ლოცვანი
აპლიკაცია

მეორე ნეშტთა, თავი 11

1

მოვიდა რობოამი იერუსალიმში და შეჰყარა იუდასა და ბენიამინის მთელი სახლი - ასოთხმოცი ათასი რჩეული მეომარი, რათა შებრძოლებოდნენ ისრაელს და მეფობა დაებრუნებინათ რობოამისთვის.

2

გამოეცხადა ღვთის სიტყვა შემაყიას, ღვთისკაცს:

3

ასე უთხარი რობოამ სოლომონის ძეს, იუდას მეფეს, მთელ ისრაელს და იუდასა და ბენიამინის მთელ სახლს:

4

ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გახვალთ საბრძოლველად თქვენს ძმებთან! თავ-თავის სახლში გაბრუნდეს ყველა, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს ამბავი. ისმინეს უფლის სიტყვა და იერობოამთან საომრად გასულნი უკან გაბრუნდნენ.

5

რობოამი იერუსალიმში ცხოვრობდა და ციხე-სიმაგრეებად აქცია ქალაქები იუდაში.

6

მან ააშენა: ბეთლემი, ყეტამი, თეკოაყი,

7

ბეთ-ცური, სოქო, ყადულამი,

8

გათი, მარეშა, ზიფი,

9

ადორაიმი, ლაქიში, ყაზეკა,

10

ცარყა, აიალონი, ხებრონი - გამაგრებული ქალაქები, იუდასა და ბენიამინს რომ ეკუთვნოდა.

11

გაამაგრა ეს ციხე-სიმაგრეები, ჩააყენა მათში წინამძღოლნი და მისცა სურსათ-სანოვაგის, ზეთისა და ღვინის მარაგი.

12

ყველა ქალაქს ფარ-შუბები ჩამოურიგა და ძლიერ გაამაგრა. მის ხელში იყო იუდა და ბენიამინი.

13

მღვდლები და ლევიანები, ვინც კი იყო მთელს ისრაილში, თავ-თავიანთი საზღვრებიდან შეუდგნენ მას.

14

ვინაიდან ტოვებდნენ ლევიანები თავიანთ სანახებს, სამფლობელოებს და მიდიოდნენ იუდაში და იერუსალიმში, რადგან იერობოამი და მისი ძენი უშლიდნენ მათ უფლის მღვდლობას.

15

დაიყენა მღვდლები გორაკებისთვის, ციკნებისთვის და ხბორებისთვის, თვითონ რომ გააკეთა.

16

მათ მიჰყვნენ ისრაელის ყველა ტომიდან, ვინც გულით ეძებდა უფალს, ისრაელის ღმერთს. ისინი მოვიდნენ, რომ მსხვერპლი შეეწირათ უფლისთვის, თავიანთი მამა-პაპის ღმერთისთვის.

17

გაამაგრეს იუდას სამეფო და სამ წელიწადს მხარს უჭერდნენ რობოამს, სოლომონის ძეს, რადგან ამ სამ წელს დადიოდა დავითისა და სოლომონის გზით.

18

რობოამმა ცოლად შეირთო მახალათი, იერიმოთ დავითის ძის ასული და აბიხაილი, ელიაბ იესეს ძის ასული.

19

უშვა მას ვაჟები: იეყუში, შემარია და ზაჰამი.

20

ამის შემდეგ შეირთო მაყაქა, აბესალომის ასული. უშვა მას: აბია, ყათაი, ზიზა, შელომითი.

21

რობოამს ყველა თავის ცოლზე და ხარჭაზე მეტად უყვარდა რეხაბყამი, სოლომონის ასული. რადგან თვრამეტი ცოლი და სამოცი ხარჭა ჰყავდა, შეეძინა ოცდარვა ვაჟი და სამოცი ქალი.

22

დააყენა უფროსად რობოამმა აბია, მაყაქას ვაჟი, წინამძღოლად თავის ძმებში, რადგან მისი გამეფება ეწადა.

23

გონივრულად მოიქცა და ყველა თავისი შვილი იუდასა და ბენიამინის ყველა კუთხეში და ყველა გამაგრებულ ქალაქში ჩაასახლა. უხვად მისცა სარჩო და უთხოვა მრავალი ცოლი.

