ლოცვანი
აპლიკაცია

მსაჯულნი, თავი 18

1

იმ ხანებში ისრაელს მეფე არ ჰყავდა. იმ ხანებში დანის ტომი თავის წილხვდომილს დაეძებდა, რომ იქ დასახლებულიყო, რადგან ჯერაც არ ხვდომოდა წილი ისრაელის ტომთა შორის.

2

ხუთი კაცი გაგზავნეს დანიანებმა თავიანთი ტომიდან, ცორელები და ეშთაოლელები, მაგარი ვაჟკაცები, რომ მხარე დაევლოთ და დაეზვერათ. უთხრეს, წადით და მხარე დაზვერეთო. მივიდნენ ეფრემის მთაში მიქას სახლთან და ღამე იქ გაითიეს.

3

მიქას სახლთან ყოფნისას ეცნოთ ყმაწვილი ლევიანის ხმა, შევიდნენ და ჰკითხეს: აქ ვინ მოგიყვანა, არას აკეთებ, რა გინდა აქ?

4

მიუგო: ასე და ასე მომირიგდა მიქა, დამიქირავა და მღვდლად დამიყენა.

5

უთხრეს: ჰკითხე ღმერთს, გვინდა ვიცოდეთ, იღბლიანი იქნება თუ არა ჩვენი გზა, რომელსაც ვადგავართ?

6

უთხრა მღვდელმა: მშვიდობით ივლით, უფალი გიფარავთ თქვენს გზაზე, რომელსაც ადგახართ.

7

წავიდა ეს ხუთი კაცი, მივიდა ლაიშში და ნახა: ცხოვრობს იქ ხალხი უზრუნველად, ციდონელთა წესის მიხედვით, წყნარი და უზრუნველი, ქვეყანაზე არავინ აწუხებს, არავინ ებატონება, ციდონელებისგან მოწყვეტილია და არა ხალხთან არა აქვს საქმე.

8

მობრუნდნენ მოძმეებთან, ცორასა და ეშთაოლში. ჰკითხეს მოძმეებმა: რა ამბავი მოგაქვთ?

9

მიუგეს: ავდგეთ და გავილაშქროთ მათზე, რადგან ვნახეთ მათი მხარე და ძალიან კარგი იყო, თქვენ კი არაფერს ჰღონობთ. ნუღა დაბრკოლდებით, წადით და დაიმკვიდრეთ ის მხარე.

10

მიხვალთ და უზრუნველ ხალხს წააწყდებით. გაშლილი მხარეა და ღმერთს თქვენთვის მოუცია იგი. ისეთი ადგილია, არაფერი რომ არ აკლია ქვეყანაზე.

11

გაემართა იქიდან დანისტომელთა ერთი ნაწილი, ცორელები და ეშთაოლელები, საომრად შეჭურვილი ექვსასი კაცი.

12

წავიდნენ და კირიათ-იეყარიმში, იუდაში, დაბანაკდნენ. ამიტომ ეძახიან დღემდე იმ ადგილს დანის ბანაკს. იგი კირიათ-იეყარიმის გადაღმაა.

13

იქიდან ეფრემის მთაში ავიდნენ და მიქას სახლს მიადგნენ.

14

იმ ხუთმა კაცმა, ლაიშის მხარე რომ დაზვერა, უთხრა თანამოძმეებს: თუ იცით, რომ ერთ-ერთში ამ სახლთაგან არის ეფოდი, თერაფიმი, ქანდაკი და ჩამოსხმული კერპი? ჰოდა, მოიფიქრეთ, როგორ მოვიქცეთ.

15

გაუხვიეს იქით და შევიდნენ ყმაწვილი ლევიანის სახლში, მიქას სახლში, და მშვიდობით მოიკითხეს.

16

ექვსასი კაცი დანისტომელი, საომრად შეჭურვილი, ჭიშკართან იდგა.

17

ავიდა ის ხუთი კაცი, მხარე რომ დაზვერა, შევიდა შიგნით, აიღო ქანდაკი, ეფოდი, თერაფიმი და ჩამოსხმული კერპი. მღვდელი ჭიშკართან იდგა საომრად შეჭურვილი ექვსასი კაცის გვერდით.

