რომაელთა მიმართ, თავი 12
ღვთის მოწყალებით შეგაგონებთ, ძმებო, ცოცხალ, წმიდა და კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეული ღმერთს, და ეს იქნება თქვენი გონივრული ღვთისმსახურება.
ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული.
ჩემთვის მოცემული მადლით მოგმართავთ ყველას: ნურავინ იფიქრებს თავის თავზე უფრო მეტს, ვიდრე უნდა ფიქრობდეს; არამედ იფიქროს ზომიერად, იმ რწმენის თანახმად, ღმერთმა რომ მიაგო თვითეულ თქვენგანს.
ვინაიდან როგორც ერთ სხეულს ჩვენსას მრავალი ასო აქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე,
ასევე ჩვენც, მრავალნი, ერთი სხეული ვართ ქრისტეში, ხოლო ცალ-ცალკე ერთმანეთის ასოები ვართ.
და რაკი ჩვენთვის მოგებული მადლის წყალობით სხვადასხვა ნიჭი გვაქვს, ამიტომ, თუ წინასწარმეტყველების ნიჭი გებოძა, რწმენისამებრ იწინასწარმეტყველე,
თუ მსახურებისა - იმსახურე, თუ მოძღვრობისა - იმოძღვრე,
თუ შემგონებლისა - შეაგონე, თუ მოწყალების გაცემისა - უშურველად გაეცი, თუ წინამძღვრისა - გულმოდგინედ იწინამძღვრე, თუ ქველმოქმედისა - სიხარულით აღასრულე სიქველის საქმე.
დაე, უორგულო იყოს სიყვარული; განეშორეთ ბოროტს, მიეახლეთ კეთილს.
ძმური სიყვარულით გიყვარდეთ ერთმანეთი; ერთიმეორეს ასწრებდეთ ურთიერთპატივისცემას.
გულმოდგინება ნუ დაგზარდებათ; სულით მდუღარენი იყავით; ჰმონებდეთ უფალს.
გიხაროდეთ სასოებით; მომთმენნი იყავით ჭირში, ხოლო ლოცვისას - მოუღლელნი.
შეეწიეთ წმიდათა გასაჭირს; სტუმართმოყვარეობა გქონდეთ წესად.
აკურთხეთ თქვენი მდევნელნი; ნუკი სწყევლით, არამედ აკურთხეთ.
ხარობდეთ მათთან ერთად, რომელნიც ხარობენ, და ტიროდეთ მათთან ერთად, რომელნიც ტირიან.
ერთსულოვანნი იყავით; მაღლად მხედობას ნუკი ცდილობთ, არამედ ემსგავსეთ მდაბალთ, ბრძენკაცებად ნუ მოგაქვთ თავი.
ბოროტის წილ ნურავის მიაგებთ ბოროტს; ეცადეთ კეთილი უყოთ ყველას.
თუკი შესაძლოა თქვენის მხრივ, მშვიდობისმყოფელნი იყავით ყოველი კაცის მიმართ.
თქვენი თავისთვის თვითონვე ნუკი იძიებთ შურს, საყვარელნო, არამედ ადგილი დაუთმეთ ღვთის რისხვას, რადგანაც დაწერილია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი“.
ამრიგად, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე; თუ მწყურვალია, წყალი ასვი: რადგანაც ამით მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე.
ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით სძლიე ბოროტი.
გლოცავ თქუენ, ძმანო, მოწყალებათათჳს ღმრთისათა, წარუდგინენით ჴორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა მეტყუელი ეგე მსახურებაჲ თქუენი.
და ნუ თანა-ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისაჲთა, რაჲთა გამოიცადოთ თქუენ, რაჲ-იგი არს ნებაჲ ღმრთისაჲ: კეთილი, სათნოჲ და სრული.
რამეთუ ვეტყჳ მადლითა ღმრთისაჲთა, რომელი მოცემულ არს ჩემდა ყოველსა მას, ვინცა-იგი არს თქუენ შორის: ნუ უფროჲს ბრძნობნ უმეტეს წესისა მის, არამედ ბრძნობდინ სიწმიდესა კაცად-კაცადი, ვითარცა ღმერთმან განუყო საზომითა მით სარწმუნოებისაჲთა.
ვითარცა ერთსა მას გუამსა მრავალ ასოებ აქუს, ხოლო ასოებსა მას ყოველსა არა იგივე საქმე აქუს,
ეგრეთცა ჩუენ ყოველნი ერთ გუამ ვართ ქრისტეს მიერ, ხოლო თითოეული ურთიერთას ასოებ ვართ.
ხოლო გუაქუს ჩუენ ნიჭები მადლისა მისებრ მოცემულისა ჩუენდა თითო-სახედ, გინა თუ წინაწარმეტყუელებაჲ საზომისაებრ სარწმუნოებისა,
გინა რომელი ჰმსახურებდეს მსახურებითა მით; გინა რომელი ასწავებდეს - სწავლითა მით;
გინა რომელი ნუგეშინის-სცემდეს - ნუგეშინის-ცემითა მით; რომელი მისცემდეს - უხუებით; რომელი ზედა-ადგებოდის - მოსწრაფებით; რომელი სწყალობდეს - მხიარულებით,
სიყუარულითა შეუორგულებელითა. განეშორენით ბოროტსა და შეეყვენით კეთილსა;
ძმათმოყუარებითა ურთიერთას მოწლედ მოსურნე იყვენით; პატივის-ცემასა ურთიერთსა უსწრობდით;
სწრაფასა ნუ მცონარე ხართ; სულითა მდუღარე იყვენით; უფალსა ჰმონებდით;
სასოებასა გიხაროდენ, ჭირსა დაუთმობდით, ლოცვასა განკრძალულ იყვენით;
საჴმარსა წმიდათასა ეზიარებოდეთ, სტუმრის მოყუარებასა შეუდეგით;
აკურთხევდით მდევართა თქუენთა, აკურთხევდით და ნუ სწყევთ;
გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა;
და მასვე ურთიერთას ზრახევდით; ნუ მაღალსა მას ჰზრახავთ, არამედ მდაბალსა მას შეეყვენით; ნუ იქმნებით ბრძენ თავით თჳსით
და ნუცა ვინ ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ; წინაწარ განიზრახევდით კეთილსა წინაშე ყოველთა კაცთა.
უკუეთუ შესაძლებელ არს თქუენ მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ჰყოფდით.
ნუ თავით თჳსით შურსა ეძიებთ, საყუარელნო, არამედ ეცით ადგილ რისხვასა, რამეთუ წერილ არს: ჩემი არს შურის-გებაჲ, და მე მივაგო, იტყჳს უფალი.
არამედ შიოდის თუ მტერსა შენსა, პური ეც მას; და, სწყუროდის თუ, ასუ მას; რამეთუ ესე რაჲ ჰყო, ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ შეჰკრიბო თავსა მისსა.
ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ სძლე კეთილითა მით ბოროტსა მას.