ლოცვანი
აპლიკაცია

მეორე ნეშტთა, თავი 16

1

ასას მეფობის ოცდამეთექვსმეტე წელს ამხედრდა ისრაელის მეფე ბაყაშა იუდას წინააღმდეგ და ააშენა რამა, რათა შეეწყვიტა მისვლა-მოსვლა ასასთან, იუდას მეფესთან.

2

გამოიტანა ასამ ვერცხლი და ოქრო უფლის სახლისა და მეფის სახლის საგანძურებიდან. გაუგზავნა ბენჰადადს, არამის მეფეს, დამასკოში რომ იჯდა, და შეუთვალა:

3

იყოს კავშირი ჩვენს შორის, როგორც ჩვენს მამებს შორის იყო. აჰა, გიგზავნი ვერცხლსა და ოქროს. წადი და გაწყვიტე კავშირი ბაყაშასთან, ისრაელის მეფესთან, და ჩამომეხსნება.

4

დაუჯერა ბენ-ჰადადმა მეფე ასას და გაგზავნა თავისი მხედართმთავრები, ვინც ჰყავდა, ისრაელის ქალაქთა წინააღმდეგ. დალაშქრეს ყიონი, დანი, აბელ-მაიმი და ნაფთალის ყველა სამარაგო ქალაქი.

5

ეს რომ შეიტყო ბაყაშამ, შეწყვიტა რამას შენება და შეაჩერა თავისი საქმე.

6

შეკრიბა მეფე ასამ მთელი იუდა და გადაზიდეს რამას ქვები და ხე-ტყე, რითაც ბაყაშა აშენებდა. ააშენა ამით გებაყი და მიცფა.

7

იმ დროს მივიდა მეფე ასასთან მისანი ხანანი და უთხრა: არამის მეფეს რომ მიენდე და არ მიენდე უფალს, შენს ღმერთს, ამის გამო გადაურჩა არამის ჯარი შენ ხელს.

8

განა ქუშელთა და ლუბიელთა ლაშქარი დიდი არ იყო, მრავლის უმრავლესი ეტლი და მხედარი არ ჰყავდათ? მაგრამ უფალს რომ იყავი მინდობილი, ამიტომაც ჩაგიგდო ისინი ხელში.

9

რადგან უფლის თვალი დაჰყურებს მთელს ქვეყანას, რომ მხარი დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი. უგუნურად მოგივიდა ეს. ამიტომ ომები გექნება ამიერიდან.

10

განურისხდა ასა მისანს და საპყრობილეში ჩააგდო, რადგან გაგულისებული იყო ნათქვამის გამო. იმავე დროს ასა ჩაგრავდა ხალხიდან ზოგიერთებს.

11

ასას პირველი და უკანასკნელი ამბები ჩაწერილია იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნში.

12

თავისი მეფობის ოცდამეცხრამეტე წელს ასას ფეხები დაუსნეულდა. ძალზე მძიმე იყო მისი სენი, მაგრამ თავის სნეულებაშიც კი არ ეძებდა უფალს, არამედ მკურნალებს.

13

განისვენა ასამ თავის მამა-პაპასთან; მოკვდა თავისი მეფობის ორმოცდამეერთე წელს.

14

დამარხეს მის სამარხში, თავისთვის რომ გაიმზადა, დავითის ქალაქში. დაასვენეს იგი სარეცელზე, რომელიც აავსეს კეთილსურნელებითა და მენელსაცხებლეთა ხელობით დამზადებული ნაირნაირი ნელსაცხებლებით. და დაუნთეს მას დიდზე დიდი კოცონი.

1

და ოცდაათხუთმეტსა წელსა მეფობისა ასასისასა აღმოვიდა ბაასა, მეფჱ ისრაჱლისა, იუდასა ზედა და აშენა რამა, რათა არა სცეს განსავალი ასას, მეფესა იუდასასა.

2

და მოიღო ასა ოქრო და ვეცხლი საუნჯეთაგან სახლისა უფლისათა და სახლისა სამეფოსა და მიუძღუანა ძესა ადერისასა, მეფესა ასურეთისასა, რომელი იყო დამასკესა, და ჰრქუა:

3

აღვთქუ აღთქმა შორის შენსა და ჩემსა და შორის მამისა ჩემისა და შორის მამისა შენისა; და აჰა, ეგერა, მიგიძღუანე შენ ოქრო და ვეცხლი, მოვედ და განმაყენე მე ბაასა, მეფე ისრაჱლისა, რათა წარვიდეს იგი ჩემგან.

4

და ისმინა ძემან ადერისამან მეფისა ასასი და მიავლინნა მთავარნი ძლიერებისა მისისანი ქალაქებსა ისრაჱლისასა, და მოსრა აიონი და აბელმაონი და ყოველი გარემო სოფლები ნეფთალიმისი.

5

და იყო, ვითარცა ესმა ბაასას, მეფესა ისრაჱლისასა, დაუტევა შენება რამასა და დააცადა საქმე იგი და წარვიდა.

6

და ასა მეფემან მოავლინა ყოველი იუდა და წარიღეს ქვები იგი რამასა და ძელი იგი, რომელი აშენა ბაასა და აღაშენა მით გაბაას და მასფა.

7

მას ჟამსა ოდენ მოვიდა ანანია წინაწარმეტყუელი ასას მეფისა იუდასასა და ჰრქუა მათ: ამისთჳს, რამეთუ მოსავ ხარ შენ მეფისა ასურეთისასა და არა ესავ შენ მეუფესა, ღმერთსა შენსა, ამისთჳს

8

ანუ არა ეთიოპელნი და ლჳბელნი იყუნეს ერითა მრავალ და მოსავ მჴედრობასა დიდძალსა ფრიად? და რამეთუ ესევდ შენ უფალსა ღმერთსა შენსა, და მოგცნა იგინი ჴელთა შენთა.

9

რამეთუ თუალნი უფლისანი ხედვენ ყოველსა ქუეყანასა განძლიერებად ყოვლითა გულითა სავსითა მისა მიმართ, და აწ უმეცარ იქმენ ფრიად ამას ზედა, ამიერითგან იყოს ბრძოლა შენ ზედა.

10

და განურისხნა ასა წინაწარმეტყუელსა მას და მისცა იგი საპყრობილედ, რამეთუ გული განუწყრა ამის სიტყჳსათჳს და განაქარვა ასა სიტყუაჲ იგი ერსა შორის მას ჟამსა შინა.

11

და, აჰა, ესერა, სიტყუანი ასასნი, პირველნი და უკუანაისკნელნი, წერილ არიან წიგნთა მეფეთა იუდასთა და ისრაჱლისათა.

12

დასნეულდა ასა ოცდამეცხრამეტესა წელსა მეფობისა მისისასა ფერჴნი ელმოდეს, და დასნეულდა ფრიად, და სნეულებასა მისსა არა ეძიებდა უფალსა, არამედ მკურნალთა.

13

და დაიძინა ასა მამათა თჳსთა თანა და აღესრულა ოცდამეათცხრამეტესა წელსა მეფობისა მისისასა.

14

და დაფლეს იგი საფლავსა მას, რომელი ქმნა თავისა თჳსისა ქალაქსა დავითისსა. და მოიღეს იგი ცხედრითა და აღავსეს სულნელითა თჳთოსახითა ნელსაცხებელითა მენელსაცხებლეთმგბოლველთასა და ყვეს განღება დაფლვასა მისსა დიდ ფრიად.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536