ლოცვანი
აპლიკაცია

მსაჯულნი, თავი 7

1

ადგა დილით იერობაალი, იგივე გედეონი, აგრეთვე მასთან მყოფი მთელი ხალხი, და ქაროდის ხევში დაბანაკდა. მიდიანის ბანაკი მისგან ჩრდილოეთით იყო, მორეს ბორცვთან, ვაკეზე.

2

უთხრა უფალმა გედეონს: ძალზე ბევრი ხალხი გვყავს. არ ჩავაგდებ ამათ ხელში მიდიანს, რომ არ გამიდიდგულდეს ისრაელი, არ თქვას, ჩემმა ხელმა მიხსნაო.

3

ამიტომ გამოუცხადე ხალხს და უთხარი: ვინც შეშინებულია და კანკალებს, უკან გაბრუნდეს, წავიდეს გალაადის მთიდან. ოცდაორი ათასი კაცი უკან გაბრუნდა, ხოლო ათი ათასი დარჩა.

4

უთხრა უფალმა გედეონს: მაინც ბევრია ხალხი. წყალზე ჩაიყვანე და იქ გამოგირჩევ მათ. ვისზეც გეტყვი, გამოგყვეს-მეთქი, ის გამოგყვეს, ვისზეც გეტყვი, ნუ გამოგყვება-მეთქი, ნუ გამოგყვება.

5

ჩაიყვანა მან ხალხი წყალზე. უთხრა უფალმა გედეონს: ვინც ენით შესვლეპს წყალს, როგორც ძაღლები სვლეპენ, ცალკე დააყენე, აგრეთვე ისინიც, ვინც ჩაიმუხლებს და ისე დალევს.

6

ენით მსვლეპელთა რიცხვი სამასი იყო, დანარჩენმა ხალხმა ჩაიმუხლა და ისე დალია წყალი.

7

უთხრა უფალმა გედეონს: სამასი მსვლეპელით გიხსნით და ხელში ჩაგაგდებინებთ მიდიანს, დანარჩენი ხალხი შინ წავიდეს.

8

გამოართვეს ხალხს საგზალი და ბუკები. ყველა ისრაელიანი თავ-თავის კარავში გაისტუმრა გედეონმა, მხოლოდ სამასი კაცი დაიტოვა. მიდიანის ბანაკი მის ქვემოთ იყო, ვაკეზე.

9

უთხრა უფალმა იმ ღამით გედეონს: ადექი და დაეცი ბანაკს.

10

თუ მარტო ჩასვლის გეშინია, მაშინ შენს მსახურ ფურასთან ერთად ჩადი ბანაკში.

11

მოისმენ, რასაც იტყვიან, გული მოგეცემა, დაეცემი ბანაკს. ჩავიდნენ ის და მისი მსახური ფურა იქ, სადაც ბანაკში მყოფი შეიარაღებული ხალხი იდგა.

12

მიდიანი, ყამალეკი და კედემიანები ვაკეზე იყვნენ დაბანაკებულნი, კალიასავით ურიცხვნი. თვლა არ ჰქონდა მათ აქლემებს. იმდენი იყვნენ, როგორც ზღვაში ქვიშა.

13

მივიდა გედეონი და, აჰა, ერთი მათგანი სიზმარს უყვება მეორეს და ამბობს: მესიზმრა, ვითომ ქერის პურის კოკორი დაგორავდა მიდიანის ბანაკში, კარავთან მიგორდა, დაეჯახა და დასცა, და დაემხო კარავი.

14

მეორე გამოეპასუხა: ეს სხვა რა უნდა იყოს, თუ არა გედეონის მახვილი, იოაშის ძისა, ისრაელიანისა. მის ხელში ჩაუგდია ღმერთს მიდიანი და მთელი ბანაკი.

15

როცა გედეონმა ეს სიზმარი და მისი ახსნა მოისმინა, თაყვანი სცა უფალს, აბრუნდა ისრაელიანთა ბანაკში და თქვა: ადექით, ხელში ჩაგიგდოთ უფალმა მიდიანის ბანაკი.

16

დაჰყო სამასი კაცი სამ რაზმად. ხელთ ყველას ბუკები და ცარიელი დოქები მისცა, დოქებში ანთებული კვარები ჩააწყობინა.

17

უთხრა: მიყურეთ და თქვენც იგივე აკეთეთ. აჰა, დავიძრები ბანაკისაკენ და რასაც მე ვიზამ, თქვენც იგივე ჰქენით.

18

როცა ბუკებს დავკრავთ მე და ჩემთან მყოფნი, თქვენც ბუკებს დაჰკარით მთელი ბანაკის ირგვლივ და იყვირეთ. უფლისთვის და გედეონისთვის!

19

მივიდა ბანაკთან გედეონი და მასთან მყოფი ასი კაცი, როცა შუა სახმილავი იწყებოდა და გუშაგები იცვლებოდნენ. ასტეხეს ბუკისცემა და დაამსხვრიეს დოქები, ხელში რომ ეჭირათ.