18

მიქას სახლში შევიდნენ ისინი და აიღეს ქანდაკი, ეფოდი, თერაფიმი და ჩამოსხმული კერპი. უთხრა მათ მღვდელმა: რას სჩადიხართ!

19

მიუგეს: გაჩუმდი, პირზე ხელი აიფარე და წამოგვყევი, გაგვიხდი მამად და მღვდლად. რა გირჩევნია, ერთი კაცის მღვდლობა თუ ისრაელის ტომისა და მოდგმის მღვდლობა?

20

გაუხარდა მღვდელს, აიღო ეფოდი, თერაფიმი, ქანდაკი და გაჰყვა იმ ხალხს.

21

გაბრუნდნენ ისინი და გზას გაუდგნენ. ქალები და ბავშვები, საქონელი და ტვართი წინ გაუშვეს.

22

გამოცილებული იყვნენ მიქას სახლს, რომ შეიყარნენ მიქას კარის მეზობლები და უკან გამოუდგნენ დანიანებს.

23

მიჰყვიროდნენ დანიანებს. მოიხედეს დანიანებმა და უთხრეს მიქას: რა მოგივიდა, რა გაყვირებს?

24

უთხრა: მომტაცეთ ჩემი გაკეთებული ღმერთები, ჩემი მღვდელი და წახვედით, სხვა რაღა უნდა მომხდარიყო? როგორღა მეუბნებით, რა მოგივიდაო?

25

დანიანებმა უთხრეს: აღარ გავიგონოთ შენი ხმა, თორემ გამწარდება ზოგიერთი ჩვენგანი, გამოგენთებათ და დაღუპავ შენს თავსაც და შენიანებსაც.

26

წავიდნენ დანიანები თავიანთი გზით. დაინახა მიქამ, რომ მასზე ძლიერები იყვნენ ისინი, გატრიალდა და შინ დაბრუნდა.

27

წაიღეს მიქას ნაკეთობანი და მისი მღვდელიც თან წაიყვანეს. დაეცნენ ლაიშში წყნარ და უზრუნველ ხალხს, მახვილით მოსრეს და ცეცხლს მისცეს ქალაქი.

28

არავინ აღმოჩნდა მისი მშველელი, რადგან ციდონისგან შორს იყო და არა ხალხთან არ ჰქონდა საქმე. ეს ქალაქი ვაკეზე მდებარეობდა ბეთ-რეხობის ახლოს. ხელახლა ააშენეს ქალაქი, დასახლდნენ მასში.

29

თავიანთი მამის, დანის, ისრაელის ძის, სახელობაზე უწოდეს დანი, მანამდე კი ქალაქს ლაიში ერქვა.

30

დაიდგეს ქანდაკი დანიანებმა. იმ მხარის გადასახლებამდე დანისტომელთა მღვდლები იყვნენ იონათანი, ძე გერშომისა, მენაშეს ძისა, თავად იგი და მისი შთამომავლები.

31

ედგათ მიქას გაკეთებული ქანდაკი მთელი ის ხანი, სანამ ღვთის სახლი სილოამში იყო.

1

და დღეთა მათ ოდენ ტომი დანისი ეძიებდა სამკჳდრებელსა თავისა თჳსისასა დამკჳდრებად, რამეთუ არღა ეცა მათ ნაწილი ვიდრე მოდღენდელად დღედმდე შორის ძეთა ისრაჱლისათა.

2

და წარავლინეს ძეთა დანისთა გუნდისაგან მათისა ხუთნი კაცნი ძენი ძლიერებისანი სასარაჲთ და ესთაულით განმსტურობად ქუეყანისა და ძიებად მისა. და ჰრქუეს მათ: წარვედით და იძიეთ ქუეყანაჲ! და მიიწინეს მთასა ეფრემისსა ვიდრე სახლადმდე მიქაჲსა და დაადგრეს მუნ.

3

და ვითარ იყვნეს იგინი სახლსა შინა მიქაჲსსა, იცნეს მათ ჴმაჲ იგი ყრმისა მის ლევიტელისაჲ, და მიაქციეს მუნ და ჰრქუეს: ვინ მოგიყვანა შენ აქა? და შენ რასა ზამ და რაჲ ძეს შენი აქა?

