ლოცვანი
აპლიკაცია

მეორე ნეშტთა, თავი 23

1

მეშვიდე წელს ძალი მოიცა იეჰოიადაყმა და აიყვანა ასისთავები: ყაზარია იეროხამის ძე, იშმაყელ იეჰოყანანის ძე, ყაზარია ყობედის ძე, მაყასეია ყადაიას ძე და ელიშაფატ ზიქრის ძე.

2

წავიდნენ ისინი იუდაში, შეკრიბეს ლევიანები იუდას ყველა ქალაქში და იერუსალიმში მოვიდნენ.

3

აღთქმა დადო მთელმა კრებულმა მეფესთან ღვთის სახლში. უთხრა მათ იეჰოდაყმა: აჰა, უფლისწული უნდა გამეფდეს, როგორც უფალმა ბრძანა დავითის შთამომავლებზე.

4

აი, ასე უნდა მოიქცეთ: თქვენგან ერთი მესამედი შაბათს შემომსვლელ მღვდელთაგან და ლევიანთაგან ზღურბლთა მცველები იქნებიან;

5

მესამედი მეფის სასახლეში იქნება, მესამედი - იესოდის კარში, დანარჩენი ხალხი კი - უფლის სახლის ეზოებში.

6

არავინ შევიდეს უფლის სახლში, გარდა მღვდლებისა და მომსახურე ლევიანებისა. ისინი შევიდნენ, რადგან განწმედილნი არიან. მთელი ხალხი კი უფლის სადარაჯოზე დადგეს.

7

გარს უნდა შემოერტყნენ ლევიანები მეფეს იარაღით ხელში; ვინც სახლში შემოვა, მოკვდეს. ედექით მეფეს გამოსვლისას და შესვლისას.

8

ყველაფერი ისე გააკეთეს ლევიანებმა და იუდამ, როგორც მათ იეჰოიადაყ მღვდელმა უბრძანა: წაიყვანეს თავ-თავისი ხალხი - შაბათს შემომსვლელნი შაბათს გამსვლელებთან ერთად, რადგან არ დაუთხოვია იეჰოიადაყ მღვდელს დასები.

9

დაურიგა იეჰოიადაყ მღვდელმა ასისთავებს შუბები, დიდი და მცირე ფარები, მეფე დავითს რომ ჰქონდა უფლის სახლში.

10

დააყენა მთელი ხალხი, თითოეული თავის იარაღით ხელში, სახლის მარჯვენა ფრთიდან მარცხენა ფრთამდე, სამსხვერპლოსთან და სახლთან, მეფის ირგვლივ.

11

გამოიყვანეს უფლისწული, დაადგეს შარავანდი და მისცეს მოწმობა. გაამეფეს იგი და სცხეს მირონი იეჰოიადაყმა და მისმა ვაჟებმა, თქვეს: იცოცხლოს მეფემ!

12

შემოესმა ღოთოლიას ხალხის ჩოჩქოლი, რომ მორბოდნენ და მეფეს ადიდებდნენ, და გაჰყვა ხალხს უფლის სახლისკენ.

13

და აჰა, დაინახა, შესასვლელთან, თავის სვეტთან, დგას მეფე. მეფის გვერდით სარდლები და მესაყვირენი იყვნენ, მთელი ქვეყნის ერი ხარობდა და საყვირებს აყვირებდა, მგალობელნი კი სამუსიკო საკრავებით ქება-დიდებას უძღვებოდნენ. მაშინ შემოიხია სამოსელი ღოთოლიამ და იყვირა: ღალატია, ღალატი!

14

გაიხმო იეჰოიადაყ მღვდელმა ასისთავები, ჯარის მეთაურნი, და უთხრა: კარში გაიყვანეთ. ვინც უკან გაჰყვება მახვილით მოკალით, რადგან იფიქრა მღვდელმა, უფლის სახლში არ მოკლანო.

15

გზა მისცეს და წავიდა სახლისკენ ცხენთა შესასვლელით და იქ მოკლეს.

