ებრაელთა მიმართ, თავი 10
რადგანაც რჯული, მომავალ სიკეთეთა მხოლოდ ჩრდილის და არა თვით ნამდვილ საგანთა მქონე, ერთი და იმავე მსხვერპლით, გამუდმებით რომ სწირავენ ყოველწლიურად, ვერასოდეს ვერ შესძლებს სრულყოს მასთან მიმსვლელნი.
ასე რომ არა, ვინღა შესწირავდა მსხვერპლს, რადგანაც ერთხელ განწმედილთ წარმოდგენაც აღარ ექნებოდათ, რა არის ცოდვა.
მაგრამ მსხვერპლშეწირვა ყოველწლიურად იწვევს ცოდვათა გახსენებას.
რადგანაც შეუძლებელია ცოდვათა წარხოცა კაცთა და ხართა სისხლით.
ამიტომ ქვეყნად შემოსვლისას ქრისტე ამბობს: „მსხვერპლი და შესაწირავი შენ არ ისურვე, მაგრამ სხეული კი განმიმზადე მე.
სრულდასაწველრ და ცოდვის გამოსასყიდი ძღვენი არ ინებე.
მაშინ მე ვთქვი: აჰა, მოვდივარ (როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე), რათა აღვასრუღთ შენი ნება, ღმერთო“.
ზემოთ რომ ამბობს: მსხვერპლი და შესაწირავი, სრულდასაწველი და ცოდვის გამოსასყიდი ძღვენი არ ისურვე და ინებეო,
შემდეგ დასძენს: აჰა, მოვდივარ, რათა აღვასრულო შენი ნება, ღმერთო, რითაც აუქმებს პირველს, რათა მეორე დაადგინოს.
სწორედ ამ ნებით ვართ განწმედილნი, იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით.
რამდენი მღვდელი ყოველდღე დგას მსახურებად და რამდენგზის სწირავს ერთსა და იმავე მსხვერპლს, რომელიც ვერასოდეს წარხოცავს ცოდვას.
მან კი ერთადერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ.
მას შემდეგ ელის, როდის დაემხობიან მისი მტრები მის ფეხქვეშ.
რადგანაც ერთი შეწირვით სამარადისოდ სრულყო განწმედილნი.
ამასვე გვიმოწმებს სული წმიდაც, რადგანაც ნათქვამია:
„ეს არის აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ მათ იმ დღეთა შემდეგ, - ამბობს უფალი, - ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გულებში და მათ გონებაში ჩავწერ.
აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს და ურჯულოებას“.
ხოლო იქ, სადაც ცოდვათა მიტევებაა, შესაწირავი ზედმეტი ხდება.
ამრიგად, ძმანო, რაკი გვაქვს სითამამე საწმიდარში შესვლისა იესოს სისხლის მეოხებით,
ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც გაგვიხსნა მან ფარდით, ესე იგი თავისი ხორცით,
და გვყავს მღვდელმთავარი ღვთის სახლში,
მივეახლოთ მას წრფელი გულითა და რწმენის სისრულით, უკეთური სინიდისისაგან სხურებით გულგაწმენდილნი და სუფთა წყლით ტანგაბანილნი,
მტკიცედ მივსდიოთ აღსარებას სასოებისას, რადგან სარწმუნოა აღმთქმელი.
ყურადღებას ნუ მოვაკლებთ ერთიმეორეს, რათა სიყვარულისა და კეთილ საქმეთათვის წავაქეზოთ ერთმანეთი.
ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს, და მით უფრო მეტად, რაც უფრო აშკარად გრძნობთ იმ დღის მოახლოებას.
რადგან თუ მას შემდეგ, რაც შევიცნეთ ჭეშმარიტება, კვლავ ჩვენი ნებით ვცოდავთ, უკვე აღარა რჩება მსხვერპლი ცოდვათათვის.
არამედ რაღაც საზარელი მოლოდინი მსჯავრისა და მტერთა შთასანთქმელად მოგიზგიზე შურის ცეცხლი.
თუკი მოსეს რჯულის უარმყოფელს, ორი თუ სამი კაცის მოწმობით, უწყალოდ უსჯიან სიკვდილს,
როგორ გგონიათ, რამდენად უფრო მძიმე იქნება მისი სასჯელი, ვინც ფეხქვეშ თელავს ძეს ღვთისას, უღირსად მიიჩნევს აღთქმის სისხლს, რომლითაც განიწმიდა, და აგინებს მადლის სულს?
