მსაჯულნი, თავი 21
ფიცი დადეს ისრაელიანებმა მიცფაში და თქვეს: არც ერთმა ჩვენთაგანმა არ მიათხოვოს თავისი ასული ბენიამინიანს.
მივიდა ხალხი ბეთელში, საღამომდე ისხდნენ იქ ღვთის წინაშე, მაღალი ხმით მოთქვამდნენ და მწარედ ტიროდნენ.
ამბობდნენ: უფალო, ისრაელის ღმერთო, რად მოხდა ისეთი რამ ისრაელში, რომ დღეს მთელი ერთი შტო გამოაკლდა ისრაელს?
მეორე დღეს დილაადრიან ადგა ხალხი, ააგო იქ სამსხვერპლო, და აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი მიიტანა.
თქვეს ისრაელიანებმა: ვინ არ მოვიდა შესაკრებელში უფლის წინაშე ისრაელის შტოთაგან? რადგან დიდი წყევლა ჰქონდათ წარმოთქმული, სიკვდილით უნდა დასჯილიყო, ვინც არ გამოცხადდებოდა. უფლის წინაშე მიცფაში.
შეებრალათ ისრაელიანებს ბენიამინი, თავიანთი ძმა და თქვეს: მთელი ერთი შტო მოიკვეთა დღეს ისრაელიდან.
რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ დანარჩენებთან ცოლების თაობაზე, აკი უფალი დავიფიცეთ, რომ ჩვენს ასულებს არ გავათხოვებთო მათზე?
თქვეს: ვინმე ხომ არ დარჩა მოუსვლელი ისრაელის შტოთაგან უფლის წინაშე მიცფაში? აჰა, თურმე არავინ იყო მოსული გალაადის იაბეშიდან უფლის წინაშე ბანაკში, შესაკრებელში.
შეამოწმეს ხალხი, და აჰა, არავინ იყო იქ გალაადის იაბეშიდან.
გაგზავნა მათთან საზოგადოებამ თორმეტი ათასი კაცი, მაგარი ვაჟკაცები, უბრძანა: წადით და დედაწულიანად მახვილით მოსრეთ გალაადის იაბეშის მკვიდრნი.
ასე ჰქენით: ყოველი მამაკაცი და მამაკაცთან ნაწოლი ყოველი ქალი მოკალით.
ნახეს გალაადის მკვიდრთა შორის მამაკაცის საწოლის უნახავი ოთხასი ქალწული და მიიყვანეს ბანაკში, სილოამში, რომელიც ქანაანის მხარეშია.
კაცები - დაგზავნა მთელმა საზოგადოებამ, რომ მოლაპარაკებოდა რიმონის კლდეში მყოფ ბენიამინიანებს და ზავი გამოეცხადებინათ მათთვის.
დაბრუნდნენ მაშინ ბენიამინიანები და მისცეს ისრაელიანებმა ქალები, რომლებიც ცოცხალი დატოვეს გალაადის იაბეშის ქალთაგან, მაგრამ არ შეხვდა ყველას.
ნანობდა ხალხი ბენიამინის გამო, რომ დაანაკლისა უფალმა ისრაელი.
თქვეს საზოგადოების უხუცესებმა: როგორ მოვიქცეთ დარჩენილებთან ცოლების თაობაზე, რადგან ქალები ამოუწყდნენ ბენიამინს.
თქვეს: მემკვიდრეობა მიეცეს დარჩენილ ბენიამინიანებს, რომ შტო არ გაქრეს ისრაელიდან.
მაგრამ ჩვენს ასულებს ვერ მივათხოვებდი, რადგან ფიცი დასდეს ისრაელიანებმა და თქვეს: წყეული იყოს, ვინც ქალი მისცეს ბენიამინს.
თქვეს: აჰა, ყოველ წელიწადს საუფლო დღესასწაული იმართება სილოამში, რომელიც ბეთელის ჩრდილოეთით, ბეთელ-შექემის გზის აღმოსავლეთით. და ლებონის სამხრეთით მდებარეობს.