20

ბუკსა ჰკრა სამივე რაზმმა და დაამსხვრია დოქები. მარცხენა ხელში კვარები ეჭირათ, მარჯვენაში - ბუკები. ახმიანებდნენ და გაჰყვიროდნენ: მახვილები უფლისთვის და გედეონისთვის!

21

ყველა თავ-თავის ადგილას იდგა ბანაკის გარშემო. აიშალა მთელი ბანაკი, ღრიალებდნენ და აქეთ-იქით აწყდებოდნენ.

22

ვიდრე სამასი კაცი ბუკებს სცემდა, უფალმა ერთმანეთზე აღამართვინა მახვილი მთელ ბანაკს. უკუიქცა ლაშქარი ბეთშიტამდე, ცერარის მხრისკენ, და აბელმექოლის საზღვრებამდე, ტაბათს იქით.

23

გამოვიდნენ დაძახილზე ისრაელიანები ნაფთალიდან, აშერიდან, მთელი მენაშედან და დაედევნენ მიდიანს.

24

კაცები დაგზავნა გედეონმა ეფრემის მთაში და შეუთვალა: ჩამოდით, წინ დაუხვდით მიდიანს, ბეთბარამდე გადაუჭერით ფონები და იორდანე. გამოვიდა მთელი ეფრემი მის დაძახილზე და ბეთბარამდე გადაუჭრეს ფონები და იორდანე.

25

შეიპყრეს მიდიანის ორი მთავარი, ყორები და ზეები. ყორები ყორების კლდეზე მოკლეს, ზეები ზეების ხევში და დაედევნენ მიდიანს. ყორებისა და ზეების თავები კი გედეონთან მოიტანეს იორდანეს გაღმიდან.

1

და აღიმსთო იერობოალ, (ესე იგი თავადი არს გედეონ), და ყოველმან ერმან მის თანა და დაიბანაკეს წყაროსა მას ზედა არედისასა; და მადიამი იყო ბღუარით და ამალეკ იყო ჩრდილოთ გაბთანისა ველსა.

2

და ჰრქუა უფალმან გედეონს: ფრიად არს ერი ეგე შენ თანა, რათა არა მივსცე მე მადიამი ჴელთა მათთა, ნუუკუე იქადოს ჩემ ზედა ისრაჱლმან, ვითარმედ ჴელმან ჩემმან მიჴსნა მე.

3

ეტყოდე შენ ყურთა მიმართ მაგის ერისათა და არქუ: უკუეთუ ვინმე არს მოშიში გულითა, უკუნიქეცინ და განვიდეს მთისა მისგან გალადისა. და უკუნიქცა ერი მისგანი ოცდაორი ათასი, და ათ ათასნი დაშთეს.

4

და ჰრქუა უფალმან გედეონს: ფრიადღა არს ერი ეგე შენ თანა. შთაიყვანენ ეგენი მდინარესა მას და გამოცადენ ეგენი მუნ, და იყოს, რომლისა გრქუა შენ, ვითარმედ: ესე წარვიდეს შენ თანა, იგი წარვედინ, და ყოვლისა, რომლისა გრქუა შენ, ვითარმედ: არა წარვიდეს შენ თანა, იგი ნუ წარვალნ შენ თანა.

5

და შთაიყვანა ერი იგი წყალსა მას და ჰრქუა უფალმან გედეონს: ყოველმან, რომელმან წბას ენითა თჳსითა წყლისა მისგან, იგი წბის ძაღლმან. დაადგინნე იგინი თჳსაგან და ყოველი, რომელი მოდრკეს მუჴლთა თჳსთა ზედა სუმად წყლისა, გან-რე-ადგინო იგი.

6

და იყო ყოველი რიცხჳ, რომელთა წბეს ენითა მათითა, სამას ოდენ კაც, და სხუაჲ იგი ყოველი ერი მოდრკა მუჴლთა თჳსთა ზედა სუმად წყლისა.

7

და ჰრქუა უფალმან გედეონს: სამასითა ამით კაცითა, რომელთა წბეს ენითა მათითა, გიჴსნე თქუენ და მოვსცე მადიამი ჴელთა შენთა; და ყოველივე იგი ერი წარვედინ ადგილად თჳსა.

8

მოიღეს საგზალი ერისაჲ მის ჴელითა მათითა და ნესტუები იგი მათი რქისაჲ და ყოველი ისრაჱლი წარავლინა კაცად-კაცადი საყოფლად თჳსა, ხოლო სამასნი იგი კაცნი დაიყენნა და ბანაკი იგი მადიამაჲსი იყო ქუემო კერძო მისა ღვლესა მას შიდა.

9

და იყო მას ღამესა და ჰრქუა უფალმან გედეონს: აღდეგ და შთავედ ბანაკსა მას მადიამისა, რამეთუ მიგეც იგი ჴელთა შენთა.

10

უკუეთუ გეშინის შენ მარტოსა, შთავედ შენ და ფარა, მონაჲ ეგე შენი, ბანაკად.

11

და გესმეს, რასა-იგი იტყოდიან, და ამისსა შემდგომად განძლიერდენ. ჴელნი შენნი და მიუჴდენ ბანაკსა მას. და შთავიდა იგი და ფარა, მონაჲ მისი, ერთკერძოჲსა მისგან ერგასისისა, რომელნი იყვნეს მის ბანაკისანი.