რადგანაც ვიცნობთ ამის მთქმელს: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ“. ან კიდევ: „უფალი განიკითხავს თავის ხალხს“.
მტერი ჩავარდა ცოცხალი ღმრთის ხელში!
გაიხსენეთ უწინდელი დღენი, როცა განათლდით და დაითმინეთ ვნებათა დიადი ღვაწლი;
როცა თქვენივე ურვითა და უბედურებით ან სხვების სასეიროდ იყავით ქცეულნი, ანდა სხვებს თანაუგრძნობდით, თქვენსავე დღეში ჩაცვენილთ.
ვინაიდან ჩემს ტყვეობასაც თანაუგრძნეთ და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით შეხვდით, რადგანაც იცოდით, რომ უკეთესი და წარუვალი საუნჯე გაქვთ ცაში.
მაშ, ნუ გიღალატებთ მხნეობა, რომელსაც დიადი საზღაური ელის.
მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული.
ვინაიდან ცოტაც, სულ ცოტაც, და არ დააყოვნებს, მოვა მომავალი.
მართალი რწმენით იცოცხლებს, ხოლო თუ უკუიქცევა, არ შეიწყალებს მას ჩემი სული.
მაგრამ ჩვენ უკუქცეულნი როდი ვართ წარსაწყმედად, არამედ მტკიცედ მორწმუნენი სულის სახსნელად.
რამეთუ აჩრდილი აქუნდა შჯულსა მერმეთა მათ კეთილთაჲ, არა თჳთ იგი ხატი საქმეთაჲ მათ წლითი წლად მსხუერპლთა მათ, რომელთა შესწირვედ სამარადისოდ, ვერსადა შემძლებელ იყვნეს იგინი შემწირველთა მათ განსრულებად.
უკუეთუმცა [არა], არასადა დასცხრეს შეწირვისაგან, ვინაჲთგან არცა ერთიღა-მცა რაჲ იჭჳ აქუნდა ცოდვათაჲ შემწირველთა მათ ერთ-გზის განწმედილთა,
არამედ მათ შინა კუალად მოჴსენებაჲ ცოდვათაჲ წლითი წლად,
რამეთუ ვერ შემძლებელ არს სისხლი ვაცთა და კუროთაჲ აჴოცად ცოდვათა.
ამისთჳს შემო-რაჲ-ვალს სოფლად, იტყჳს: შესაწირავი და მსხუერპლი არა გთნდა, ხოლო ჴორცნი დამამტკიცენ მე.
საკუერთხი ცოდვათათჳს არა ინებე.
მაშინ ვთქუ: ესერა მოვალ, თავსა წიგნთასა წერილ არს ჩემთჳს ყოფად, ღმერთო ჩემო, ნებისა შენისა.
ზემო კერძო იტყჳს, ვითარმედ: მსხუერპლი და შესაწირავი და საკუერთხი, და ცოდვათათჳს არა ინებე, არცა სათნო-იყავ, რომელნი-იგი მსგავსად შჯულისა შეიწირვიან,
მაშინ თქუა: ესერა მოვალ ყოფად ნებისა შენისა, აიღებს პირველსა მას, რაჲთა მეორე იგი დაამტკიცოს.
რომლისა ნებითა ჩუენ განწმედილ ვართ შესაწირავითა მით, ჴორცითა იესუ ქრისტესითა ერთ-გზის.
და ყოველი იგი მღდელი დგან დღითი დღე მსახურებასა მას და მათვე მსხუერპლთა შესწირავნ მრავალ-გზის, რომელნი-იგი არასადა შემძლებელ არიან აჴოცად ცოდვათა.
ხოლო თავადმან ერთ-გზის შეწირა მსხუერპლი ცოდვათათჳს სამარადისოდ და დაჯდა იგი მარჯუენით ღმრთისა
და მიერითგან მოელის, ვიდრემდის დაისხნენ მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა.
რამეთუ ერთი მსხუერპლი სრულ იქმნა სამარადისოდ განწმედილთა მათთჳს,
ხოლო მეწამების ჩუენ სული წმიდაჲცა, რამეთუ შემდგომად სიტყჳსა მის,
ვითარმედ: ესე არს აღთქუმაჲ ჩემი, რომელი აღვთქუა მათა მიმართ შემდგომად დღეთა მათ, იტყჳს უფალი, მივსცენ შჯულნი ჩემნი გულთა მათთა და გონებათა მათთა ზედა გამოვწერნე იგინი
და უშჯულოებანი მათნი და ცოდვანი მათნი არღარა მოვიჴსენნე.
