ლოცვანი
აპლიკაცია

ებრაელთა მიმართ, თავი 12

1

ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი.

2

თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.

3

იფიქრეთ იმაზე, ვინც ყოველივე ეს დაითმინა ცოდვილთაგან, რათა არ შემდრკალიყავით და არ მიგხდოდათ სულის სიმხნევე.

4

ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საომრად.

5

და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი, როგორც შვილებისადმი, მომართული: „შვილო ჩემო, ნუ უგულებელყოფ წვრთნას უფლისას და ნურც სულით დაეცემი, როცა გამხილებს.

6

რადგან ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს“.

7

თუ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს: ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს?

8

ხოლო თუ წვრთნის გარეშე რჩებით, რაშიაც ყველას თავისი წილი უძევს, ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები.

9

ეგეც არ იყოს, თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთნიან და შიშით ვემორჩილებით მათ, განა მით უფრო მეტად არ უნდა ვემორჩილებოდეთ სულების მამას, რათა ვიცოცხლოთ?

10

რადგანაც ისინი თვითნებურად გვზრდიან ორიოდე დღისთვის, ხოლო ეს - ჩვენივე სიკეთისათვის, რათა ვეზიარებოდეთ მის სიწმიდეს.

11

ყოველგვარი წვრთნა დღესდღეობით სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ შემდეგ მის მიერ წვრთნილთ მიაგებს სიმართლის ნაყოფს - მშვიდობას.

12

მაშ, გამართეთ ჩამოყრილი ხელები და დაძაბუნებული მუხლები.

13

მოასწორეთ ბილიკნი თქვენს ფეხთათვის, რათა გზას კი არ გადასცდეს კოჭლი, არამედ განიკურნოს.

14

თქვენი ურთიერთობა ყველასთან მშვიდი იყოს და წმიდა, რის გარეშეც ვერავინ იხილავს უფალს.

15

ფრთხილად იყავით, რომ არავინ მოაკლდეს ღვთის მადლს და არ იბარტყოს რომელიმე ფესვმა სიმწრისა, რათა არ შეაურვოს და შებილწოს ბევრი თქვენგანი.

16

რათა არ იყოს თქვენს შორის მემრუშე ან ღვთის გარეგანი, როგორც ესავი, ერთ შეჭამადზე რომ გაცვალა თავისი პირმშოობა.

17

რაკიღა იცით, რომ შემდეგ, როცა მოისურვა დაემკვიდრებინა კურთხევა, უარყოფილ იქნა და ვეღარაფერი გააწყო სინანულით, თუმცაღა ცრემლით ითხოვდა მიტევებას.

18

რადგან მთას როდი მისდგომიხართ, ხელშესახებს თუ ცეცხლით გზნებულს, ან ბნელს, წყვდიადს თუ გრიგალს,

19

არც საყვირის ხმას თუ ხმობას სიტყვისას, რომლის მსმენელნიც ითხოვდნენ, რომ აღარ გაგრძელებულიყო ეს სიტყვა.

20

რადგანაც ვერ უძლებენ იმას, რაც ნაბრძანები იქნა: „მხეციც რომ გაეკაროს მთას, ჩაიქოლება“.

21

იმდენად საშინელი იყო ეს ხილვა, რომ მოსემაც თქვა: „ვძრწი და ვკანკალებ“.

22

არამედ მიადექით სიონის მთას და ცოცხალი ღმერთის ქალაქს - ზეციურ იერუსალიმს და ანგელოზთა ურიცხვ სიმრავლეს,

23

მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას, ყოვლისგამკითხავ ღმერთს და სრულქმნილებას ზიარებულ მართალთა სულებს,

24

ახალი აღთქმის შუამდგომელ იესოს და სხურების სისხლს, აბელის სისხლზე უკეთ რომ მეტყველებს.

25

ფრთხილად იყავით, ნუ უარყოფთ მეტყველს, რადგან თუ მათ, რომელთაც უარყვეს ქვეყნად მეტყველი, თავი ვერ დააღწიეს სასჯელს, ჩვენ როგორღა დავაღწევთ თავს, თუკი უარვყოფთ ზეცით მეტყველს?

26

ვისმა ხმამაც ქვეყანა შესძრა მაშინ, ხოლო აწ ამგვარად გვამცნო: „ერთხელ კიდევ შევძრავ არა მარტო ქვეყანას, არამედ ცასაც“.

27

ხოლო ეს „ერთხელ კიდევ“ გვაუწყებს შეძრულის, როგორც შექმნილის, შეცვლას, რათა უცვლელად ეგოს შეუძვრელი.

28

ამიტომ, შეუძვრელ სასუფეველს რომ ვღებულობთ, გვქონდეს მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს, მოშიშებით და მოწიწებით.

29

რადგანაც ჩვენი ღმერთი არის შთანმთქმელი ცეცხლი.

1

აწ უკუე ჩუენცა, ესოდენი მაქუს გარე-მოდგომილი ჩუენდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთაჲ, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და მსწრაფლ მომავალი იგი ცოდვაჲ და მოთმინებით ვრბიოდით წინა-განმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა.

2

და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს, რომელმან-იგი წინა-განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა.

3

გან-უკუე-იზრახეთ, რომელმან-იგი ესევითარი დაითმინა ცოდვილთაგან მისა მიმართი იგი სიტყჳს-გებაჲ, რაჲთა არა დაშურეთ სულითა თქუენითა და მოჰმედგრდეთ.

