მეორე ნეშტთა, თავი 27
ოცდახუთი წლის იყო იოთამი, რომ გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ერუში, ცადოკის ასული.
სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მამამისი ყუზიაჰუ იქცეოდა. ოღონდ უფლის ტაძარში არ შესულა. ხალხი კი ძველებურად სცოდავდა.
ააგო უფლის სახლის ზემო კარიბჭე და ყოფელის კედელიც ბევრგან აღადგინა.
იუდას მთაზე ქალაქები ააშენა, ტყეებში კი ციხესიმაგრეები და კოშკები.
ყამონიანთა მეფეს ებრძოდა და სძლია მას. ყამონიანებმა იმ წელს ასი ქანქარი ვერცხლი, ათიათასი ქორი ხორბალი და ქერი მისცეს. ამდენსავე აძლევდნენ ყამონიანები მეორე და მესამე წელს.
გაძლიერდა იოთამი, რადგან თავის გზებს უფლის, თავისი ღმერთის, წინაშე წარმართავდა.
იოთამის დანარჩენი ამბები, ყველა მისი ომი და ნამოქმედარი ჩაწერილია იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნში.
ოცდახუთი წლის იყო, როცა გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში.
განისვენა იოთამმა თავის მამა-პაპასთან და დამარხეს დავითის ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე ახაზი გამეფდა.
ძე ოცდახუთისა წლისა იყო იონათამ მეფობასა მისსა და ათექუსმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისა იერუსა, ასული სადუკისი.
და იწყო სიწრფოებაჲ წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, ვითარცა ქმნა ოზია, მამამან მისმან, არამედ არა შევიდა ტაძრად უფლისა. და მერმე ერი იგი გან-ვე-იხრწნებოდა.
და ამან აღაშენა ბჭე იგი სახლისა უფლისაჲ მაღალი და ზღუდესა ოფლასასა აშენა ფრიად.
ქალაქები აღაშენა მთასა იუდასასა და მაღნართა შინა საყოფლები და გოდლები.
და ამან ჰბრძო მეფესა ძეთა ამონისთასა და განძლიერდა მის ზედა და მოსცემდეს მას ძენი ამონისნი წლითი წლად ასსა ტალანტსა ვერცხლსა, რომელ არს ასი ქანქარი და ასი ათასსა საწყავსა იფქლსა და ათი ათასსა ქრთილსა. ამას მოართმიდეს მას მეფე ამონ წლითი წლად პირველსა წელსა და მეორესა და მესამესა
განძლიერდა იონათამ, რამეთუ განმზადნა გზანი მისნი წინაშე უფლისა ღმრთისა მისისა.
და სხუანი სიტყუანი იონათამისნი და ბრძოლანი და საქმენი მისნი, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა მეფეთა იუდასთა და ისრაჱლისთა.
და იყო წლისა ოცდახუთისა, ოდეს დაჯდა მეფედ, და იმეფა ათექუსმეტ წელ იერუსალჱმს.
და დაიძინა იონათამ მამათა მისთა თანა და დაეფლა ქალაქსა დავითისსა და მეფობდა აქაზ, ძე მისი, მის წილ.