ლოცვანი
აპლიკაცია

მსაჯულნი, თავი 11

1

იყო იფთახ გალაადელი, მაგარი ვაჟკაცი იყო. მეძავი ქალის ნაშობი იყო იგი. გალაადმა შვა იფთახი.

2

ცოლმაც უშვა გალაადს ვაჟები. როცა წამოიზარდნენ ცოლის ვაჟები, გააგდეს იფთახი, უთხრეს: შენ არ გიდევს წილი მამაჩვენის სახლში, რადგან სხვა ქალის ნაშობი ხარ.

3

გაერიდა თავის ძმებს იფთახი და ტობის მხარეში დასახლდა. უღირსმა ხალხმა მოიყარა თავი მის გარშემო და დათარეშობდა მასთან ერთად.

4

გამოხდა ხანი და გამოვიდნენ ყამონიანები ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად.

5

და როცა ომი აუტეხეს ყამონიანებმა ისრაელს, მივიდნენ გალაადის უხეცესები იფთახთან, რათა წამოეყვანათ ტობის მხარიდან.

6

უთხრეს იფთახს: მოდი, გახდი ჩვენი წინამძღოლი და შევებრძოლოთ ყამონიანებს.

7

უთხრა იფთახმა გალაადის უხუცესებს: აკი მომიძულეთ და გამომაგდეთ მამაჩემის სახლიდან? ახლა რატომ მომაკითხეთ, როცა გაგიჭირდათ?

8

უთხრეს გალაადის უხუცესებმა იფთახს: იმიტომ მოგაკითხეთ, რომ წამოგვყვე, შეებრძოლო ყამონიანებს და მთელი გალაადის წინამძღოლი გახდე.

9

უთხრა იფთახმა გალაადის უხუცესებს: თუ დამაბრუნეთ ყამონიანებთან საბრძოლველად და უფალმა ხელში ჩამიგდო ისინი, მერეც თქვენი წინამძღოლი ვიქნები?

10

უთხრეს გალაადის უხუცესებმა იფთახს: უფალი იყოს მოწმე ჩვენს შორის, რომ ისე მოვიქცევით, როგორც შენ იტყვი.

11

წამოჰყვა იფთახი გალაადის უხუცესებს და ხალხმა იგი თავის თავკაცად და წინამძღოლად აირჩია. გაიმეორა იფთახმა ყოველი თავისი სიტყვა უფლის წინაშე, მიცფაში.

12

კაცები გაუგზავნა იფთახმა ყამონიანთა მეფეს და უთხრა: რა ხელი გაქვს ჩემთან, რომ მომიხდი და მებრძვი ჩემს მიწაზე?

13

უთხრა ყამონიანთა მეფემ იფთახის კაცებს: როცა ეგვიპტიდან გამოვიდა ისრაელი, ჩემი ქვეყანა დაიკავა არნონიდან იაბოკამდე და იორდანემდე. მშვიდობიანად დამიბრუნე იგი და დაგეხსნები.

14

დაბრუნდნენ კაცები იფთახთან. მეორედ გაუგზავნა იფთახმა კაცები ყამონიანთა მეფეს.

15

უთხრა: ასე ამბობს იფთახი: ისრაელს არ მიუტაცებია მოაბის ქვეყანა და ყამონიანთა ქვეყანა.

16

როცა ეგვიპტიდან გამოსულმა უდაბნოში იარა მეწამულ ზღვამდე და კადეშს მიადგა,

17

კაცები გაუგზავნა ედომის მეფეს და შეუთვალა: გამატარე შენს ქვეყანაზე, მაგრამ ყური არ ათხოვა. მოაბის მეფესაც გაუგზავნა კაცები. მაგრამ მანაც უარი უთხრა. ამიტომაც კადეშში დარჩა ისრაელი.

18

გამოიარა უდაბნო, გამოსცდა ედომელთა ქვეყანას და მოაბის ქვეყანას, მოაღწია მოაბის ქვეყნის საზღვრამდე და არნონს იქით დაბანაკდა. მაგრამ არ შესულა მოაბის ქვეყანაში, რადგან არნონი მოაბის საზღვარია.