1

და შევიდა რობოამ იერუსალჱმდ და შეკრიბა ყოველი იუდა და ბენიამენი ასდაოთხმოცი ათასი ჭაბუკი, რომელი ჰყოფდა ბრძოლასა და ჰბრძოდა ისრაჱლსა მოქცევად მეფობისა თჳსისა.

2

და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ სამეას მიმართ, კაცისა ღმრთისა, ჰრქუა:

3

არქუ რობოამს, ძესა სოლომონისასა, ყოველსა იუდასა და ბენიამენს.

4

ამას იტყჳს უფალი: არა აღხჳდეთ და არცა ბრძოდეთ, და არცა ძმათა თქუენთა თანამიიქეცინ კაცად-კაცადი საყოფლად თჳსა, რამეთუ ჩემ მიერ იყო სიტყუაჲ ესე. და ისმინეს სიტყუაჲ უფლისაჲ და მოიქცეს და არღარა აღვიდეს ბრძოლად იერობოამისა.

5

და დაემკჳდრა რობოამ იერუსალჱმს და აღაშენა ქალაქები ზღუდოანი ჰურიასტანს.

6

და აღაშენა ბეთლემი, და ეტანი, და თეკუა,

7

და ბეთსური, და სოქოთი, და ოდოლამი, და გეთი, და მარისანი, და ზიბი,

8

9

და ადორაიმი, და ლაქისი, და აზეკა,

10

და ასარა, და იოლონი, და ქებრონი, რომელი არს იუდასი და ბენიამინისი, ქალაქნი ზღუდოვანნი.

11

და განაძლიერნა იგინი ზღუდებითა, და დაადგინნა მუნ მთავარნი, და დადვა უნჯი საზრდელთა, ზეთი, და ღჳნოჲ

12

ქალაქად-ქალაქად, და ფარი და ლახვარი, და განაძლიერნა იგინი მრავლად და ფრიად. და იყუნეს იგინი იუდასა და ბენიამენისა,

13

და ლევიტელნი და მღდელნი, რომელნი იყუნეს ყოველსა შორის ისრაჱლსა, შეკრბეს რობოამისა ყოველთაგან საზღვართა, რამეთუ დაუტევეს ლევიტელთა საყოფლები სამკჳდრებელისა თჳსისა და მოუჴდეს იგინი იუდასა იერუსალჱმდ,

14

რამეთუ გამოასხნა იგინი იორობოამ და ძეთა მისთა, რათა არა ჰმსახურებდენ უფალსა.

15

და დაადგინნა თავისა თჳსისა ქურუმნი მაღალთანი და კერპთანი და ამაოთანი და ჴბოთანი, რომელ ქმნნა იორობუამ.

16

და გამოასხნა იგინი ტომთაგან ისრაჱლისათა, რომელთა მოსცნეს გულნი მათნი გამოძიებად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, და მოვიდეს იერუსალჱმდ შეწირვად მსხუერპლისა უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა.

17

და განაძლიერეს მეფობაჲ იუდასი და განძლიერდა რობოამ, ძე სოლომონისა, სამ წელ, რამეთუ ვიდოდა იგი გზათა დავითისათა და სოლომონისათა სამ წელ.

18

და მოიყვანნა რობოამ თავისა თჳსისა ცოლად მოლათ, ასული იერიამუთისი, ძისა დავითისი და აბიათა, ასული ელიაბისი, იესესისა.

19

და უშვნა მას ძენი: იაუთ და სამარია და ზოლამ.

20

და ამისა შემდგომად შეირთო მან მააქა, ასული აბესალომისი, და უშვა მას: აბია, და იეთი, და ზიზა, და სალემოთ.

21

და შეიყუარა რობოამ მაქა, ასული აბესალომისი, უფროს ყოველთა ცოლთა მისთა და ხარჭთა მისთა, რამეთუ ცოლნი ესხნეს ათურამეტ და ხარჭნი სამეოც. და ესხნეს ძენი ოცდარვა და ასულები სამეოც.

22

და დაადგინნა რობოამ მთავრად აბია, ძე მააქაისი, წინამძღურად ძმათა მისთა, რამეთუ მეფობა გულსა ედვა მისი.

23

და აღორძინდა უმეტეს ყოველთა ძეთა მისთა ყოველთა შორის საზღვართა იუდასთა, ბენიამენისათა და ქალაქთა ძლიერთა და დადვა მათ შინა უნჯნი მრავალი ფრიად და ითხოვა მრავალი ცოლები.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536