მსაჯულნი, თავი 8
უთხრეს მას ეფრემიანებმა: რას გვერჩოდი, რატომ ჩვენც არ გვიხმე, როცა მიდიანთან საომრად მიდიოდი? და მაგარი ჩხუბი აუტეხეს.
გედეონმა მიუგო: მე რა გამიკეთებია თქვენი ფასი? ეფრემის ნამცვრევი არ სჯობია აბიყეზერის რთველს?
ღმერთმა ხელში ჩაგიგდოთ მიდიანის მთავრები ყორები და ზეები. მე სად შემეძლო გამეკეთებინა თქვენდენი? მაშინ კი მოუბრუნდათ გული მასზე, როცა ეს სიტყვები უთხრა.
მიადგა გედეონი იორდანეს და გადალახა, მან და მასთან მყოფმა სამასმა კაცმა, დევნით დაღლილმა.
უთხრა მან სუქოთელებს: დამიპურეთ ჩემთან მყოფი ხალხი, რადგან დაღლილი არიან. არადა, მიდიანის მეფეებს მივდევ, ზებასს და ცალმუნაყს.
უთხრეს სუქოთის თავკაცებმა: განა ზებახი და ცალმუნაყი უკვე ხელში გყვანან, რომ ჯარი დაგიპუროთ?
გედეონმა მიუგო: კეთილი. როცა ღმერთი ხელში ჩამაგდებინებს ზებახს და ცალმუნაყს, უდაბნოს ნარეკლით დაგაფლეთთ ხორცს.
იქიდან ფენუელში მივიდა და იქაურებსაც იგივე სთხოვა, მაგრამ მათაც ისევე გამოისტუმრეს, როგორც სუქოთელებმა.
ფენუელებსაც იგივე უთხრა: როცა მშვიდობით დავბრუნდები, დავანგრევ ამ გოდოლს.
ზებახი და ცალმუნაყი კარკორში იდგნენ თავიანთი ლაშქრით, თხუთმეტ ათასამდე კაცით, კედემიანთა ლაშქრიდან რაც გადარჩა, დაღუპვით კი ასოცი ათასი კაცი დაიღუპა, მახვილის შემბმელი.
გედეონმა აღმოსავლეთიდან შემოუარა ნობახს და იოგბეჰას კარვებში მცხოვრებთა გზით და იმ დროს დაეცა ბანაკს, როცა უზრუნველად იყო ბანაკი.
გაიქცნენ ზებახი და ცალმუნაყი. დაედევნა და შეიპყრო მიდიანის ორივე მეფე, ზებახიცა და ცალმუნაყიც, ხოლო მათი ლაშქარი გაფანტა.
გედეონ იოაშის ძე უკან გამობრუნდა ბრძოლის შემდეგ ქერესის ზეგნიდან.
შეიპყრო ერთი ჭაბუკი სუქოთელი, გამოჰკითხა და ჩამოაწერინა სუქოთის სამოცდაჩვიდმეტი თავკაცისა და უხუცესის სახელი.
მივიდა სუქოთელებთან და უთხრა: აჰა, ზებახი და ცალმუნაყი! ამათ გამო იყო, რომ დამცინოდით და მეუბნებოდით: განა ზებახი და ცალმუნაყი უკვე ხელში გვყვანან, დაღლილი ხალხი რომ დაგიპუროთო?
მოიყვანა ქალაქის უხუცესები, მოიტანა უდაბნოს ნარ-ეკალი და იმით დასაჯა სუქოთელები.
ფანუელის გოდოლიც დაანგრია და დახოცა იმ ქალაქის მკვიდრნი.
უთხრა ზებახს და ცალმუნაყს: რანაირები იყვნენ ისინი, თქვენ რომ ხალხი დახოცეთ თაბორში? მათ მიუგეს: შენნაირები იყვნენ, ყველანი მეფისწულებს ჰგავდნენ თვალტანადობით.
გედეონმა უთხრა: ჩემი ძმები იყვნენ ისინი, ჩემი დედის შვილები. უფალს გეფიცებით, ისინი რომ ცოცხალი დაგეტოვებინათ, არც თქვენ დაგხოცავდით.
