რომაელთა მიმართ, თავი 1
პავლე, იესო ქრისტეს მონა, მოციქულად ხმობილი და ღვთის სახარებისათვის რჩეული,
სახარებისა, რომელიც წინასწარ აღგვითქვა თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმიდა წერილში,
და რომელიც ეხება მის ძეს, დავითის თესლისაგან ხორციელად შობილს,
ძალით, სიწმიდის სულითა და მკვდრეთით აღდგომით ღვთის ძედ განჩინებულს, უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს,
ვისი მეოხებითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით სარწმუნოებას დავუმორჩილოთ ყოველი ხალხი,
რომელთა შორის ხართ თქვენც, იესო ქრისტეს მიერ ხმობილნი;
ყველას, ვინცა ხართ რომში, ღვთის საყვარელთ და წმიდა ხმობილთ: მადლი და მშვიდობა თქვენდა მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
უპირველესად, ყოველი თქვენგანისათვის ვმადლობ ღმერთს ჩემსას იესო ქრისტეს მეოხებით, რადგანაც თქვენი რწმენა ეხარება მთელ ქვეყანას.
მოწმედ მყავს ღმერთი, რომელსაც ვემსახურები ჩემი სულით მისი ძის სახარებაში, რომ გამუდმებით გიგონებთ;
დღენიადაგ ვევედრები ჩემს ლოცვებში, იქნებ როგორმე შემეწიოს ღვთის ნება, რომ თქვენთან მოვიდე.
რადგანაც გულით მწადია თქვენი ნახვა, რათა გიწილადოთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად,
ანუ, რაც იგივეა, ჩემს სანუგეშებლად, თქვენი და ჩემი საერთო რწმენით.
მინდა იცოდეთ, ძმებო, რომ მრავალჯერ დავაპირე თქვენთან მოსვლა (მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე), რათა თქვენშიაც მქონოდა ნაყოფი, როგორც სხვა ხალხთა შორის.
ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ.
ჩემდა თავად კი ვისწრაფვი, რომ გახაროთ რომში მყოფთაც.
რადგანაც არა მრცხვენია სახარებისა, ვინაიდან იგია ძალა ღვთისა, ყოველი მორწმუნის მხსნელი, ჯერ იუდეველისა და მერე ელინის.
რაკიღა მასში ცხადდება სიმართლე ღვთისა რწმენისთვის და რწმენით; როგორც დაწერილია: „მართალი რწმენით იცოცხლებს“.
რადგანაც ღვთის რისხვა ზეცით ცხადდება, რათა თავს დაატყდეს კაცთა უსამართლობას და უღმერთოებას, თავიანთი უსამართლობით რომ ახშობენ ჭეშმარიტებას.
ვინაიდან რაც შეიძლება იცოდე ღმერთზე, ცხადია მათთვის, რადგანაც ღმერთმა განუცხადა მათ.
და მართლაც, მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება: ასე რომ, არა აქვთ პატიება.
რაკი შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს, როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს არამედ ამაონი იქმნენ თვიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული;
ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ;
და უხრწნელი ღმერთის დიდება ხრწნადი კაცის, ფრინველთა და ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს,
ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმათა უწმინდურებას, რათა შეებილწათ თავიანთი სხეული;
სიცრუეზე გაცვალეს ღვთის ჭეშმარიტება, შექმნილს რომ მსახურებდნენ და არა შემოქმედს, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ.
ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი არაბუნებითით შეცვალეს.
ასევე კაცებმაც მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სასირცხვოს და მიიღეს თავიანთი ცთუნების საკადრისი საზღაური.
და რაკი არ ეცადნენ გონებით შეენარჩუნებინათ ღმერთი, ამიტომაც უჯერო საქმეთათვის მისცა ღმერთმა ისინი გაუკუღმართებულ გონებას.
ასე რომ, აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებით, სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობით, მაბეზღარობით.
ავსიტყვანი, ცილისმწამებელნი, ღვთისმოძულენი, ქედმაღალნი, ცუდმედიდნი, ბოროტმზრახველნი, დედ-მამის ურჩნი,
უგულისხმონი, უნდონი, უყვარულნი, ულმობელნი და უწყალონი,
რომელთაც იციან ღვთის სამართალი, რომ ამნაირ საქმეთა ჩამდენნი სიკვდილის ღირსნი არიან, მაგრამ არამცთუ თვითონ სჩადიან, არამედ ჩამდენთაც თანაუგრძნობენ.
პავლე, მონაჲ იესუ ქრისტესი, ჩინებული მოციქული, რჩეული სახარებასა მას ღმრთისასა,
რომელი-იგი წინაწარ აღუთქუა წინაწარმეტყუელთა მისთა მიერ წიგნთაგან წმიდათა
ძისა მისისათჳს, რომელი-იგი იშვა თესლისაგან დავითისა ჴორციელად,
რომელი-იგი გამოჩნდა ძედ ღმრთისა ძალითა და სულითა მით სიწმიდისაჲთა, აღდგომითა მით მკუდრეთით იესუ ქრისტეს უფლისა ჩუენისაჲთა,
რომლისაგან მოვიღეთ მადლი და მოციქულებაჲ დასამორჩილებელად სარწმუნოებისა ყოველთა წარმართთა სახელისა მისისათჳს,
რომელთა შორის ხართ თქუენცა, ჩინებულნი იესუ ქრისტესნი,
ყოველთა, რომელნი ხართ ჰრომეს შინა, საყუარელთა ღმრთისათა, ჩინებულთა წმიდათა, მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა!
