მეორე ნეშტთა, თავი 24
შვიდი წლის იყო იოაში, როცა გამეფდა, და ორმოცი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ციბაი, ბარშებადან.
სწორად იქცეოდა უფლის თვალში იოაში იეჰოიადაყ მღვდლის სიცოცხლეში.
ორი ცოლი მოუყვანა მას იეჰოიადაყმა და შეეძინა ძენი და ასულნი.
ამის შემდეგ იოაშმა გულით მოიწადინა უფლის სახლის შეკეთება.
შეკრიბა მღვდლები, ლევიანები და უთხრა: დაიარეთ იუდას ქალაქები და მთელ ისრაელში ვერცხლი მოაგროვეთ წლიდან წლამდე უფლის სახლის შესაკეთებლად. დააჩქარეთ ეს საქმე. მაგრამ ლევიანებმა არ დააჩქარეს.
დაიბარა მეფემ იეჰოიადაყი, მათი თავკაცი, და უთხრა: რატომ არ მოსთხოვ ლევიანებს, რომ იუდასგან და იერუსალიმისგან აკრიბონ ის გადასახადი, რომელიც მოსემ, უფლის მორჩილმა და ისრაელის კრებულმა დაადგინეს სადღესასწაულო კარვისთვის?
რადგან ურჯულო ღოთოლიამ და მისმა ვაჟებმა დააზიანეს ღვთის სახლი, და უფლის სახლის მთელი შემოწირულობა ბაალებს მოახმარეს.
ბრძანა მეფემ და გააკეთეს ერთი კიდობანი. დადგეს იგი უფლის სახლის შესასვლელთან, გარეთ.
გამოაცხადეს იუდაში და იერუსალიმში, რომ უფლისთვის მოეტანათ ის შესაწირავი, რომელიც მოსემ, ღვთის მორჩილმა, დაუწესა ისრაელს უდაბნოში.
გაიხარა ყველა მთავარმა და მთელმა ერმა. მოდიოდნენ და ყრიდნენ კიდობანში, ვიდრე არ გაივსო.
როდესაც ლევიანთა ხელით კიდობანს მეფის მოხელეებს წაუღებდნენ და ნახავდნენ რომ იგი სავსე იყო ვერცხლით, მოვიდოდნენ მეფის მწერალი და მღვდელმთავრის სანდო კაცი და გადმოაპირქვავებდნენ კიდობანს. მერე ისევ წაიღებდნენ და თავის ადგილზე დააბრუნებდნენ. ასე იქცეოდნენ დღიდან დღემდე და დიდძალი ვერცხლი დააგროვეს.
ჩააბარებდნენ ამას მეფე და იეჰოიადაყი უფლის სახლის სამუშაოთა შემსრულებლებს. ისინი კი დაიქირავებდნენ ქვისმთლელებსა და დურგლებს, უფლის სახლის გასაახლებლად, რკინა-სპილენძის მჭედლებს უფლის სახლის გასამაგრებლად.
იშრომეს სამუშაოს შემსრულებლებმა და მოამთავრეს შეკეთება მათი ხელით. აღადგინეს ღვთის სახლი თავისი წესის და რიგის მიხედვით და გაამაგრეს.
როცა მორჩნენ, მეფესა და იეჰოიადაყს მიუტანეს დარჩენილი ვერცხლი. დაამზადეს მისგან უფლის სახლისთვის ჭურჭლეული - სამსახურებელი და აღსავლენისთვის საჭირო ჭურჭელი, თასები, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი. იეჰოიადაყის მთელი სიცოცხლის მანძილზე მუდამ აღავლენდნენ აღსავლენს უფლის სახლში.
დაბერდა იეჰოიადაყი და გაძღა დღეებით და მოკვდა. ასოცდაათი წლისა იყო, როცა მოკვდა.
დავითის ქალაქში დამარხეს იგი, მეფეთა გვერდით, რადგან სიკეთეს აკეთებდა ისრაელში ღვთისთვის და მისი სახლისთვის.
იეჰოიადაყის სიკვდილის შემდეგ მოვიდნენ იუდას მთავრები და თაყვანისცეს მეფეს. მაშინ გაუგონა მათ მეფემ.
მიატოვეს უფლის, თავიანთი მამა-პაპის ღმერთის სახლი და დაუწყეს მსახურება აშერებსა და კერპებს. განრისხდა უფალი იუდაზე და იერუსალიმზე ამ დანაშაულის გამო.
მოუვლინა წინასწარმეტყველები, რათა უფალს დაბრუნებოდნენ. ამხელდნენ ისინი, მაგრამ ყურს არ უგდებდნენ მათ.
