ლოცვანი
აპლიკაცია

რომაელთა მიმართ, თავი 4

1

რას ვიტყვით, განა აბრაამმა, ჩვენმა წინაპარმა, ხორციელად შეიძინა რამე?

2

თუ აბრაამი საქმეთაგან გამართლდა, დიახაც აქვს სასიქადულო, მაგრამ არა ღვთის წინაშე.

3

ვინაიდან რას ამბობს წერილი? „ერწმუნა აბრაამი ღმერთს, და შეერაცხა მას სიმართლედ“.

4

ხოლო მოქმედს საზღაური მადლით კი არ მიეგება, არამედ ვალით.

5

იმას კი, ვინც არ არის მოქმედი, მაგრამ სწამს იგი, ვინც ამართლებს უღმერთოს, სიმართლედ მისი რწმენა შეერაცხება.

6

ასე დავითიც ნეტარს უწოდებს კაცს, რომელსაც ღმერთი, საქმეთა მიუხედავად, შეურაცხავს სიმართლეს.

7

ნეტავი მათ, რომელთაც მიეტევათ ურჯულოებანი და დაეფარათ ცოდვანი.

8

ნეტავი მას, ვისაც უფალი არ შეურაცხავს ცოდვას.

9

მაგრამ ეს ნეტარება წინადაცვეთილობას ეკუთვნის თუ წინადაუცვეთელობასაც? რადგანაც ჩვენ ვამბობთ, რომ აბრაამს სიმართლედ შეერაცხა რწმენა.

10

როდის შეერაცხა? წინადაცვეთილობამდე თუ წინადაცვეთის შემდეგ? არა წინადაცვეთილობაში, არამედ წინადაუცვეთელს.

11

და მიიღო წინადაცვეთის ნიშანი, როგორც ბეჭედი რწმენით გამართლებისა, რომელიც წინადაუცვეთელობაში ჰქონდა, რათა გამხდარიყო ყველა წინადაუცვეთელი მორწმუნის მამა, და მათაც შერაცხოდათ სიმართლედ;

12

ისევე, როგორც მამა წინადაცვეთილებისა: არა მარტო იმათი, ვინც მიიღო წინადაცვეთა, არამედ იმათიც, რომელნიც მისდევენ ჩვენი მამის აბრაამის რწმენის კვალს, რაც ჯერ კიდევ წინადაუცვეთელობისას ჰქონდა.

13

ვინაიდან აბრაამს და მის თესლს რჯულით როდი მიეცა აღთქმა, ყოფილიყო ქვეყნის მემკვიდრე, არამედ რწმენის სიმართლით.

14

რადგან თუ მემკვიდრენი რჯულისაგან არიან, ამაოა რწმენა და ფუჭია აღთქმა.

15

ვინაიდან რჯული შეიქმს რისხვას, რადგან იქ, სადაც არ არის რჯული, არც დარღვევაა.

16

მაშასადამე, რწმენისაგან, რათა იყოს რწმენით და განმტკიცდეს აღთქმა მთელი მოდგმის მიმართ: არა მარტო რჯულით, არამედ რწმენითაც აბრაამისა, რომელიც არის ყოველი ჩვენგანის მამა.

17

როგორც დაიწერა: „მე დაგადგინე მრავალი ხალხის მამად“ ღვთის წინაშე, რომელსაც ერწმუნა იგი, მკვდართა მაცოცხლებელსა და არმყოფთა ყოფად მხმობელს.

18

უსასოო სასოებით ერწმუნა, რათა გამხდარიყო მრავალი ხალხის მამა; როგორც ითქვა: „ასე იქნება შენი მოდგმა“.

19

არ შერყევია რწმენა, თუმცაღა ას წელს მიტანებული ხედავდა, რომ მისი სხეული უკვე სიკვდილად იყო მიწურვილი და კვდებოდა საშოც სარასი;

20

არ შემკრთალა და არც ეჭვი შეჰპარვია ღვთის აღთქმაში, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება მიაგო ღმერთს.

21

რადგანაც გულდანდობით სწამდა, რომ ვინც აღთქმა მისცა, მასვე შეეძლო აღთქმის აღსრულებაც.

22

ამიტომაც შეერაცხა მას სიმართლედ.

23

თუმცა მარტო მისთვის როდი დაიწერა, შეერაცხაო,

24

არამედ ჩვენთვისაც: დიახ, ჩვენც შეგვერაცხება, რომელთაც გვწამს ის, ვინც მკვდრეთით აღადგინა უფალი ჩვენი იესო,

25

რომელიც გაცემულ იქნა ჩვენი ცოდვების გამო და აღდგა ჩვენს გასამართლებლად.

1

რაჲ-მე უკუე ვთქუათ? იპოვა-მეა აბრაჰამ, მამაჲ იგი ჩუენი, ჴორციელად?

