მეორე რჯული, თავი 33
ეს არის კურთხევა, რომლითაც აკურთხა მოსემ, ღვთისკაცმა, ისრაელიანები სიკვდილის წინ.
თქვა: უფალი სინაიდან მოვიდა, სეყირიდან ამოუბრწყინდა მათ, ფარანის მთიდან ამონათდა და გამოჩნდა წმიდათა ბევრეულით, მარჯვენით რჯულის შარავანდი ჰქონდა.
უყვარს ხალხები. მათი ყველა წმიდა კაცი შენს ხელშია, ტრიალებენ შენს ფეხებთან, რომ მიიღონ შენ სიტყვები.
რჯული გვიანდერძა მოსემ - იაკობის კრებულის მემკვიდრეობა.
გაჩნდა მეფე იეშურუნში, როცა შეიკრიბნენ ერის თავკაცნი, ისრაელის შტოები.
იცოცხლოს რეუბენმა და არ მოკვდეს! ცოტა ჰყავს ხალხი.
ეს იუდასთვის თქვა: ისმინე, უფალო, იუდას ხმა! თავის ხალხთან მიიყვანე იგი. მისი ხელი იბრძოლებს მისთვის, შენ კი დაიფარე მტრებისაგან.
ლევისთვის თქვა: შენი თუმიმი და ურიმი შენს მადლიან კაცს, რომელიც მასაში გამოცადე და ედავებოდი მერიბას წყლებთან!
რომელიც ამბობს თავის დედ-მამაზე: არ მინახავს ისინი. არ ცნობს თავის ძმებს და არ იცნობს შვილებს, რადგან იცავდნენ ისინი შენს ნათქვამს და შენს აღთქმას ინახავდნენ.
ასწავლიან შენს სამართალს იაკობს და შენს რჯულს - ისრაელს, მოგართმევენ საკმეველს საყნოსელად და აღსავლენ მსხვერპლს სამსხვერპლოზე.
აკურთხე, უფალო, ძალი მისი და კეთილად მოხედე მისი ხელის ნამოქმედარს. მოსწყვიტე წელი მის მოწინააღმდეგეთ, ვეღარ გაიმართონ მისი მოძულენი!
ბენიამინზე თქვა: უზრუნველად იმკვიდრებს უფლის ნებიერი მის წინაშე. მისი ხელი აფარია დღენიადაგ და მის კალთებთან განისვენებს.
იოსებზე თქვა: უფლის კურთხევით იყოს მისი მიწა, ცის მადლით - ნამით, და უფსკრულებით, ქვეშ რომ განრთხმულან;
მზის მადლიანი ნაყოფებით და მთვარეთა მადლიანი მოსავლით;
ძველი მთების მწვერვალებით და უხსოვარი ბორცვების მადლით;
მიწის მადლით და მისი სისავსით. გადმოვიდეს მაყვლოვანში დავანებულის წყალობა იოსების თავზე და მის ძმებს შორის მოწმიდარის თხემზე.
პირველნაშობი ხარის ბრწყინვალება აქვს, მარტორქის რქას უგავს რქები, ამით ურქენს ყველა ხალხს ერთიანად ქვეყნის კიდემდე. ესენი არიან ეფრემის ბევრეულნი და მენაშეს ათასეულნი!
ზებულონზე თქვა: იხარე, ზებულონ, შენი გამოსვლისას და, ისაქარ, შენს კარვებში!
ხალხებს დაუძახებენ მთაზე, იქ შესწირავენ სიმართლის მსხვერპლს, რადგან ზღვათა სიმდიდრით საზრდოობენ, ქვიშაში ჩაფლულ-ჩამარხულით.
გადზე თქვა: კურთხეულია გადის განმვრცობი, ლომივით წევს და გლეჯს ნადავლის თავ-ფეხს.
საუკეთესო წილი ნახა, რადგან იქ იყო შენახული რჯულმდებლის წილი, მოიყვანა ერის თავკაცნი და აღუსრულა უფლის წესი და მისი სამართალი ისრაელს.
