ლოცვანი
აპლიკაცია

ებრაელთა მიმართ, თავი 11

1

ხოლო რწმენა არის უეჭველობა იმისა, რასაც მოველით, და წვდომა უხილავისა.

2

რადგანაც რწმენით მიეცა მოწმობა უხუცესთ.

3

რწმენით შევიცნობთ, რომ ღვთის სიტყვით შეიქმნენ საუკუნენი, და რომ ხილული უხილავისაგან იღებს დასაბამს.

4

რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს უკეთესი მსხვერპლი, ვიდრე კაენმა; რწმენით მიიღო მოწმობა, რომ მართალი იყო, როგორც უმოწმა ღმერთმა მის მსხვერპლს; და სიკვდილის შემდეგაც კვლავ რწმენით მეტყველებს.

5

რწმენით გარდაიცვალა ენოქი, ისე, რომ არ უხილავს სიკვდილი, და ვეღარავინ დალანდა, რადგანაც ღმერთმა წაიყვანა იგი; ვინაიდან სიკვდილამდე მიიღო მოწმობა, რომ ესათნოვა ღმერთს.

6

რწმენის გარეშე კი შეუძლებელია ესათნოვო ღმერთს, რადგან ვინც მას უახლოვდება, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და სანაცვლოს მიაგებს მის მაძიებელთ.

7

რწმენით მიიღო ნოემ ჩვენება იმისა, რაც ჯერ კიდევ უხილავი იყო, და ღვთისმოშიშებით ააგო კიდობანი თავისი სახლის სახსნელად; რწმენით განიკითხა ქვეყანა და რწმენითვე გახდა სიმართლის მემკვიდრე.

8

რწმენით დაემორჩილა აბრაამი ხმობას, წასულიყო იმ ქვეყანაში, რომელიც სამკვიდროდ უნდა მიეღო, და წავიდა კიდეც, თუმცაღა არ იცოდა, სად მიდითდა.

9

რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, ისე, ვით უცხოს, და მკვიდრობდა კარვებში ისააკსა და იაკობთან, იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად.

10

ვინაიდან ელოდა ქალაქს, რომელიც მტკიცე საძირკველზე დგას და რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელიც არის ღმერთი.

11

რწმენითვე იყო, რომ უნაყოფო სარამაც მიიღო ჩასახვის ძალა და ხანგადასულმა შვა, რადგანაც სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი.

12

ამიტომ ერთისგან, და ისიც ლამის მკვდრისაგან, იშვნენ მრავალნი, როგორც მრავალი ვარსკვლავი ცაზე და ურიცხვი ქვიშა ზღვის პირას.

13

რწმენაში აღესრულნენ ყველა ისინი და ვერ მიიღეს აღთქმული, არამედ შორიდან ხედავდნენ, შორითვე მოიკითხავდნენ მას და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყნად.

14

რადგანაც ასე მეტყველნი ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ.

15

ის სამშობლო რომ ხსომებოდათ, საიდანაც გამოვიდნენ, მოასწრებდნენ იქ მიბრუნებას.

16

მაგრამ ისინი უკეთესი, ესე იგი, ზეციური სამშობლოსაკენ ილტვოდნენ. ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია მათ ღმერთად იწოდებოდეს, რადგანაც თვითონ განუმზადა ქალაქი მათ.

17

რწმენით შესწირა აბრაამმა, გამოცდის ჟამს, ისააკი; აღთქმა რომ ჰქონდა მიღებუღი, მიტომაც შესწირა მხოლოდშობილი,

18

რომელზედაც ითქვა: „ისააკის მიერ იწოდება შენი მოდგმა“.

19

რადგანაც სწამდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს. ამიტომაც იყო, რომ შეწირული უკანვე მიიღო, როგორც ნიმუში.

20

რწმენით აკურთხა ისააკმა იაკობი და ესავი მომავლისათვის.

21

რწმენით აკურთხა სათითაოდ მომაკვდავმა იაკობმა იოსების ძენი, და თავის კვერთხზე დაყრდნობილმა თაყვანი სცა ღმერთს.

22

რწმენით მოიხსენია იოსებმა აღსასრულისას ისრაელის ძეთა გამოსვლა და ბრძანება გასცა თავისი ძვლების თაობაზე.

23

რწმენით მალავდნენ მოსეს მშობლები დაბადებიდან სამი თვის განმავლობაში, რადგანაც ხედავდნენ ყრმის სიკეთეს და არ შეუშინდნენ მეფის ბრძანებას.

24

რწმენით იყო, რომ მოსემ, როცა წამოიზარდა, უარი თქვა ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო,

25

და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა მცირე ხნით ცოდვილ განცხრომას.

26

ქრისტესავით გმობა უფრო დიდ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის მთელი სიმდიდრე, რადგანაც ხედავდა საზღაურს.

27

რწმენით დატოვა ეგვიპტე და არ შეუშინდა მეფის რისხვას, რადგანაც მტკიცე იყო, როგორც მხილველი უხილავისა.