ღვთის სულმა მოიცვა ზაქარია, იეჰოიადაყის ძე, მღვდელი; შედგა იგი ხალხის წინ მაღლობზე და თქვა: ასე ამბობს ღმერთი: რატომ არღვევთ უფლის მცნებებს? ამიტომ ხელი აღარ მოგემართებაო. რაკი მიატოვეთ უფალი, ისიც გტოვებთ თქვენ.
შეითქვნენ მის წინააღმდეგ და მეფის ბრძანებით ჩააქვავეს უფლის სახლის ეზოში.
არ გაიხსენა მეფე იოაშმა მადლი, რაც იეჰოიადაყმა, მამამისმა, უყო მას, და მოკლა მისი ვაჟი. როცა კვდებოდა, თქვა: იხილოს უფალმა და მოჰკითხოს!
წელიწადი რომ შემოიქცა, წამოვიდა მის წინააღმდეგ არამის ლაშქარი, შეიჭრა იუდაში და იერუსალიმში და გაწყვიტა ხალხში ყველა ერისმთავარი. მთელი ნაალაფარი დამასკოს მეფეს გაუგზავნეს.
მცირეოდენი ხალხით მოვიდა არამის ლაშქარი, მაგრამ უფალმა მათ ხელში დიდძალი ლაშქარი ჩააგდო, რადგან მიატოვეს უფალი, მამა-პაპის ღმერთი. იოაშს კი მსჯავრი დასდეს.
როცა წავიდნენ მისგან და მძიმედ დასნეულებული მიატოვეს, შეითქვნენ მის წინააღმდეგ მისი მორჩილნი იეჰოიადაყ მღვდლის შვილის სისხლის ასაღებად და თავისსავე საწოლში მოკლეს. ასე მოკვდა იგი. დამარხეს დავითის ქალაქში, მაგრამ არა მეფეთა სამარხში.
აჰა, მის წინააღმდეგ შეთქმულნი: ზაბადი, ძე შიმყათისა, ყამონელი დიაცისა, და იეჰოზაბადი, ძე შიმრითისა, მოაბელი დიაცისა.
მისი ვაჟების, მასზე თქმული მრავალი ნაქადაგარის და ღვთის სახლის შეკეთების ამბავი მეფეთა წიგნის საკითხავშია ჩაწერილი. მის ნაცდლად მისი ძე, ამაციაჰუ გამეფდა.
იყო იოას შჳდისა წლისა მეფობასა მისსა, და ორმეოც წელ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა საბია ბერსაბეთ.
და ქმნა იოას სიწრფოება წინაშე უფლისა ყოველთა დღეთა იოდაეს მღდლისათა.
და მოიყვანნა თავისა თჳსისა იუას ორნი ცოლნი და ისხნა ძეებ და ასულებ.
და იყო ამისა შემდგომად და განიზრახა იუას გულსა თჳსსა განგებისათჳს აღშენებად სახლისა უფლისათჳს.
და შეკრიბნის მღდელნი და ლევიტელნი და ჰრქუა მათ: განვედით ქალაქებსა იუდასა და მოკრიბეთ ვეცხლი ყოვლისაგან ისრაჱლისა განსაძლიერებლად სახლისათჳს უფლისა წლითი წლად და ისწრაფეთ სიტყუად. და არა ჰრწმენა ლევიტელთა ესე.
და მოუწოდა იუას მეფემან იოდაეს მღდელმთავარსა და ჰრქუა მას: რასათჳს არა იღუაწე ლევიტელთათჳს შემოღებად იუდასაგან იერუსალჱმისა ბრძანებული იგი მოსეს მიერ კაცისა მის ღმრთისა, რამეთუ შეკრიბა ისრაჱლნი კარავსა მას საწამებელისასა.
რამეთუ გოთოლია იყო უსჯულო და ძეთა მისთა დაარღჳეს სახლი ესე ღმრთისაჲ და სიწმიდე სახლისა ამის ყვეს ბაალიმისა.
და თქუა მეფემან: ქმენით გუადრუცი და დადგით იგი ბჭეთა თანა სახლისა უფლისათა გარეშე.
და აუწყეთ იუდასა იერუსალჱმსა, რათა შემოიღონ უფლისა, ვითარცა უბრძანა მოსე მონამან ღმრთისამან ისრაჱლისა უდაბნოსა ზედა.
და მოსცეს ყოველთა მთავართა, ყოველმან ერმან და შეიღებდეს გვადრუცსა მას, ვიდრე აღივსო.