ხოლო სადა ამათი მოტევებაჲ არს, არღარა ჴამს მსხუერპლი ცოდვათათჳს.
გუაქუს უკუე, ძმანო, კადნიერებაჲ შესლვად სიწმიდეთა მათ სისხლითა იესუჲსითა,
რომელ-იგი განგჳახლა ჩუენ გზაჲ ახალი და ცხოველი კრეტსაბმელითა მით, ესე იგი არს ჴორცითა მისთაჲთა,
და მღდელთმოძღუარი დიდი სახლსა შინა ღმრთისასა,
მოუჴდეთ მას ჭეშმარიტითა გულითა, გულ-სავსებითა სარწმუნოებისაჲთა, სხურებულნი გულითა იჭჳსაგან ბოროტისა
და განბანილნი გუამითა წყლითა წმიდითა, შევიკრძალოთ აღსარებაჲ იგი სასოებისაჲ მოუდრეკელად, რამეთუ სარწმუნო არს, რომელმან-იგი აღმითქუა.
და განვიცდიდეთ ურთიერთას აღბაძვებად სიყუარულსა და კეთილთა საქმეთა.
ნუ დაუტევებთ შესაკრებელსა თჳსსა, ვითარცა-იგი ჩუეულებაჲ არს ვიეთიმე, არამედ ნუგეშინის-სცემდით და ესოდენ უფროჲს, რაოდენ-ესე ხედავთ მოახლებულსა ამას დღესა.
რამეთუ ნეფსით შეცოდებათა ჩუენთათჳს, შემდგომად მოღებისა მის ცნობისა ჭეშმარიტებისა, არღარა ცოდვათათჳს მოაკლდების მსხუერპლი,
არამედ საშინელი რაჲმე მოლოდებაჲ საშჯელისაჲ და ცეცხლისა შური შესჭამდეს მტერთა მათ.
უკუეთუ ვინმე შეურაცხ-ყოს შჯული მოსესი, თჳნიერ წყალობისა, ორითა ანუ სამითა მოწამითა, მოკუდების.
რაოდენ ჰგონებთ უძჳრესისა ტანჯვისა ღირს-ყოფად, რომელმან ძე ღმრთისაჲ დათრგუნოს და სისხლი იგი აღთქუმისაჲ არა-ღირსად შეჰრაცხოს, რომლითა განწმიდნა, და სული იგი მადლისაჲ აგინა?
რამეთუ ვიცით, რომელმან-იგი თქუა: ჩემი არს შურის-გებაჲ, და მე მივაგო, იტყჳს უფალი. და კუალად იტყჳს, რამეთუ: განიკითხოს უფალმან ერი თჳსი.
საშინელ არს შევრდომაჲ ჴელთა ღმრთისა ცხოველისათა.
მოიჴსენებდით პირველთა მათ დღეთა, რომელთა-იგი შინა ნათელ-იღეთ და მრავალი ღუაწლი დაითმინეთ ვნებათაჲ,
ესე არს, ყუედრებათა და ჭირთა შინა სოფლის სახილველ იქმნენით და ესე, რამეთუ ეზიარენით მათ, რომელნი-იგი მათ შინა იქცეოდეს;
და რამეთუ კრულებათა მათ ჩემთათჳს გელმოდა, და იავარის-ყოფაჲ იგი მონაგებთა თქუენთაჲ სიხარულით შეიწყნარეთ; უწყით, რამეთუ გაქუს თავისა თქუენისა საუნჯე უმჯობესი, ცათა შინა დადგრომილი.
ნუ განიშორებთ განცხადებულებასა მაგას თქუენსა, რომელსა აქუს დიდი სასყიდლის მოგებაჲ.
რამეთუ მოთმინებაჲ გიჴმს თქუენ, რაჲთა ნებაჲ ღმრთისაჲ ჰყოთ და მოიღოთ აღნათქუემი იგი.
რამეთუ მცირედ, წუთ ერთღა, მომავალი იგი მოვიდეს და არა ყოვნოს.
ხოლო მართალი სარწმუნოებით ცხონდეს; და უკუეთუ იჯმნეთ მისგან, არა სთნავს სულსა ჩემსა მას შინა.
ხოლო ჩუენ არა ვართ ჯმნულებისანი მის წარსაწყმედელად, არამედ სარწმუნოებისანი შესაწევნელად სულისა.