უბრძანეს ბენიამინიანებს: წადით და ვენახებში ჩასაფრდით.
თვალი გეჭიროთ და, როცა საფერხულოდ გამოვლენ სილოამელი ქალიშვილები, თქვენც გამოდით, თითოეულმა თითო საცოლე გაიტაცეთ სილოამელ ქალიშვილთაგან, და დაბრუნდით ბენიამინის მხარეში.
როცა მათი მამები ან ძმები საჩივლელად მოვლენ ჩვენთან, ჩვენ ვეტყვით: მიუტევეთ, რადგან ძალით წაიყვანეს ქალები, როგორც ომის დროს ხდება. ნებით რომ მოგეცათ, დამნაშავენი იქნებოდით.
ბენიამინიანები ასეც მოიქცნენ: თითოეულმა თითო საცოლე გაიტაცა მეფერხულეთაგან და ითხოვეს. მერე წავიდნენ და დაბრუნდნენ თავიანთ წილხვდომილში, ააშენეს ქალაქები და ცხოვრობდნენ შიგ.
მაშინ წავიდ-წამოვიდნენ იქიდან ისრაელიანები. თითოეული თავის შტოში და საგვარეულოში, ყველა თავის წილხვედრში დაბრუნდა იქიდან.
იმ დროში მეფე არა ჰყავდა ისრაელს, ვის როგორ უნდოდა, ისე იქცეოდა.
და კაცმან ისრაჱლისამან ფუცა მასეფას მას დღესა შინა და თქუა: კაცმან ჩუენგანმან არა მისცეს ასული თჳსი ბენიამენს ცოლად.
და წარმოვიდა ერი იგი და მოვიდეს ბეთლემდ. და დასხდა მუნ წინაშე უფლისა ვიდრე მწუხრადმდე და აღიღეს ჴმაჲ მათი და ტიროდეს ტირილითა დიდითა.
და თქუეს: რაჲსა, უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, იქმნა ესე ისრაჱლსა შორის, აჴოცად დღეს ისრაჱლსა შორის ნათესავი ერთი?
და იყო ხვალისაგან, და აღიმსთო ერმან მან და აღაშენეს საკურთხეველი და შეწირეს მსხუერპლები ცხორებისაჲ,
და თქუეს ძეთა ისრაჱლისათა: ვინ არა მოვიდა კრებულსა ამას ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა უფლისა? რამეთუ ფიცი იყო დიდი, რომელი არა მოვიდეს უფლისა მასეფად და თქუეს: სიკუდილით მოკუედინ იგი.
და ნუგეშინის-იცეს ძეთა ისრაჱლისათა ბენიამენისთჳს, ძმისა მათისა, და თქუეს: აღებულ არს დღეს ტომი ერთი ისრაჱლისაგან.
რაჲმე უყოთ მათ, რომელნი დაშთომილ არიან უცოლოდ, რამეთუ ჩუენ ვფუცეთ უფლისა, რამეთუ არა მივსცეთ მათ ცოლად ასულთაგანი ჩუენთა?
და თქუეს: ვინმე არს ერთი ტომი ნათესავისაგან ისრაჱლისა, რომელი არა მოვიდა უფლისა მასეფად? და არა მოსრულ იყო კაცი ბანაკად
იაბის გალაადისა კრებულსა მას და აღიხილეს ერი იგი. და არა იყო მუნ კაცი მკუდრთაგან იაბის გალაადისათა.
და მიავლინნა მუნ ერმან მან ათორმეტი ათასი კაცი ძეთაგან ძლიერებისათა და ამცნეს მათ და ჰრქუეს: წარვედით და მოსრენით ყოველნი დამკჳდრებულნი იაბის გალაადისანი პირითა მახჳლისათა, დედანი და ერი მათი.
და ესე სიტყუაჲ არს, რომელი ჰყოთ: ყოველივე მამაკაცი და ყოველივე დედაკაცი, რომელმან იცის საწოლი მამაკაცისაჲ, შეჩუენებულ-ყავთ, ხოლო ქალწულნი განარინენით! და მათ ყვეს ეგრეთ.
