მეორე რჯული, თავი 32
გაიგონე, ცაო, სიტყვას ვამბობ! ისმინე, მიწავ, ჩემი სათქმელი!
წვიმასავით მოდის ჩემი დარიგება, ცვარივით ეპკურება ჩემი ნათქვამი, როგორც ისხარი მდელოზე, როგორც თქეში მწვანე ბალახზე.
რადგან ვახსენებ უფლის სახელს, დიდება მიაგეთ ჩვენს ღმერთს!
კლდეა იგი, სრულყოფილია მისი ქმნილება, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ჭეშმარიტებაა ღმერთი, არა სიცრუე; მართალი და წრფელია იგი.
გაერყვნენ მას, აღარ არიან მისი შვილები, რადგან შეიგინენ, ჯიუტი და გზასამცდარი მოდგმაა.
ამას მიუზღავთ უფალს, ბრიყვო და უგუნურო ხალხო? ის ხომ მამაა შენი, შენი გამჩენი! ხომ მან შეგქმნა და დაგამყარა!
გაიხსენე ძველი დღეები, იფიქრე გარდასულ თაობებზე. ჰკითხე მამაშენს, გაგაგებინებს! შენს უხუცესებს, ისინი გეტყვიან!
როცა უზენაესი სამკვიდროებს ურიგებდა ხალხებს, როცა ცალ-ცალკე ასახლებდა ადამის მოდგმას, დაუდგინა საზღვრები ერებს ისრაელიანთა რიცხვისამებრ.
რადგან უფლის წილი მისი ერია, იაკობია მისი სამკვიდრო.
იპოვნა იგი უკაცრიელ მხარეში, უდაბნოში, ხრიოკ ტრამალზე; უვლიდა, მოძღვრავდა, იფარავდა თვალისჩინივით.
როგორც არწივი ფხიზლობს თავის ბუდეზე, ზედ ეფოფრება თავის მართვეებს, ფრთებს შლის, აიტაცებს და მიჰყავს თავისი მხრებით,
ასე მარტო დაატარებდა მას უფალი, გვერდით არ ჰყოლია უცხო ღმერთი.
დასვა იგი მაღალ ადგილზე და კვებავდა ველური ნაყოფით, პიტალოებიდან თაფლს აწოვებდა და ზეთს - სალი კლდიდან,
ძროხის ნაღებს და ცხვრის რძეს, აჭმევდა ნასუქალ ბატკნებს, ბაშანურ ვერძებს და ვაცებს, ნოყიერ პურს. და ღვინოს სვამდი, ყურძნის სისხლს.
გასუქდა იეშურუნი და მოჰყვა ტლინკვას. გასუქდი, გათქვირდი, ჩამრგვალდი. დაივიწყა ღმერთი, თავისი შემოქმედი და არად ჩააგდო თავისი გადარჩენის ბურჯი.
გააჯავრეს უცხო ღმერთებით და სისაძაგლეებით გააღიზიანეს.
მსხვერპლს სწირავდნენ ეშმაკებს, არაღმერთს, ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ, ახლებს, ახალმოსულთ, რომელთა შიში არ ჰქონია თქვენს მამა-პაპას.
კლდე კი, შენი გამჩენი აღარ გახსოვს, დავიწყებული გგყავს ღმერთი, შენი შემქმნელი.
დაინახა უფალმა და უარყო ბრაზისგან თავისი ვაჟები და ასულები.
თქვა: დავუმალავ ჩემს სახეს, ვნახავ, რა ბოლო ექნებათ, რადგან გადაგვარდა ეს მოდგმა, არ შერჩათ სიმტკიცე შვილებს.
გამაჯავრეს არაღმერთით, გამაღიზიანეს თავიანთი ამაოებით; მეც გავაჯავრებ მათ არაერით, უგვანი ხალხით გავაღიზიანებ.
რადგან დაინთო ცეცხლი ჩემი რისხვით და გიზგიზებს ჯოჯოხეთის ქვესკნელამდე, ჭამს მიწას და მის ნაყოფს, ბუგავს მთათა საძირკვლებს.
ზედიზედ დავატეხ უბედურებებს, მათზე დავხარჯავ ჩემს ისრებს.
ილაჯს გაუწყვეტს შიმშილი, შეჭამს სიცხე და შავი ჭირი. მხეცების კბილებს, ქვეწარმავალთა შხამით სავსეს, მივუშვებ მათზე.
