდობნისა მის შჯულისა უფლისა შეწირვად მსახურებათა და ლოცვათა სახელისათჳს უფლისა დღენდელად დღედმდე.
ამის გამო არა უც ნაწილი და სამკჳდრებელ ლევიტელთა ძმათა შორის თჳსთა, რამეთუ უფალი თავადი ნაწილ და სამკჳდრებელ არს მათა.
და მე დავადგერ მთასა მას ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე მას ჟამსა, შეისმინა ჩემი უფალმან და არა ჯერ-იჩინა მოსრვაჲ მათი.
სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა: აღჰკიდე, ვიდოდე, წარუძეღუ ერსა მაგას, შევიდენ და დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ იგი, რომელ-იგი ვეფუცე მამათა მათთა მიცემად მათა.
აწ, ისრაჱლ, რასა ითხოვს უფალი ღმერთი შენგან, არამედ, რათა გეშინოდის შენ უფლისა ღმრთისა შენისა და ხვიდოდი შენ ყოველთა გზათა მისთა და შეიყუარო იგი და ჰმსახურებდე შენ უფალსა ღმერთსა შენსა ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა.
და დაიცვნე მცნებანი და სამართალნი უფლისა ღმრთისა შენისანი და მშჯავრნი მისნი, რომელთა-ესე გამცნებ შენ დღესდღე, რათა კეთილი გეყოს შენ.
აჰა, ესერა, უფლისა ღმრთისა შენისანი, არიან ცანი და ცანი ცათანი, ქუეყანაჲ და ყოველ, რაჲ არს მას შინა.
ხოლო მამანი თქუენნი გამოირჩინა უფალმან, შეიყვარნა იგინი და შემდგომად მათსა გამოგირჩინა თქუენ ნათესავი ეგე მათი ყოველთა უფროჲს წარმართთა ვიდრე დღენდელად დღედმდე.
აწ განიშორეთ სიფიცხლე ეგე გულთა თქუენთა და ქედთა თქუენთაჲ და მერმე ნუღარა განფიცხნებით,
რამეთუ უფალი ღმერთი თქუენი იგი თავადი არს ღმერთი ღმერთთა და უფალი უფალთა, ღმერთი დიდი და ძლიერი და საშინელი, რომელმან არა თუალ-ახუნის, არა შეიღის ქრთამი,
ყვის სასჯელი მწირისა, ობლისა და ქურივისაჲ, შეიყუარის მწირი იგი და სცის მას პური და სასუმელი.
აწ შეიყუარეთ თქუენ მწირი იგი და მსხემი, რამეთუ თქუენცა მწირ და მსხემ იყვენით ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.
უფლისა ღმრთისა შენისა გეშინოდენ და მას მხოლოსა ჰმსახურებდე, მას შეეყო და სახელსა მისსა ჰფუცვიდე,
რამეთუ იგი არს სიქადულ შენდა და იგი თავადი არს ღმერთი შენი, რომელმან-იგი ყო შენ ზედა სასწაული დიდ-დიდი და საკჳრველებაჲ, რომელ იხილეს თუალთა შენთა,
რამეთუ სამეოცდაათ სულ შთავიდეს მამანი იგი თქუენნი ეგჳპტედ, აწ, ეგერა, შეგქმნა შენ უფალმან ღმერთმან შენმან, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი სიმრავლითა.