რომაელთა მიმართ, თავი 3
მაშ, რა უპირატესობა ახლავს იუდეველობას, და რა პატივი წინადაცვეთას?
უპირატესობა დიდია ყოველნაირად: უწინარეს ყოვლისა კი იმდენად, რამდენადაც მათ მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვა.
მერედა რა? თუ ზოგიერთს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება გააქარწყლებს ღვთის სარწმუნოებას?
არამც და არამც. ღმერთი ჭეშმარიტია, ყოველი კაცი კი - ცრუ, როგორც წერია: რათა გამართლდე შენი სიტყვებით და იმძლავრო განკითხვისას.
ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გზას უხსნის ღვთის სამართლიანობას, რას ვიტყვით? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც გვრისხავს? კაცურად ვმსჯელობ.
არამც და არამც. მაშ, როგორ განიკითხოს ღმერთმა ქვეყანა?
მაგრამ თუ ჩემი სიცრუით კიდევ უფრო მაღლდება ღვთის ჭეშმარიტება მის სადიდებლად, რატომღა განვისჯები, როგორც ცოდვილი?
მაშინ რატომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა გამოვიდეს მართალი, როგორც ავსიტყვაობენ ჩვენზე ზოგ-ზოგნი და ამბობენ, რომ ამას ვასწავლით. განა სამართლიანი არ იქნება მათი განკითხვა?
მერედა, რა? გვაქვს კი რაიმე უპირატესობა? არავითარი. ვინაიდან უკვე დავამტკიცე, რომ ყველანი, იუდეველებიცა და ბერძნებიც, ცოდვის ქვეშა ვართ.
როგორც დაწერილია: არავინაა მართალი.
არავინაა გამგები: არავინ ეძებს ღმერთს.
ყველა გზას ასცდა; ერთიანად უმაქნისნი გახდნენ; არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ.
პირაშკმული სამარეა მათი ყელი; ენით ზაკვას იტყვიან; ასპიტთა გესლი სცხიათ ბაგეზე.
პირი წყევლითა და სიმწრით აქვთ სავსე.
ფეხმარდნი არიან სისხლის საღვრელად.
ნგრევა და ვარამია მათ გზაზე.
ვერ უცვნიათ მშვიდობის გზა.
ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ.
მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშევრდომთათვის ამბობს, რათა შეიკრას ყოველი პირი და მთელი ქვეყანა დაექვემდებაროს ღმერთის სამართალს.
ვინაიდან რჯულის საქმით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, რადგანაც რჯულით შეიცნობა ცოდვა.
ახლა კი, გარდა რჯულისა, გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რასაც მოწმობენ წინასწარმეტყველნი და რჯული,
ხოლო სიმართლე ღვთისა იესო ქრისტეს რწმენით - ყველა მორწმუნისათვის, ვინაიდან არ არსებობს განსხვავება,
რაკიღა ყველამ სცოდა და მოაკლდა ღვთის დიდებას.
მაგრამ ყველანი უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლითა და იესო ქრისტესმიერი გამოსყიდვის წყალობით,
ქრისტესი, რწმენის მეოხებით წინასწარ რომ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად, რათა ეჩვენებინა მისი სიმართლე უწინდელ ცოდვათა მიტევების გზით,
რომელნიც სულგრძელად დაითმინა ღმერთმა, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე დღევანდელ დღეს, და ყოფილიყო იგი მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი.
მაშ, სადღაა სიქადული? განქარებულა. კი მაგრამ, რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით.
რადგანაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კაცი რწმენით მართლდება, რჯულის საქმეთა მიუხედავად.
ნუთუ ღმერთი მხოლოდ იუდეველებისაა და არა წარმართებისაც? რა თქმა უნდა, წარმართებისაც.
რადგანაც ერთია ღმერთი, რომელიც რწმენის გამო ამართლებს წინადაცვეთილთ, წინადაუცვეთელთ კი - რწმენით.
მაშ, ჩვენ რწმენით ვაქარწყლებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ ვამტკიცებთ მას.
რაჲ-მე უკუე უმეტეს არს ჰურიისა მის, ანუ რაჲ-მე სარგებელი არს წინადაცუეთილებისაჲ?
ფრიად ყოვლითავე სახითა, პირველად უკუე, რამეთუ ჰრწმენნეს სიტყუანი ღმრთისანი.
არამედ რაჲ? ურწმუნო თუ ვინმე იქმნეს, ნუუკუე ურწმუნოებამან მათმან სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ განაქარვოსა?