დანზე თქვა: ლომის ბოკვერია დანი, ბაშანიდან გამოვარდნილი.
ნაფთალიზე თქვა: ნაფთალი მაძღარია წყალობით და სავსეა უფლის კურთხევით; მისი სამკვიდროა დასავლეთი და სამხრეთი.
აშერზე თქვა: კურთხეულია შვილთა შორის აშერი, სწყალობდნენ ძმები და მირონში ედგას ფეხი.
რკინა და რვალია შენი ურდულები. მთელი სიცოცხლე მშვიდად იქნები.
არ არის ღმერთი იეშურუნის ღმერთის მსგავსი, ცაშია ამხედრებული შენს შემწედ და ღრუბლებში თავისი დიდებით.
თავშესაფარია ძველი ღმერთი და სიღრმეთაგან მკლავი მარადიული. მტერი განდევნა შენგან და თქვა: გაავლე მუსრი!
დავანებულია უზრუნველად ისრაელი, მარტო; იაკობის წყარო რწყავს პურის ყანებს და ვენახებს, მისი ციდანაც წვეთავს ცვარი.
ნეტარი ხარ, ისრაელო! ვინ შეგედრება შენ, ხალხო, გადარჩენილო უფლის მიერ, რომელიც შენი მფარველი ფარია და შენი დიდების მახვილი! მტრები დაგიწყებენ ლაქუცს, შენ კი გადაჯეგავ მათ სათაყვანო გორაკებს.
და ესე კურთხევაჲ არს, რომლითა აკრთხნა მოსე კაცმან მან ღმრთისამან ძენი იგი ისრაილისანი ვიდრე სიკუდილადმდე მისა.
და თქუა: უფალი სინად მოვიდა და გამოგვიჩნდა ჩუენ სეირს. ისწრაფა ფარან მთით ბევრებითა კადეს, მარჯუენით მისა ანგელოზნი მისნი მას თანა
და წყალობა-ყო ერსა თჳსსა ზედა და ყოველნი შეწირულნი ჴელთა შინა შენთა.
და ესენიცა შენ ქუეშე არიან და შეიწყნარნა სიტყუანი მისნი შჯული, რომელ მოგუცა ჩუენ მოსე სამკჳდრებელად შესაკრებელსა მას იაკობისასა.
და იყოს საყუარელისა მისგან მთავარი შეკრება მას მთავართა მათ ნათესავთა ისრაჱლისათა.
ცხონდენ რუბენ და ნუ მოკუდებინ და იყავნ იგი რიცხჳთ მრავალ.
და ესე იუდა. ისმინე, უფალო, ჴმაჲ იუდასი და შესაკრებელთა მისთა შეკრბენ, ჴელნი მისნი გამოირჩინედ მას შემწედ მისა მტერთაგან მათთა.
და ლევის ჰრქუა: მიეცით ლევის მხილებაჲ და ჭეშარიტებაჲ მისი კაცსა მას უბიწოსა, რამეთუ განცადეს იგი განცდით და განაბოროტეს იგი წყალთა მათ ზედა ცილობისათა.
რამეთუ ჰრქუა მამასა თჳსსა და დედასა თჳსსა: არა გიცი შენ, და ძმანი თვისნი არა იცნნა და შვილნი თჳსნი არა იცნნა. დაიმარხნა მან მცნებანი ესე შენნი და შჯულსა შენსა არა შესცთა.
აუწყნე სიმართლენი შენნი იაკობსა და შჯული მისი ისრაჱლსა შეწირონ მათ მსხუერპლი და საკურთხეველი რისხვისათჳს შენისა მარადის საკურთხეველსა შენსა ზედა.
აკურთხე, უფალო, ძალი იგი მისი და საქმენი ჴელთა მისთანი შეწირენ, შემუსრე ძალი იგი მტერთაჲ, რომელნი-იგი აღდგომილ იყვნეს მის ზედა და მოძულენი მისნი ნუღარა აღემართნედ.
და ბენიამენს ჰრქუა: შეყუარებული უფლისაჲ დაემკჳდროს სასოებით და ღმერთი თავადი მფარველ ეყოს მას ყოველთა დღეთა და ბეჭთა შორის მისთა განუსუენოს მას.
