ლოცვანი
აპლიკაცია

ებრაელთა მიმართ, თავი 2

1

ამიტომაც გვმართებს მეტი ყურადღება იმისადმი, რაც გვესმის, თუკი არ გვინდა, რომ გზას ავცდეთ.

2

ვინაიდან თუ ანგელოზთა მეოხებით ნათქვამი სიტყვა ურყევი იყო და ყოველი შეცოდება თუ ურჩობა იღებდა კუთვნილ სასჯელს,

3

ჩვენ როგორღა დავიხსნით თავს, უგულებელმყოფელნი ესოდენ დიადი ხსნისა, თავდაპირველად რომ გვიქადაგა უფალმა და მსმენელთა მეშვეობით დამკვიდრდა ჩვენში,

4

ღვთის თანამოწმობით, სასწაულებით და ნიშებით, ნაირგვარი ძალითა და სული წმიდის ნიჭით, რაც განაწილებუღ იქნა მისი ნებისამებრ?

5

რადგანაც ღმერთმა ანგელოზებს როდი დაუმორჩილა მომავალი ქვეყანა, რომელზედაც ვმსჯელობთ.

6

არამედ ვიღაცის მოწმობით სადღაცა თქმულა: „რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი? ან ძე კაცისა, რომ მოიხილავ მას?

7

ოდნავ თუ დაამცირე იგი ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით გვირგვინოსან ჰყავ

8

და ყველაფერი ფეხქვეშ დაუმხე. და რაკი ყველაფერი დაუმორჩილე, დასამორჩილებელი აღარა დარჩა რა, მაგრამ აწ ვერ ვხედავთ, რომ ყველაფერი მას მორჩილებდეს;

9

არამედ ვხედავთ, რომ იესო, რომელიც ოდნავ თუ დამცირდა ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით გვირგვინოსან იქმნა სიკვდილის გამო, რაც დაითმინა, რათა, ღვთის მადლით, ყველას გულისთვის ეხილა სიკვდილის გემო.

10

და მართლაც, ასე შეჰფეროდა მას, ვისთვისაც და ვის მიერაც არის ყოველი, მრავალი ძე რომ მიეყვანა დიდებამდე, მათი ხსნის წინამძღვარი სრულეყო ტანჯვით.

11

ვინაიდან განმწმენდიც და განწმენდილნიც ერთისგან არიან ყველანი, ამიტომაც არ რცხვენია, ძმები უწოდოს მათ,

12

და ამბობს: „ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს, და შუა საკრებულოში გიგალობ შენ“.

13

ან კიდევ: „მე ვიქნები მისი მოსავი“. ანდა: „აჰა, მე და შვილები, რომლებიც მომცა მამამ“.

14

და რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით განექარებინა ის, ვისაც აქვს ხელმწიფება სიკვდილისა, ანუ ეშმაკი,

15

და დაეხსნა ისინი, ვისაც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლის მანძილზე მონობის უღელი ედგა.

16

რადგანაც ანგელოზებს კი არ ევლინება მწედ, არამედ - აბრაამის მოდგმას.

17

ამიტომ ყოველნაირად უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა მოწყალე და სარწმუნო მღვდელმთავარი ყოფილიყო ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვათა სალხინებლად.

18

ვინაიდან, როგორც თვითონ ევნო და გამოიცადა, ასევე განსაცდეღში მყოფთა შეწევნაც ძალუძს.

1

ამისთჳს ჯერ-არს უმეტესად კრძალვაჲ ჩუენი, რომელთა-ესე გუასმიეს, რაჲთა არა მოუძლურდეთ.

2

რამეთუ უკუეთუ რომელი-იგი ანგელოზთა მიერ ითქუა სიტყუაჲ, იქმნა მტკიცე და ყოველმან შჯულისა გარდამავალმან და ურჩმან მიიღო საშჯელი კუალად-გებისაჲ,

3

ვითარ-მე ჩუენ განვერნეთ, უკუეთუ ესოდენი-ესე უდებ-ვყოთ ცხორებაჲ, რომელმან-იგი დასაბამი მოიღო სიტყუად უფლისა მიერ, მსმენელთა მათგან ჩუენდა მომართ დამტკიცნა,

4

თანა-მოწამებითა ღმრთისაჲთა, სასწაულებითა და ნიშებითა და ფერად-ფერადითა ძალითა და სულისა წმიდისა განყოფითა ნებისაებრ მისისა?

5

რამეთუ არა ანგელოზთა დაამორჩილა მერმე იგი სოფელი, რომლისათჳს-ესე ვიტყჳთ.

6

ხოლო უწამებიეს სადამე ვისმე და იტყჳს: რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე იგი? ანუ ძე კაცისაჲ, რამეთუ მოხედე მას?

7

დააკლე იგი მცირედ რაჲმე ანგელოზთა შენთა; დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსან ჰყავ იგი,

8

ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერჴთა მისთა. რამეთუ დამორჩილებასა მას ყოვლისასა არარაჲ დაუშთა მისა დაუმორჩილებელად. ხოლო აწ არღა ვხედავთ ყოველსავე დასამორჩილებელად.

9

ხოლო მცირედ რაჲმე ანგელოზთა დაკლებულად ვხედავთ იესუს ვნებითა მით სიკუდილისაჲთა და დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსანსა, რაჲთა მადლითა ღმრთისაჲთა ყოვლისავეთჳს იხილოს გემოჲ სიკუდილისაჲ.

10

რამეთუ შე-ვე მისა-ჰგვანდა მისა, რომლისათჳს არს ყოველი და რომლისაგან არს ყოველი, რომელმან მრავალნი შვილნი დიდებად მოიყვანნა, და წინამძღუარი იგი ცხორებისა ჩუენისაჲ ვნებითა სრულ ყოფად.

11

რამეთუ განმწმედელი იგი და განწმედილნი იგი ერთისაგან არიან ყოველნი, რომლისათჳსაცა არა ჰრცხუენის ძმად წოდებაჲ მათი და იტყჳს:

12

მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის კრებულსა გიგალობდე შენ.

13

და მერმე იტყჳს: მე ვიყო მოსავ მისსა; და კუალად: აჰა ესერა მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან.

14

რამეთუ ყრმათაცა ეზიარა ჴორცითა და სისხლითა, და თავადმან მსგავსად მოიღო მათივე, რაჲთა სიკუდილითა მით განაქარვოს, რომლისა-იგი ჴელმწიფებაჲ აქუნდა სიკუდილისაჲ, ესე იგი არს ეშმაკი,

15

და განათავისუფლნეს ესენი, რაოდენნი შიშითა სიკუდილისაჲთა სამარადისოდ ცხორებად თანა-მდებ იყვნეს კირთებისა.

16

რამეთუ არასადაჲთ ანგელოზთაჲთ იწყო, არამედ ნათესავისაგან აბრაჰამისა იწყო.

17

ამისთჳს ჯერ-იყო მისა ყოვლითავე ძმათა მსგავსებაჲ, რაჲთა მოწყალე ექმნეს და სარწმუნო მღდელთმოძღუარ ღმრთისა მიმართ, რაჲთა ულხინებდეს ცოდვილთა ერისათა.

18

რამეთუ რომლითა-იგი ივნო თავადმან და გამოიცადა, ძალ-უც, რომელნი-იგი განიცადებოდიან, მათდაცა შეწევნად.

12345678910111213