ლოცვანი
აპლიკაცია

რომაელთა მიმართ, თავი 2

1

ამიტომ თავს ვერ იმართლებ, ვინც უნდა იყო, კაცო, რომელიც განიკითხავ, რადგანაც სხვისი განმკითხველი განსჯით შენსავე თავსა სდებ მსჯავრს, ვინაიდან იმასვე სჩადიხარ, რისთვისაც განიკითხავ.

2

ხოლო ჩვენ ვიცით, რომ, ჭეშმარიტებისამებრ, არის ღვთის მსჯავრი ყოველივე ამის მოქმედთა მიმართ.

3

იქნებ გგონია, კაცო, რომ თავს დააღწევ ღვთის მსჯავრს რაკიღა განიკითხავ ამის მოქმედს და თვითონ კი მასვე სჩადიხარ?

4

ან აქნებ უგულებელყოფ მისი სიკეთის, ლმობიერებისა თუ სულგრძელობის სიუხვეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სიკეთეს სინანულისაკენ მიჰყავხარ?

5

შენ კი სიკერპითა და უსინანულო გულით თვითონვე იუნჯებ რისხვას ღვთის რისხვისა და მისი მართალი მსჯავრის გამოცხადების დღისთვის,

6

როცა, მათი საქმისამებრ, კუთვნილს მიაგებს ყველას:

7

მათ, ვინც კეთილი საქმის ერთგულებით დიდებას, პატივსა და უხრწნელებას მიელტვის, საუკუნო სიცოცხლეს;

8

ხოლო მათ, ვინც ურჩობს და ჭეშმარიტებას კი არა, უსამართლობას ჰმორჩილებს, - გულისწყრომას და რისხვას.

9

ჭირი და ვიწროება ყველა ბოროტმოქმედი კაცის სულს, ჯერ იუდეველისას, მერე ბერძნისას.

10

დიდება, პატივი და მშვიდობა ყველა კეთილისმოქმედს, ჯერ იუდეველს, მერე კი ბერძენს.

11

რადგანაც მიკერძოება უცხოა ღვთისათვის.

12

ვინც ურჯულოდ შესცოდა, ურჯულოდვე წარწყმდება, ხოლო ვინც რჯულით სცოდა, რჯულითვე განიკითხება.

13

რადგანაც რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღვთის წინაშე, არამედ რჯულის აღმასრულებელნი გამართლდებიან.

14

ვინაიდან როცა რჯულის არმქონე წარმართნი ბუნებრივად ასრულებენ რჯულს, მაშინ რჯულის არმქონენი თვითონვე არიან თავიანთი თავის რჯული.

15

ისინი გვიჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობენ მათი სინდისი და მათი აზრები, როძლებიც ხან ბრალს სდებენ, ხან კი ამართლებენ ერთმანეთს,

16

საიმდღისოდ, როცა, ჩემი სახარებისამებრ, ღმერთი განსჯის კაცთა ფარულ საქმეებს იესო ქრისტეს მიერ.

17

აჰა, შენ იუდეველი ხარ, თავს იმშვიდებ რჯულით და იქადი ღმერთს,

18

ვისი ნებაც იცი და, რჯულით განსწავლული, ირჩევ უკეთესს.

19

თვითმრწმენს გგონია, რომ შენა ხარ ბრმათა მეგზური და ბნელში მყოფთა ნათელი,

20

უგუნურთა მასწავლებელი და ყრმათა მოძღვარი, რომელსაც გაქვს ცოდნისა და ჭეშმარიტების ნიმუში რჯულში.

21

კი მაგრამ, სხვებს რომ ასწავლი, რად არ ასწავლი შენსავე თავს?

22

ქადაგებ: არა იპაროო, და იპარავ? ამბობ: არ იმრუშოო, და მრუშობ? კერპები გძაგს და მკრეხელობ?

23

რჯულს იქადი და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ?

24

ვინაიდან, როგორც წერია, თქვენს გამო იგმობა ღვთის სახელი წარმართთა შორის.

25

წინადაცვეთილობა სარგოა, თუ რჯულს ასრულებ, ხოლო თუ რჯულს არღვევ, შენი წინადაცვეთილობა წინდაუცვეთელობად იქცევა.

26

თუ წინადაუცვეთელი რჯულის მართლწესებს იცავს, განა მისი წინადაუცვეთელობა წინადაცვეთილობად არ შეერაცხება?

27

ეგეც არ იყოს ბუნებით წინადაუცვეთელი, რომელიც რჯულს ასრულებს, განა არ განგსჯის შენ, რომელიც, წერილისა და წინადაცვეთილობის მიუხედავად, რჯულს არღვევ?

28

ვინაიდან იუდეველი ის კი არაა, ვინც გარეგნულადაა იადეველი, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულია და ხორციელი.

29

არამედ იუდეველი ისაა, ვინც შინაგანადაა იუდეველი, და წინადაცვეთაც ისაა, რაც გულისა და სულისმიერია და არა ასოსმიერი. ასე რომ, კაცთაგან კი არ იქება, არამედ ღვთისაგან.

1

ამისთჳს ვერ სიტყჳს მიმგებელ ხარ, ჵ კაცო, ყოველი, რომელიცა შჯი, რამეთუ რომლითა შჯი მოყუასსა, თავსა თჳსსა დაიშჯი, რამეთუ მასვე იქმ, რომელსაცა შჯი.

