მეორე რჯული, თავი 25
თუ დავა ექნათ ერთმანეთში, სასამართლოს წარუდგნენ და განსჯიან მათ; მართალს გაამართლებენ და დამნაშავეს დასჯიან.
თუ დამნაშავე ცემის ღირსი იქნება, წამოაქცევინოს იგი მსაჯულმა და აცემინოს თავის წინაშე დანაშაულის კვალობაზე, როგორც იმსახურებს.
ორმოცი დარტყმა აკმარონ, მეტს ნუ დაარტყამენ, თორემ თუ გადაამეტეს და ბევრი ურტყეს, დამცირდება შენს თვალში შენი მოძმე.
ნუ აუკრავ პირს ხარს ლეწვის დროს.
თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და ერთი მათგანი უშვილოდ მოკვდება, მისი ქვრივი არ უნდა მისთხოვდეს გარეთ უცხო კაცს, არამედ მაზლი უნდა შევიდეს მასთან, ცოლად ითხოვოს და შეეუღლოს მას.
პირმშო, რომელსაც დაბადებს ქალი, მკვდარი ძმის სახელზე, აღდგება, რომ არ წაიშალოს მისი სახელი ისრაელში.
თუ კაცი არ ისურვებს თავისი რძლის ცოლად მოყვანას, წარუდგება მისი რძალი კარიბჭესთან უხუცესებს და ეტყვის: არ უნდა ჩემს მაზლს, რომ სახელი აღუდგინოს თავის ძმას ისრაელში, არ მეუღლება ჩემი მაზლიო.
დაიბარებენ კაცს ქალაქის უხუცესები და მოელაპარაკებიან. თუ კაცი ადგება და იტყვის: არ მინდა მისი მოყვანაო,
თავზე დაადგება მას მისი რძალი უხუცესების თვალწინ, ფეხსაცმელს გახდის, სახეში შეაფურთხებს და ეტყვის: ასე ექცევიან კაცს, რომელიც სახლს არ უშენებს თავის ძმას.
და დაერქმევა სახელად ისრაელში: ფეხგახდილის სახლი.
თუ კაცები ერთმანეთში ჩხუბობენ და ერთერთის ცოლი ახლოს მივა თავისი ქმრის დასახსნელად მისი მცემელის ხელიდან, გაიწვდის ხელს და კაცის სარცხვინელს მოეჭიდება,
ხელის მტევანი მოკვეთე მას, არ შეიწყალოს იგი შენმა თვალმა.
ნუ გექნება ჩანთაში ორი განსხვავებული საწონი - დიდი და მცირე.
ნუ გექნება სახლში ორი განსხვავებული საწყაო - დიდი და მცირე.
საწონი სრული და სწორი უნდა გქონდეს; საწყაო სრული და სწორი უნდა გქონდეს, რომ დღეგრძელი იყო იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს.
რადგან საძაგელია უფლის, შენი ღმერთისთვის ყველა, ვინც ამას აკეთებს, ყველა, ვინც უკანონობას სჩადის.
გაისსენე, როგორ მოგექცათ გზაზე ყამალეკი, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით;
გზაზე რომ დაგხვდა და გაგინადგურა დაფანტული უკანა რიგები, შენ კი დაღლილ-დაქანცული იყავი, და ღმერთის არ შეშინებია.
როცა მოგასვენებს უფალი, შენი ღმერთი, გარეშემო მტრებისაგან იმ ქვეყანაში, რომელსაც წილად გაძლევს, რომ დაიმკვიდრო იგი, მოსპე ყამალეკის სახსენებელი ცისქვეშეთიდან, არ დაგავიწყდეს.
იყოს თუ ვისიმე სიტყუაჲ ჴმობისაჲ ორთა კაცთა შორის ერსა მაგას და წარდგეს იგი საშჯელად, განსაჯენით იგინი მართლიად და განამართლეთ და განაცრუეთ ცრუჲ იგი.
და იყოს ღირს გუემისა ცრუჲ იგი, დასუა იგი წინაშე მსაჯულთა მათ და ჰგუემო იგი მათ წინაშე შემსგავსებულად უსჯულოებისა მისისა
რიცხჳთ ორმეოც, ნუ შეუმატებ მას უფროჲს, უკეთუ შემატო გუემასა მას, იკდიმოს ძმაჲ იგი წინაშე შენსა.
ჴარსა მეკალოესა პირსა ნუ დაუკრავ.
და-თუ-მკჳდრებულ იყვნენ შენ შორის ორნი ძმანი ერთად და მოკუდეს ერთი იგი მათგანი და ცოლი იგი მისი უშვილო დაშთეს, ნუ განვალნ იგი ქმრისა უცხოსა, არამედ ძმამან მისმან მიიყვანოს იგი და შეირთოს ცოლად.
და თუ ესუას მისგანი შვილი, დაადგინოს იგი სახელად ძმისა მის თჳსისა მომკუდრისა. მიუგოს და ჰრქუას: ესე ეყავნ კაცსა, რომელმან არა ინებოს აღშენებად სახლი ძმისა მის მისისაჲ და ერქუას მას სახელი შორის ისრაჱლსა სახლი ჴამლთწარჴდილისაჲ, იბრძოდიან თუ ორნი კაცნი ურთიერთას მოყუასნი და მივიდეს ცოლი ერთისა მის მათგანისაჲ განრინებად ქმრისა მისსა მგუემელისა მისგან, და მიყოს ჴელი მისი და შებმა-უყოს მჩობლთა მისთა, წარვჰკუეთო ჴელი მისი და არა შეიწყალოს იგი თუალმან შენმან.
ნუ იპოების ჭურჭელსა შენსა შორის სასწორი ერთი დიდი და ერთი კნინი.
არამედ საწყაული სარწმუნოებისაჲ და სამართალი იყავნ შენ შორის, რათა დღეგრძელ იყო და კეთილი გეყოს ქუეყანასა მას ზედა, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ სამკჳდრებელად,
რამეთუ ბილწ არს წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა, რომელი იქმს მაგას ყოველსა.
მოიჴსენე შენ, რავდენი-რაჲ გიყოს შენ ამალეკ, რავდენი გიყო შენ მგზავრ.
რაჟამს გამოხვიდოდე შენ ქუეყანით ეგჳპტით, ვითარ-იგი წინა აღგიდგენ შენ და მიგკუეთა ბოლოჲ იგი შენი მაშურალი და მ~დგინარი შემდგომად შენსა, ხოლო შენ გშიოდა და მაშურალ იყავ და მას არა შეეშინა უფლისა ღმრთისა შენისა.
და იყოს, რაჟამს განგისუენოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთაგან მტერთა შენთა, რომელნი იყვნენ გარემოჲს შენსა ქუეყანასა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს ნაწილად მკჳდრობისა შენისა, აღჴოცოს სახელი ამალეკისი პირისაგან ქუეყანისასა და არა დაივიწყოს იგი.