გარეთ მახვილი გაანადგურებს, შიგნით- შიშისზარი, ჭაბუკსაც და ქალწულსაც, ძუძუთა ბავშვს ჭაღარა კაცთან ერთად.
ვიფიქრე: გავფანტავ მათ, წავშლი-მეთქი მათ სახსენებელს კაცთა მოდგმიდან,
რომ არ ვუფრთხოდე მტრების გაკადნიერებას - თავს არ წავიდნენ მისი მოწინააღმდეგენი, არ თქვან, მაღალია ჩვენი ხელი, უფალს არ გაუკეთებია ეს ყველაფერი.
რადგან ჭკუადაკარგული ხალხია ისინი, განსჯა აღარ არის მათში.
სიბრძნე რომ ჰქონოდათ, მიხვდებოდნენ ამას, განჭვრეტდნენ თავიანთ ბოლოს.
ერთი როგორ დაედევნება ათასს, ორნი როგორ გაყრიან ათიათასს? თუ მათმა მფარველმა არ გასწირა ისინი, თუ უფალმა არ ჩაუგდო ხელში?
რადგან არა ჰგავს ჩვენს მფარველს მათი მფარველი, ჩვენმა მტრებმა განსაჯონ თავად.
რადგან სოდომის ვენახიდან არის მათი ყურძენი, გომორის ზვრებიდან არის მათი ნაყოფი, შხამიანი ნაყოფი, მწარეა მისი მტევნები.
გველეშაპის შხამია მათი ღვინო და ასპიტის დამღუპველი გესლი.
ეს ხომ ჩემთან არის დამარხული, ჩემს საგანძურებშია დაბეჭდილი?
მე მივაგებ შურს, მე მივუზღავ, როცა წაიფორხილებენ, რადგან ახლოა მათი დაღუპვის დღე, ისწრაფვის მათი ბედისწერა.
როცა თავისი ერის განკითხვას დააპირებს უფალი, შეიწყალებს თავის მორჩილთ, რადგან დაინახავს, რომ მიხდილი აქვთ ღონე, რომ აღარ დარჩა არც ყმა, არც აზატი.
იტყვის: სად არიან მათი ღმერთები? კლდე, მათი საესავი?
რომლებიც ჭამდნენ მათი მსხვერპლის ლურთებს და სვამდნენ მათ ზედაშეს? აბა, ადგნენ და მოგეშველონ, საფარველად გაგიხდნენ!
ამიერიდან იცოდეთ, რომ ეს მე ვარ, მე! და არ არის ღმერთი ჩემს გარდა! მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ, მე ვგმირავ და მე ვკურნავ. ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან.
რადგან მე აღვმართავ ხელს ცისკენ და ვამბობ: ცოცხალი ვარ უკუნისამდე!
თუ გავლესე ჩემი ელვარე მახვილი და ხელი მივყავი განკითხვას, შურს მივაგებ ჩემს მტრებს და ვუზღავ ჩემს მოძულეებს.
სისხლით დავათრობ ჩემს ისრებს, გაძღება ხორცით ჩემი მახვილი, დახოცილთა და ტყვეთა სისხლით, მტრის ქოჩორა თავებით.
ადიდეთ, ხალხებო, მისი ერი, რადგან აიღებს თავის მორჩილთა სისხლს; შურს მიაგებს თავის მტრებს და გასწმედს თავის მიწას და თავის ერს.
მივიდა მოსე და წარმოთქვა ამ სიმღერის ყოველი სიტყვა ხალხის გასაგონად, მასთან იყო იესო ნავეს ძეც.
დაასრულა მოსემ ამ სიტყვების წარმოთქმა მთელი ისრაელის მიმართ.
და უთხრა მათ: გული დაუდევით თითოეულ სიტყვას, რომელსაც ჩაგაგონებთ დღეს, უანდერძეთ თქვენს შვილებს, რომ დაიცვან და შეასრულონ ამ რჯულის თითოეული სიტყვა.
რადგან არ არის ეს უბრალო ამბავი, არამედ სიცოცხლეა იგი თქვენთვის, ამის წყალობით დღეგრძელი იქნებით იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს.
ელაპარაკა უფალი მოსეს სწორედ იმ დღეს და უთხრა:
ადი ამ ყაბარიმის მთაზე, ნებოს მთაზე, მოაბის ქვეყანაში რომ არის, იერიხონის გასწვრივ, და გახედე ქანაანის ქვეყანას, რომელსაც საკუთრებად ვაძლევ ისრაელიანებს.
