ლოცვანი
აპლიკაცია

მსაჯულნი, თავი 13

1

კვლავ უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში და ფილისტიმელების ხელში ამყოფა ისინი უფალმა ორმოც წელს.

2

იყო იმჟამად ერთი ცორელი კაცი დანის ტომში, სახელად მანოახი. ცოლი ბერწი ჰყავდა და შვილს ვერ უჩენდა.

3

გამოეცხადა ქალს უფლის ანგელოზი და უთხრა: აჰა, ბერწი ხარ და შვილს ვერ აჩენ, მაგრამ დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება.

4

ოღონდ ფრთხილად იყავი, არ დალიო ღვინო და თაფლუჭი, უწმიდურიც არაფერი ჭამო.

5

რადგან, აჰა, დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება, სამართებელი არ უნდა მიეკაროს მის თავს, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნება იგი დედის მუცლიდანვე და შეუდგება ისრაელის დახსნას ფილისტიმელთა ხელიდან.

6

წამოვიდა ქალი და უთხრა თავის ქმარს: ღვთისკაცი მოვიდა ჩემთან, ღვთის ანგელოზივით იერი ჰქონდა, დიდად საკრძალველი იერი. არ მიკითხავს მისთვის სადაურობა და არც მას გაუმხელია ჩემთვის თავისი სახელი.

7

მითხრა: აჰა, დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება, ოღონდ არ დალიო ღვინო და თაფლუჭი, უწმიდურიც არაფერი ჭამო, რადგან ყმაწვილი დედის მუცლიდან სიკვდილამდე ღვთის მოწმიდარი იქნებაო.

8

ლოცვა აღუვლინა მანოახმა უფალს და უთხრა: უფალო, ერთხელ კიდევ გვეწვიოს შენგან მოვლენილი ღვთისკაცი და გვითხრას, რა ვუყოთ ყმაწვილს, რომელიც გაჩნდება.

9

უსმინა ღმერთმა მანოახს და ღვთის ანგელოზი ხელახლა მოვიდა ქალთან, როცა იგი ყანაში იყო, და მანოახი, მისი ქმარი, თან არ ახლდა.

10

მაშინვე გამოიქცა ქალი და შეატყობინა ქმარს: აჰა, გამომეცხადა ის კაცი, ამასწინათ რომ მოვიდა ჩემთან.

11

ადგა მანოახი, წაჰყვა თავის ცოლს, მივიდა იმ კაცთან და უთხრა: შენ ხარ ის კაცი, ამ ქალს რომ ელაპარაკა? მიუგო: მე ვარ.

12

უთხრა მანოახმა: თუ მართლა ახდა შენი სიტყვა, რა უნდა ვუყოთ ამ ყმაწვილს, როგორ უნდა მოვექცეთ?

13

უთხრა უფლის ანგელოზმა მანოახს: ერიდოს ყველაფერს, რაც ქალს ვუთხარი.

14

არაფერს გაეკაროს ვაზისაგან მოწეულს, არც რამე უწმიდური ჭამოს. შეასრულოს ყველაფერი, რაც ვუბრძანე.

15

უთხრა მანოახმა უფლის ანგელოზს: დარჩი გევედრები, თიკანს დაგიკლავ.

16

უთხრა უფლის ანგელოზმა მანოახს: რაც უნდა მევედრო, მაინც არ გავტეხ შენს პურს. თუ გინდა, რომ უფალს აღსავლენი მსხვერპლი შესწირო, შესწირე. არ იცოდა მანოახმა, რომ ეს უფლის ანგელოზი იყო.

17

უთხრა მანოახმა უფლის ანგელოზს: სახელად რა გქვია? ხომ უნდა დაგლოცოთ, როცა შენი სიტყვა ახდება.

18

უთხრა უფლის ანგელოზმა: რისთვის მეკითხები სახელს? საიდუმლოა იგი.

