რომაელთა მიმართ, თავი 6
რას ვიტყვით? დავრჩეთ ცოდვაში, რათა იმრავლოს მადლმა? არამც და არამც.
ჩვენ, რომელნიც მოვკვდით ცოდვისათვის, როგორღა ვიცხოვროთ მასში?
ან იქნებ არ იცით, რომ ვინც მოვინათლეთ იესო ქრისტეს მიერ, მის სიკვდილში მოვინათლენით?
მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით, რათა როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით მამის დიდებით, ჩვენც ასევე ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში.
რადგან თუ სიკვდილის მსგავსებით მასთან თანაშეზრდილნი ვართ, აღდგომითაც მავემსგავსებით,
რაკიღა ვიცით, რომ ჩვენი ძველი კაცი ჯვარს ეცვა მასთან ერთად, რათა გადაგებულიყო ცოდვის სჯული და აღარასოდეს დავმონებოდით ცოდვას.
რადგანაც მკვდარი ცოდვისაგან თავდახსნილია.
ხოლო თუ ქრისტესთან ერთად მოვკვდით, გვწამს, რომ სიცოცხლითაც ერთად ვიცოცხლებთ.
რადგანაც ვიცით, რომ ქრისტე, მკვდრეთით აღმდგარი, აღარა კვდება: სიკვდილი ვეღარ უფლობს მასზე.
რადგანაც, თუ მოკვდა, ცოდვისთვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რაკიღა ცოცხლობს, ღმერთისთვის ცოცხლობს.
ასევე თქვენც მკვდრებად შერაცხეთ თავი ცოდვისთვის და ცოცხლებად - ღმრთისთვის ქრისტე იესოს მიერ.
მაშ, ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, ნუ დაემორჩილებით მის ვნებებს.
ნუ მისცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უსამართლობის საჭურვლად, არამედ, როგორც მკვდრეთით აღმდგარმა, უძღვენით თავი ღმერთს, ხოლო თქვენი ასოები საჭურვლად - ღმერთის სიმართლეს.
ვეღარ გეუფლებათ ცოდვა, ვინაიდან რჯულის ქვეშ კი არა ხართ, არამედ მადლის ქვეშ.
მერედა რა? ვცოდოთ, რადგან რჯულის ქვეშ კი არა ვართ, არამედ მადლის ქვეშ? არამც და არამც.
ნუთუ არ იცით, რომ ვისაც თავს მისცემთ მორჩილებისთვის, მისი მონები ხართ, ვისაც ჰმორჩილებთ: ან ცოდვის მონები სიკვდილისათვის, ან მორჩილების მონები სიმართლისათვის.
მადლობა ღმერთს, რომ ოდესღაც ცოდვის მონები, გულით დაემორჩილეთ იმ მოძღვრებას, რომელსაც უძღვენით თავი.
ხოლო ცოდვისგან თავდახსნილნი სიმართლეს დაემონეთ.
თქვენი ხორცის უძლურების გამო ისე ვმსჯელობ, როგორც მსჯელობენ კაცნი: მსგავსად იმისა, როგორც ურჯულოებისათვის დაუმონეთ თქვენი ასოები უწმინდურებას და ურჯულოებას, ახლა სიწმიდისათვის დაუმონეთ ისინი სიმართლეს.
ვინაიდან, როცა ცოდვის მონები იყავით, თავისუფალნი იყავით სიმართლისაგან.
კი მაგრამ, რა იყო მაშინ თქვენი ნაყოფი? ის, რისიც ამჟამად გრცხვენიათ, ვინაიდან სიკვდილია მისი დასასრული.
ხოლო ამჟამად, როცა ცოდვისაგან გათავისუფლდით და ღმერთს დაემონეთ, სიწმიდეა თქვენი ნაყოფი, დასასრული კი - საუკუნო სიცოცხლე.
ვინაიდან ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, ხოლო ღვთის მადლი - საუკუნო სიცოცხლე, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.
რაჲ-მე უკუე ვთქუათ აწ? და-მე-ვადგრეთა ცოდვასა მას ზედა, რაჲთა მადლი განმრავლდეს? ნუ იყოფინ!
