ლოცვანი
აპლიკაცია

მეორე რჯული, თავი 23

1

ვერ შევა კვერცხებჩაჭყლეტილი და ასომოკვეთილი უფლის საკრებულოში.

2

ვერ შევა ბუში უფლის საკრებულში, მისი მეათე თაობაც კი ვერ შევა უფლის საკრებულოში.

3

ვერ შევლენ ყამონელები და მოაბელები უფლის საკრებულოში, მათი მეათე თაობაც კი ვერასოდეს შევა უფლის საკრებულოში.

4

ეს იმიტომ, რომ პურითა და წყლით არ დაგხვდნენ გზაზე, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით; და იმიტომ, რომ დაიქირავეს შენს წინააღმდეგ ბალაამ ბეყორის ძე, შუამდინარეთის ფეთორიდან შენს დასაწყევლად.

5

არ ინება უფალმა, შენმა ღმერთმა, ესმინა ბალაამისთვის და კურთხევად შეგიცვალა წყევლა უფალმა, შენმა ღმერთმა, რადგან უყვარხარ უფალს, შენს ღმერთს.

6

ნუ შეკრავ მათთან ზავს და ნუ ეძებ მათთვის სიკეთეს მთელი შენი სიცოცხლე, უკუნისამდე.

7

ნუ შეგძაგდება ედომელი, რადგან შენი მოძმეა, ნუ შეგძაგდება ეგვიპტელი, რადგან მდგმურად იყავი მის ქვეყანაში.

8

შვილები, რომლებიც მათ შეეძინებათ, მესამე თაობაში შევლენ უფლის საკრებულოში.

9

როცა მტრების წინააღმდეგ ბანაკად გახვალ, ერიდე ყოველივე ცუდს.

10

თუ ვინმე იქნა შენში ღამის შემთხვევის შემდეგ განუწმედელი, გავიდეს ბანაკის გარეთ, არ შევიდეს ბანაკის შიგნით.

11

საღამოს პირზე წყლით განიბანოს და მზის ჩასვლისას შევიდეს ბანაკში.

12

ადგილი გექნება ბანაკგარეთ, რომ შეგეძლოს იქ გარეთ გასვლა.

13

ბარი უნდა გქონდეს სარტყელში და გარეთ დაჯდომისას ამოთხარე მიწა და ჩაფალი შენი განავალი.

14

რადგან უფალი, შენი ღმერთი, დადის შუაგულ ბანაკში, რომ გიხსნას და ხელში ჩაგიგდოს შენი მტრები. წმიდა უნდა იყოს შენი ბანაკი, რომ არ დაინახოს შენში რაიმე სამარცხვინო და ზურგი არ შეგაქციოს.

15

არ გადასცე თავის პატრონს ყმა, რომელიც შენთან გამოექცა პატრონს.

16

იცხოვროს შენთან, შენს წრეში, იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს შენს ერთ-ერთ ქალაქში, სადაც მოეწონება. არ დაჩაგრო იგი.

17

არ იყოს მეძავი ქალი ისრაელის ქალებს შორის და მეძავი კაცი ისრაელის ვაჟებს შორის.

18

არანაირი აღთქმისათვის არ შეიტანო სამეძაო გასამრჯელო და ძაღლის ფასი უფლის, შენი ღმერთის სახლში, რადგან ორივე ეს სისაძაგლეა უფლის, შენი ღმერთისათვის.

19

არ მისცე სარგებელში შენს მოძმეს არც ვერცხლი, არც საჭმელი და არც რამე ნივთი, რაც სარგებელში შეიძლება გაიცეს.

20

უცხოელს მიეცი სარგებელში, შენს მოძმეს კი ნუ მისცემ სარგებელში, რომ გიკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, მთელი შენი ნაამაგარი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ.

21

თუ აღთქმას დაუდებ უფალს, შენს ღმერთს, ნუ დააგვიანებ მის შესრულებას, რადგან მოიკითხავს მას შენგან უფალი, შენი ღმერთი, და ცოდვა დაგედება.

22

თუ აღთქმისაგან თავს შეიკავებ, არც ცოდვა დაგედება.

23

შეინახე შენი ბაგიდან გამომავალი სიტყვა და შეუსრულე, რაც აღთქმული გაქვს უფლის, შენი ღმერთისადმი, რაც წარმოთქვა შენმა ბაგემ.

24

როცა შეხვალ შენი მოყვასის ვენახში და შენი სურვილისამებრ, გაძღომამდე შეჭამ ყურძენს, ჭურჭელში აღარ ჩაიწყო.

25

როცა წახვალ შენი მოყვასის სამკალში, ხელით დაგლიჯე თავთავები; ნამგალი არ მოიქნიო შენი მოყვასის სამკალში.

1

კუდური და დუმაკ კუეთილი ნუ შეიწირვინ ტაძრად უფლისა.

2

ძაღლისა სასყიდელი და სიძვისა სასყიდელი ნუ შეიწირვიედ ტაძრად უფლისა.

3

ამანიტელი და მოაბელი ნუ შევლენედ სახიდ უფლისა ვიდრე ათამდე ნათესავად, ნუცა უკუნისამდე ჟამთა.