მოკვდი მთაზე, რომელზეც ახვალ, და შეერთე შენს ერს, როგორც მოკვდა შენი ძმა აარონი ჰორის მთაზე და შეერთო თავის ერს.
იმის გამო, რომ მიღალატეთ ისრაელიანთა შორის მერიბას წყლებთან, კადეშში, ცინის უდაბნოში, იმის გამო, რომ ჩემი სიწმიდისაებრ არ მომაგეთ პატივი ისრაელიანებში,
ამიტომაც შორიდან დაინახავ ქვეყანას, მაგრამ ვერ შეხვალ იქ, იმ ქვეყანაში, რომელსაც ისრაელიანებს ვაძლევ.
მოიხილე, ცაო, და ვიტყოდი, და ისმენდინ ქუეყანაჲ სიტყუათა პირისა ჩემისათა.
მოელოდენ ვითარცა წჳმასა სიტყუასა ჩემსა, გარდამოვიდოდენ ვითარცა ცუარნი სიტყუანი ჩემნი,
ვითარცა წჳმაჲ მწვანვილსა ზედა და ვითარცა თოვლი თივათა ზედა, რამეთუ სახელსა უფლისასა ვხადეთ, მიეცით დიდებაჲ ღმერთსა ჩუენსა.
ღმერთი ჩუენი, ჭეშმარიტებით არიან საქმენი მისნი და ყოველნი გზანი მისნი სიმართლით არიან, ღმერთი სარწმუნო არს და არა არს სიცრუვე მის თანა, მართალ და წრფელ არს უფალი.
შესცოდეს მას ნაშობთა მათ ბილწებისათა, ნათესავმან დრკუმან და გულარძნილმან.
ესე მოსაგებელი მოაგეს უფალსა ამან ერმან ცოფმან და არაბრძენმან ამან, რამეთუ თავადმან მამამან შენმან მოგიპოვა შენ, შეგქმნა შენ და დაგბადა შენ.
მოიჴსენენ დღენი იგი საუკუნენი და გულისხმა-ყვენ წელიწადნი იგი. თესლითი თესლამდე ჰკითხე მამასა შენსა, გითხრან შენ და მოხუცებულთა შენთა გაუწყონ შენ.
რაჟამს მიმოდაყვნა მაღალმან ნათესავნი იგი, ვითარ-იგი მიმოდაჰფინნა ძენი ადამისნი, დაამტკიცნა საზღვარნი იგი თესლებისანი მსგავსად რიცხუთა მათ ანგელოზთა ღმრთისათა,
და იყო ნაწილად უფლისა ერი თჳსი იაკობი, ნამთაულად სამკჳდრებელისა თჳსისა ისრაჱლი.
უნაკლულო-ყვნა იგინი უდაბნოსა მას ზედა წყურიელსა მას სიცხისასა და ურწყულსა გარემოადგა მათ და განწვალნა იგინი და დაიცვნა იგინი, ვითარცა გუგაჲ თუალისა.
ვითარცა ორბმან რაჲ დაიფარნა ბუდენი თჳსნი და მართუეთა თვისთა სუროდა, განყვნა ფრთენი თვისნი და შეიკრიბნა იგინი და აღიმატნა იგი ბეჭთა ზედა თჳსთა.
უფალი ხოლოჲ უძღოდა მათ და არავინ იყო მათდა სხუა ღმერთ.
აღმოიყვანნა იგინი ძალსა მას ზედა ქუეყანისასა და აჭამა მათ ნაყოფი იგი ველთაჲ, ჭამდეს იგინი თაფლსა კლდისაგან და ზეთსა კლდისა მისგან უღაღისა.
ერბოსა, ზროხათა, სძესა ცხოვართასა, ცმელითა კრავთაჲთა და ვერძთაჲთა, ნაშობსა კუროთასა და ვაცთასა, თირკუმელთა ცმელთა, იფქლსა, სისხლსა ყურძნისასა სუმიდეს ღჳნოსა.
ჭამა იაკობ, განძღა და შეჰზრიობდა საყუარელი იგი, განსუქნა, განსხუა, განიშუა, დაუტევა ღმერთი შემოქმედი თჳსი და განუდგა ღმერთსა მაცხოვარსა თჳსსა.
განმარისხეს მე უცხოთა მათ სამსახურებელთა მათთა ზედა და კერპებითა მათითა განმამწარეს მე.
უზორვიდეს იგინი ეშმაკთა და არა შესწირვიდეს ღმრთისა ღმერთთა მათ, რომელი-იგი არა იცოდეს ცრუთა მათ საწუთროჲთ მოხუმულთა, რომელ-იგი არა იცოდეს მამათა მათთა.