28

რწმენით აღასრულა პასექი და სისხლის პკურება, რათა პირმშოთა მომსრველს ხელი ვერ ეხლო მათ პირმშოთათვის.

29

რწმენით გადავლეს მეწამული ზღვა, როგორც ხმელეთი, ხოლო ეგვიპტელები, იგივე რომ დააპირეს, უფსკრულს დაინთქნენ.

30

რწმენით დაემხო იერიხონის გალავანი შვიდდღიანი ალყის შედეგად.

31

რწმენით იყო, რომ ურჩებთან ერთად არ დაიღუპა მეძავი რააბი, რომელმაც მშვიდთბით მიიღო მსტოვარნი.

32

მეტი რაღა ვთქვა? რადგანაც დრო არ მეყოფა გედეონის, ბარაკის, სამსონის, იეფთაეს, დავითის, სამუელისა და წინასწარმეტყველთა ამბის სათხრობად,

33

რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს,

34

შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლერებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს.

35

ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი.

36

სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი - ბორკილები და დილეგი.

37

იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა),

38

უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი.

39

ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული,

40

რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.

1

ხოლო არს სარწმუნოებაჲ მოსავთა მათ ძალ, საქმეთა მამხილებელ არა-ხილულთა,

2

რამეთუ ამას შინა იწამნეს მოხუცებულნი.

3

სარწმუნოებით გჳცნობიეს დამყარებად საუკუნეთა სიტყჳთა ღმრთისაჲთა, არა-საჩინოჲსაგან ხილულად შექმნულად.

4

სარწმუნოებით უმრავლესი მსხუერპლები შეწირა ღმრთისა აბელ კაენისა, რომლისაგან იწამა, ვითარმედ მართალ არს წამებითა ღმრთისაჲთა მსხუერპლთა მათ მისთა ზედა; და ამისთჳს მო-ღათუ-კუდა, მერმე იტყჳსვე-ღა.

5

სარწმუნოებით ენუქ გარდაიცვალა, რაჲთა არა იხილოს სიკუდილი; და არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან. რამეთუ პირველ გარდაცვალებისა მისისა წამებულ არს, ვითარმედ სათნო-იყო იგი ღმერთმან.

6

ხოლო თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნო-ყოფაჲ; რამეთუ სარწმუნოებაჲ უღირს რომელი მოუჴდების ღმერთსა, რამეთუ არს, და მეძიელებლთა მისთა სასყიდლის მიმცემელ ექმნების.

7

სარწმუნოებით ბრძანებაჲ მოიღო ნოვე არღასადა ხილულთა მათთჳს, შეეშინა და ქმნა კიდობანი საცხორებელად სახლისა თჳსისა, რომლითა დასაჯა სოფელი, და სარწმუნოებითა მით სიმართლისაჲთა იქმნა იგი მკჳდრ.

8

სარწმუნოებით იწოდა რაჲ აბრაჰამ, ერჩდა გამოსლვად ადგილსა მას, რომელი დაპყრობად იყო მისა სამკჳდრებელად; და გამოვიდა და არა უწყოდა, ვიდრე მოვიდოდა.

9

სარწმუნოებით მწირობდა ქუეყანასა მას აღთქუმისასა, ვითარცა უცხოსა, კარავსა შინა მკჳდრობდა ისააკ და იაკობის თანა, მკჳდრთა მათ თანა მისვე აღთქუმისათა;

10

რამეთუ მოელოდა მას, რომელსა-იგი საფუძველ უსხენ ქალაქსა, რომლისა-იგი ხუროთმოძღუარ და შემოქმედ ღმერთი არს.

11

სარწმუნოებით იგიცა სარრა, ბერწ ღათუ იყო, ძალი მიიღო შესაწყნარებელად თესლისა და ჟამთა გარდასრულმან შვა, რამეთუ სარწმუნოდ შეჰრაცხა, რომელმან-იგი აღუთქუა მას.

12

ვინაჲცა ერთისაგან იშვნეს და ესე მკუდრისა მისგან, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი სიმრავლითა და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ ურიცხჳ.

13

სარწმუნობით მოსწყდეს ესე ყოველნი და არღა მოეღო მათ აღნათქუემი იგი, არამედ შორით იხილეს იგი და მოიკითხეს და აღიარეს, რამეთუ სტუმარ და წარმავალ არიან იგინი ქუყანასა ზედა.

14

რამეთუ რომელნი-იგი ესევითარსა იტყჳედ, გამოაჩინებენ, ვითარმედ მამულსა ეძიებენ.

15

და თუმცა მას მოიჴსენებედეს, ვინაჲ-იგი გამოვიდეს, აქუნდამცა ჟამი მიქცევისაჲ.

16

ხოლო აწ უმჯობესსა მას გული ეტყჳს, ესე იგი არს ზეცისასა; ამისთჳსცა არა სირცხჳლ-უჩნს მათი ღმერთსა სახელის-დებად მათდა ღმრთად, რამეთუ განუმზადა მათ ქალაქი.