უბრძანა იეთერს, თავის პირმშოს: ადექი და დახოცე ესენი! მაგრამ ბიჭმა ვერ გაბედა მახვილის ამოღება, რადგან ჯერ ყმაწვილი იყო.
უთხრეს ზებახმა და ცალმუნაყმა: ადექი და შენ თვითონ დაგვხოცე, რადგან სხვა არის ვაჟკაცის ღონე. ადგა გედეონი, დახოცა ზებახი და ცალმუნაყი და კისრიდან ჩამოხსნა ნახევარმთვარეები მათ აქლემებს.
უთხრეს ისრაელიანებმა გედეონს: იბატონე ჩვენზე შენც, შენმა შვილმაც და შენმა შვილთაშვილმაც, რადგან შენ გვიხსენი მიდიანის ხელთაგან.
გედეონმა უთხრა: მე ვერ ვიბატონებ თქვენზე და ვერც ჩემი შვილი იბატონებს თქვენზე, უფალმა იბატონოს თქვენზე!
უთხრა მათ გედეონმა: ოღონდ ერთსა გთხოვთ, ყველამ თითო საყურე მომეცით თქვენი დავლიდან. რადგან ოქროს საყურეებს ატარებდნენ, რადგან ისმაელიანები იყვნენ.
მათ უთხრეს: მოგცემთ. გაშალა წამოსასხამი და ყველამ თითო საყურე დააგდო ზედ თავისი დავლიდან.
ათას შვიდას შეკელს იწონიდა გამოთხოვილი ოქროს საყურეები. მიდიანის მეფეებისათვის ართმეული ნახევარმთვარეები, ბალთები და ძოწეული, მათი აქლემების კისრებიდან ჩამოხსნილი ოქროს ძეწკვები კიდევ სხვა იყო.
ამათგან ეფოდი გააკეთა გედეონმა და თავის ქალაქში, ყოფრაში გამოფინა. უზნეობდა იქ მთელი ისრაელი მის კვალზე და მახედ ექცა იგი გედეონსა და მის სახლს.
დაემორჩილა მიდიანი ისრაელიანებს, თავი აღარ წამოუწევია მას მერე და დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი გედეონის სიცოცხლეში.
წავიდა იერუბაალი, იოაშის ძე, და ცხოვრობდა თავის სახლში.
სამოცდაათი ვაჟი ჰყავდა გედეონს, მისი საზარდულიდან გამოსული, რადგან მრავალი ცოლი ესვა.
შექემელი ხარჭისგანაც შეეძინა ვაჟი და დაარქვა აბიმელექი.
მოკვდა გედეონი, იოაშის ძე, კეთილ სიბერეში და დაიმარხა მამამისის, იოაშის სამარხში, აბიყეზერის ყოფრაში.
გედეონის სიკვდილის შემდეგ უზნეობდნენ ისრაელიანები ბაალის კვალზე და ღმერთად დაისახეს ბაალბერითი.
აღარ გაიხსენეს ისრაელიანებმა უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც იხსნა ისინი ყველა გარეშემო მტრის ხელიდან.
არც იერუბაალ-გედეონის სახლს მიაგეს მადლი ყველა იმ სიკეთისთვის, რაც მან გაუკეთა ისრაელს.
ჰრქუეს გედეონს მთავართა ეფრემისთა: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელი მიყავ ჩუენ, რამეთუ არა მხადენ ჩუენ, რაჟამს განხჳდოდე შენ წყობად მადიამისა? და ესჯოდეს მას ფრიად.
და ჰრქუა მათ გედეონ: რაჲ ვქმენ მე აწ, ვითარ-ეგე თქუენ? ანუ არა უმჯობეს არს საკუფხლებელი ეგე ეფრემისი ვიდრეღა სასთულებელი აბიეზერისი?
რამეთუ ჴელსა ოქუენსა მოსცნა უფალმან მთავარნი იგი მადიამისანი: ორვბ და ზებ. და რაჲ შევსძინე მე ყოფად, ვითარ-ესე თქუენ? მაშინ დააცხრვნა გულნი მათნი სიტყჳთა ამით მისითა.
და მოვიდა გედეონ იორდანედ და წიაღჴდა იგი და სამასნი იგი კაცნი მის თანა სულშემოკლებულნი და მშიერნი.
