ებრაელთა მიმართ, თავი 7
რადგანაც მელქისედეკი, მეფე სალემისა, უზენაესი ღმერთის მღვდელი, შეეგება აბრაამს, მეფეთა შემუსვრის შემდეგ შემოქცეულს, და აკურთხა იგი.
ხოლო აბრაამმა ყველაფრის მეათედი უწილადა მას, ვისი სახელიც, უწინარეს ყოვლისა, განიმარტება როგორც „სიმართლის მეფე“, შემდეგ კი - „მეფე სალემისა“, ანუ „მშვიდობის მეფე“.
უდედმამო, უგვარტომო, რომელსაც არც დღეთა დასაბამი აქვს და არც სიცოცხლის დასასრული, არამედ, მსგავსად ღვთის ძისა, მღვდლად რჩება უკუნისამდე.
მაშ, იხილეთ, რაოდენ დიდია ის, ვისაც მამამთავარმა აბრაამმა თავისი ნადავლის მეათედი უწილადა.
ლევის ძეთა შორის მღვდლობის მიმღებთ მცნებადა აქვთ, მეათედს კრეფდნენ ხალხისგან, ანუ თავიანთი ძმებისაგან, თუმცა ესენიც აბრაამის წიაღიდან არიან გამოსულნი.
იმან კი, ვინც არ არის მათი გვარისა, აბრაამისგან მიიღო მეათედი და აკურთხა აღთქმის მქონე.
ხოლო, ყოველგვარი ცილობის გარეშე, უმცირესი იკურთხება უმეტესის მიერ.
აქ მეათედს იღებენ მოკვდავი კაცნი, იქ კი - ვისაც აქვს მოწმობა, რომ ცოცხალია.
და, ასე ვთქვათ, ლევიმაც, რომელიც იღებს მეათედს, აბრაამის მეშვეობით გასცა მეათედი.
ვინაიდან ჯერ კიდევ მამის წიაღში იყო, როცა შეეგება მელქისედეკი.
ამრიგად, სრულყოფა რომ ლევიტელთა მღვდელმსახურებით მიიღწეოდეს (ვინაიდან ხალხს მის მიერ მიეცა რჯული), რა საჭირო იქნებოდა მელქისედეკის წესისამებრ აღმდგარიყო სხვა მღვდელი, ნაცვლად იმისა, რომ აარონის წესით წოდებულიყო?
ვინაიდან მღვდლობის შეცვლასთან ერთად უთუოდ უნდა შეიცვალოს რჯულიც.
რადგან ვისზედაც ეს ითქვა, სხვა ტომს ეკუთვნოდა, საიდანაც არავინ მიახლებია საკურთხეველს.
ვინაიდან ცნობილია, რომ უფალი ჩვენი ამობრწყინდა იუდას ტომიდან, რომლის მღვდლობაზეც სიტყვა არ დასცდენია მოსეს.
და ეს მით უფრო ცხადია, რომ, მელქისედეკის მსგავსად, დგება სხვა მღვდელი,
რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულისამებრ კი არ გახდა მღვდელი, არამედ წარუვალი სიცოცხლის ძალით.
რადგანაც გვაქვს მოწმობა: „შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე, წესისამებრ მელქისედეკისა“.
უწინდელი აღთქმა კი მისი უმწეობისა და უსარგებლობის გამო უქმდება,
რადგანაც ვერარა სრულყო რჯულმა; მაგრამ შემოდის უმჯობესი სასოება, რომლის მეოხებითაც მივეახლებით ღმერთს.
და რამდენადაც ეს არ მომხდარა ფიცის გარეშე,
(ვინაიდან ისინი ფიცის გარეშე გახდნენ მღვდლები, ხოლო ეს - ფიცით მის მიერ, ვინც უთხრა: „დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე, წესისამებრ მელქისედეკისა)“, -
იმდენადვე უმჯობესი აღთქმის თავმდები გახდა იესო.
ეგეც არ იყოს, ვინ მოსთვლის, რამდენნი იყვნენ ის მღვდლები, რადგან სიკვდილი გამორიცხავდა ერთის მღვდლობას,
ხოლო მას, როგორც მარადის მყოფს, მღვდლობაც წარუვალი აქვს.
ამიტომაც ძალუძს სრულიად იხსნას ყველა, ვინც მისი მეოხებით მიეახლება ღმერთს, რადგანაც მარად ცოცხალია მათდა მეოხად.
სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი,
რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი.
ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, - ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს.
რამეთუ ესე მელქისედეკ, მეფე სალემისაჲ, მღდელი ღმრთისა მაღლისაჲ, რომელი შეემთხჳა აბრაჰამს, მო-რაჲ-ქცეულ იყო იგი მოწყუედისა მისგან მეფეთაჲსა, და აკურთხა იგი,
რომელსაცა-იგი ათეული მისცა ყოვლისა მისგან ნაწილად აბრაჰამ, პირველად უკუე ითარგმანების „მეუფე სიმართლისაჲ“, და მერმე - „მეფე სალემისაჲ“, რომელ არს მეუფე მშჳდობისაჲ,
უმამო, უდედო, ნათესავ-მოუჴსენელებელ; არცა დასაბამი დღეთაჲ, არცა აღსასრული ცხორებისაჲ აქუს, ხოლო მიმსგავსებულ არს იგი ძესა ღმრთისასა და ჰგიეს იგი მღდელად სამარადისოდ.