17

სარწმუნოებით შეწირა აბრაჰამ ისაკი გამოცდასა მას და მხოლოდშობილსა მას შესწირვიდა, რომელმან აღთქუმაჲ იგი მოიღო,

18

რომლისა მიმართ ითქუა, ვითარმედ: ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავად.

19

ესრეთ შეჰრაცხა, ვითარმედ მკუდრეთითცა აღდგინებად შემძლებელ არს ღმერთი, რომლისათჳსცა იგავით მოიყვანა იგი.

20

სარწმუნოებით მერმეთა მათთჳს ისაკმან აკურთხა იაკობი და ესავი.

21

სარწმუნოებით იაკობმან, მო-რაჲ-კუდებოდა, თჳთოეულად ძენი იოსებისნი აკურთხნა და თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა.

22

სარწმუნოებით იოსებ, აღ-რაჲ-ესრულებოდა, გამოსლვისათჳს ძეთა ისრაჱლისათა მოიჴსენა და ძუალთა თჳსთათჳს ამცნო.

23

სარწმუნოებით მოსე, იშვა რაჲ, დამალეს სამ თუე მამა-დედათა მისთა, რამეთუ იხილეს მკჳრცხლ ყრმაჲ იგი, და არა შეიშინეს ბრძანებისა მისგან მეფისა.

24

სარწმუნოებით მოსე, გან-რაჲ-მწჳსნა, უარ-ყო სახელის-დებად შვილად ასულისა ფარაოჲსა,

25

უფროჲსღა გამოირჩია თანა-ძჳრის-ხილვაჲ ერსა თანა ღმრთისასა, ვიდრეღა რაჲთა აქუნდეს მას საწუთროჲ იგი საშუებელი ცოდვისაჲ;

26

უფროჲსად სიმდიდრედ შეჰრაცხა ეგჳპტისა საფასეთა ყუედრებაჲ იგი ქრისტესი, რამეთუ ჰხედვიდა იგი სასყიდლის კუალად-გებასა.

27

სარწმუნოებით დაუტევა ეგჳპტე და არა შეიშინა გულის წყრომისა მისგან მეფისა, რამეთუ უხილავი იგი ვითარცა ხილული შეჰრაცხა.

28

სარწმუნოებით ყო ზატიკი იგი და პკურებაჲ იგი სისხლისაჲ, რაჲთა არა მომსრველი იგი პირმშოთაჲ შეეხოს მათ.

29

სარწმუნოებით წიაღჴდეს ზღუასა მას მეწამულსა, ვითარცა ჴმელსა ქუეყანასა, რომელსა-იგი აზმნეს მეგჳპტელთა და დაინთქნეს.

30

სარწმუნოებით ზღუდენი იერიქოჲსანი დაეცნეს გარე-მოდგომითა შჳდ დღე.

31

სარწმუნოებით რააბ, მეძავი იგი, არა წარწყმდა ურჩთა მათ თანა, რამეთუ შეიწყნარნა მსტუარნი იგი მშჳდობით.

32

და რაჲღა-მე ვთქუა? რამეთუ დამაკლებს მე ჟამი ესე მითხრობად გედეონისთჳს, ბარაკისთჳს და სამფსონისთჳს და რეფთაჲსთჳს, დავითისთჳს და სამოელისთჳს და წინაწარმეტყუელთა,

33

რომელნი სარწმუნოებით ერეოდეს მეფეთა; იქმოდეს სიმართლესა, მიემთხჳნეს აღთქუმათა; დაუყვნეს პირნი ლომთანი;

34

დაშრიტეს ძალი ცეცხლისაჲ, განერნეს პირსა მახჳლისასა; განძლიერდეს უძულებისაგან; იქმნეს ძლიერ ბრძოლასა შინა; ბანაკები აოტეს უცხო თესლთაჲ.

35

მოიყვანნეს დედათა აღდგომილნი მკუდარნი მათნი; ხოლო სხუანი წარკუეთითა თავთაჲთა აღესრულნეს; და არა მოიღეს მათ გამოჴსნაჲ, რაჲთა უმჯობესსა აღდგომასა ღირს იქმნენ.

36

ხოლო სხუანი ტანჯვითა და გუემითა განიცადნეს; მერმე კუალად ბორკილებითა და საპყრობილებითა;

37

ქვითა განიტჳნნეს; განიხერხნეს; განიცადნეს; სიკუდილითა მახჳლისაჲთა მოსწყდეს; იქცეოდეს ხალენებითა და თხის ტყავებითა ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძჳრ-ხილულნი,

38

რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე, უდაბნოთა ზედა შეცთომილნი, მთათა და ქუაბთა შინა და ჴურელთა ქუეყანისათა.

39

და ესე ყოველნი იწამნეს სარწმუნოებით და არა მოიღეს აღნათქუემი იგი,

40

რამეთუ ღმერთმან ჩუენთჳს უმჯობესი წინაწარ განიგულა, რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ იქმნენ.

12345678910111213