ებრაელთა მიმართ, თავი 5
რადგანაც ყოველი მღვდემლთავარი კაცთაგან არჩეულია და კაცთათვისვე დადგენილი ღვთისმსახურად, რათა სწირავდეს მსხვერპლსა და შესაწირავს ცოდვებისათვის.
მას შეუძლია შეიწყნაროს უმეცარნი და შეცთომილნი, ვინაიდან თვითონაც გარშემორტყმულია უმწეობით.
ამიტომაც მართებს როგორც ხალხისთვის, ისე თავისი თავისთვისაც სწირავდეს მსხვერპლს ცოდვათა მისატევებლად.
თავისთავად ვერავინ მიიღებს ამ პატივს, არამედ მხოლოდ ის, ვინც ღვთის მიერაა ხმობილი, აარონის მსგავსად.
ასე ქრისტემაც თვითონვე კი არ მიიკუთვნა მღვდელმთავრობის დიდება, არამედ მისი წყალობით, ვინც უთხრა მას: „ძე ხარ შენ ჩემი, დღეს გშობე შენ“.
ხოლო სხვა ადგილას ამბობს: „შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე, წესისამებრ მელქისედეკისა“,
რომელმაც მისი ხორციელად ყოფნის დღეებში ხმამაღალი ღაღადისითა და ცრემლების ფრქვევით შესწირა ლოცვა-ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისაგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო.
და თუმცა ძე იყო, ტანჯვის გზით ისწავლა მორჩილება.
ასე რომ, სრულქმნილი, მისდამი მორჩილთ საუკუნო ხსნის მიზეზად ექმნა.
და იწოდა ღვთის მიერ მღვდელმთავრად, წესისამებრ მელქისედეკისა.
ბევრი რამ შეგვეძლო გვეთქვა ამის თაობაზე, მაგრამ ძნელია განმარტება, ვინაიდან სმენის თავი აღარა გაქვთ.
მართალია, დროის მიხედვით უკვე მოძღვრები უნდა ყოფილიყავით, მაგრამ თვითონვე გჭირდებათ მოძღვარი, რათა ისწავლოთ ღვთის სიტყვის პირველსაწყისნი; ასე რომ, კვლავაც რძე გჭირდებათ და არა უხეში საჭმელი.
მაგრამ რძის ყოველი მსმელი გამოუცდელია სიმართლის სიტყვაში, რადგანაც ჯერ კიდევ ჩვილია.
უხეში საჭმელი კი მოწიფულთათვისაა განკუთვნილი, რომელთა გრძნობებიც საკმაოდ გაწვრთნილია ჩვევით, რათა კეთილისა და ბოროტის გარჩევა შესძლონ.
რამეთუ ყოველივე მღდელთმოძღუარი, კაცთაგან მოყვანებული, კაცთათჳს დადგის იგი ღმრთისა მიმართ, რაჲთა შესწირვიდეს შესაწირავთა და მსხუერპლთა ცოდვათათჳს შენდობით.
და სწორად წყალობად შემძლებელ არს უმეცართა მათ და შეცთომილთა, ვინაჲთგან მასცა ზედა-აც უძლურებაჲ;
და ამისთჳს თანა-აც ვითარცა ერისათჳს, ეგრეცა თავისა თჳსისათჳს შეწირვად მსხუერპლი ცოდვათათჳს.
და არავინ თავით თჳსით მოიღის პატივი, არამედ რომელი წოდებულ არნ ღმრთისა მიერ, ვითარცა-იგი აჰრონ.
ეგრეთცა ქრისტე არა თავი თჳსი ადიდა ყოფად იგი მღდელთმოძღუარად, არამედ რომელი-იგი ეტყოდა მას: ძე ჩემი ხარი შენ, და მე დღეს მიშობიე შენ.
ვითარცა-იგი სხუასაცა ადგილსა იტყჳს: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.
ვითარცა-იგი დღეთა მათ ჴორცთა მისთასა ვედრებასა და ლოცვასა შემძლებელისა მის მიმართ ჴსნად მისა სიკუდილისაგან ჴმითა მაღლითა და ცრემლითა შესწირვიდა, და შეისმინა მისი მოშიშებისა მისგან.
და რამეთუ ძეღა იყო, ისწავა, ვინაჲთგან იგი ივნო მორჩილებაჲ.
და სრულ იქმნა და ექმნა ყოველთა მორჩილთა მისთა მიზეზ ცხორებისა საუკუნოჲსა;
და სახელ-ედვა ღმრთისა მიერ მღდელთმოძღუარ წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.
რომლისათჳს მრავალ არს ჩუენდა სიტყუად და ძნიად სათარგმანებელ თქუმად, ვინაჲთგან უძლურ იქმნენით სასმენელითა.
და რამეთუ თანა-გედვა, რაჲთამცა იყვენით მოძღუარ ჟამისა ამისგან; კუალად გიჴმს-ვე-ღა მოძღურებაჲ თქუენ ასოთა რათმე დასაბამისა სიტყუათა ღმრთისათა; და იქმნენით მოქენე სიძისა და არა მტკიცისა საზრდელისა.
რამეთუ ყოველი, რომელი მიიღებნ სძესა, უმეცარ არს სიტყუასა მას სიმართლისასა, რამეთუ ჩჩჳლ არს.
ხოლო სრულთაჲ არს მტკიცე იგი საზრდელი, რომელთა წესითა მით გონებანი წურთილნი ჰქონედ განრჩევად კეთილისა და ბოროტისა.