და პოვეს მკჳდრთაგან იაბის გალაადისათა ოთხასი ქალწული ქალი, რომელთა არა იცოდეს მამაკაცი საწოლითა მამაკაცისაჲთა, და მოიყვანნეს იგინი ბანაკად სელომდ, რომელ არს ქალაქსა ქანაანისასა.
და მიავლინნეს ყოველმან კრებულმან და ეტყოდეს ძეთა ბენიამენისთა, რომელნი-იგი იყუნეს კლდესა მას რემონისასა, და მოუწოდეს მათ მშჳდობად.
და მოიქცა ბენიამენ ძეთა ისრაჱლისათა მას ჟამსა შინა, და მისცეს მათ ცოლები, რომელნი იყუნეს დედათაგან იაბის გალაადისათანი, და სათნო-უჩნდა მათ ესრე.
და ერმან, რომელმან ნუგეშინის-იცა ბენიამენის ზედა, რამეთუ ყო უფალმან განკუეთაჲ ტომთა შორის ისრაჱლისათა.
და თქუეს მოხუცებულთა მის კრებულისათა: რაჲმე ვყოთ ნეშტთა ამათთჳს, რომელნი დაშთეს უცოლოდ, რამეთუ აღიჴოცა ბენიამენისგან დედაკაცი?
და ჰრქუეს: სამკჳდრებელ განრინებულ ბენიამენს და არა აღიჴოცოს ტომი ისრაჱლსა შორის.
და ჩუენ ვერ ჴელ-გუეწიფების მიცემად მათა ცოლი ასულთაგან ჩუენთა, რამეთუ ვფუცეთ ძეთა ისრაჱლისათა და ვთქუთ: წყეულ იყავნ, რომელმან მისცეს ცოლი ბენიამენს.
და თქუეს: ესერა, დღესასწაული არს უფლისაჲ სელომს დღეთა წელიწადისათა, რომელ არს ბღუარით კერძო ბეთლემსა მზისაღმოსავალით მებოძირთა მათ, რომელი აღვალს ბეთლემით სიკიმად, და სამხრით კერძო ლებონასა.
და ამცნეს ძეთა მათ ბენიამენისთა და ჰრქუეს: წარვედით და მზირ-უყავთ ვენაჴოვანსა შინა.
და იხილეთ, რაჟამს გამოვიდენ ასულნი იგი მკჳდრთა სელომისთანი და მძნობრები მძნობრად, გამოეტევენით ვენაჴოვანთა მათგან! და იტაცენ კაცად-კაცადმან თავისა თჳსისა ცოლი ასულთაგან სელომისთა, და წარიყვანეთ და წარვედით ქუეყანად ბენიამენისა.
და იყოს, რაჟამს მოვიდენ მამანი მათნი, გინათუ ძმანი მათნი სასჯელად თქუენდა, ჰრქუათ მათ: შეიწყალენით იგინი, რამეთუ არა გამოიყვანა კაცმან ცოლი თჳსი ბრძოლასა მას შინა; არა თუ თქუენ მისცნეთ მათ და არცაღა ბრალი რაჲ ჰქმენით თქუენ.
და ყვეს ეგრე ძეთა ბენიამენისთა და მოიყვანეს ცოლები მსგავსად რიცხჳსა მის მათისა მძნობართა მათგანი, რომელნი იტაცნეს, და წარვიდეს და მოიქცეს სამკჳდრებელსა მათსა და აღაშენეს ქალაქები და დაემკჳდრნეს მათ შინა.
და წარმოვიდეს მიერ ძენი ისრაჱლისანი მას ჟამსა შინა. და მივიდა კაცად-კაცადი ტომსა თჳსსა და ნათესავსა თჳსსა და მიეგო კაცად-კაცადი სამკჳდრებელსა თჳსსა. მათ დღეთა შინა არა იყო მეფე ისრაჱლსა შორის და კაცად-კაცადი ნებასა თავისა თჳსისასა თუალთა წინაშე მისთა ჰყოფდა.
დიდებაჲ შენდა, უფალო! დაესრულა წიგნი მსაჯულთაჲ.