და იყო, ვითარცა შემოაქუნდა გუადრუცი წინაშემდგომელთა მათ მეფისა მიმართ ჴელითა ლევიტელთათა და ვითარცა იხილეს, რამეთუ ფრიად იყო ვეცხლი იგი, მოვიდა მწიგნობარი მეფისა, წინაშემდგომელი იგი მღდელისა მის დიდისა, და წარმოიღეს ვეცხლი იგი გვადრუცისა მისგან და დადვეს თჳსსავე ადგილსა. ესრეთ ყოფდეს დღითი დღედ და შეკრიბეს ვეცხლი დიდძალი
და მისცეს იგი მეფემან და იოდაე მღდელმან მოქმედთა მათ საქმისათა, საქმისა მის ტაძრისა უფლისათა, და დაადგინნეს სასყიდლითა ქვისმკუეთელნი და ხურონი განსაგებელად ტაძრისა მის უფლისა და იქმოდეს მოქმედნი იგი საქმესა მას.
და აღმაღლდა სიგრძედ საქმე იგი ჴელითა და აღმართეს ტაძარი იგი უფლისაჲ წესსა ზედა თჳსსა და განამტკიცეს.
და ვითარცა აღასრულეს, მოიღეს მეფისა და იოდაესა ნეშტი იგი ვერცხლისა მის და შექმნეს იგი ჭურჭლად ტაძრისათჳს უფლისა, ჭურჭლად სამსახურებელად მსხუერპლთათჳს და ფიალები ოქროსა და ვეცხლისა. და შეიწირვოდა მსხუერპლები სახლსა უფლისასა მარადის ყოველთა დღეთა იოდაესთა
დაბერდა იოდაე სავსებითა და აღესრულა ასოცდაათისა წლისა.
და აღსრულებასა მისსა დაფლეს იგი ქალაქსა დავითისა საფლავსა მეფეთასა, რამეთუ ქმნა კეთილი ისრაჱლისა თანა და ღმრთისა მიმართ სახლისა მისისათჳს.
და იყო, შემდგომად აღსრულებისა მის იოდაესა შევიდეს მთავარნი იგი იუდასნი და თაყუანის-სცეს მეფესა. მაშინ ერჩდა მათ მეფე.
და დაუტევეს უფალი ღმერთი მამათა მათთა და მსახურებდეს კერპთა და ასტრატეთა, და იყო რისხვა უფლისა იუდას ზედა და იერუსალჱმსა მათ დღეთა შინა.
და მიივლინნეს მათა წინაწარმეტყუელნი, რათამცა მოიქცეს უფლისა და არა ისმინეს და უწამებდეს მათ და არავე ისმინეს.
და სულმან უფლისამან განაძლიერა აზარია, ძე იოდაესი, მღდელი და აღდგა ერსა წინაშე და თქუა: ამას იტყჳს უფალი, რასათჳს თანაწარვლით მცნებათა უფლისათა, აჰა, არა წარგემართოს, რამეთუ დაუტევეთ უფალი და მანცა დაგიტევნეს თქუენ.
და დაესხნეს მას და ქვა დაკრიბეს ბრძანებითა იუას მეფისათა ეზოსა შინა სახლისა უფლისა.
და არა მოიხსენა იუას წყალობისა მის, რომელი ყო მის თანა იოდაე, მამამან მისმან, და მოკლა ძე მისი და, ვითარცა მოკუდებოდა, თქუა: იხილენ უფალმან და საჯენ.
და იყო აღსრულებასა მას წელიწადისასა, აღმოვიდა მათ ზედა ერი ასურეთისა, და მოუჴდეს იუდასა და იერუსალჱმსა და მოსრნეს ყოველნი მთავარნი ერისანი ერსა შორის, და ყოველი მონაგები და საფასე მათი წარუძღუნეს მეფესა დამასკისასა.
რამეთუ მცირედითა კაცითა მოვიდა ერი ასურეთისა და ღმერთმან მისცნა იგინი ჴელთა მათთა, ერი იუდასი დიდძალი ფრიად, რამეთუ დაუტევეს უფალი ღმერთი მამათა მათთა და იოასის თანაცა იყო სასჯელი.
და შემდგომად წასლვისა მის მათისა მისგან დატევებისა მისთჳს უფლისა დასცა იგი უფალმან სენითა დიდითა და დაესხნეს მას მონანი მისნი სისხლისა მისთჳს ძისა იოადესა მღდელისა და მოკლეს იგი ცხედარსა თჳსსა ზედა და დაფლეს იგი ქალაქსა დავითისასა, ხოლო მეფეთა საფლავსა არა დაფლეს იგი
და რომელთა მოკლეს იგი, იყუნეს ერნი და ზაბელ, ძე ამეათისა, ამანიტელი, და იოზაბედ, ძე სამარითისი, მოაბელი
და სამნი ძენი მისნი. ესე ხუთნი მოუჴდეს მას და მოკლეს იგი, რამეთუ ამასია, ძე იოასისა, მეფობდა ოცდაცხრა წელ, მეათე დავითისითგან და ნეშტნი სიტყუანი იოადისნი, აჰა, ესერა, წერილი არიან წიგნთა მეფეთასა და მეფობდა ამასია, ძე მისი, მის წილ.