ნუ იყოფინ, იყავნ ღმერთი მხოლოჲ ჭეშმარიტ, და ყოველი კაცი ცრუ, ვითარცა წერილ არს: რაჲთა განჰმართლდე სიტყჳთა შენითა და სძლო შჯასა შენსა.
უკუეთუ სიცრუე ჩუენი სიმართლესა ღმრთისასა შეეტყუების, რაჲ-მე ვთქუათ? ნუუკუე სიცრუვე არსა ღმრთისა თანა, რომელმან მოავლინის რისხვაჲ მისი? კაცობრივ ვიტყჳ.
ნუ იყოფინ! უკუეთუ არა, ვითარ საჯოს ღმერთმან სოფელი?
უკუეთუ ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ ჩემითა მით სიცრუითა აღემატა სადიდებელად მისსა, რაჲსაღა მე ვითარცა ცოდვილი ვისაჯები?
და არა ვითარცა ვიგმობვით, და ვითარცა იტყჳან ვინმე ჩუენდა სიტყუად, ვითარმედ ვქმნეთ ბოროტი, რაჲთა მოგჳჴდეს ჩუენ კეთილი? რომელთა განკითხვაჲ საშჯელსა შინა არს.
აწ უკუე რაჲ წინა-მე-ვჰმატთა? არა სამე, რამეთუ წინაწარვე ვაბრალეთ ჰურიათა და წარმართთა ყოველთა ცოდვასა ქუეშე ყოფაჲ.
ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: არავინ არს მართალ არცაღა ერთ,
არავინ არს გულისჴმისმყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა;
ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უჴმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანმცა ქმნა სიტკბოებაჲ, არავინ არს მიერთადმდე.
სამარე ზეაღებულ არს ჴორჴი მათი; ენითა მათითა ზაკუვიდეს; გესლი ასპიტთაჲ ბაგეთა მათთა,
რომელთაჲ პირი წყევითა და სიმწარითა სავსე არს.
მალე არიან ფერჴნი მათნი დათხევად სისხლისა;
შემუსრვაჲ და უბადრუკებაჲ არს გზათა მათთა;
და გზაჲ მშჳდობისაჲ არა იცნეს.
არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მათთა.
ხოლო ესე უწყით, რამეთუ რაოდენსა შჯული იტყჳს, მათ ეტყჳს, რომელნი-იგი შჯულსა ქუეშე არიან, რაჲთა ყოველი პირი დაიყოს, და საშჯელსა თანა-მდებ იყოს ყოველი სოფელი ღმრთისაჲ,
რამეთუ საქმეთაგან შჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ჴორციელი წინაშე მისსა, რამეთუ შჯულისაგან არს გამოცნობაჲ ცოდვისაჲ.
ხოლო აწ თჳნიერ შჯულისა სიმართლე ღმრთისაჲ გამოჩინებულ არს წამებული შჯულისა მიერ და წინაწარმეტყუელთა,
ხოლო სიმართლე ღმრთჲსაი სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა ყოველთა მიმართ და ყოველთა ზედა მორწმუნეთა, რამეთუ არა არს განწვალება,
რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა,
ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოჴსნითა მით იესუ ქრისტესითა.
რომელი-იგი წინაწარ განჰმზადა ღმერთმან სალხინებელად სარწმუნოებითა თჳსითა მით სისხლითა, გამოჩინებად სიმართლისა მისისა, მოტევებითა მით პირველთა ცოდვათაჲთა,
თავს-დებითა ღმრთისაჲთა გამოჩინებად სიმართლისა მისისა ამათ ჟამთა, რაჲთა იყოს იგი მართალ და განმამართლებელ სარწმუნოებისაგან იესუჲსისა.
სადა უკუე არს სიქადული იგი? და-მე-ყენებულ არსა? რომლითა-მე შჯულითა? საქმეთაგან-მეა? არა, არამედ შჯულისაგან სარწმუნოებისა.
რამეთუ ვიტყჳთ განმართლებასა კაცისასა სარწმუნოებითა თჳნიერ საქმეთა შჯულისათა.
ანუ ჰურიათაჲ-მე ხოლო არსა ღმერთი და არა წარმართთაჲცა? ჰე, წარმართთაჲცა.
ვინაჲთგან ერთ არს ღმერთი, რომელმან განამართლის წინადაცუეთილი სარწმუნოებითა და წინადაუცუეთელი მითვე სარწმუნოებითა.
აწ შჯულსა ნუ განვაქარვებთა სარწმუნოებითა მით? ნუ იყოფინ. არამედ შჯულსა დავამტკიცებთ.