აწ ღმერთი, რომელმან გშვა შენ, დაუტევე და დაივიწყე ღმერთი გამომზრდელი შენი.
იხილა ესე უფალმან და აღიშურვა და განრისხნა გულისწყრომითა ძეთა და ასულთა მათთაჲთა.
და თქუა უფალმან: გარემივიქციო პირი ჩემი მათგან და განვაცხადო, რაჲ-იგი ყოფად არს მათა შემდგომად ჟამსა, რამეთუ ნათესავი ესე განდრეკილი არს, ნაშობნი არიან, რომელთა თანა არა არს სარწმუნოებაჲ.
მათ მაშურეს მე არა ღმერთთა მათთა ზედა და კერპებითა მათითა განმამწარეს მე, აწ მეცა ვაშურო მათ ნათესავსა მას ზედა შეურაცხსა და ნათესავითა მით უცები, განვკაფნე იგინი,
რამეთუ ცეცხლი აღატყდა გულისწყრომისგან ჩემისა, შთასწუვიდეს ჯოჯოხეთამდე ქუესკნელად შეჭამოს ქუეყანაჲ ნაყოფითურთ თჳსით და შეწუნეს საფუძველნი მთათანი.
დავჰკრიბო ძჳრი მათ ზედა და ისარნი ჩემნი დავასრულნე მათ ზედა.
განჰკფდენ იგინი სიყმილითა და მიეცნენ საჭმლად მფრინველთა ცისათა და სალმობაჲ იგი განმამრუდებელი დაეცვეს მათ ზედა, კბილნი მძჳნვარეთანი მივავლინნე მათ ზედა, რომელნი გულისწყრომით ითრევდეს ქუეყანასა ზედა.
გარეშე უმკჳდროვნეს იგინი მახჳლმან საუნჯით მათითგან შიშმან ჭაბუკნი და ქალწულნი ძუძუჲსმწოვარნი მოხუცებულთა თანა დღითა.
და თქუა უფალმან: განვაბნინე იგინი და განვაქარვო კაცთაგან საჴსენებელი მათი.
არა თუმცა გულისწყრომითა მტერთაჲთა, რათა არა მყოვარ ჟამ იყვნენ და რათა არა განმრავლდენ მჴდომნი იგი მათნი და რათა არა თქუან: იყოვე ჴელი ჩუენი უაღრეს მათ ზედა, არა თუმცა უფალმან ყო ესე ყოველი.
რამეთუ ნათესავი ესე წარწყმედისაჲ მზრახვალი არს და არა არს მათ თანა მეცნიერებაჲ.
არა ცნეს ესე გულისხმის-ყოფად, თავს-იდვან ესე მომავალთა.
ვითარმე იოტოს ერთმან ათასები და ორმან წარიქციის ბევრები, არა თუმცა ღმერთმან განიჭნა იგინი და უფალმან მისცნა იგინი?
რამეთუ არა ეგრე იყვნენ კერპნი მათნი, ვითარ ღმერთი ჩუენი, ხოლო მტერნი ჩუენნი უგუნურ იყვნენ.
რამეთუ საყურძნისა მისგან სოდომელთაჲსა იყო საყურძნე მათი და ვენაჴები მათი გომორელთაგან, ყურძენი მათი ყურძენი ნავღლისაჲ და ტევანი სიმწარისა მათისაჲ.
გულისწყრომაჲ ვეშაპთაჲ იყო ღჳნოჲ მათი და რისხვაჲ ასპიტთაჲ განუკურნებელი.
აჰა, ესერა, ესე ყოველი დამიკრებიეს მე ბეჭდული, მარხულ არს საუნჯესა ჩემსა.
დღესა მას შურისგებისასა მივაგო მათ ჟამსა მას, რომელსაცა შეუცთენ ფერჴნი მათნი, რამეთუ ახლოს არს დღე იგი წარწყმედისა მათისაჲ და მოწევნულ არს განმზადებული მათ ზედა.
რამეთუ განიკითხოს უფალმან ერი თჳსი და მონათა თჳსთა ნუგეშინის-სცეს, რამეთუ იხილნა იგინი ნაკლულევანნი, ჴუებულნი, ტყუედ წარქცეულნი და განკაფულნი.