პირველად ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა ქრისტე იესუჲს მიერ თქუენ ყოველთათჳს, რამეთუ სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი განითქუმის ყოველსა სოფელსა,
რამეთუ მოწამე ჩემდა არს ღმერთი, რომელსა ვჰმსახურებ სულითა ჩემითა სახარებითა ძისა მისისაჲთა, ვითარ უნაკლულოდ ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფ;
მარადის ლოცვათა შინა ჩემთა ვევედრები, რაჲთა აწ ღათუ სამე წარმემართოს მე ნებითა ღმრთისაჲთა მისლვად თქუენდა,
რამეთუ მსურის ხილვაჲ თქუენი, რაჲთა მი-რაჲმე-გცე თქუენ მადლი სულიერი დასამტკიცებელად თქუენდა.
ხოლო არს ესე თანა-ნუგეშინის-ცემა თქუენ შორის ურთიერთარსი იგი სარწმუნოებაჲ თქუენი და ჩემი.
არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, რამეთუ მრავალგზის მინდა მისლვად თქუენდა და დავეყენე მოაქამდე, რაჲთა თქუენ შორისცა ნაყოფი რაჲმე მაქუნდეს, ვითარცა სხუათა მათ შორის თესლთა.
წარმართთა და ბარბაროზთა, ბრძენთა და უგუნურთა თანა-მდებ ვარ.
და ესრეთ არს გულსმოდგინებაჲ ჩემი, რაჲთა თქუენცა, რომელნი ხართ ჰრომს შინა, გახარო.
რამეთუ არა მრცხუენის მე სახარებაჲ იგი ქრისტესი, რამეთუ ძალი ღმრთისაჲ არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა, ჰურიისა პირველად და მერმე წარმართისა.
რამეთუ სიმართლე ღმრთისაჲ მას შინა გამოცხადნების სარწმუნოებითი სარწმუნოებად, ვითარცა წერილ არს: მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს.
რამეთუ გამოჩინებად არს რისხვაჲ ღმრთისაჲ ზეცით ყოველსა ზედა უღმრთოებასა და სიცრუვესა კაცთასა, რომელთა ჭეშმარიტებაჲ სიცრუვით აქუნდა.
რამეთუ მეცნიერებაჲ იგი ღმრთისაჲ ცხად არს მათ შორის, რამეთუ ღმერთმანვე გამოუცხადა მათ.
რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების, და სამარადისოჲ იგი ძალი მისი და ღმრთეებაჲ, რაჲთა იყვნენ იგინი ვერ სიტყჳს მიმგებელ,
რამეთუ იცოდეს ღმერთი, და არა ღმრთეებრ ადიდებდეს მას, გინა ჰმადლობდეს, არამედ ამაო იქმნეს გულის ზრახვითა მათითა, და დაუბნელდა უგულისხმოჲ იგი გული მათი.
იტყოდეს თავთა თჳსთა ბრძენ და განცოფნეს.
და ცვალეს დიდებაჲ იგი უხრწნელისა ღმრთისაჲ მსგავსებად ხატისა მის განხრწნადისა კაცისა და მფრინველთა და ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა.
ამისთჳსცა მისცნა იგინი ღმერთმან გულის თქუმასა გულთა მათთასა არა-წმიდებად და გინებად ჴორცთა მათთა მათ თანა,
რომელთა-იგი გარდაცვალეს ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ სიცრუვედ და პატივს-სცემდეს და ჰმსახურებდეს დაბადებულთა, და არა დამბადებელსა, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე. ამინ.
ამისთჳს მისცნა იგინი ღმერთმან ვნებასა მას გინებისასა, რამეთუ დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი არა-ბუნებად.
ეგრეთცა მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათაჲ, განჴურდეს გულის თქუმითა მათითა ურთიერთარს. მამანი მამათა თანა სარცხჳნელსა იქმოდეს, და კუალად-საგებელი იგი, რომელ ჯერ-არნ საცთურისა მათისაჲ, ურთიერთას მიიღიან.
და ვითარცა არა გამოიცადეს ღმერთი, რაჲთამცა აქუნდა მეცნიერებით, მისცნა იგინი ღმერთმან გამოუცდელსა მას გონებასა საქმედ უჯეროჲსა;
აღსავსენი ყოვლითა სიცრუითა, სიძვითა, უკეთურებითა, ანგაჰრებითა, ბოროტებითა, სავსე შურითა, კაცის-კლვითა, ჴდომითა, ზაკუვითა, ბოროტის ჩუეულებითა,
ცუნდრუკებითა, ძჳრის მეტყუელ, ღმრთის შემაწუხებელ, მაგინებელ, ამპარტავან, ლაღ, მომპოვნებელ ბოროტისა, მამა-დედათა ურჩ,
უგულისჴმო, უწესო, უყუარულ, უწირავ, უწყალო,
რომელთა სამართალი ღმრთისაჲ იცოდეს, რამეთუ ესევითარისა მოქმედნი ღირს არიან სიკუდილისა; არცა ხოლო ამას იქმან, არამედ თანაცა სათნო-ეყოფვიან მოქმედთა მათ.