2

უკუეთუ აბრაჰამი საქმეთაგან განმართლდა, აქუს სიქადული, არამედ არა ღმრთისა მიმართ.

3

რასა უკუე იტყჳს წიგნი? ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ.

4

ხოლო მოქმედსა მას სასყიდელი იგი არა შეერაცხების მადლით, არამედ თანა-ნადებით.

5

ხოლო რომელი-იგი არა იქმნ და ჰრწამნ ხოლო განმამართლებელი იგი უღმრთოჲსაჲ, შეერაცხების სარწმუნოებაჲ იგი მისი სიმართლედ.

6

ვითარცა-იგი დავით იტყჳს ნეტარებასა მას კაცისასა, რომელსაცა-იგი შეურაცხა ღმერთმან სიმართლე თჳნიერ საქმისა:

7

ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უშჯულოებანი და რომელთა დაეფარნენ ცოდვანი;

8

ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხა უფალმან ცოდვაჲ.

9

აწ უკუე ნეტარებაჲ ესე წინადაცუეთილებასა ზედა არსა ანუ წინადაუცუეთილებასაცა? რამეთუ ვიტყჳთ, ვითარმედ: შეერაცხა აბრაჰამს სარწმუნოებაჲ იგი მისი სიმართლედ.

10

ვითარ უკუე შეერაცხა? წინადაცუეთილებასაღა იყო ანუ წინადაუცუეთილებასა? არა წინადაცუეთილებასა, არამედ წინადაუცუეთილებასა.

11

და სასწაულად მოიღო წინადაცუეთილებაჲ იგი ბეჭდად სიმართლისა სარწმუნოებისა მის წინადაუცუეთილებასა მას შინა, რაჲთა იყოს იგი მამად ყოველთა მორწმუნეთა წინადაუცუეთელთა, რაჲთა შეერაცხოს მათცა სიმართლედ.

12

და მამად წინადაცუეთილებისა არა წინადაცუეთილებისათა მათ ხოლო, არამედ რომელნი ჰგიან კუალთა მათ ზედა წინადაუცუეთილებისა სარწმუნოებისათა მამისა ჩუენისა აბრაჰამისთა.

13

რამეთუ არა შჯულისაგან იყო აღთქუმაჲ იგი აბრაჰამისი ანუ ნათესავისა მისისაჲ, რაჲთა იყოს იგი მკჳდრ სოფლისა, არამედ სიმართლითა მით სარწმუნოებისაჲთა.

14

რამეთუ უკუეთუ შჯულისაგანნი იგი არიან მკჳდრნი, ცალიერ არს სარწმუნოებაჲ, და განქარვებულ არიან აღთქუმანი იგი.

15

რამეთუ შჯული რისხვასა შეიქმს, ხოლო სადა არა არს შჯული, მუნ არცა შჯულისა გარდასლვაჲ.

16

ამისთჳს სარწმუნოებისაგან, რაჲთა მადლით იყოს მტკიცე აღთქუმაჲ იგი ყოვლისა ნათესავისაჲ, არა შჯულისაგანთა ხოლო, არამედ სარწმუნოებისაგანთაცა აბრაჰამისთა, რომელ არს მამაჲ ჩუენ ყოველთაჲ,

17

ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: მამად მრავალთა თესლთა დაგადგინე შენ წინაშე პირსა, რომლისაჲ-იგი ჰრწმენა ღმრთისაჲ, რომელმან-იგი განაცხოველნის მკუდარნი და უწესნ არა-არსსა მას, ვითარცა არსსა.

18

რომელსა უსასოჲ იგი სასოებით ჰრწმენა, რაჲთა იყოს იგი მამად მრავალთა თესლთა, მსგავსად თქუმულისა მის: ესრე იყოს ნათესავი შენი.

19

და არა მოუძლურდა იგი სარწმუნოებითა, არა განიცადა თავი თჳსი, - რამეთუ კნინღა და მკუდარ იყვნეს ჴორცნი მისნი, რამეთუ ას წლის სადამე იყო, - და მკუდრობაჲ იგი საშოჲსა სარაჲსი.

20

ხოლო აღთქუმასა მას ღმრთისასა არა შეორგულდა ურწმუნოებითა, არამედ განძლიერდა სარწმუნოებითა, მისცა დიდებაჲ ღმერთსა

21

და გულ-სავსე იქმნა, ვითარმედ რომელმან-იგი აღუთქუა, შემძლებელ არს ყოფადცა.

22

ამისთჳსცა შეერაცხა მას სიმართლედ.

23

ხოლო არა დაიწერა მისთჳს ხოლო, რამეთუ შეერაცხა მას სიმართლედ,

24

არამედ ჩუენთჳსცა, რომელთადა-ესე შერაცხვად არს, რომელთა გურწამს აღმადგინებელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი მკუდრეთით,

25

რომელი მიეცა ცოდვათა ჩუენთათჳს და აღდგა განმართლებისა ჩუენისათჳს.

12345678910111213141516