და თქუა უფალმან: აწ სადა არიან კერპნი იგი თქუენნი, რომელთა-იგი თქვენ ესევდით,
რამეთუ ცმელსა ნაზორევსა მათთასა შჭამდით და სუემდით თქუენ ღჳნოსა ნაგებსა მათთასა. აწ აღდგენ და შეგეწინენ და გეყვნენ თქუენ იგინი მფარველ.
იხილეთ, იხილეთ, რამეოუ მე ვარ და არა არს სხუა ღმერთ ჩემსა გარეშე, მე მოვაკუდინი, მე ვაცხოვნი, მე მოვწყლი, მე განვკურნი და არა არს, რომელი განერეს ჴელსა ჩემსა.
რამეთუ მივყო ცად ჴელი ჩემი და ვფუცო მარჯუენესა ჩემსა, და ვთქუა: ცხოველ ვარ მე უკუნისამდე.
რამეთუ აღვლესო, ვითარცა ელვაჲ, ჴრმალი ჩემი და განვიმზადო შჯად ჴელი ჩემი, შური ვიძიო და მივაგო სასჯელი, მტერთა და მოძულეთა ჩემთა მივაგო.
დავათრვნე ისარნი ჩემნი სისხლითა და ჴრმალი ჩემი ჭამდეს ჴორცსა სისხლთაგან წყლულებისათა და ნატყუენავებისათა და თავებისაგან მთავართაჲსა და მტერთაჲსა. იხარებდით ცანი მის თანა და თაყუანი-სცემდით მას ყოველნი ძენი ღმრთისანი.
იხარებდით წარმართნი ერისა მისისა თანა და განაძლიერებდით მას ყოველნი ანგელოზნი ღმრთისნი, რამეთუ სისხლი ძეთა მისთა იძიოს, შური იძიოს და მიაგოს სასჯელი მტერთა მოძულეთა თჳსთა, კუალად-აგოს და განწმიდოს უფალმან ქუეყანა იგი ერისა თჳსისაჲ (და დაწერა მოსე გალობა ესე მას დღესა შინა და დაასწავა იგი ძეთა მათ ისრაჱლისათა).
და შევიდა მოსე და ეტყოდა ყოველთა ამათ სიტყუათა შჯულისათა ყურთა ყოვლისა მის ერისათა, თვით მოსე და ისო, ძე იგი ნავესი.
და დაასრულნა მოსე ყოველნი ესე სიტყუანი, რომელსა-იგი ეტყოდა ძეთა მათ ისრაჱლისათა.
და ჰრქუა მათ: გულისხმა-ყვენით გულითა თქუენითა ყოველი ესე სიტყუანი, რომელთა-ესე მე გამცნებ თქუენ დღეს, რათა თქუენცა ამცნოთ შვილთა თქუენთა დამარხვად და ყოფად ყოველთა მათ სიტყუათა სჯულისათა.
რამეთუ არა ცუდად რაჲმე იყვნეს სიტყუანი ესე თქუენდა მიმართ, არამედ ესე არს ცხორება თქუენი, რამეთუ ამათ სიტყუათა გამო დღეგრძელ იყვნეთ ქვეყანასა მას ზედა, რომლისათჳს-იგი წიაღხუალთ იორდანესა დამჳდრებად მუნ.
და ეტყოდა უფალი მოსეს მას დღესა შინა და ჰრქუა:
აღვედ შენ მთასა მას ზედა აბარიმსა, რამეთუ იგი თჳთ არს ნაბავ ქუეყანასა მას მოაბელთასა, რომელ არს პირისპირ იერიქოსა და იხილე ქუეყანაჲ ქანანისა, რომელ-იგი მივსცე მე ძეთა მათ ისრაჱლისათა სამკჳდრებელად მათა.
და მოკუედ მთასა მას ზედა, რომელსაცა აღხჳდე. მუნ და შეეძინე შენ ერსა მას მამათა შენთასა,
ვითარცა-იგი აჰრონ, ძმაჲ, შენი, მოკუდა ენორს, მთასა მას ზედა და შეეძინა ერსა მას მამათა თჳსთასა. რამეთუ ურჩ ვქმნენით სიტყუათა მათ ჩემთა ძეთა მათ შორის ისრაჱლისათა, წყალთა მათ ზედა ცილობისათა კადეს ბარნეს უდაბნოსა მას, რამეთუ არა მადიდებდით მე ძეთა მათ შორის ისრაჱლისათა.
ხილვით იხილო ქუეყანაჲ იგი შორით, რამეთუ ვერ შეხჳდე მუნ ქუეყანასა მას, რომელი-იგი მე მივეც ძეთა მათ იარაჱლისათა.