ტობითი, თავი 7
შევიდნენ ეკბატანაში და მიადგნენ რაღუელის სახლს. სარა გამოეგება მათ და მიესალმა, მათაც სალამი უთხრეს და სახლში შეუძღვა მათ.
უთხრა რაღუელმა ყადნას, თავის ცოლს: როგორ ჰგავს ეს ყმაწვილი ტობითს, ჩემს ნათესავს.
ჰკითხა მათ რაღუელმა: საიდან ხართ, ძმებო? მიუგეს: ნაფთალიანები ვართ, ნინევეში გადასახლებულთაგან.
უთხრა მათ: იცნობთ, ტობითს, ჩვენს ძმას? მათ კი მიუგეს: ვიცნობთ.
ჰკითხა: ჯანმრთელადაა? მათ მიუგეს: ცოცხალია და ჯანმრთელი. ხოლო ტობიამ თქვა: მამაა ჩემი.
წამოდგა ფეხზე რაღუელი, გადაჰკოცნა და დალოცა იგი, უთხრა: ო, კეთილო და ღირსეული კაცის შვილო. რომ გაიგო ტობითის დაბრმავების ამბავი, შეწუხდა და ატირდა.
ტიროდა ყადნაც, მისი ცოლი და სარა, ასული მისი. გაუმასპინძლდნენ ტობიას საკადრისად.
დაუკლეს ცხვარი და დიდებული სუფრა გაუმზადეს.
უთხრა ტობიამ რაფაელს: ძმაო ყაზარია, უთხარი რაღუელს, მომათხოვოს სარა, ჩემი და.
გაიგონა ეს სიტყვა რაღუელმა და უთხრა ყმაწვილს: ჭამე და სვი, და გაიხარე. შენ შეგფერის ჩემი შვილის თხოვა. მაგრამ გეტყვი სიმართლეს.
შვიდ ქმარს იყო მითხოვებული და ვინც კი მიეკარებოდა მას, იმავე ღამეს კვდებოდა. ახლა კი გაიხარე.
უთხრა ტობიამ: საჭმელს არ მივეკარები, ვიდრე არ მოილაპარაკებთ და თანხმობას არ მომცემთ. თქვა რაღუელმა: ახლავე წაიყვანე იგი რჯულისამებრ. შენ ხარ მისი ძმა და შენია იგი. მოწყალე ღმერთმა მოგმადლოთ ყოველავე სიკეთე.
მოუხმო სარას, თავის ასულს და დაიჭირა მისი ხელი, მისცა ქალი ტობიას ცოლად და თქვა: აჰა, მოსეს რჯულისამებრ მიიღე იგი და მიიყვანე მამაშენთან. და დალოცა ისინი.
მოუხმო ყადნას, თავის ცოლს, აიღო წიგნი, დაწერა პირობა და დაბეჭდა.
მოუხმო რაღუელმა ყადნას, თავის ცოლს, და უთხრა: დაო, გაამზადე სხვა საძინებელი და შეიყვანე ასული.
ასე გააკეთა ყადნამ, როგორც ეთქვა მას, და შეიყვანა იგი საძინებელში, და ატირდა. მიიღო ცრემლი თავისი ასულისა და უთხრა:
გამაგრდი შვილო, მეუფე ცისა და მიწისა მოგანიჭებს შენ წყალობას ამ შენი დარდის სანაცვლოდ. გამაგრდი, შვილო.
და ვითარცა მოვიდეს იგინი ეკბატანად და მიიწივნეს ჰრაგუელისსა, პოვეს იგი მჯდომარე კართა წინაშე ეზოსათა, და მოიკითხეს იგი და მანცა მოიკითხნა იგინი და ჰრქუა მათ: ძმანო, მშჳდობით შემოხუედით სახლსა ძმისა თქუენისასა! და ვითარცა შევიდა სახიღ
და ჰრქუა ჰრაგუელ ანეს, ცოლსა თჳსსა; ვითარ ესე ჭაბუკი ჰგავს ტობის, ძმასა ჩემსა?
ჰკითხვიდა მას ანნა და ჰრქუა: ვინანი ხართ თქუენ, ძმანო? ხოლო მათ თქუეს: ნინევით, ნატყუენავისაგანნი ძეთაგან ნეფთალიმისნი.
და ანე ჰრქუა მათ: იცით ტობი, ძმა ჩუენი? ხოლო მათ თქუეს: ვიცით.
და თქუა: ცოცხლებით არს: და უთხრა ტობი, ვითარმედ მამა მისი არს.
და აღდგა რაგუელ და ამბორს-უყო მას, ტიროდა.
და ანეცა, ცოლი მისი, და სარა, ასული მისი, ტიროდეს და შეიწყნარნეს იგინი გულსმოდგინედ.
და შემდგომად ზრახვათასა რაგუელ უთხრა. დაკლეს ვერძი და იბანნეს და ღასხდეს სერობად.
და თქუა ტობია: არა ვჭამო, არცა ვსუა, ვიდრემდის დაამტკიცო სიტყაჲ ჩემთჳს,
ვითარცა ესმა სიტყუანი ესე რაგუელს, შეშინდა ამისთჳს, რამეთუ შემთხუეოდა შჳდთა მათ ქმართა მისთა, რომელნი მის თანა შესულ იყუნენ, და ეშინოდა ამისიცა, რათა არა ეყოს მასცა. ამა ეჭჳსათჳს არარა სიტყუაჲ მიუგო.
და მრწამს, რამეთუ ამისთჳს მოუვლინებიხარ. რათა შეერთდეთ თჳსსავე ტომთა სჯულისაებრ მოსესისა.
მოუწოდა სარას, ასულსა თჳსსა, და ეპყრა ჴელი მისი და მისცა იგი ტობიას ცოლად და ჰრქუა: აჰა, სჯულისაებრ მოსესსა მიიყვანე ესე მამისა შენისა თანა. და აკურთხნა იგინი.
და მოუწოდა დედასა მისსა და ჰრქუა გამოღება წიგნისა და დაწერა წიგნი შერთვისა, რათა მისცეს იგი მას ცოლად სამართლისაებრ სჯულისა მოსესისა. და მოიღო მან, დაწერა და დაბეჭდა.
და ჰრქუა რაგუელ ანეს, ცოლსა თჳსსა: მზა-ყავ საუნჯე სხუაჲ და შეიყვანე ასული ჩუენი მუნ.
და მან ყო ეგრე და შეიყვანა იგი სასუენებელსა მას და შეიტკბო იგი, ტიროდა
და თქუა: ნუ გეშინინ, ასულო! ყავნ ღმერთმან ცათამან ამას ღამესაწყალობა და მოგხედენ შენ და მოგეცინ შენ სიხარული მწუხარებისა მის წილ შენისა პირველისა.