16

დადო იეჰოიადაყმა აღთქმა თავისთავსა, მთელ ერსა და მეფეს შორის, რათა ისინი უფლის ერი გამხდარიყვნენ.

17

შევიდა მთელი ხალხი ბაალის სახლში და დაანგრია სამსხვერპლოანად, დალეწეს მისი გამოსახულებანი და მოკლეს მათანი, ბაალის ქურუმი, სამსხვერპლოების წინ.

18

უფლის სახლის საქმენი იეჰოიადაყმა იმ მღვდლებს - ლევიანებს ჩააბარა, რომლებიც დავითმა უფლის სახლში გაამწესა უფლისთვის აღსავლენის შესწირად, როგორც მოსეს რჯულში წერია, სიხარულითა და გალობით, დავითის განაწესის მიხედვით.

19

მცველები ჩააყენა უფლის სახლის კარში, რათა რაიმეთი გაუწმიდურებული არ შესულიყო.

20

წამოიყვანა ასისთავები, დიდებულები, ერისმთავრები, ქვეყნის მთელი ხალხი, და გაჰყვა მეფეს უფლის სახლიდან, ზემო ჭიშკრის გავლით, მეფის სასახლემდე, დასვეს მეფე სამეფო ტახტზე.

21

გამხიარულდა მთელი ქვეყნის ერი და დაწყნარდა ქალაქი. ხოლო ღოთოლია მახვილით მოკლეს.

1

და წელსა მეშჳდესა განძლიერდა იოდაე და მოიყვანა ასისთავები: აარია, ძე იორამისი, და ისმაელ, ძე იონანისი, და აზარია ძე ობედისი, და მასეა ძე ადაიაისი, და ელისაფან, ძე ზაქარიასი, მის თანა სახლსა შინა უფლისასა.

2

და მოადგეს იუდასა და შემოკრიბნეს ყოველნი ლევიტელნი ყოველთაგან ქალაქთა იუდასთა და მთავარნი ტომთა ისრაჱლისათანი და მოვიდეს და შემოკრბეს იერუსალიმად.

3

და აღთქუმა აღუთქუა ყოველმან კრებულმან იუდასამან სახლსა შინა უფლისა ღმრთისა მეფისა თანა. და მაშინ უჩუენა მათ ძე მეფისა და ჰრქუა მათ: აჰა, ძე მეფისა, ესე მეფობდინ, ვითარცა იტყოდა უფალი სახელისათჳს დავითისა.

4

და აწ ესე სიტყუაჲ არს, რომელი ჰყოთ: მესამე თქუენგანი შევედინ შაბათსა მღდელთაგანნი და ლევიტელთაგანნი ბჭეთა მათ შესავალთასა.

5

და მესამე თქუენგანი სახლსა მეფისასა გარემოადეგინ და მესამე თქუენგანი დეგინ ბჭესა მას საშუალსა, და ყოველი ერი იყავნ ეზოსა სახლისა უფლისასა.

6

და ნუ ვინ შევალნ სხუაჲ სახლსა უფლისასა, გარნა მღდელნი და ლევიტელნი და მსახურნი იგი ლევიტელთანი. ესენი შევიდენ, რამეთუ წმიდა არიან და ყოველი ერი სცევდინ საცავსა მას უფლისასა.

7

და გარემოადგედ ლევიტელნი მეფესა გარემო და კაცად-კაცადსა მახჳლი ჴელსა მისსა და სხუაჲ, რომელი შევიდოდის სახლსა უფლისასა, მოკუედინ და იყუნედ კაცნი იგი მეფისა თანა შესლვასა და გამოსლვასა მისსა.

8

და ყვეს ლევიტელთა მათ და ყოველმან იუდამან ყოვლისა მისებრ, ვითარცა-იგი ამცნო იოდაე მღდელმან და წარიყვანა კაცად-კაცადმან ერი თჳსი დასაბამსა შაბათისასა, რამეთუ არა განაქარვა იუდაე მდღევარი იგი მსახურებაჲ.