იხილეთ-ღა, რაბამ იყო ესე, რომელსა-იგი ათეულიცა მისცა აბრაჰამ რჩეულთა მათგან მამათმთავარმან.
და რომელნი-იგი ლევის ძეთაგანნი მღდელობასა მიიღებენ, მცნებაჲ აქუს ათეულისა მიღებად ერისაგან მსგავსად რჩულისა, ესე იგი არს, ძმათაგან თჳსთა, და გამოსრულთა მათგანღა წელთაგან აბრაჰამისთა.
ხოლო ნათესავ-მოუჴსენებელმან მან მათგან ათეული მიიღო აბრაჰამისგან და აკურთხა, რომელსა-იგი აღთქუმანი აქუნდეს.
ხოლო თჳნიერ ყოვლისა ცილობისა უმცირესი იგი უმჯობესისაგან იკურთხევის.
და აქა რომელნი-იგი მოსწყდებიან კაცნი, ათეულსა მიიღებენ; ხოლო მუნ წამებულ არს, ვითარმედ ცხოველ არს.
და, რაჲთა მოკლედ ვთქუათ, აბრაჰამისთჳს და ლევისთჳს, და რომელი ათეულსა მიიღებს, ათეულადვე შეწირულ არს;
რამეთუ წელთაღა შინა მამისათა იყო, ოდეს-იგი შეემთხჳა მას მელქისედეკ.
რამეთუ, უკუეთუმცა განსრულებაჲ ლევიტელთაგან მღდელობისაჲ იყო, - რამეთუ ერი იგი მას ზედა შჯულ-დებულ არს, - რადღა საჴმარ იყო მერმე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა სხუაჲ აღდგინებად მღდელი და არა წესსა მას ზედა აჰრონისსა თქუმად?
რამეთუ ცვალებასა თანა მღდელობისასა ჩანს იძულებით, რამეთუ შჯულისაცა ცვალებაჲ იქმნების,
რომელსა ზედა თქუმულ არს ესე: სხჳსა ნათესავსამან დაიპყრა, რომლისაგანი არასადა საკურთხეველსა წარდგომილ იყო.
წინაწარ ჩანს, რამეთუ იუდაჲს ნათესავისაგან აღმოგჳბრწყინდა უფალი ჩუენი, რომლისა ნათესავისაჲ მღდელობისათჳს არაჲ აჴსენა მოსე.
და უმეტესადღა ცხად არს, უკუეთუ მსგავსად მელქისედეკისა აღდგეს სხუაჲ მღდელთმოძღუარი,
რომელი არა შჯულისა მისებრ მცნებისა ჴორციელისა იყოს, არამედ ძალისა მისებრ ცხორებისა წარუვალისა.
რამეთუ ეწამების, ვითარმედ: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.
რამეთუ შეურაცხებაჲ იქმნების პირველისა მის მცნებისაჲ უძლურებისა მისისათჳს და ურგებობისა,
რამეთუ არარაჲ სრულ ყო შჯულმან; ხოლო შემოსლვაჲ უმჯობესისა სასოებისაჲ, რომლისა მიერ მივეახლებით ღმერთსა.
და რაოდენ-იგი არა თჳნიერ ფიცისა, - რამეთუ რომელნიმე თჳნიერ ფიცისა არიან მღდელ ყოფილ;
ხოლო ესე - ფიცით მის მიერ, რომელმან-იგი ჰრქუა მას: ფუცა უფალმან და არა შეინანოს; შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა, -
ესოდენ უმჯობესისა აღთქუმისა იქმნა თავს-მდებ იესუ.
და რომელნიმე მრავალნი არიან მღდელად დადგინებულნი სიკუდილისაგან დაყენებითა დადგრომად.
ხოლო ამას დადგრომისათჳს მისისა უკუნისამდე წარუვალად აქუს მღდელობაჲ იგი.
ვინაჲცა ყოვლითურთ ცხორებად შემძლებელ არს მათდა, რომელნი-იგი მის მიერ მოუჴდებიან ღმერთსა, და სამარადისოდ ცხოველ არს მეოხად მათთჳს.
რამეთუ შე-ვე ესევითარი-ჰგვანდა ჩუენდა მღდელთმოძღუარი: წმიდაჲ, უმანკოჲ, შეუგინებელი, განშორებული ცოდვათაგან და უმაღლესი ცათაჲ.
რომელსა არა უჴმს დღითი დღედ, ვითარცა მღდელთმოძღუართა მათ, პირველად თჳსთა ცოდვათათჳს მსხუერპლისა შეწირვაჲ და მერმე ერისათჳს, რამეთუ თავადმან ერთგზის ყო ესე და თავი თჳსი შეწირა.
რამეთუ შჯულმან კაცნი დაადგინნა მღდელთმოძღურად, რომელთა აქუნდა უძლურებაჲ, ხოლო სიტყუამან ფიცისამან, რომელი-იგი შემდგომად შჯულისა იყო, - ძე უკუნისამდე განსრულებული.