2

ესე უწყით, რამეთუ საშჯელი ღმრთისაჲ ჭეშმარიტ არს ესევითარისა მოქმედთათჳს.

3

ამას სამე ჰგონება, ჵ კაცო, რომელი შჯი ესევითარისა მოქმედთა მათ და იქმ მასვე ვითარ-მე შენ განერე საშჯელსა ღმრთისასა?

4

ანუ სიმდიდრესა მას სიტკბოებისა მისისასა და თავს-დებასა და სულგრძელებასა შეურაცხ-ჰყოფ, ვერ გიცნობიეს, რამეთუ სიტკბოებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგიყვანებს შენ?

5

ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დღესა მას რისხვისა და გამოჩინებისა და მართლმსაჯულებისა ღმრთისასა,

6

რომელმან მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ:

7

მოთმინეთა მათ საქმისა კეთილისათა - დიდებაჲ და პატივი და უხრწნელებაჲ, რომელნი ეძიებენ ცხორებასა საუკუნესა;

8

ხოლო ჴდომისაგანთა მათ და ურჩთა ჭეშმარიტებისათა და მორჩილთა სიცრუისათა – რისხვაჲ და გულის წყრომაჲ.

9

ჭირი და იწროებაჲ ყოველსა ზედა სულსა კაცისასა, მოქმედსა ბოროტისასა, ჰურიასა პირველად და მერმე წარმართსა!

10

დიდებაჲ და პატივი და მშჳდობაჲ ყოველსა მოქმედსა კეთილისასა, ჰურიასა პირველად და მერმე წარმართსა!

11

რამეთუ არა არს თუალთ-ღებაჲ ღმრთისა თანა.

12

რამეთუ რომელთა-იგი უშჯულოდ შესცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდენ, და რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა ისაჯნენ.

13

რამეთუ არა მსმენელნი შჯულისანი განმართლდნენ წინაშე ღმრთისა, არამედ მყოფელნი შჯულისანი განმართლდენ.

14

რამეთუ წარმართთა, რომელთა შჯული არა აქუნ, და ბუნებითსა მას შჯულსა ჰყოფდეს; ამათ რამეთუ შჯულ არა აქუს, თავისა თჳსისათჳს შჯულ არიან:

15

რომელნი გამოაჩინებენ საქმესა შჯულისასა, დაწერილსა გულთა შინა მათთა, თანა-მოწამებითა მათდა გონებისა მათისაჲთა და შორის ურთიერთას გულის სიტყუანი შეასმენდენ ანუ სიტყუას უგებდენ

16

დღესა მას, რომელსა შჯიდეს ღმერთი დაფარულსა მას კაცთასა მსგავსად სახარებისა მის ჩემისა იესუ ქრისტეს მიერ.

17

უკუეთუ შენ ჰურიაჲ სახელ-გედების, და განისუენებ შჯულსა ზედა და იქადი ღმრთისა

18

და იცი ნებაჲ იგი და გამოიცდი უმჯობესსა მას და სწავლულ ხარ შჯულისაგან

19

და ესავ თავსა შენსა წინამძღურად ბრმათა, ნათლად, რომელნი არიან ბნელსა შინა,

20

მასწავლელად უგუნურთა, მოძღურად ჩჩჳლთა და გაქუს ხატი იგი მეცნიერებისაჲ და ჭეშმარიტებისაჲ შჯულსა შინა,

21

რომელი-ეგე ასწავებ მოყუასსა, თავსა თჳსსა არა ასწავებ;

22

რომელი ჰქადაგებ არა-პარვასა, იპარავ; რომელი იტყჳ არა მრუშებასა, იმრუშებ; რომელსა გძაგან კერპნი, საკურთხეველსა სძარცუავ;

23

რომელი შჯულითა იქადი, გარდასლვითა მაგით შჯულისაჲთა ღმერთსა შეურაცხ-ჰყოფ?

24

რამეთუ სახელი ღმრთისაჲ თქუენთჳს იგმობვის წარმართთა შორის, ვითარცა წერილ არს.

25

რამეთუ წინადაცუეთილებაჲ სარგებელ არს, უკუეთუ შჯულსა იმარხავ, ხოლო უკუეთუ გარდამავალ იყო შჯულისა, წინადაცუეთილებაჲ შენი წინადაუცუეთელება იქმნა.

26

აწ უკუე, უკუეთუ წინადაუცუეთელი იგი სიმართლესა შჯულისასა იმარხავს, არა-მე წინადაუცუეთელობაჲ იგი მისი წინადაცუეთილებად შეერაცხოსა?

27

და გშჯიდეს ბუნებით წინადაცუეთელი იგი, შჯულისა აღმასრულებელი, შენ, რომელი-ეგე წიგნითა და წინადაცუეთითა შჯულისა გარდამავალ ხარ!

28

რამეთუ არა რომელი-იგი ცხადად ჰურიაჲ არს, არცა რომელი ცხადად ჴორცითა წინადაცუეთილ,

29

არამედ რომელი ფარულად ჰურიაჲ არს და წინადაცუეთილებაჲ გულისაჲ აქუს სულითა, არა წიგნითა, რომლისა-იგი ქებაჲ არა კაცთაგან არს, არამედ ღმრთისაგან.

12345678910111213141516