9

და მისცა მახჳლი და საჭურველი და ფარები, რომელი იყო დავითის მეფისა სახლსა შინა უფლისასა.

10

და დაადგინა ყოველი ერი კაცად-კაცადი საჭურველითა თჳსისათა მჴარითგან ტაძრისათა მარჯუენით ვიდრე მჴარადმდე ტაძრისა მარცხენითისა საკურთხევლისა და ტაძრის გარემო მეფისა.

11

და გამოიყვანა ძე იგი მეფისა და მოსცა მის ზედა შარავანდი იგი სამეფო და საწამებელნი და მეფე-ყვეს იგი და სცხეს მას იოედაე და ძეთა მისთა და თქუეს: ცხონდინ მეფე!

12

და ესმა გოთოლიას ჴმაჲ იგი ერისა, რომელნი რბიოდეს და აღუარებდეს და აქებდეს მეფესა. და შევიდა მეფისა სახლსა უფლისასა.

13

და იხილა და, აჰა, ესერა, მეფე დგა სადგომელსა თჳსსა და შესლვასა მას დგეს მთავარნი და ნესტუები და მთავრები გარემო მეფისა და ყოველსა ერსა უხაროდა და სცემდეს ნესტუებსა და შემასხმელნი იგი სტჳრითა შესხმასა და ახიობდეს ქებასა და დაიპო გოთოლია სამოსელი თჳსი, ღაღად-ყო და თქუა: დასხმით დამესხმით

14

და ამცნო იოდაე მღღელმან ასისთავთა მათ და მთავართა მათ ძლიერთასა და ჰრქუა მათ: გაიყვანეთ ეგე გარეშე ტაძრით და განვედით შემდგომად მისა და მოკუედინ მახჳლითა, რამეთუ თქუა მღდელმან მან: ნუ მოკუდებინ ეგე სახლსა შინა უფლისასა.

15

და სცეს მას შენდობა, და განვიდა ბჭეთა მათ საცხენოსათა სახლისა მეფისათა და მოკლეს იგი მუნ.

16

და აღუთქუა იუდაე აღთქმა შორის მისსა და შორის ერისა და მეფისა, რათა იყუნენ ერად უფლისა.

17

და შევიდა ყოველი ერი ქუეყანისა სახლსა მას ბაალ კერპისასა. და დაარღჳეს იგი და საკურთხევლები მისი და ძეგლები მისი და მოსრეს და დააწვლილეს, და მათ თანა ქურუმი იგი ბაალისი მოკლეს წინაშე საკურთხეველსა მისსა.

18

და იწყო იოდაე მღდელმან საქმესა სახლისა უფლისასა ჴელთა მღდელთა და ლევიტელთა და დაადგინნა მდღევარ განწესებით მსახურებანი იგი მღდელთანი და ლევიტელთანი, ვითარცა-იგი განეჩინა დავით მეფესა სახლსა შინა უფლისასა და შეწირა მსხუერპლები უფლისა, ვითარცა წერილ არს სჯულსა მოსესსა, სიხარულითა და გალობითა ჴელითა დავითისითა

19

და დადგეს მეკარენი იგი ბჭეთა ზედა სახლისა უფლისათა, რათა არა შევიდეს მუნ არაწმიდაჲ ყოვლისა მიმართ საქმისა.

20

და მოიყვანნა მამათმთავარნი იგი და ძლიერნი და მთავარნი ერისანი და ყოველი ერი ქუეყანისა და აღიყვანეს მეფე ტაძრად უფლისა, და შევიდა ბჭისა მისგან შინაგანისა ტაძრად მეფისა და დასვეს მეფე საყდარსა ზედა სამეუფოსა.

21

და განიხარა ყოველმან ერმან ქუეყანისამან, და ქალაქი დაყუდნა, და გოთოლია მოკლეს მახჳლითა.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536