და იოსებს ჰრქუა: კურთხევითა უფლისაჲთა ქუეყანაჲ იგი მისი და საზღვართაგან ცისათა და ცუარითა და წყაროთაგან უფსკრულთაჲსა ქუესკნელ და აღმოცენებისა
ჟამთა ნაყოფთა მათ მზისათა დამდაბლებასა,
თავთა მთათა მათ საუკუნოჲსათა და თხემსა ბორცუთა მათ სამარადისოჲთა,
ჟამსა მას სავსებისა ქუეყანისასა მსგავსად შეწყნარებისა მის, რომელ-იგი გამოჩნდა მაყვლოვანსა მას, მოვიდენ თავსა ზედა იოსებისსა და თხემსა მისსა ზედა და იდიდენ იგინი შორის ძმათა თჳსთა პირმშოთა.
იყავნ შუენიერებაჲ მისი, ვითარცა შუენიერებაჲ ზუარაკთაჲ, და ვითარცა რქაჲ მარტორქისაჲ - რქანი მისნი. და მითა ურქენდეს წარმართთა ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა ბევრებითა ეფრემ და ათასებითა მანასე.
და ზაბულონს ჰრქუა: იხარებდ, ზაბულონ, გამოსლვასა შენსა. და იზაქარს ჰრქუა: სამკჳდრებელსა მისსა ნათესავნი დაეცნენ.
და ხადოდით თქუენ სახელსა მისსა და შესწიროთ მსხუერპლი სიმართლისა უფლისა მიმართ, სიმდიდრესა მას ზღჳსასა სწოვდე შენ ვაჭართა მათ დამკჳდრებულთა ზღჳსკიდისათა.
და გადს ჰრქუა: კურთხეულ და განვრცობილ იყავ, გად, ვითარცა ლომი განსუენებულად დაემკჳდრე შენ, შემუსრნა მკლავნი მთავართანი.
და იხილა დასაბამი მისი, რამეთუ მუნ განიყო ქუეყანაჲ იგი მთავართაჲ შეკრებასა მას ერთა მრავალთასა მთავრობითურთ მისით, სამართალი წინაშე უფლისა ყო და შჯული შორის ისრაჱლსა.
და დანს ჰრქუა: დან, ვითარცა ლეკჳ ლომისაჲ, გამოვიდეს ბანაკით.
და ლეფთალიმს ჰრქუა: სავსებაჲ შეწირული და აღივსენ კურთხევითა უფლისა მიერ, ზღჳთ კერძო და სამხრით დაემკჳდროს იგი.
და ასერს ჰრქუა: კურთხეულ იყავ შენ ძმათა შორის თჳსთა, დააწოს ზეთსა ფერჴი მისი,
ვითარცა რკინაჲ და სპილენძი, და იყოს ჴამლი იგი მისი და, ვითარცა დღენი შენნი, ეგრე იყოს ძალი შენი.
არა არს ვითარცა ღმერთი საყუარელისა, რომელი აღჴდეს ცად შემწედ შენდა და დიდად შუენიერებითა სამყაროსა მისსა.
და საფარველსა მას ღმრთისასა ჴელმწიფებითა ძლიერებითა მკლავისაჲთა სამარადისოთა მათ და განასხნეს მტერნი შენნი პირისაგან შენისა. და ჰრქუას: მივედ, წარწყმი.
და დაემკჳდროს ისრაჱლი სასოებით მხოლოდ ქუეყანასა ზედა იფქლითა და ღჳნითა და ცუარითა ცისათა მარადის.
ნეტარ ხარ შენ, ისრაჱლ, ვინმე გემსგავსოს შენ ერი ეგე გამოჴსნილი უფლისა მიერ? ზედა მდგომელ გეყოს შენ შემწე იგი შენი და მახჳლითა შენითა სიქადული შენი, გეცრუვნენ მტერნი იგი შენნი და ქედსა მათსა ზედა ფერჴი ეგე შენი.