ებრაელთა მიმართ, თავი 6
ამიტომ დავუტევოთ ქრისტეს სიტყვის საწყისნი. ვისწრაფოთ სრულყოფისაკენ და კვლავ ნუღარ ჩავუყრით საძირკველს მკვდარ საქმეთა მონანიებას და ღვთის რწმენას,
ნათლისღების, ხელდასხმის, მკვდართა აღდგომისა და საუკუნო განკითხვის მოძღვრებას.
ასეც მოვიქცევით, თუკი ინება ღმერთმა.
რადგანაც შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც იგემეს ციური ნიჭი და ეზიარნენ სულიწმიდას,
შეიტკბეს ღვთის კეთილი სიტყვა და მომავალი საუკუნის ძალნი,
მაგრამ მაინც დაეცნენ, - დიახ, შეუძლებელია, რომ ისინი კვლავ განახლდნენ სინანულისთვის, ვინაიდან კვლავინდებურად ჯვარს აცვამენ ძეს ღვთისას და ჰგმობენ.
რადგანაც მიწა, მასზე ხშირ-ხშირად დადენილ წვიმას რომ ისრუტავს და მიწის მუშაკთათვის სარგო ნათესს აღმოაცენებს, ღვთისაგან იღებს კურთხევას.
ხოლო ნარ-ეკლის აღმომაცენებელი ურგებია და ლამის დაწყევლილი, - რომლის ბოლოც იქნება დაწვა.
თუმცა თქვენ, საყვარელნო, მიუხედავად ამ სიტყვებისა, გვწამს, რომ უკეთესნი ხართ და ხსნად მიწევნილნი.
რადგანაც ღმერთი უსამართლო როდია, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და შრომა სიყვარულისა, რაც გამოავლინეთ მისი სახელისათვის, ვინაიდან ემსახურებოდით და ახლაც ემსახურებით წმიდათ.
მაგრამ გვსურს, რომ თვითეული თქვენგანი სასოების სავსებისთვისაც ბოლომდე იჩენდეს იმავე გულმოდგინებას.
რათა მცონარებას არ მისცეთ თავი, არამედ ბაძავდეთ მათ, რწმენი თა და დიდსულოვნებით რომ იმკვიდრებენ აღთქმათ.
რადგანაც ღმერთმა, როცა აბრაამს აძლევდა აღთქმას, რაკიღა თავზე უმეტესი არავინ ჰყავდა დასაფიცარი, თავისი თავი დაიფიცა,
და უთხრა: „ჭეშმარიტად, კურთხევით გაკურთხებ შენ, და გამრავლებით გამრავლებ შენ“.
და ასე, სულგრძელობით მიიღო აღთქმა.
ხალხი უმეტესს იფიცავს და ფიცია მათი ყოველი ცილობის დასასრული.
ამიტომ ღმერთმა, რომელსაც სურდა აღთქმის მემკვიდრეთათვის ეჩვენებინა თავისი ნების გარდუვალობა, შუამდგომლობისთვის მიმართა ფიცს.
რათა ორი გარდუვალი საქმის მეშვეობით, რაშიაც შეუძლებელია ეცრუა ღმერთს, მტკიცე ნუგეში გვქონოდა ყველას, ვინც ვისწრაფეთ ჩავჭიდებოდით ჩვენს წინაშე დასახულ იმედს,
რომელიც ჩვენი სულისათვის იგივეა, რაც მტკიცე და სანდო ღუზა, თვით ფარდის მიღმაც რომ აღწევს,
სადაც ჩვენს წინამორბედად შევიდა იესო და, წესისამებრ მელქისედეკისა, მღვდელმთავარი გახდა უკუნისამდე.
ამისთჳს დაუტეოთ დასაბამისა მის ქრისტეს სიტყუათაჲ და სისრულისა მიმართ მოვიდეთ; ნუ კუალად საძირკუელსა დავსდებთ სინანულისასა მკუდართაგან საქმეთა და სარწმუნოებისა ღმრთისა მიმართ,
ნათლის-ღებისა სწავლისა, დასხმისა ჴელთაჲსა და აღდგომისა მკუდართაჲსა და საშჯელისა მის საუკუნოჲსა.