4

და ჰრქუა მათ: ესრე და ესრეთ მიყო მიქა და სასყიდლით დამიდგინა მე და ვიქმენ მისა მღდელად.

5

ხოლო მათ ჰრქუეს მას: გჳკითხეღა ჩუენ ღმერთისა მიერ და ვცნათ, უკუეთუ წარგუემართოს ჩუენ გზაჲ იგი ჩუენი, რომელსა მივალთ ჩუენ მუნ!

6

და ჰრქუა მათ მღდელმან მან: წარვედით მშჳდობით, რამეთუ წინაშე უფლისა არს გზაჲ თქუენი, რომელსა მიხუალთ თქუენ მუნ.

7

და წარვიდეს ხუთნი იგი კაცნი და მიიწინეს ვიდრე ლესადმდე. და იხილეს ერი იგი დამკჳდრებული მას ზედა და მსხდომარე სასოებით მსგავსად წესისა მის სიდონელთაჲსა დაყუდებულად გულდებულად, და ვერ შემძლებელ იყუნეს თხრობად ვისამე სიტყჳსა, რამეთუ. შორს იყუნეს სიდონისაგან. და სიტყუაჲ არა დაედვა მათ ასურეთისა თანა.

8

და მოვიდეს ხუთნი ესე კაცნი ძმათა მათთა სარაად და ესთაოლდ. და ჰრქუეს ძმათა მათთა: რაჲსათჳს სდუმთ თქუენ და სხედთ?

9

აღდეგით და აღხჳდეთ მათ ზედა და რამეთუ ვიხილეთ ჩუენ ქუეყანაჲ იგი და იგი კეთილ არს ფრიად. და თქუენ სდუმთ და სხედთ, ნუ გცონის მისლვად და შესლვად. ქუეყანასა მას და დამკჳდრებად მისა.

10

და რაჟამს მიხჳდეთ თქუენ, მიუჴდეთ ერსა, რომელი სასოებით სხდეს, და ქუეყანაჲ იგი ფართო არს ფრიად, რამეთუ მოგცა იგი უფალმან ჴელთა თქუენთა ადგილი ეგე, რომლისა ნაკლულევანებაჲ არა არს მუნ ყოვლისავე კეთილისაჲ, რავდენ-რაჲ არს ქუეყანასა ზედა.

11

და წარმოიძრნეს მიერ ნათესავისაგან ტომისა დანისნი სარაჲთ და ესთუალთ ექუსასნი კაცნი შეჭურვილნი ჭურჭლითა საბრძოლისაჲთა.

12

და აღმოვიდეს და დაიბანაკეს კარიათიარიმს, ქუეყანასა იუდაჲსა, ამისთჳს ეწოდა სახელი ადგილისაჲ მის საბანაკოჲ დანისი ვიდრე აქა დღედმდე, რომელ-იგი არს ზურგით კერძო კარიათიარიმსა.

13

და წარვიდეს მიერ ვიდრე მთადმდე ეფრემისა.

14

და მიიწინეს ვიდრე სახლადმდე მიქაჲსა. და მიუგეს და ჰრქუეს ხუთთა მათ კაცთა, რომელნი წარსულ იყუნეს განმსტურობად ქუეყანისა და უთხრეს ძმათა მათთა: უკუეთუ უწყით, რამეთუ არს სახლთა ამათ შინა ევფუდი და თერაფინი და გამოქანდაკებული და შებერული? და აწ განიზრახეთ, რაჲ ვყოთ!

15

და მიაქციეს მუნ და შევიდეს სახლსა მას ყრმისა მის ლევიტელისა სავანედ მიქაჲსა და მოიკითხეს იგი მშჳდობით.

16

და ექუსასნი იგი კაცნი ჭურვილნი საჭურველითა საბრძოლისა მათისაჲთა დგეს ბჭეთა ზედა სახლისა მისისაჲთა ძეთაგან დანისთა.

17

და აღვიდეს ხუთნი იგი კაცნი, რომელნი წარსრულ იყუნეს განმსტურობად ქუეყანისა და შევიდეს მუნ და გამოიღეს ევფუდი იგი და თერაფინი და კერპი იგი გამობერული. და მღდელი დგა წინაშე კართა ზედა მის ბჭისათა და ექუსასნი კაცნი, რომელთა ემოსა საჭურველი ბრძოლისაჲ.

