რომაელთა მიმართ, თავი 5
ამრიგად, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღვთის მიმართ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ,
ვისი მეოხებითაც რწმენით მივემთხვიეთ იმ მადლს, რომელშიც ვდგავართ და ღვთის დიდების სასოებით ვიქადით;
და არა მარტო ამით, არამედ შეჭირვებითაც, რადგანაც ვიცით, რომ შეჭირვება შეიქმს მოთმინებას,
მოთმინება - გამოცდილებას, გამოცდილება - სასოებას,
სასოება კი არ გვარცხვენს, რადგანაც ღვთის სიყვარული ჩაისახა ჩვენს გულში სული წმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ.
ვინაიდან, ჯერ კიდევ ჩვენი უძლურებისას, ქრისტე დროულად მოკვდა უღვთოთათვის.
მართლაცდა, ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისათვის, ხოლო კეთილისთვის ვინმემ, შესაძლოა, კიდევაც გაბედოს სიკვდილი.
მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი იმით გვიმჟღავნებს, რომ ქრისტე ჩვენი გულისთვის მოკვდა, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.
მით უმეტეს, ახლა, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მისივე მეოხებით თავს დავაღწევთ რისხვას.
რადგანაც თუ მტრები ვიყავით და მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, მით უმეტეს, შერიგებულნი ვცხონდებით მისი სიცოცხლით.
და არა მარტო ამით, არამედ ღმერთითაც ვიქადით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, ვისი წყალობითაც გვეღირსა შერიგება.
ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ცოდვის მიერ კი - სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში, რადგანაც ყველამ სცოდა.
რადგან ცოდვა რჯულამდეც იყო ქვეყნად, მაგრამ თუ რჯული არ არის, ცოდვა არ შეირაცხება.
თუმცა ადამიდან მოსემდე სიკვდილი სუფევდა მათზეც, რომელთაც ადამივით არ შეუცოდავთ, ვინც არის მომავლის ხატი.
მაგრამ მადლი ისე როდია, როგორც ცოდვა, ვინაიდან თუ ერთის შეცოდებით მრავალი მოკვდა, მით უმეტეს, მადლი და ნიჭი ღვთისა, ერთი კაცის - იესო ქრისტეს მადლით, მრავალსაც მოსჭარბდა სიუხვით.
და არც ნიჭია როგორც მსჯავრი ერთი შემცოდის გამო, ვინაიდან მსჯავრი ერთის შეცოდებისთვის - შესაჩვენებლად, ხოლო მადლი - მრავალი შეცოდების გასამართლებლად.
რადგან თუ ერთის შეცოდებით სიკვდილი სუფევდა ერთის მიერ, მით უმეტეს, მადლისა და სიმართლის ნიჭის უხვად მიმღებნი იმეფებენ სიცოცხლეში ერთის - იესო ქრისტეს მიერ.
ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით მრავალი გახდა ცოდვილი, ისე ერთი კაცის მორჩილებით მრავალნი გახდებიან მართალნი.
რჯული კი შემდეგ შემოვიდა, რათა ემრავლა ცოდვას, ხოლო როცა იმრავლა ცოდვამ, მით უფრო მომრავლდა მადლი,
რათა, როგორც ცოდვა სუფევდა სიკვდილში, ასევე ყოფილიყო მადლის სუფევაც საუკუნო სიცოცხლისათვის სიმართლის მეოხებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.
აწ უკუე განმართლებულ ვართ სარწმუნოებითა, და მშჳდობაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა,
რომლისაგანცა მოუჴედით სარწმუნოებითა მადლსა ამას, რომლითაცა ვდგათ და ვიქადით სასოებითა დიდებისა ღმრთისაჲთა.
არა ხოლო ესე, არამედ ვიქადითცა ჭირთა შინა, უწყით, რამეთუ ჭირი მოთმინებასა შეიქმს,
ხოლო მოთმინებაჲ – გამოცდილებასა, ხოლო გამოცდილებაჲ – სასოებასა.
ხოლო სასოებამან არა არცხჳნის, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ განფენილ არს გულთა შინა ჩუენთა სულითა წმიდითა, რომელი-იგი მოცემულ არს ჩუენდა.
რამეთუ ქრისტე, ვიდრე-იგი ჩუენ უძლურ-ღა ვიყვენით, ჟამსა ოდენ უღმრთოთათჳს მოკუდა.
რამეთუ ძნიად ვინმე მართლისათჳს მოკუდის, ხოლო კეთილისათჳს, ვინ უწყის, ნუუკუე და იკადრისცა ვინმე სიკუდილი.
ხოლო გამოაცხადა თჳსი იგი სიყუარული ჩუენდა მომართ ღმერთმან, რამეთუ ვიდრე-იგი ცოდვილ-ღა ვიყვენით, ქრისტე ჩუენთჳს მოკუდა.
რაოდენ უკუე უფროჲს აწ, განმართლებულ რაჲ ვართ სისხლითა მისითა, განვერნეთ ჩუენ მის მიერ რისხვისაგან!
უკუეთუ მტერ რაჲ ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაჲთა, რაოდენ უფროჲს აწ, და-რა-ვეგენით, ვცხონდეთ მაცხოვარებითა მისითა!
არა ესე ოდენ ხოლო, არამედ ვიქადითცა ღმრთისა მიმართ იესუ ქრისტეს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისაგან აწ დაგებაჲ ესე მოვიღეთ.
ამისთჳს, ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათჳს ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით - სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს.
რამეთუ შჯულისა მოწევნადმდე ცოდვაჲ იყო სოფელსა შინა, ხოლო ცოდვად არად შერაცხილ იყო თჳნიერ შჯულისა.
არამედ სუფევდა სიკუდილი ადამისითგან ვიდრე მოსესადმდე და მათ ზედაცა, რომელთა-იგი არა ეცოდა მსგავსად გარდასლვისა მის ადამისა, რომელი-იგი არს სახე მერმეთა მათ ჟამთაჲ.
არამედ არა ვითარ შეცოდებაჲ და ეგრეთცა მადლი; რამეთუ უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა მრავალნი მოსწყდეს, რაოდენ უფროჲს მადლი იგი ღმრთისაჲ და ნიჭი იგი მადლითა მით ერთისა მის კაცისა იესუ ქრისტესითა მრავალთა მიმართცა აღემატა!
და არა ვითარცა ერთისა შეცოდებულისათჳს ნიჭი იგი, რამეთუ საშჯელი იგი ერთისა მისგან დასაშჯელად, ხოლო მადლი იგი მრავალთაგან შეცოდებათა განსამართლებელად.
რამეთუ უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა სიკუდილი სუფევდა ერთისა მისგან, რაოდენ უფროჲს, რომელნი-იგი უმეტესსა მას მადლისასა და ნიჭსა სიმართლისასა მიიღებენ ცხორებასა შინა სუფევდენ ერთისა მისგან იესუ ქრისტესა.
ვითარცა-იგი ერთისა მის შეცოდებისაგან ყოველთა კაცთა ზედა დასაშჯელად, ეგრეცა ერთისა მის სიმართლისათჳს ყოველთა კაცთა ზედა განსამართლებელად ცხორებისა.
რამეთუ შჯული შორის შემოვიდა, რაჲთა განმრავლდეს ცოდვაჲ, და სადა-იგი განმრავლდა ცოდვაჲ, მუნ უფროჲსად გარდაემატა მადლი,
რაჲთა, ვითარცა-იგი სუფევდა ცოდვაჲ სიკუდილსა შინა, ეგრეცა მადლი სუფევდეს სიმართლისა მიერ ცხორებად საუკუნოდ ქრისტეს იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.