მსაჯულნი, თავი 17
იყო კაცი ვინმე ეფრემის მთაში, სახელად მიქაიეჰუ.
უთხრა დედას: შენ რომ ათას ასი ვერცხლი წაგიღეს, რომლის გამოც ჩემი თანდასწრებით წყევლა წარმოთქვი, ჩემთანაა ეს ვერცხლი, ჩემი აღებულია. თქვა დედამისმა: დაილოცოს უფლისაგან ჩემი შვილი.
დაუბრუნა დედას ათას ასი ვერცხლი. თქვა დედამისმა: ჩემი ხელით შემიწირავს ეს ვერცხლი უფლისათვის ჩემი შვილის სახელზე ქანდაკისა და ჩამოსხმული კერპის გასაკეთებლად. აჰა, შენთვის დამიბრუნებია.
როცა დაუბრუნა ვერცხლი დედამისს, აიღო დედამისმა ორასი ვერცხლი, მიუტანა გადამდნობელს, ქანდაკი და ჩამოსხმული კერპი გააკეთებინა და იდგა ისინი მიქაიეჰუს სახლში.
ჰქონდა ამ კაცს, მიქას, ღვთის სახლი. გააკეთა მან ეფოდი და თერაფიმი, აუვსო ხელი თავის ერთ-ერთ ვაჟს და ჰყავდა იგი მღვდლად.
იმ დროს ისრაელს მეფე არ ჰყავდა და ვისაც რა უნდოდა, იმას სჩადიოდა.
ცხოვრობდა ერთი ყმაწვილი იუდას ბეთლემში, იუდას ტომში, ლევიანი იყო და იქ მდგმურობდა.
წავიდა ეს კაცი იუდას ბეთლემიდან, რომ სადმე მდგმურად დამდგარიყო, სადაც მოუხვდებოდა და, თავის გზით მიმავალი, ეფრემის მთაში მიქას სახლს მოადგა.
უთხრა მიქამ: საიდან მოდიხარ? მან მიუგო: ლევიანი ვარ, იუდას ბეთლემიდან, დავდივარ, რომ სადმე მდგმურად დავდგე, სადაც მომიხდება.
უთხრა მიქამ: დარჩი ჩემთან, გამიხდი მამად და მღვდლად. წლიურად ათ ვერცხლს მოგცემ, შესამოსელს და სარჩოს. მივიდა ლევიანი.
და გადაწყვიტა ლევიანმა, დარჩენილიყო ამ კაცთან. და გახდა ყმაწვილი მისთვის, როგორც ერთი შვილთაგანი.
აუვსო ხელი მიქამ ლევიანს, გახდა ყმაწვილი კაცი მისი მღვდელი და ცხოვრობდა მიქას სახლში.
თქვა მიქამ: ახლა კი ვიცი, სიკეთეს მომაგებს უფალი, რადგან ლევიანი მყავს მღვდლად.
და იყო კაცი მთისა ეფრემისი და სახელი მისი მიქა.
და ჰრქუა დედასა თჳსსა: ათასი იგი ფასი, რომელი მოგართუეს შენ, და მაფუცე და მარქუ ყურთა ჩემთა, აჰა ესერა, ვეცხლი იგი ჩემ თანა არს, მე მოვიღო იგი. და ჰრქუა დედამან თჳსმან: კურთხეულ არს ძე ჩემი უფლისა მიერ!
და კუალად მისცა ათასდაასი იგი ვეცხლი დედასა თჳსსა. და თქუა დედამან მისმან: განწმედით განწმიდე ვეცხლი იგი უფლისათჳს ჴელთაგან ჩემთა თჳსაგან საქმედ გამოქანდაკებული და გამოდნობილი, და აწ მიგცე შენ იგი დედასა თჳსსა.
და მოიღო დედამან მისმან ორასი ვეცხლი და მისცა იგი მჭედელსა და შექმნა იგი კერპად გამობერილად. და იყო იგი სახლსა შინა მიქაჲსსა.
და სახლი იგი მიქაჲსი იყო სახლად ღმრთისა. და ქმნა ევფუდი და თერაფინი და აღავსო ჴელი ერთისა ძისა მისთაგანისაჲ და იყო იგი მისა მღდელად.
მათ დღეთა შინა არა იყო მეფე ისრაჱლსა შორის, რამეთუ კაცი ნებასა თავისა თჳსისასა თუალთა წინაშე მისთა იქმოდა.
და იყო ყრმაჲ ერთი ბეთლემელი იუდასაჲ ნათესავისაგან ტომისა იუდაჲსი. და ესე იყო ლევიტელი და მწირობდა იგი მუნ.
და წარვიდა კაცი იგი ქალაქისაგან იუდაჲსა ბეთლემით მწირობად, სადაცამცა პოვა და მოვიდა ვიდრე მთადმდე ეფრემისა და ვიდრე სახიდმდე მიქაჲსა მიგზავნებით გზისა თჳსისა.
და ჰრქუა მას მიქა: ვინა მოხვალ? და მან ჰრქუა: მე ვარ ლევიტელი ბეთლემით, რომელ არს იუდაჲსა, მივალ მწირობად.
და ჰრქუა მას მიქა: დაადგერ შენ ჩემ თანა და მექმენ მე მამაჲ და მღდელ და მე მიგცე შენ ათი ვეცხლი დღეთა წელიწადისათა და სამოსელი და საზრდელი შენი.
და შევიდა ლევიტელი იგი და დაადგრა მკუდრობად კაცისა მის თანა და იყო ყრმაჲ იგი მისა, ვითარცა ერთი ძეთა მისთაგანი.
და აღავსო მიქა ჴელი ლევიტელისაჲ და იყო ყრმაჲ იგი მისა მღდელად და იყოფოდა სახლსა შინა მიქაჲსსა.
და თქუა მიქა: აწ გულისჴმა-ვყავ, ვითარ კეთილი მიყო მე უფალმან, რამეთუ მექმნა მე ლევიტელი ესე.