4

რამეთუ არა მოგეგებვოდეს თქუენ პურითა და წყლითა, რაჟამს გამოხუედით თქუენ ქუეყანით ეგვიპტით, არამედ სასყიდლით მოიყვანეს ბალამი, ძე ბეორისი, შორის მდინარეთა მათ წყევად თქუენდა.

5

და არა უნდა უფალსა ღმერთსა სმენად ბალამისი, არამედ გარდააქცია წყევაჲ იგი კურთხევად თქუენდა, რამეთუ შეგიყუარნა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან რაჲთურთით.

6

კითხვაჲ არა მისცე მას, არცაღა მშჳდობასა იტყოდი მათა მიმართ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა შენისათა.

7

ნუ გძაგნ შენ იდუმელი იგი, რამეთუ ძმაჲ შენი არს, ნუ გძაგნ შენ მეგვიპტელი იგი, რამეთუ მწირ იყავ შენ ქუეყანასა მათსა.

8

და-თუ-ემკჳდროს შენ შორის და ესხნენ მას შვილ, მესამე იგი ნათესავი მისი შევიდეს სახლსა უფლისასა.

9

გინათუ ხვიდოდი წყობად მტერთა შენთა, დაიცევ თავი შენი ყოვლისაგან სიტყჳსა ბოროტისა.

10

იყოს თუ ვინმე შენ შორის ხაშმ და უწრდოდის საფსმელი მისი ღამე, განვედინ გარეშე ბანაკსა მას და ნუ შემოვალნ ბანაკად.

11

და მერმე მიმწუხრი დაიბანენ გუამი მისი წყლითა და მზისა დასლვასა შემოვედინ ბანაკსავე მას.

12

და ადგილი ერთი განჩინებულ იყავნ შენდა გარეშე ბანაკსა მას, რომელსა განხვიდოდი შენ.

13

და მანაჲ ერთი იყავნ გამობმულ სარტყელსა შენსა და სადა-იგი დასდგე, აღმოსთხარო და დაჰფარო საძაგელებაჲ იგი სარცხჳნელისა მის შენისაჲ.

14

რამეთუ უფალი ღმერთი შენი გარდამოსრულ არს და იქცევის ბანაკსა შენსა განრინებად შენდა და მოცემად მტერთა შენთა წინაშე პირსა შენსა, რათა იყოს ბანაკი იგი შენი წმიდა და არა გამოჩნდეს შენ შორის საქმე საძაგელებისაჲ. და გარე მიიქციოს უფალმან პირი შენგან.

15

მონაჲ რომელ შემოვედრებულ იყოს შენდა, ნუ მისცემ ჴელთა უფლისა თჳსისათა,

16

რომელი შეყოფილ იყოს შენდა და ჯდეს შორის ყოველსავე ადგილსა, რომელსაცა სთნდეს მას, ნურას აჭირებნ მას.

17

ასულთაგანი ისრაჱლისთაჲ, ნუ იქმნებინ როსპიკ და ნუცა იპოებინ მამაკაცი მეძავ ძეთაგანი ისრაჱლისთაჲ,

18

ნუ შესწირავ შენ სასყიდელსა სიძვისასა, ნუცა ნაცვალსა ძაღლისასა სახიდ უფლისა ღმრთისა შენისა, ნუ შესწირავ ყოველსავე შინა აღნათქუემსა, რომელ აღგითქუას შენ, რამეთუ ბილწ არს წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა ორივე ეგე.

19

ნუ მოჰჴდი ძმასა შენსა აღნადგინებსა ვეცხლისასა, ნუცა აღნადგინებსა საჭმლისასა,

20

ნუცა ყოველსა აღნადგინებსა სესხისა მის შენისასა, რომელ ავასხე ძმასა მას შენსა, რათა გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა მათ ზედა საქმეთა შენთა ქუეყანასა მას, რომელსა შეხჳდე დამკჳდრებად მუნ.

21

აღ-თუ-უთქუა აღნათქუემი უფალსა ღმერთსა შენსა, არა დააყენო აღსრულებაჲ მისი, რამეთუ მიჴდით მიუჴადოს იგი უფალმან ღმერთმან შენგან და იყოს შენდა ცოდვაჲ.

22

უკეთუ არა აღუთქუა შენ, არარაჲ ცოდვაჲ არს შენდა,

23

გარნა რომელ აღმოჴდეს ბაგეთა შენთა, დაიმარხე და ყავ, ვითარცა აღუთქუ უფალსა ღმერთსა შენსა მისაცემელი, რომელსა იტყოდა პირი შენი.

24

შთა-თუ-ჰჴდე ყანასა მოყუსისა შენისასა თავის-კრებად, მანგლითა, ნუ მოჰმკი ყანასა მას მოყუასისა შენისასა,

25

შთა-თუ-ჰჴდე ვენაჴსა მოყუსისა შენისასა ჭამად ყურძნისა, ჭამე, რავდენცა უნდეს სულსა შენსა, წიაღთა ნუ ჩაიდებ, ნუცა სხუასა რას ჭურჭელსა.

12345678910111213141516171819202122232425262728293031323334