19

კაცები გაუგზავნა ისრაელმა სიხონს, ამორეველთა მეფეს, ხეშბონის მეფეს, შეუთვალა მას ისრაელმა: გაგვატარე შენს ქვეყანაზე და ჩვენს ადგილამდე მიგვიშვიო.

20

მაგრამ სიხონი არ დათანხმდა, გაეტარებინა ისრაელი თავის მიწა-წყალზე. შეაგროვა სიხონმა მთელი თავისი ხალხი, იააცში დაბანაკდა და შეება ისრაელს.

21

უფალმა, ისრაელის ღმერთმა, ხელში ჩაუგდო ისრაელს სიხონი და მთელი მისი ხალხი და მან გაწყვიტა ისინი. დაიმკვიდრა ისრაელმა ამორეველთა მთელი ქვეყანა, იმათი, ვინც იმ ქვეყანაში ცხოვრობდა.

22

დაიმკვიდრეს ამორეველთა მთელი მიწა-წყალი არნონიდან იაბოკამდე და უდაბნოდან იორდანემდე.

23

ასე აჰყარა უფალმა, ისრაელის ღმერთმა, ამორეველები თავისი ერის ისრაელის წინაშე, შენ კი სამკვიდრებელში ეცილები მას?

24

ხომ ფლობ იმას, რაც დაგიმკვიდრა ქამოშმა, შენმა ღმერთმა? ჩვენც ვფლობთ ყველაფერს, რაც უფალს, ჩვენს ღმერთს, დაუმკვიდრებია ჩვენთვის.

25

რითი ჯობიხარ ბალაკ ციფორის ძეს, მოაბის მეფეს? ოდესმე თუ წაკიდებია იგი ისრაელს ან თუ უომია მასთან?

26

სამასი წელია, რაც ცხოვრობს ისრაელი ხეშბონში და მის სოფლებში, ყაროყერში და მის სოფლებში, ყველა ქალაქში არნონის გაღმა-გამოღმა. რატომ იმთავითვე არ დაიბრუნე ისინი?

27

მე არ მაქვს ბრალი შენს წინაშე, შენ კი ბოროტებას მიკეთებ, ჩემზე რომ მოდიხარ საბრძოლველად. უფალი იყოს ახლა მსაჯული ისრაელიანთა და ყამონიანთაა შორის!

28

მაგრამ ყური არ ათხოვა ყამონიანთა მეფემ იფთახის შენათვალს.

29

გადმოვიდა უფლის სული იფთახზე და მან გაიარა გალაადი და მენაშე, გაიარა გალაადის მიცფა და გალაადის მიცფადან წავიდა ყამონელებზე.

30

ასე აღუთქვა იფთახმა უფალს: თუ ხელში ჩამაგდებინებ ყამონიანებს,

31

როცა შინ მშვიდობით დავბრუნდები, ვინც პირველი გამომეგებება ჩემი სახლის ჭიშკართან, უფლისა იყოს და შევწირავ აღსავლენ მსხვერპლად.

32

წავიდა იფთახი ყამონიანებზე, შეება და უფალმა ხელში ჩააგდებინა ისინი.

33

სასტიკად დაამარცხა ისინი ყაროყერიდან მინათამდე, ოცი ქალაქი, და აბელ-კერამიმამდე. დაემორჩილნენ ყამონიანები ისრაელიანებს.

34

შინ მობრუნდა იფთახი მიცფაში და, აჰა, როკვით გამოეგება თავისი ასული დაირით ხელში. ეს ერთი ჰყავდა, მის გარდა არც ვაჟი ჰყავდა და არც ქალი.

35

როცა დაინახა, შემოიხია ტანსაცმელი და თქვა: ვაიმე შვილო, როგორ დამღუპე, ეს რა უბედურება დამატეხე. მაგრამ მე ბაგე გავხსენი უფლის წინაშე და ვერ გადავალ სიტყვას.