4

რამეთუ არღა სისხლთადმდე წინა-დადგრომილ ხართ თქუენ ცოდვისა მიმართ ახოვნად

5

და მოჰმედგრდეთ ნუგეშინის-ცემისაგან, რომელი ვითარცა შვილთა გეტყჳს თქუენ: შვილო ჩემო, ნუ სულ-მოკლე იქმნები სწავლასა უფლისასა, ნუცაღა დაჰჴსნდები მის მიერ მხილებასა.

6

რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის.

7

უკუეთუ სწავლასა დაუთმოთ, ვითარცა შვილთა შეგიწყნარებს თქუენ ღმერთი. რამეთუ ვინ-მე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან?

8

ხოლო უკუეთუ შორს ხართ სწავლასა, რომლისა ზიარ-ქმნულ არიან ყოველნი, მწირნი ვიდრემე ხართ და არა შვილნი.

9

აწ უკუეთუმცა გუესხნეს ჴორციელნი მამა-დედანი მასწავლელად, გუეკდიმებოდა სამემცა; არა-მე უფროჲს დავემორჩილნეთა მამასა მას სულთასა და ვცხონდეთ?

10

რამეთუ რომელნიმე იგი მცირედთა დღეთა მათისაებრ ნებისა სწავლიდეს, ხოლო ესე უმჯობესისათჳს, რაჲთა მოიღონ სიწმიდისაგან მისისა.

11

ყოველივე სწავლაჲ მეყსეულად არა არნ სიხარულ, არამედ მწუხარება; ხოლო უკუანაჲსკნელ ნაყოფი მშჳდობისაჲ მის მიერ წურთილთა მათ მოაგის - სიმართლე.

12

ამისთჳს დაშთომილნი ჴელნი და დაჴსნილნი მუჴლნი აღემართენით

13

და ალაგნი მართლ ყვენით ფერჴთა თქუენთანი, რაჲთა არა მკელობელი იგი დაეცეს, არამედ უფროჲსღა განიკურნოს.

14

მშჳდობასა შეუდეგით ყოველთა თანა და სიწმიდესა, რომლისა თჳნიერ ვერვინ იხილოს უფალი.

15

ეკრძალენით, ნუ ვინმე დაკლებულ იყოს მადლისაგან ღმრთისა; ნუ ვისმე თანა ძირი სიმწარისაჲ აღმოცენებულ იყოს შემაურვებელი, და მის მიერ შეიგინნენ მრავალნი.

16

ნუვინ მეძავ და ბილწ არნ, ვითარცა-იგი ესავ, რომელმან ერთისა წილ საჭმლისა განყიდა პირმშოებაჲ თჳსი.

17

უწყით, რამეთუ ამისა შემდგომად უნდა დამკჳდრებად კურთხევაჲ და შეურაცხ-იქმნა, რამეთუ სინანულისა ადგილი არა პოვა, და ცრემლით ღათუ ითხოვდა მას.

18

რამეთუ არა მოსრულ ხართ თქუენ მთასა მას ჴელით შესახებელსა და აღგზებულსა ცეცხლითა და წყუდიადითა და ბნელითა და ნისლითა

19

და საყჳრისა ოხრასა და ჴმასა სიტყუათასა, რომელთა-იგი ესმა, იჯმნეს, რაჲთა არღარა შეეძინოს მათ სიტყუაჲ.

20

რამეთუ ვერ ითმენდეს ბრძანებულსა მას; მჴეცი ღათუ შეეხებოდა მთასა მას, ქვითა განიდევნებოდა.

21

და ესრეთ საშინელ იყო საუცრებაჲ იგი, მოსე თქუა: შეშინებულ ვარ და შეძრწუნებულ.

22

არამედ მოსრულ ხართ თქუენ მთასა სიონსა და ქალაქსა ღმრთისა ცხოველისასა, იერუსალჱმსა ზეცისასა, და ბევრეულსა ანგელოზთა კრებულსა

23

და ეკლესიასა პირმშოთასა, აღწერილსა ცათა შინა, და ღმრთისა მსაჯულისა ყოველთაჲსა და სულებისა მართალთა მათ აღსრულებულთაჲსა.

24

და შჯულისა მის საღმრთოჲსა შუა-მდგომელისა იესუჲსა და სისხლითა პკურებასა, უმჯობესსა თქუმულისა მის აბელის მიერ.

25

ეკრძალენით, ნუუკუე იჯმნათ მეტყუელისა მისგან. რამეთუ უკუეთუ იგინი ვერ განერნეს, რომელთა ქუეყანასა ზედა იჯმნეს ბრძანებისაგან, რაოდენ უფროჲს ჩუენ, უკუეთუ ზეცისასა მას გარე-მოვექცეთ,

26

რომლისა ჴმამან ქუეყანაჲ შეძრა მაშინ, და აწ აღუთქუამს და იტყჳს: მერმე ერთ-გზისღა შევძრა მე არა ხოლო ქუეყანაჲ, არამედ ცანიცა.

27

ხოლო ესე „მერმე ერთ გზისღა“ აუწყებს შეძრულთა მათ ცვალებასა, ვითარცა ქმნულთასა, რაითა ეგოს შეუძრველი იგი.

28

ამისთჳსცა სასუფეველი შეუძრველი დავიპყრათ; მაქუს ჩუენ მადლი, რომლითა ვჰმსახურებთ სათნოდ ღმერთსა მოშიშებით და ღირსებითა,

29

რამეთუ ღმერთი ჩუენი ცეცხლ განმლეველ არს.

12345678910111213