19

მოიტანა მანოახმა თიკანი და ძღვენი და ქვაზე დააწყო, რომ შეეწირა უფლისათვის, ხოლო მან სასწაული მოახდინა მანოახისა და მისი ცოლის თვალწინ.

20

როცა სამსხვერპლოდან ალი ცისკენ ავარდა, უფლის ანგელოზი ზეაჰყვა სამსხვერპლოს ალს. ეს რომ დაინახეს, მიწაზე დაემხვნენ მანოახი და მისი ცოლი.

21

მიეფარა უფლის ანგელოზი მანოახისა და მისი ცოლის თვალს. მაშინ კი მიხვდა მანოახი, რომ ეს უფლის ანგელოზი იყო.

22

უთხრა მანოახმა ცოლს: სიკვდილი არ აგვცდება, რადგან უფლის ანგელოზი ვიხილეთ.

23

ცოლმა უთხრა: უფალს რომ ჩვენი სიკვდილი ნდომოდა, არ მიიღებდა აღსავლენს და ძღვენს ჩვენი ხელიდან. არ დაგვანახებდა და არ მოგვასმენინებდა ყველაფერს ამას.

24

შობა ქალმა ვაჟი და უწოდა სამსონი. გაიზარდა ყმაწვილი და უფალმა აკურთხა იგი.

25

უფლის სულმა იწყო მისი აღძვრა დანის ბანაკში ცორასა და ეთშაოლს შორის.

1

და შესძინეს ძეთა ისრაჱლისათა მერმე ყოფა ბოროტისა წინაშე უფლისა. და მისცნა იგინი უფალმან ჴელთა უცხოთესლთასა ორმეოც წელ.

2

და იყო კაცი სარაჲთ ტომისგან დანისა, და სახელი მისი მანოე. და ცოლი მისი იყო ბერწ და არა შობდა.

3

და გამოეცხადა დედაკაცსა მას ანგელოზი უფლისაჲ და ჰრქუა მას: შენ, ეგერა ბერწ ხარ და არა გიშობიეს, ხოლო აწ მიუდგე და შვე ძე.

4

არამედ ეკრძალე და ნუ ჰსუამ ღჳნოსა და თაფლუჭსა, ნუცა სჭამ ყოველსავე არაწმიდასა.

5

რამეთუ შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე. და მახჳლი თავსა მისსა ნუ შეეხებინ, რამეთუ წმიდაჲ ღმრთისაჲ იყოს ყრმაჲ იგი შობითგან მისით. და მან იწყოს განრინებად ისრაჱლისა ჴელისაგან უცხოთესლთა, ფილისტიმელთასა.

6

და შევიდა ცოლი და ჰრქუა ქმარსა თჳსსა: რამეთუ კაცი უფლისაჲ მოვიდა ჩემდა და ხილვა მისი. ვითარცა ხილვა ანგელოზისა ღმრთისაჲ, შუენიერ იყო ფრიად. და ვკითხე მას: ვინა მოხვალ? და სახელი მისი არა მითხრა მე.

7

და მრქუა მე: ეგერა, შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე. და მრქუა მე: ნუ სუამ ღჳნოსა და თაფლუჭსა და ნუ სჭამ ყოველსავე არაწმიდასა, რამეთუ წმიდაჲ ღმრთისაჲ იყოს ყრმაჲ იგი საშოჲთგანვე სიკუდიდმდე მისა.

8

და ევედრებოდა უფალსა მანოე და იტყოდა: მოიხილე ჩემდა, უფალო! და კაცი იგი ღმრთისაჲ, რომელი მოავლინე ჩუენდა, მერმეცა მოვედინ ჩუენდა, და მაუწყენ ჩუენ, რაჲ უყოთ ყრმასა მას. რომელ იგი იშვეს!

9

და შეისმინა ღმერთმან ვედრებაჲ იგი მანოესი, და მოვიდა ანგელოზი იგი უფლისაჲ დედაკაცისა მის. ხოლო დედაკაცი იგი ჯდა ველსა გარე, და მანოე, ქმარი მისი, არა იყო მის თანა.