36

უთხრა ასულმა: მამაჩემო! რაკი ბაგე გახსენი უფლის წინაშე, ის მიყავ, რაც შენმა ბაგემ წარმოთქვა, როცა უფალმა სამაგიერო მიაგო შენი ხელით შენს მტრებს, ყამონიანებს.

37

უთხრა მამას: ოღონდ ერთი რამ შემისრულე: ორი თვით გამიშვი, წავალ, მთაში ავალ და ჩემს დობილებთან ერთად გამოვიტირებ ჩემს ყმაწვილქალობას.

38

უთხრა: წადი. ორი თვით გაუშვა, წავიდა იგი თავის დობილებთან ერთად და მთაში გამოიტირა თავისი ყმაწვილქალობა.

39

ორი თვისა შემდეგ დაბრუნდა მამასთან და აღასრულებინა დადებული აღთქმა, ისე რომ მამაკაცი არ შეუცვნია. წესად დაიდო ისრაელში:

40

წლიდან წლამდე, წელიწადში ერთხელ, მიდიან ისრაელიანი ქალიშვილები და ოთხი დღე იხსენებენ იფთახ გალაადელის ასულს.

1

და იეფთაელ გალაადელი იყო კაცი ძლიერი ძალითა, და ესე იყო ძე დედაკაცისა მეძჳსაჲ; და უშვა გალადს იეფთაე.

2

და მერმე უშვნა ცოლმან გალადისმან მას ძეებ. და განორძინდეს ძენი იგი ცოლისა მისისანი და გამოაძეს იეფთა და ჰრქუეს მას: ვერ დაემკჳდრო სახლსა შინა მამისა ჩუენისასა, რამეთუ დედაკაცისა უცხოჲსა ძე ხარ შენ.

3

და წარივლტოდა იეფთაე პირისაგან ძმათა თჳსთაჲსა და დაეშენა ქუეყანასა ტობისასა. და შეკრბებოდეს იეფთაეს თანა კაცნი წრფელნი და იყოფოდეს მის თანა.

4

და იყო, შემდგომად დღეთა მათ ჰბრძოდეს ძენი ამონის ისრაჱლსა და ვითარ-იგი ჰბრძოდეს ძენი ამონის ისრაჱლსა,

5

წარვიდეს მოხუცებულნი გალაადისნი მოყვანებად იეფთაესა ქუეყანით ტობისაჲთ.

6

და ჰრქუეს იეფთაეს: მოვედ და იქმენ ჩუენდა მთავარ და ვჰბრძოთ ძეთა ამონისთა.

7

და ჰრქუა იეფთაე მოხუცებულთა მათ გალაადისათა: თქუენ მომიძულეთ მე და გამომაძეთ მე სახლისაგან მამისა ჩემისა და წარმომგზავნეთ თქუენგან. და აწ მოსრულ ხართ ჩემდა, რაჟამსღა გჭირს?

8

მიუგეს და ჰრქუეს მოხუცებულთა მათ გალაადისათა იეფთაეს: ეგრე, არამედ წარმოსრულ ვართ შენდა, რათა წარმოხჳდე და ვჰბრძოდით ძეთა ამონისთა და იყავ შენ ჩუენდა მთავარ ყოველთა დამკჳდრებულთა გალაადისათა.

9

და ჰრქუა იეფთაე მოხუცებულთა მათ გალაადისათა: უკუეთუ მხადით მე თქუენ ბრძოლად ძეთა ამონისთა, და მომცნეს იგინი უფალმან წინაშე ჩემსა, ვიყო თქუენდა მთავარ.

10

მიუგეს და ჰრქუეს მოხუცებულთა მათ გალაადისათა იეფთაეს: უფალი იყავნ ჩუენ შორის, რომელსა-ესე ესმეს ჩუენი, ვითარმედ სიტყჳსა შენისაებრ ვყოთ.

