ლოცვანი
აპლიკაცია

ებრაელთა მიმართ, თავი 4

1

მაშ, გვეშინოდეს, რათა, ვიდრე რჩება აღთქმა მის სიმშვიდეში შესვლისა, რომელიმე თქვენგანი გარეთ არ დარჩეს.

2

რადგანაც სახარება ჩვენც მათსავით გვეუწყა, მაგრამ სიტყვა, რომელიც ისმინეს, ურგები დარჩა მათთვის, ვინაიდან არ შეერწყა მსმენელთა რწმენას.

3

სიმშვიდეში კი ჩვენ, მორწმუნენი შევალთ, როგორც მან ბრძანა: „ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას, რომ ვერ შემოვლენ ჩემს სიმშვიდეში“. თუმცაღა მისი საქმენი დასრულდნენ ჯერ კიდევ ქვეყნიერების დასაბამიდან.

4

ვინაიდან მეშვიდე დღეზე სადღაცა ასე თქმულა: „და დაისვენა ღმერთმა მეშვიდე დღეს მისი ყოველი საქმისგან“.

5

და კიდევ: „ვერ შემოვლენ ჩემს სიმშვიდეში“.

6

და რაკი ზოგს კვლავაც შეუძლია მასში შესვლა, ხოლო ისინი, ვისაც უწინ ეხარათ, ვერ შევიდნენ ურჩობის გამო, -

7

კვლავინდებურად აწესებს გარკვეულ დღეს, და დავითის პირით ამბობს - „დღესო“, ესოდენ ხანგრძლივი დროის შემდეგ, როგორც ზემოთ ითქვა: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს“.

8

ვინაიდან იესო ნავეს ძეს რომ მიენიჭებინა მათთვის სიმშვიდე, ამის შემდეგ აღარას იტყოდა სხვა დღეზე.

9

ამიტომ ღვთის ხალხს კვლავ რჩება შაბათობა.

10

რადგან ვინც შევიდა მის სიმშვიდეში, ისევე დაისვენა თავის საქმეთაგან, როგორც ღმერთმა შესაქმის შემდეგ.

11

მაშ, ვესწრაფოთ ამ სიმშვიდეში შესვლას, რათა, მათი მაგალითისამებრ, ურჩობაში არვინ ჩავარდეს.

12

რადგანაც ღვთის სიტყვა ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, ასე რომ, თვით სამშვინველისა და სულის, სახსართა და ძვლის ტვინის გაყოფამდე აღწევს, და განიკითხავს გულის ზრახვებსა თუ აზრებს.

13

არ არსებობს ქმნილება, დაფარული რომ იყოს მისთვის. არამედ ყველაფერი გაშიშვლებული და გაცხადებულია მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს.

14

და რაკი გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც გამოვლო ცანი, იესო, ძე ღვთისა, მტკიცედ მივსდიოთ ჩვენს აღსარებას.

15

რადგან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ არ შეეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებაში, არამედ - ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა.

16

მაშ, თამამად მივეახლთთ მადლის ტახტს, რათა მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შეწევნისათვის.

1

გუეშინოდენ უკუე, ნუსადა, დატევებასა მას აღთქუმისასა შესლვად განსასუენებელსა მისსა, ჰგონებდეს ვინმე თქუენგანი დაკლებულად თავსა თჳსსა.

2

და რამეთუ ვართ ჩუენ ხარებულ, ვითარცა-იგი იგინი; არამედ არარაჲ არგო მათ სიტყუამან მან სმენისამან, ვინაჲთგან არა თანა-შეეზავა სარწმუნებაჲ იგი მსმენელთა მათ.

3

ხოლო ჩუენ შევიდეთ განსასუენებელსა მას, მორწმუნენი ესე, ვითარცა-იგი თქუა: ვითარცა ვფუცე რისხვითა ჩემითა, ვერ შევიდენ იგინი განსასუენებელსა ჩემსა; და დაღათუ საქმენი იგი დასაბამითგან სოფლისაჲთ ქმნულ იყვნეს.

4

რამეთუ უთქუამს სადამე მეშჳდისა მისთჳს ესრეთ: და განისუენა ღმერთმან დღესა მას მეშჳდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა.

5

და ამისა შემდგომად კუალად იტყჳს: ვერ შევიდენ იგინი განსასუენებელსა ჩემსა.

6

ვინაჲთგან უკუე და-ვიეთმე-აკლებს შესლვად მას შინა, და რომელნი-იგი წანაწარ ხარებულ იქმნეს, ვერ შევიდეს ურწმუნეობითა.

7

კუალად რასმე განაჩინებს დღესა დავითის მიერ და იტყჳს, შემდგომად ესოდენისა ჟამისა, ვითარცა-იგი თქუმულ არს: დღეს თუ ჴმისა მისისაჲ ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა.

8

რამეთუ უკუეთუმცა ისოს, ძესა ნავესსა, განესუენა მათდა, არამცა სხჳსა დღისათჳს ამისსა შემდგომად იტყოდა.

9

და-სამე-აკლდების შაბათობაჲ იგი ერსა მას ღმრთისასა.

10

რამეთუ რომელი-იგი შევიდა განსასუენებელსა მისსა, მანცა განისუენა საქმეთაგან მისთა, ვითარცა-იგი თჳსთაგან ღმერთმან.

11

ვისწრაფოთ უკუე შესლვად განსასუენებელსა მას, რაჲთა არა მასვე სახესა ურწმუნეობისასა ვინმე შთავარდეს.

12

რამეთუ ცხოველ არს სიტყუაჲ ღმრითსაჲ და ძლიერ და უმკუეთელეს უფროჲს ყოვლისა მახჳლისა ორპირისა: და მისწუდების იგი ვიდრე განსაყოფელადმდე სამშჳნველისა და სულისა, ნაწევართა და ტჳნთა, და განმკითხველ გონებათა და ზრახვათა გულისათა.

13

და არარაჲ არს დაბადებული დაფარულ წინაშე მისსა, არამედ ყოველივე შიშუელ და ქედ-დადრეკილ არს წინაშე თუალთა მისთა, რომლისათჳს არს სიტყუაჲ ესე ჩუენი.

14

მივის ჩუენ მღდელთმოძღუარი დიდი, რომელმან განვლნა ცანი, იესუ, ძე ღმრთისაჲ, შევიკრძალოთ აღსარებაჲ იგი მისა მართლ.

15

რამეთუ არა ეგევითარი გჳვის მღდელთმოძღარი, რომელიმცა ვერ შემძლებულ იყო შეწყალებად უძლურებათა ჩუენთა, გამოცდილი ყოვლითავე მსგავსებითა, თჳნიერ ცოდვისა.

16

მოუჴდეთ უკუე განცხადებულად საყდართა მათ მადლისასა, რაჲთა მოვიღოთ წყალობაჲ და ვპოოთ მადლი ჟამსა შეწევნისასა.

12345678910111213