ლოცვანი
აპლიკაცია

მეორე ნეშტთა, თავი 5

1

მოათავა ყველა საქმე, რასაც უფლის სახლისათვის აკეთებდა სოლომონი. მოიტანა სოლომონმა მამამისის, დავითის, შემოწირულობანი: ვერცხლი, ოქრო, ყველანაირი ჭურჭელი და ღვთის სახლის საგანძურში დააწყო.

2

მაშინ შეყარა სოლომონმა იერუსალიმში ისრაელის უხუცესობა და შტოთა ყველა თავკაცი, ისრაელიანთა მამისსახლის უფროსები, რომ გამოესვენებინათ უფლის აღთქმის კიდობანი დავითის ქალაქიდან ანუ სიონიდან.

3

შეიყარნენ მეფე სოლომონთან სადღესასწაულოდ, მეშვიდე თვეში.

4

მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა და ლევიანებმა ასწიეს კიდობანი.

5

წაასვენეს კიდობანი და სადღესასწაულო კარავი, და ყველა წმიდა ჭურჭელი, კარავში რომ ინახებოდა. წაასვენეს ისინი მღვდლებმა და ლევიანებმა.

6

მეფე სოლომონი და მასთან შეკრებილი მთელი ისრაელის საზოგადოება იდგნენ კიდობნის წინ და მსხვერპლად სწირავდნენ ცხვარ-ძროხას, რომლის დათვლა და აღრიცხვა შეუძლებელი იყო სიმრავლის გამო.

7

დაასვენეს მღვდლებმა უფლის აღთქმის კიდობანი მისთვის განკუთვნილ ადგილზე, ტაძრის დაბირში, წმიდათაწმიდაში, ქერუბიმთა ფრთებქვეშ.

8

რადგან ფრთები ჰქონდათ გადაშლილი ქერუბიმებს კიდობნის ადგილზე და ზემოდან ფარავდნენ კიდობანს და კეტებს.

9

კეტები იმ სიგრძისა იყო, რომ მისი თავები მოჩანდა კიდობნიდან, დაბირის წინ, გარეთ კი არ ჩანდა. დღემდე იქ არის ისინი.

10

არაფერი იყო კიდობანზე, გარდა ფიქალებისა, მოსემ რომ ჩააწყო იქ ხორებში, როცა კავშირი შეკრა უფალმა ისრაელიანებთან ეგვიპტიდან მათი გამოსვლის შემდეგ.

11

როცა გამოვიდნენ მღვდლები წმიდადან (რადგან ყველა იქ მყოფი მღვდელი განიწმიდა, განურჩევლად დასებისა,

12

ასევე ყველა მგალობელი ლევიანი - ასაფი, ჰემანი, იედუთუნი, მათი ვაჟები და მათი მოძმენი - სელით შემოსილნი, წინწილებით, ქნარებით, ებნებით სამსხვერპლოს აღმოსავლეთით მდგარნი, მათთანვე ასოცი მესაყვირე მღვდელი,

13

ხმაშეწყობილნი იყვნენ მესაყვირენი და მგალობელნი, რათა ერთხმად ეგალობათ უფლისთვის და ედიდებინათ), როცა იქუხა საყვირებისა და წინწილების ხმამ, უფლის ქებით: რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი, მაშინ სახლი, უფლის სახლი, ღრუბელმა აავსო.

14

და ვეღარ შეძლეს მღვდლებმა იქ დგომა და სამსახურის გაწევა ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებამ აღავსო ღვთის სახლი.

1

და აღასრულა ყოველი საქმარი, რომელი ქმნა სოლომონ სახლსა უფლისასა. და შეიღო სიწმიდე დავითის, მამისა თჳსისა, ოქრო და ვეცხლი და ყოველი ჭურჭელი მისცა საუნჯესა სახლისა უფლისასა.

2

მაშინ შეკრიბნა სოლომონ ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისანი და ყოველნი მთავარნი ტომებისანი, წინამძღუარნი ნათესავისა ისრაჱლისანი იერუსალჱმდ აღმოღებად კიდობნისა შჯულისა უფლისა ქალაქით დავითისით, ესე არს სიონი.

3

და მოვიდეს და მოკრბეს მეფისა ყოველნი კაცნი ისრაჱლისანი დღესასწაულსა მას. ესე არს თუე მეშჳდე.

4

და მოვიდეს ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისა და აღიღეს ყოველთა ლევიტელთა კიდობანი.

5

და კარავი იგი საწამებელისა და ყოველი ჭურჭელი წმიდაჲ, რომელი იყო კარავსა შინა და მოიღეს კიდობანი იგი მღდელთა და ლევიტელთა.

6

და მეფემან სოლომონ, ყოველმან კრებულმან ისრაჱლისამან და მოშიშთა და რაოდენნი შემოკრებილ იყუნეს წინაშე კიდობნისა მის, დასწყუედდენ ზუარაკებსა და ცხოვარსა, რომლისა არა იყო რიცხჳ და არცა აღითვალოს სიმრავლისაგან.

7

და შეიღეს მღდელთა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა და დადგეს იგი ადგილსა თჳსსა და დაბირსა მას საფასესა ტაძრისასა და წმიდასა მას წმიდათასა ქუეშე ფრთეთა ქერობინთასა.

8

და განეპყრნეს ქერობინთა მათ ფრთენი მათნი ადგილსა მას კიდობნისასა. და ჰფარვიდეს ქერობინნი იგი კიდობანსა მას და აღსაღებელსა მას მისსა ზედა კერძო.

9

და გამოემარტნეს აღსაღებელნი იგი და იხედებოდეს აღსაპყრობელთა მათ მწვერვალნი იგი წმიდათაგან წინაშე პირსა დაბირისასა და არა იხედვებოდეს გარეშე. და იყუნეს მუნ ვიდრე აქა დღემდე.

10

და არა რა იყო სხუა კიდობანსა მას შინა, გარნა ორნი იგი ფიცარნი, რომელნი დასხნა მოსე ქორებს, რომელი-იგი მოსცა სჯული უფალმან გამოსლვასა მას ძეთა ისრაჱლისათა ქუეყანით ეგჳპტით.

11

და იყო, რაჟამს გამოვიდეს მღდელნი იგი სიწმიდეთა მათგან, რამეთუ ყოველნი, რაოდენნი იპოვნეს მუნ, განწმიდნეს, რამეთუ არა იყუნეს განწესებულ დღითიდღედსა მას მსახურებასა.

12

და ლევიტელნი იგი მეფსალმუნენი, ყოველნი ძენი ასაფისთანი, ემანისნი და იდუთუმისნი, ძენი მათნი და ძმანი მათნი, რომელთა ემოსა სამოსელი ბისონისა წინწილათა და სტჳრითა და ებნითა დგეს წინაშე საკურთხეველსა, და მათ თანა მღდელნი ასდაოცნი სცემდეს ნესტვებსა.

13

და იყო ერთ ჴმაჲ ნესტუებისა მის და გალობისა ჴმათა ყოველთა ერთ ჴმა. აღსარებად და ქადაგებად უფლისა და ვითარცა აღიმაღლეს ჴმაჲ ნესტუთა და წინწილთა და ებნითა და ფსტჳრითა მით საგალობელითა და იტყოდეს: აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი. და სახლი იგი აღივსო ღრუბლითა დიდებისა უფლისათა

14

და ვერ ეძლო მღდელთა მათ დგომად და მსახურებად პირისაგან მის ღრუბლისა, რამეთუ აღავსო დიდებამან უფლისამან სახლი იგი ღმრთისაჲ.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536