11

და მოვიდა იეფთაე მოხუცებულთა თანა გალაადისსა და დაადგინეს იგი ერსა ზედა მათსა მთავრად და წინამძღურად. და იტყოდა იეფთეა ყოველთავე ამათ სიტყუათა მისთა წინაშე უფლისა მასეფატს.

12

და წარავლინნა იეფთაე მოციქულნი წინაშე მეფისა ძეთა ამონისთა და ჰრქუა: რაჲ ძეს შენი და ჩემი, რამეთუ მოსრულ ხარ ბრძოლად ქუეყანასა ჩემისა?

13

და ჰრქუა მეფემან ძეთა ამონისთამან მოციქულთა მათ იეფთაესთა: რაჲსათჳს მიმიღო მე ისრაჱლმან ქუეყანა ჩემი გამოსლვასა მას მისსა ეგჳპტით არნონითგან ვიდრე იაბოკდმდე, და იორდანედ? და კუალად მომაგე იგი მშჳდობით და წარვიდე შენგან. და შესძინა მერმე იეფთაე

14

და მიავლინნა მოციქულნი მეფისა ძეთა ამონისთასა

15

და ჰრქუა მას: ესრეთ იტყჳს იეფთაე: არა მოუღო ისრაელმან ქუეყანაჲ მოაბისაჲ და ქუეყანაჲ ძეთა ამონისთაჲ;

16

აღმოსლვასა მათსა ეგჳპტით, არამედ წარმოვიდა ისრაჱლი უდაბნოსა მას ვიდრე ზდუადმდე მეწამულად და მოიწია ვიდრე კადედმდე.

17

და მიუვლინნა ისრაჱლმან მოციქულნი მეფესა ედომისა და ჰჱქუა, ვითარმედ: წარვიდე ქუეყანით შენით. და არა ისმინა მეფემან ედომისამან მათი. და მერმე მეფესა მოაბისასა მიუვლინა და არავე ინება.

18

და დადგა ისრაჱლი კადესა შინა და განვლო უდაბნოჲ იგი და არა გარემოვლო ქუეყანაჲ ედომისაჲ და ქუეყანაჲ მოაბიჱსაჲ. და მოვიდა მზისა აღმოსავალით კერძო და დაიბანაკა წიაღკერძო არონისა, და არა შევიდა საზღუართა მოაბისათა, რამეთუ არონი არს საზღუარი მოაბისაჲ.

19

და მიუვლინნა ისრაჱლმან მოციქულნი სეონისა, მეფისა ამორეველთასა, მეფისა ესებონისა. და ჰრქუა მას ისრაჱლმან: წარვლო ქუეყანით შენით ვიდრე ადგიდმდე ჩემდა.

20

და არა ინება სეონ წარსლვად ისრაჱლი საზღუართაგან მისთა შეკრიბა სეონ ყოველი ერი თჳსი და დაიბანაკა იასას და ჰბრძოდა ისრაჱლსა.

21

და მოსცა უფალმან ღმერთმან სეონ და ყოველი ერი მისი ჴელსა ისრაჱლისსა და მოსრნეს იგინი და დაიმკჳდრა ისრაჱლმან ყოველი ქუეყანაჲ ამორეველთაჲ.

22

რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს მას ქუეყანასა არონითგან ვიდრე იაბოკადმდე.

23

და აწ უფალმან ღმერთმან აღიღო ამორეველი იგი ერისაგან თჳსისა ისრაჱლისა. და შენ დაიმკჳდრო იგია?

24

ანუ არა, რაოდენ დაგიმკჳდრა შენ ქამოს, ღმერთმან შენმან, იგი დაიმკჳდრო შენ? და ყოველი რომელი დაგჳმკჳდრა ჩუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან წინაშე პირსა თქუენსა. იგი დავიმკჳდროთ ჩუენ.

25

და აწ შენ უმჯობეს ხარა ბალაკისა, ძისა სეფორისსა, მეფისა მოაბისასა? ლალვით ნუ ჰლალვიდა ისრაჱლსა, ანუ ბრძოლით ნუ ჰბრძოდა მას?