და ჰრქუა გედეონ კაცთა მათ სოქოთისათა: ეცით პური საზრდელად ერსა ამას ჩემსა, რომელ არს ჩემ თანა, რამეთუ ჰშის. და მე ვსდევნი ზეებს და სალმანას, მეფეთა მადიამისათა.
და ჰრქუეს მას მთავართა მათ სოქოთისათა: აწ ნუ თავი ზებესი და სალმანასი ჴელსა შენსა არს? და ვსცეთ ერსა შენსა პური.
და ჰრქუა გედეონ: არა ეგრე, არამედ რაჟამს მომცნეს უფალმან ზებეე და სალმა ჴელთა ჩემთა, მე დავწერტნე ჴორცნი თქუენნი ეკლითა უდაბნოჲსაჲთა და კუროჲსთავითა.
და წარმოვიდა მიერ და მოვიდა ფანუელდ და ეტყოდა მათ ეგრევე. და მიუგეს მას კაცთა მათ ფანუელისათა, ვითარცა-იგი ეტყოდეს კაცნი იგი სოქოთისანი.
და ჰრქუა გედეონ კაცთა მათ ფანუელისთა: რაჟამს მოვიქცე მე მშჳდობით ბრძოლისა ამისგან, დავარღჳო გოდოლი ესე.
და ზებეე და სალმანა იყვნეს კარკარას შინა და ბანაკი მათი მათ თანა, ვითარ ათხუთმეტ ათას ოდენ, რომელნი განრინებულ იყუნეს ყოვლისა მისგან ბანაკისა, ძეთა მზისაღმოსავლისათა, და რომელნი დაცემულ იყვნეს მახჳლითა. იყვნეს ას და ოც ათას კაცნი მახჳლოსანნი.
და აღვიდა გედეონ გზასა მას დამკჳდრებულთა კარვებისათა მზისაღმოსავალით ნაბაისა და წინაშე ნაბესა და დაესხა ბანაკსა მას და მოსრა იგი, ხოლო ბანაკი იგი მათი უზრუნველ იყო მიერითგან, და მეყსეულად დაესხნეს იგინი
და ევლტოდეს ზებეე და სალმანა, და დევნა-უყო გედეონ, და შეიპყრნა ორნი იგი მეფენი მადიამისანი, ზვბეე და სალმანა და ყოველი ბანაკი მათი განიბნია.
და მოიქცა გედეონ. ძე იოასისი, ბრძოლისა მისგან [აღ]მართსა მას თანა არერისასა.
და შეიპყრა ყრმაჲ ერთი კაცთაგან სოქოთისათა და ჰკითხა მას სახელები კაცთა სოქოთისათა და აღწერნა გედეონ მიავარნი და მოხუცებულნი იგი სოქოთისანი სამეოცდათჩჳდმეტნი კაცნი.
და მოვიდა გედეონ მთავართა მათ ზედა სოქოთისათა და ჰრქუა მათ: აჰა, ზებეე და სალმანა ჴელთა ჩემთა არიან, რომელთათჳს მაყუედრეთ მე და სთქუთ: ნუ თავი ზებეესი და სალმანასი ჴელთა შენთა არიან? და ვსცეთ ერსა შენსა პური მაშინ.
შეიპყრნა გედეონ მთავარნი იგი და მოხუცებულნი ქალაქისანი, და მოიღო ეკალი და კუროჲსთავი და ტანჯნა იგინი მით, კაცნი იგი სოქოთისანი.
და გოდოლი იგი ფანოველისაჲ დაარღჳა და კაცნი იგი მის ქალაქისანი მოწყჳდნა.
და ჰრქუა ზებეეს და სალმანას: ვირე. ადგენით კაცნი იგი, რომელ მოსწყჳდენით ბათორს შინა? და ჰრქუეს მას: ვითარცა-ეგე შენ, ეგრეცა იგინი იყვნეს მსგავს და შენ მსგავს მათა ხარ, ხატნი მათნი ეგრე იყვნეს, ვითარცა ძენი მეფეთანი.
და ჰრქუა მათ გედეონ: ძმანი ჩემნი იყვნეს და ძენი დედისა ჩემისანი. ცხოველ არს უფალი, უკუეთუმცა არა მოგეწყჳდნეს იგინი, არამცა მოგწყჳდენ თქუენ.