რომელნი-ესე მოვკუედით ცოდვითა, ვითარ უკუე მერმე ვცხონდებოდით მას შინა?
ანუ არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ?
და თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაჲთა ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეთცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით.
რამეთუ უკუეთუ თანა-ნერგ ვექმნენით მსგავსებასა მას სიკუდილისა მისისასა, ეგრეთცა აღდგომასა მას მისსა ვიყვნეთ.
ესე უწყით, რამეთუ ძუელი იგი კაცი ჩუენი მის თანა ჯუარს-ეცუა, რაჲთა განქარდეს ჴორცი იგი ცოდვისაჲ, რაჲთა არღარა ვჰმონებდეთ ჩუენ ცოდვასა,
რამეთუ, რომელი – იგი მოკუდა, განმართლებულ არს ცოდვისაგან.
უკუეთუ მოვკუდეთ ქრისტეს თანა, გურწამს, რამეთუ მის თანაცა ვცხონდეთ.
ესე უწყით, რამეთუ ქრისტე აღდგა მკუდრეთით, არღარა მოკუდეს, და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს.
რამეთუ, რომელი იგი-მოკუდა, ცოდვითა მოკუდა ერთ-გზის, ხოლო რომელი-იგი ცხოველ არს, ცხოველ არს ღმრთისა.
ეგრეცა თქუენ შეჰრაცხენით თავნი თქუენნი მკუდრად ცოდვისათჳს და ცხოველად ღმრთისა ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩუენისა.
ნუ უკუე სუფევნ ცოდვაჲ მოკუდავთა მაგათ ჴორცთა თქუენთა მორჩილებად მისა გულის-თქუმათა შინა მისთა,
ნუცა წარუდგინებთ ასოთა მაგათ თქუენთა საჭურველად სიცრუისა ცოდვასა, არამედ წარუდგინენით თავნი თქუენნი ღმერთსა, ვითარცა მკუდრეთით ცხოველნი, და ასონი ეგე თქუენნი საჭურველად სიმართლისა ღმერთსა.
და ცოდვაჲ თქუენ ზედა არა უფლებდეს, რამეთუ არა ხართ შჯულსა ქუეშე, არამედ მადლსა.
აწ უკუე რაჲ? ვცოდვიდეთ-მეა, რამეთუ არა ვართ შჯულსა ქუეშე, არამედ მადლსა? ნუ იყოფინ!
არა უწყითა, რამეთუ რომელსა-იგი წარუდგინენით თავნი თჳსნი მონად მორჩილებისა, მონანი ხართ, რომელსაცა-იგი ერჩით; გინა თუ ცოდვასა სიკუდილდ ანუ მორჩილებად სიმართლესა?
ხოლო მადლი ღმერთსა, რამეთუ იყვენით მონა ცოდვისა და მორჩილ იქმნენით გულითა, რომელსაცა-იგი მიეცენით სახედ მოძღურებისა.
ხოლო აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან, და დამონებულ ხართ სიმართლესა.
კაცობრივ ვიტყჳ უძლურებისათვჳს ჴორცთა თქუნთაჲსა: ვითარცა-იგი წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად არაწმიდებასა და უშჯულოებასა უშჯულოებად, ეგრეცა აწ წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად სიმართლესა სიწმიდედ.
რამეთუ ოდეს-იგი მონანი იყვენით ცოდვისანი, თავისუფალ იყვენით სიმართლისაგან.
რაჲ უკუე ნაყოფი გაქუნდა მაშინ, რომლისათჳს აწ ეგერა გრცხუენის? რამეთუ აღსასრული მათი სიკუდილი არს.
ხოლო აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და დამონებულ ღმერთსა, და გაქუს ნაყოფი თქუენი სიწმიდედ, და აღსასრულსა – ცხორებაჲ საუკუნოჲ.
რამეთუ საგზალი ცოდვისაჲ სიკუდილი არს, ხოლო ნიჭი ღმრთისაჲ – ცხორებაჲ საუკუნოჲ ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.