26

რაჟამს იყოფოდა ისრაჱლი იესებონს და ასულთა მისთა და ყოველსავე ქალაქებსა მისსა იორდანით კერძო სამას წელ, რაჲსათჳს არა იჴსნნეს იგინი მას ჟამსა შინა?

27

ხოლო მე არარაჲ შეგცოდე შენ და შენ იქმ ჩემდა მომართ ბოროტსა, და მბრძავ მე. საჯენ უფალმან, რომელმან საჯოს დღეს შორის ძეთა ისრაჱლისათა და შორის ძეთა ამონისთა.

28

და არა ისმინნა მეფემან ძეთა ამონისთამან სიტყუანი იგი იეფთაესნი, ვითარ-იგი მიუვლინა მას.

29

და ილოცა იეფთაე ლთცვაჲ უფლისა მიმართ და თქუა: უკეთუ მოცემით მოსცნე ძენი ამონისნი ჴელთა ჩემთა,

30

31

და იყოს, ყოველივე, რომელი გამოვიდეს კართაგან სახლისა ჩემისათა შემთხუევად ჩემდა, მო-რა-ვიქცე მე მშჳდობით ძეთაგან ამონისთა, იყავნ იგი უფლისაჲ და შევწირო იგი მსხუერპლად მისსა.

32

და წარვიდა იეფთაე ძეთა ამონისთა ბრძოლად მათა. და მოსცნა იგინი უფალმან ჴელსა მისსა.

33

და მოსრნა იგინი არონითგან ვიდრე მოსლვადმდე სემინნდ ოცი ქალაქი და ვიდრე აბელდმდე ვენაჴოანისა წყლულებითა დიდითა ფრიად. და ჰრცხუენა ძეთა ამონისთა პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა.

34

და მოვიდა იეფთაე მასეფად სახიდ თჳსა და ასული მისი გამოვიდოდა შემთხუევად მისა ბობღნითა და მძნობრითა. და იგი იყო იამავრი მისი და არა ესუა მას მისა გარეშე ძე გინა ასული.

35

და იყო, იგი ვითარცა იხილა მან, დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა: ვაჲმე ასულო ჩემო, ვაჲმე, რამეთუ ბორკილ მექმენ მე და საწერტელ თუალთა ჩემთა. და მე აღვაღე პირი ჩემი უფლისა მიმართ და ვერ ჴელ-მეწიფების მე ქცევად.

36

სიტყჳსა ჩემისა. და ჰრქუა მას ასულმან: უკუეთუ. ჩვმთჳს აღაღე პირი შენი უფლისა მიმართ, მიყავ მე, ვითარცა აღმოჰჴდა პირისაგან შენისა ამისთჳს, რამეთუ ჰყავ შენ უფალი შურისმეძიებელად მტერთა შენთათა ძეთათჳს ამონისთა.

37

და ჰრქუა მამასა თჳსსა: მიყავ მე სიტყჳსაებრ მის და მაცადე მე ორ თვე ოდენ და განვიდე მთად და ვტიროდი მე ქალწულებასა ჩემსა მოყუასთა ჩემთა თანა.

38

ხოლო მან ჰრქუა მას: განვედ! და განვიდა იგი და მის თანა სხუანი ქალწულნი. და სტიროდა ქალწულებასა თჳსსა მთათა გარე.

39

და იყო, შემდგომად აღსრულებისა ორთა თუეთაჲსა მოვიდა იგი მამისა თჳსისა. და აღასრულა მის ზედა აღთქუმაჲ იგი თჳსი იეფთაე, რიმელ-იგი აღუთქუა ღმერთსა, ხოლო მან არა იცოდა მამაკაცი და დამტკიცნა სიტყუაჲ ესე ბრძანებად ისრაჱლსა შორის.

40

მიერ დღითგან მუნ დღედმდე მასვე ჟამსა შეკრბიან ასულნი ისრაჱლისანი გოდებად ასულისა იეფთაეს გალაადელისა ოთხ დღე წელიწადსა შინა.

123456789101112131415161718192021