მსაჯულნი, თავი 12
შეიკრიბნენ ეფრემელები, გადავიდნენ ცაფონში და უთხრეს იფთახს: რატომ წახვედი ყამონიანებთან საომრად და ჩვენ არ დაგვიძახე. სახლკარიანად გადაგბუგავთ.
უთხრა მათ იფთახმა: მაგარი მტრობა გვქონდა ყამონიანებთან მე და ჩემს ხალხს. გიძახდით, მაგრამ არ მიხსენით მათი ხელიდან.
როცა ვნახე, არავინ დამიხსნიდა, თავი გამოვიმეტე, წავედი ყამონიანებზე და ღმერთმა ხელში ჩამიგდო ისინი. ახლა რისთვის მეჩხუბებით?
შეკრიბა იფთახმა ყველა გალაადელი და შეება ეფრემს. დაამარცხეს გალაადელებმა ეფრემი, რადგან ამბობდნენ, თქვენ ეფრემიდან ხართო გადმოხვეწილნი. გალაადი ეფრემს შორისაა და მენაშეს შორისაა.
გადაუჭრა გალაადმა ეფრემს იორდანეზე გადასასვლელი ფონი და როცა რომელიმე გადარჩენილი ეფრემიანი იტყოდა, გაღმა გადამიშვითო, ჰკითხავდნენ, ეფრემიანი ხომ არა ხარო? თუ მიუგებდა: არაო,
უბრძანებდნენ: თქვი „შიბოლეთი“ (თავთავი). ის კი იტყოდა: „სიბოლეთი“, სხვაგვარად წარმოთქმა არ შეეძლო. მაშინ შეიპყრობდნენ და კლავდნენ იორდანეს ფონთან. ორმოცდაორი ათასი ეფრემიანი დაეცა იმჟამად.
ექვსი წელი მსაჯულობდა იფთახი ისრაელზე. მერე მოკვდა იფთახ გალაადელი და დამარხეს გალაადის ერთერთ ქალაქში.
მის შემდეგ ისრაელის მსაჯული გახდა იბცან ბეთლემელი.
ოცდაათი ვაჟი ჰყავდა, შინიდან ოცდაათი ქალი გაისტუმრა, ოცდაათი ქალი შინ მოუყვანა თავის ვაჟებს და შვიდი წელი მსაჯულობდა ისრაელზე.
მერე მოკვდა იბცანი და დამარხეს ბეთლემში.
მის შემდეგ ისრაელის მსაჯული გახდა ელონ ზებულონელი. ათი წელი მსაჯულობდა იგი ისრაელზე.
მერე მოკვდა ელონ ზებულონელი და დამარხეს აიალონში, ზებულონის მხარეში.
მას შემდეგ ისრაელის მსაჯული გახდა ყაბდონი, ჰილელის ძე, პირყათონელი.
ორმოცი ვაჟი და ოცდაათი შვილიშვილი ჰყავდა, სამოცდაათ ახალგაზრდა სახედარზე ამხედრებული, და რვა წელი მსაჯულობდა ისრაელზე.
მერე მოკვდა ყაბდონ ჰილელის ძე, პირყათონელი, და დამარხეს პირყათონში, ეფრემის მხარეში, ყამალეკის მთაში.
და შეკრბეს და მოვიდეს ძენი ეფრემისნი სეფინად და ჰრქუეს იეფთაეს: რაჲსათჳს განხუედ შენ ბრძოლად ძეთა ამონისთა და ჩუენ არა გუაუწყე, რათამცა ვჰბრძოლეთ ჩუენცა შენ თანა? აწ სახლი შენი დაგაწუათ ცეცხლითა შენ ზედა.
ხოლო იეფთაე ჰრქუა მათ: კაცი მსაჯული ვიყავ მე, და ერი ჩემი და ძენი ამონისნი მაჭირვებდეს მე ფრიად, და ვღაღადებდ მე თქუენდა მიმართ და არა მიჴსენით მე ჴელთაგან მათთა.
და ვითარცა ვიხილე, რამეთუ არავინ იყო მჴსნელ ჩემდა, წარვიღე თავი ჩემი სიკუდილად ჴელითა ჩემითა და წიაღუჴედ ძეთა ამონისთა. და მოსცნა უფალმან ძენი ამონისნი ჴელთა ჩემთა და თქუენ მოსრულ ხართ ბრძოლად ჩემდა?
და შეიკრიბა იეფთა ყოველი ერი გალაადისაჲ და ჰბრძოდა ძეთა ეფრემისთა. და მოსრეს კაცთა ბალაადისათა ძეთაგანი ეფრემისთა მახჳლითა.
და წინაწარ დაიპყრეს გალაადელთა წიაღსავალი იგი იორდანისაჲ ეფრემისი. და იყო, რაჟამს-იგი იქუეს განრინებულთა მათ ეფრემისთა, ვითარმედ: წიაღვჴდეთ იორდანესა: ჰრქუეს გალაადელთა მათ: ნუუკუე ეფრემისგანი იყუნეთ თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: არა ვართ ეფრემისგანნი.
და მათ ჰრქუეს: გჳთხარ ნუ რაჲ სასწაული და მათ ვერ წარიმართეს სიტყუად სიტყუად ეგრესახედ. და აღიპყრობდეს მათ და მოსწყუედდეს წიაღსავალსა მას ზედა იორდანისასა და დაეცნეს მას დღესა შინა ერისაგან ეფრემისი ორმეოცდაორი ათასი.
და სჯიდა იეფთაე ისრაჱლსა ექუს წელ. და მოკუდა იეფთაე გალაადელი, და დაფლეს იგი ქალაქსა თჳსსა გალაადს.
და სჯიდა მისსა შემდგომად ისრაჱლსა ესებონ ბეთლემელი.
და ესხნეს მას ოცდაათ ძე ოცდაათ ასულ, რომელნი მიეცნეს ქმართა ოცდაათნი ცოლნი შემოჰგუარნეს ძეთა თჳსთა, და სჯიდა ისრაჱლსა შჳდ წელ.
და მოკუდა ესებონ და დაფლეს იგი ბეთლემს.
და ამისა შემდგომად სჯიდა ისრაჱლსა ელომ ზაბულონელი ათ წელ
და მოკუდა და დაჰფლეს ქუეყანასა ზაბულონისასა.
და ამისა შემდგომად სჯიდა ისრაჱლსა აბოდონ, ძე ელექისი, ფარათონელი.
და ესხნეს მას ორმეოც ძე და ოცდაათ ძისწულ, რომელნი აღსხდებოდეს სამეოცდაათთა საჴედართა; და სჯიდა იგი ისრაჱლსა რვა წელ.
და მოკუდა აბოდონ, ძე ელექისი, ფარათონელი, და დაფლეს იგი ფარათონს, მთასა ამალეკისასა.