10

და ისწრაფა დედაკაცმან მან და მირბიოდა და უთხრა ქმარსა თჳსსა და ჰრქუა მას: აჰა ესერა, მეჩუენა მე კაცი იგი, რომელი მოვიდა მას დღესა ჩემდა.

11

და აღდგა მანოე და შეუდგა ცოლსა თჳსსა და მოვიდა კაცისა მის და ჰრქუა მას: უკუეთუ შენ ხარა კაცი იგი, რომელ ეტყოდე ცოლსა ჩემსა? და მან ჰრქუა: მე ვარ.

12

და ჰრქუა მას მანოე: აწ, რაჟამს მოიწიოს სიტყუაჲ შენი, რაჲმე იყოს სამართალი ყრმისა მის და საქმე მისი?

13

ხოლო ანგელოზმან უფლისამან ჰრქუა მანოეს: ყოველივე, რომელი ვარქუ ცოლსა შენსა, ეკრძალენ.

14

და ყოველივე რომელი გამოვალს ვენაჴისგან, ნუ ჭამნ; და ღჳნოსა და თაფლუჭსა ნუ სუამნ და ყოველსავე არაწმიდასა ნუ ჭამნ; და ყოველივე რომელი ვამცენ მას, ეკრძალენ.

15

მიუგო და ჰრქუა მანოე ანგელოზსა მას უფლისასა: გაიძულოთ შენ და მოვჰმზადოთ შენ წინაშე თიკანი ერთი თხათაჲ.

16

და ჰრქუა ანგელოზმან მან უფლისამან მანოეს: დაღათუ მაიძულოთ, მე არა ვჭამო პური შენი. ხოლო შე-თუ-სწირავ მსხუერპლსა, უფლისა შეწირე იგი, რამეთუ. ვერ გულისჴმა-ყო მანოე, ვითარმედ ანგელოზი უფლისაჲ არს.

17

და ჰრქუა მანოე ანგელოზსა მას უფლისასა. რაჲ არს სახელი შენი? რათა, რაჟამს მოიწიოს სიტყუაჲ შენი, გადიდებდე შენ!

18

ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: რაჲსათჳს ესრეთ მკითხავ მე სახელსა ჩემსა? და იგი არს საკჳრველ.

19

და მოიღო მანოე თიკანი იგი თხათაჲ და შესაწირავი. და შეწირა იგი უფლისა საკჳრველმოქმედისა კლდესა მას ზედა; და მანოე და ცოლი მისი ჰხედვიდეს.

20

და იყო, ვითარ-იგი აღვიდოდა ალი იგი ზედა კერძო საკურთხეველსა მას ზეცად, თანააღვიდა ანგელოზი იგი უფლისაჲ ალსა მას. და მანოე და ცოლმან მისმან იხილეს და დაცჳვეს იგინი პირსა ზედა თჳსსა ქუეყანად.

21

და არღარა შესძინა ანგელოზმან უფლისამან ჩუენებად მანოესა და ცოლსა მისისა. მაშინ გულისჴმა-ყო მანოე, ვითარმედ ანგელოზი უფლისაჲ არს.

22

და ჰრქუა მანოე ცოლსა თჳსსა: სიკუდილით მოვსწყდეთ, რამეთუ ღმერთი ვიხილეთ.

23

და ჰრქუა მანოეს ცოლმან თჳსმან: უკუეთუმცა უნდა უფალსა სიკუდილი ჩუენი. არამცა შეიწირა ჴელთაგან ჩუენთა მსხუერპლი ესე და შესაწირავი; და არამცა მაუწყა ჩუენ ესე ყოველი, და არამცა მასმინა ჩუენ.

24

და შვა დედაკაცმან მან ყრმაჲ იგი და უწოდა სახელი მისი სამსონ და აკურთხა იგი უფალმა.

25

და აღორძნდა ყრმაჲ იგი, და იწყო სულმან უფლისამან სლვად მის თანა ბანაკსა მას დანისსა შორის სარაასა და შორის ასთალონსა.

123456789101112131415161718192021