18

და ესენი შესრულ იყუნეს სახლსა მიქაჲსსა და გამოიღეს კერპი იგი და ევფუდი და თერაფინი და გამობერული იგი. და ჰრქუა მათ მღდელმან მან: რად ეგრე, ანუ რაჲსა ეგრე ჰზამთ?

19

ხოლო მათ ჰრქუეს: დუმენ და დაიდევ ჴელი პირსა შენსა და მოვედ შენ ჩუენ თანა, და მექმენ ჩუენ მამა და მღდელ! ესე ნუ უმჯობეს არსა შენდა მღდელობაჲ სახლისა კაცისა ერთისაჲ, ანუ მღდელობაჲ ტომისა თავადისაჲ და ნათესავისა ერისა ისრაჱლსა შორის?

20

და განმხიარულდა გული მღდელისაჲ მის და მოიღო ევფუდი იგი და თერაფინი და გამოქანდაკებული იგი და გამობერული, და შევიდა იგი შორის ერისა მის.

21

და მიაქციეს და წარვიდეს და დასცეს ყოვლად სახლი იგი და მონაგები მისი დიდებული, რომელი იყო წინაშე მათსა.

22

და იგინი ვითარ გან-ოდენ-ეშორნეს სახლსა მას მიქაჲსა, ღაღადებდეს და ეწეოდეს ძეთა დანისთა.

23

და მოიქცინეს ძეთა დანისთა პირნი მათნი, და დადგეს

24

და ჰრქუეს მიქას: რაჲ ჰყავ შენ, რამეთუ ჰღაღადებ? და ჰრქუა მათ მიქა: რამეთუ ღმერთნი ჩემნი, რომელ ვიქმნენ თავისა ჩემისად, წარიხუენათ და მღდელი იგი წარიყუანეთ, და წარხუალთ და ჩემდა რაჲღა აწ? და მეტყჳ მე, რაჲსა ჰღაღადებ?

25

და ჰრქუეს მას ძეთა დანისთა: ნუღარა ისმის ჴმაჲ შენი, ნუუკუე გემთხჳნენ თქუენ კაცნი ტკივნეულნი გულითა და დართო თავი შენი და თავი სახლისა შენისაჲ.

26

და წარვიდეს ძენი დანისნი გზასა თჳსსა და ვითარცა იხილა მიქა, რამეთუ უძლიერეს არიან მისა, და მოიქცა იგი სახიდ თჳსა.

27

და მათ წარიღეს, რავდენ-რაჲ ექმნა მიქას, და მღდელი იგი მისი და მივიდეს იგინი ლესად ერსა ზედა დაყუდებულსა და მსხდომარესა სასოებით. და მოსრეს იგი პირითა მაჱჳლისაჲთა და ქალაქი იგი მოწუეს ცეცხლითა.

28

და არა ვინ იყო მათა განმარინებელ, რამეთუ შორს იყუნეს სიდონელთაგან. და სიტყუაჲ არა დაედვა მათ კაცისა ვის თანამე. და ესე იყო ღელესა მას შიდა სახლისა ჰროობისსა და აღაშენეს ქალიქი იგი და დაემკჳდრნეს მას შინა.

29

და უწოდეს სახელი ქალიქისა მის დანისი მსგავსად სახელისა მის დანისი, მამისა მათისა, რომელი-იგი იქმნა ისრაჱლისად და იყო პირველ სახელი ქალაქისაჲ მის ლეს.

30

და აღმართეს თავისა თჳსისა ძეთა დანისთა გამოქანდაკებული იგი მათი. და იონათან და ძენი მისნი იყუნეს მღდელ ტომისა მის დანისა ვიდრე წარტყუენადმდე ქალაქისა და აღჰმართეს და დააწესეს თავსა მათისა გამოქანდაკებული იგი მიქაჲსა, რომელი-გი ექმნა მას ყოველთა, რავდენთა იყო ტაძარი იგი ღმრთისაჲ სელომს.

31

123456789101112131415161718192021