და ესე ვყოთ, უკუეთუ გჳბრძანოს ღმერთმან.
რამეთუ შეუძლებელ არს ერთ-გზის განათლებულთა მათ, რომელთა გემოჲ ეხილვოს ნიჭთა მათ ზეცისათაჲ და ზიარ-ქმნულ იყვნენ სულისა წმიდისა
და კეთილი გემოჲ ეხილვოს სიტყჳსა ღმრთისაჲ და ძალი იგი მერმისა მის საუკუნოჲსაჲ
და დაცემულთა კუალად განახლებაჲ სინანულად, თანა-ჯუარს-ცუმად თავთა მათთა ძესა ღმრთისასა და განქიქებად.
რამეთუ ქუეყანამან რომელმან სჳს მარავალ გზის მის ზედა მოსრული წჳმაჲ და გამოიღის მწუანვილი, სარგებელი მათთჳს, რომელთათჳსცა იქმნების, მიიღებს კურთხევასა ღმრთისა მიერ.
ხოლო უკუეთუ მოიღის ეკალი და კუროჲსთავი ურგები და წყევისა მახლოებლი, რომლისა უკუანაჲსკნელი დასაწუველად არნ.
ხოლო ჩუენ გურწამს თქუენთჳს, საყუარელნო, უმჯობესი და მახლოებლი ცხორებისაჲ, ესრეთ ღათუ ვიტყჳთ.
რამეთუ არა არს სიცრუე ღმრთისა თანა, ვითარმცა დაივიწყნა საქმენი თქუენნი და შრომაჲ სიყუარულისა თქუენისაჲ, რომელი აჩუენეთ სახელისა მისისათჳს, რამეთუ ჰმსახურებდით წმიდათა მათ და ჰმსახურებთცა.
გუსურის კაცად-კაცადისა თქუენისაჲ, რაჲთა მასვე აჩუენებდეთ მოსწრაფებასა გულსავსებისა მის მიმართ სასოებისა ვიდრე აღსასრულადმდე,
რაჲთა არა მოჰმედგრდეთ, არამედ მობაძავ იყვნეთ მათდა, რომელთა-იგი სარწმუნეობითა და სულგრძელებითა დაიმკჳდრნეს აღთქუმანი.
რამეთუ აბრაჰამს აღუთქუა ღმერთმან, ვინაჲთგან არავინ იყო უფროჲსი, რომელსამცა ფუცა, ფუცა თავისა თჳსისა;
და თქუა, ვითარმედ: კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განგამრავლო შენ.
და ესრეთ სულგრძელ იქმნა და მიემთხჳა აღთქუმასა.
რამეთუ კაცთა უფროჲსისა მიმართ ფუციან და ყოვლისა ცილობისა მათისა დასასრულსა დასამტკიცებელად ფიცი არს.
რომლითა უმეტესად უნდა ღმერთსა ჩუენებად მკჳდრთა მათ მის აღთქუმისათა შეუძრველობაჲ ზრახვისა მისისაჲ, შუამდგომელ ყო ფიცი,
რაჲთა ორთავე მათ საქმეთა მიერ შეუძრავთა, რომელთა შინა შეუძლებელ იყო ცრუებად ღმერთი, ძლიერი ნუგეშინის-ცემაჲ გუაქუენდეს ჩუენ, რომელნი-ესე შევევედრენით შეკრძალვად წინა-განმზადებულსა მას სასოებასა,
რომელი ვითარცა ხარისხი გჳპყრიეს სულისაჲ კრძალული და მტკიცე და შემავალი შინაგანსა მას კრეტსაბმელსა,
სადა-იგი წინამორბედად ჩუენთჳს შევიდა იესუ, წესსა მას ზედა მელქისედეკისსა მღდელთმოძღუარ იქმნა იგი უკუნისამდე.