და ჰრქუა გედეონ იეთერს, ძესა თჳსსა: აღდეგ და მოწყჳდენ ეგენი! და ვერ იჴადა ყრმამან მახჳლი შიშითა, რამეთუ ყრმაღა იყო.
და ჰრქუა მას ზებეე და სალმანა: აღდეგ შენ და მომწყჳდენ ჩუენ! რამეთუ ვითარცა კაცი, ეგრეცა ძალი მისი არს და აღდგა გედეონ და მოწყჳდნა ზებეე და სალმანა. და მოიღო მანიაკები იგი, რომელ იყო ყელსა აქლემებსა მათსა.
ჰრქუეს კაცთა ისრაჱლისათა გედეონს: მთავრობდ შენ ჩუენ ზედა და ძენი შენნი, და ძენი ძეთა შენთანი, რამეთუ შენ განმარინენ ჩუენ ჴელთაგან მადიამისათა.
და ჰრქუა მათ გედეონ: არა გმთავრობდე მე თქუენ ზედა, არცა გმთავრობდეს თქუენ ძე ჩემი, არამედ უფალი გმთავრობდეს თქუენ.
და ჰრქუა მათ გედეონ: ვითხოვ მე თქუენგან თხოვასა ერთსა: მომეცინ კაცად-კაცადმან თქუენმან საყური ერთი ნატყუენავისაგანი! რამეთუ საყური ოქროსაჲ ესხა მათ, რამეთუ ისმაიტელ იყვნეს.
და ჰრქუეს მათ: მიცემით მიგცეთ და განიპყრნა გედეონ სამოსელნი თჳსნი და შთაუგდებდა კაცად-კაცადი მუნ საყურსა ოქროჲსასა ნატყუენავისა მისგან.
და იყო სასწორი საყურებისაჲ მის ოქროჲსა, რომელ ითხოვა მათგან ათას და შჳდას სასწორ, თჳნიერ მანიაკებისა მის და მძივისა და სამოსლისა ძოწეულისა. და რაჲ-იგი იყო მეფეთა მათ მადიამისათაჲ, გარნა ფარიელებისა მის, რომელ-იგი იყო ყელსა აქლემებსა მათსა.
და შექმნა იგი გედეონ ევფუთად და დადგა იგი ქალაქსა თჳსსა ეფრაას, და მიიქცა ყოველი ისრაჱლი მსახურებად მუნ და ექმნა იგი გედეონს სახლსა მისსა საცთურ დიდ.
და დამდაბლდა მადიამი წინაშე ძეთა ისრაჱლისათა. და ვერღარა შესძინეს აღებად თავისა მათისა. და დამშჳდნა ქუეყანაჲ ორმეოც წელ დღეთა გედეონისთა.
და წარვიდა იერობოალ, ძე იოასისი, ესე თავადი არს გედეონ, და დაემკჳდრა სახლსა თჳსსა.
და გედეონისნი იყუნეს ძენი სამეოცდაათ, რომელნი გამოსრულ იყუნეს წყჳლთაგან მისთა, რამეთუ ცოლნი მრავალნი ესხნეს მას.
და ხარჭმან მისმან, რომელი იყო საკიმას, უშვა მას მანცა ძე და უწოდა სახელი მისი აბიმელექ.
და მოკუდა გედეონ, ძე იოასისი, სიბერითა კეთილითა და დაეფლა საფლავსა იოასისსა მამისა თჳსისასა ეფრაას, მამისა ეზრისსა.
და იყო, ვითარცა მოკუდა გედეონ, გარდაიქცეს ძენი ისრაჱლისანი, და ისიძვიდეს კუალსა ბაალიმისსა და დაიდვეს თავისა თჳსისა ბალბერეთის თანა აღთქმაჲ, რათა იყოს იგი მათდა ღმერთად.
და არა მოიჴსენეს ძეთა ისრაჱლისათა უფალი ღმერთი მათი, რომელმან იჴსნნა იგინი ჴელთაგან მტერთა მათთასა გარემოჲს.
და არა ყვეს წყალობაჲ სახლსა იერობოალისსა, ესე იგი არს გედეონ ყოვლისა მისებრ, რომელ ყო კეთილი ისრაჱლსა თანა.