12

და მადიამი და ამალეკი და ყთველნივე ძენი მზისაღმოსავალისანი დაბანაკებულ იყვნენ ღელესა მას შიდა, ვითარცა მკალი სიმრავლითა და აქლემებისა მათისა არა იყო რიცხჳ, არამედ იყვნეს, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ სიმრავლითა.

13

და შევიდა გედეონ ბანაკსა მას. და, აჰა ესერა, კაცი უთხრობდა ჩუენებასა მოყუასსა თჳსსა, ვითარმედ: ვიხილე ჩუჱნებაჲ და, აჰა ესერა, ჴუეზაჲ პური ქრთილისაჲ გორვიდა ბანაკსა მადიამისასა და მოიწია ვიდრე კარვებადმდე მადიამისა, და ეკუეთა და დაამჴუნა იგინი.

14

მიუგო მოყუასმან მან თჳსმან და ჰრქუა: არა არს ეგე სხუაჲ, არამედ მახჳლი გედეონისი, ძისა იოასისი, კაცისა ისრაიტელისა, რამეთუ მისცა ღმერთმან ჴელსა მისსა მადიამი და ყოველი ესე ბანაკი.

15

და იყო, ვითარცა ესმა გედეონს თხრობაჲ იგი ჩუენებისაჲ მის და შეტყუებაჲ მისი, თაყუანის-სცა უფალსა და მოაქცია ბანაკად ისრაჱლისა და ჰრქუა მათ: აღდეგით, რამეთუ მოსცა უფალმან ბანაკი მადიამისაჲ ჴელთა ჩუენთა.

16

და განყო სამასი იგი კაცი სამად გუნდად და მისცა ნესტუ რქისა ჴელთა მათ ყოველთასა და ჩაფები ახლები და ლამპრები ჩაფებსა მას შიდა.

17

და ჰრქუა მათ: ჩემგან იხილეთ, ვითარ-იგი ვყო და თქუენცა ეგრევე ყავთ, და მე შევიდე შორის ბანაკსა მას, და იყოს, ვითარ-იგი ვყო, და თქუენცა ეგრევე ყავთ.

18

დავჰბერო ნესტუსა მას რქისასა და ყოველთავე ჩემ თანა დაჰბერეთ ნესტუსა თქუენსა გარემოჲს და თქუან: მახჳლი უფლისაჲ და გედეონისი.

19

და შევიდა გედეონ და ასი კაცი მის თანა ერთკერძო ბანაკსა მას, ვითარ ეწყო ოდენ მჴუმელთა მათ შუვა ღამე და განმაღჳძებელნი იგი აღ-ვე-აღჳძებდეს მჴუმილთა მათ, ხოლო მათ დაჰბერეს ნესტუსა მას რქისასა და განყარნეს ჩაფნი იგი ჴელთაგან მათთა.

20

და დაჰბერა სამმანვე მან გუნდმან ნესტუსა მას რქისასა. და შემუსრეს ჩაფები იგი და მიიღეს ჴელითა მარცხენითა მათითა ლამპრები იგი აღნთებული და ჴელითა მარჯუენითა ნესტუები იგი რქისაჲ. და ჰბერვიდეს, ღაღადყუეს და თქუეს: მახჳლი უფლისაჲ და გედეონისი.

21

და დადგა კაცად-კაცადი თჳსაგან გარემოის ბანაკსა მას. და რბიოდა ყოველივე იგი ბანაკი, და აუწყებდეს და ივლტოდეს.

22

და ჰბერვიდეს სამასსავე მას ნესტუსა რქისასა. და დასდვა უფალმან მახჳლი კაცისაჲ მოყუასსა თჳსა ზედა ყოველსავე მას ბანაკსა.

23

და ივლტოდა ბანაკი იგი ვიდრვ ბეთასეპადმდე და ვიდრე კიდედმდე საბილმაულისა და ტაბეთად. და აღიზახა კაცმან ისრაჱლისამან ლეფთალემით გამო და ასერით და ყოვლისაგან მანასესა და დევნა-უყუეს შემდგომად მადიამისა.

24

და მოციქულნი წარავლინნა გედეონ ყოველთა საზღუართა ეფრემისათა და ჰრქუა: გარდამოვედით შემთხუევად მადიამისა და დაიპყართ წიაღსავალი იგი ვიდრე ბეთბერადმდე და იორდანე. და აღიზახა ყოველმან კაცმან ეფრემისმან, და უსწრეს და დაიპყრეს წყალი იგი ვიდრე ბეთბერადმდე და იორდანე.

25

და შეიპყრნეს ორნი იგი მთავარნი მადიამისანი: ორებ და ზებ. და მოკლეს ორებ სურს შინა და ზებ მოკლეს იაკებზებს შინა და სდევდეს მადიამსა. და თავი ორებისი და ზეებისი მოართუეს გედეონს კაცთა მათ წიაღ იორდანესა.

123456789101112131415161718192021