ტობითი, თავი 5
მიუგო მას ტობიამ პასუხად: მამაჩემო, ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეუბნები.
მაგრამ როგორ გამოვართვა ვერცხლი კაცს, რომელსაც არ ვიცნობ?
მაშინ მისცა მას ტობითმა ხელწერილი და უთხრა: აბა, მოძებნე კაცი, რომელიც გაგყვება - თანამგზავრად და მე მივცემ გასამრჯელოს, ვიდრე ცოცხალი ვარ. წადი და წამოიღე ვერცხლი.
წავიდა კაცის საძებნად და ნახა რაფაელი, რომელიც ანგელოზი იყო, მან კი არ იცოდა.
უთხრა მას: თუ შეგიძლია, წამომყვე მიდიის რაგეში და თუ იცნობ ამ ადგილებს?
მიუგო ანგელოზმა: წაგყვები, - გზაც ვიცი და გაბაელთანაც, ჩემს მოძმესთანაც ვყოფილვარ სტუმრად.
უთხრა ტობიამ: დამიცადე, ვეტყვი მამაჩემს.
უთხრა რაფაელმა: წადი და ნუ დაყოვნდები.
შევიდა ტობია და უთხრა მამას: აჰა, მოვნახე კაცი. ვინც წამყვება. მან კი უთხრა: მოიყვანე ჩემთან, რათა გავიგო, რომელი ტომისაა და თუ სანდო თანამგზავრია.
დაუძახა მას ტობიამ და შევიდა იგი, მიესალმნენ ერთურთს.
უთხრა ტობითმა: ძმაო, მითხარი, რომელი ტომიდან ხარ და სად არის შენი სამშობლო?
უთხრა რაფაელმა: ტომსა და სამშობლოს ეძებ, თუ ქირის კაცს, რომ გაჰყვეს შენს ძეს? უთხრა ტობითმა: მსურს გავიგო, ძმაო, რომელი საგვარეულოდან ხარ და რა გქვია.
უთხრა მან: მე ვარ ყაზარია, ძე დიდი ხანანიასი, შენი მოძმისა.
უთხრა ტობითმა: მშვიდობით იარე, ძმაო, ნუ შემომწყრები, შენს ტომსა და სამშობლოზე რომ გეკითხები. ჩემი მოძმე ყოფილხარ, კეთილი და ღირსეული საგვარეულოდან. მე ვიცნობდი ხანანიას და იათანს, დიდი შემაყიას ძეთ. ჩვენ ერთად წავედით იერუსალიმის თაყვანისსაცემად და მიგვქონდა თან ნათავარნი და მიწის ნაყოფთა მეათედი, არ შეგვიცოდავს ჩვენთა მოძმეთა ცოდვებით. კეთილი გვარი მოგდგამს, ძმაო.
მაგრამ მითხარი, რა გადაგიხადო გასამრჯელო? თითო დრაქმას მოგცემ დღეში და რაც დაგჭირდებათ შენ და ჩემს შვილს.
კიდევ დაგიმატებ გასამრჯელოს. მშვიდობით თუ დაბრუნდებით.
შეთანხმდნენ ამგვარად და უთხრა ტობიას: გაემზადე სამგზავროდ და კურთხეულ იყავით. გაემზადა შვილი სამგზავროდ და უთხრა მამამ: წადი ამ კაცთან ერთად. ზეციურმა ღმერთმა დაგილოცოთ გზა და მისი ანგელოზი დაგემგზავროთ. გავიდნენ ორივენი გზაზე და უკან გაჰყვა მათ ყმაწვილის ძაღლი.
ხოლო ხანა, ყმაწვილის დედა, ტიროდა და ეუბნებოდა ტობითს. რატომ გაუშვი ჩვენი შვილი? ჩვენი ხელების ყავარჯენი არ იყო, როცა გადიოდა და შემოდიოდა ჩვენს წინაშე?
ვერცხლს ვერცხლს კი ნუ უმატებ, არამედ ტალანად ჩათვალე იგი შვილის წინაშე.
რამდენი დღის სიცოცხლეც მოგვეცა უფლისაგან, საამისოდ საკმარისი გვაქვს.
უთხრა ტობითმა: ნურაფერს იტყვი, დაო, მშვიდობით დაგვიბრუნდება და იხილავენ მას შენი თვალები.
რადგან კეთილი ანგელოზი დაემგზავრება მას და კურთხეული. იქნება მისი გზა და მშვიდობით მობრუნდება უკან.
მიუგო ტობია და ჰრქუა მას: მამაო, ყოველსა რომელსა მამცნებ მე, ყოფით ვყო.
არამედ ვეცხლისა მისთჳს, რომელ სთქუ ვედრი გაბაელის თანა, ვითარ ჴელ-ვიწიფო მოღებად? რამეთუ მე არა ვიცი იგი, არცა მან მიცის მე. რა სასწაული მივსცე, რათა იცნას და რწმენეს ჩემ. ი და მომცეს ვეცხლი იგი? და არცაღა გზა ხუჟიკეთისა ვიცი.
და მისცა ჴელით-წერილი იგი კაცისა მის, რომლისა თანა იყო ვედრი იგი.
და განვიდა ტობია ძიებად კაცისა, რათა წარვიდეს მის თანა ხუჟიკეთა მეცნიერი გზისა და ჰპოვა რაფაელ მდგომარე წინაშე მისა.
და ჰრქუა მას ტობია: ძალ-გიცა მოსლვად ჩემ თანა რაგუელის ქუეყანასა ხუჟიკეთისისა? ანუ სრულ ხარა ადგილსა მას?
ჰრქუა მას ანგელოზმან: მე წარგიძღუე და მეცნიერ ვარ გზისაცა და ვიცნობ გაბაელს, ძმასა ჩუენსა.
და ჰრქუა მას ტობია: მგებდ მე აქა, ჭაბუკო, ვაუწყო მამასა ჩემსა, რამეთუ მიჴმს მე, რათა მოხჳდე ჩემ. თანა და მიგცე სასყიდელი შენი. და თქუა: აჰა, გელი შენ, არამედ ნუ ჰყოვნი.
და შევიდა ტობია და უთხრა ტობის, მამასა თჳსსა, და ჰრქუა: აჰა, ესერა, ვპოვე კაცი ძმათა ჩუენთაგანი, რომელი წარმოვიდეს ჩემ თანა. და ჰრქუა. მას: მომიწოდე მე აქა, რათა უწყოდი, რომლისა ტომისა არს, უკუეთუ სარწმუნო არს, რათა წარმოვიდეს შენ თანა.
და განვიდა ტობია და მოუწოდა მას და მოვიდა მისა და მოიკითხა იგი. ტობი პირველად და თქუა ანგელოზმან: მშჳდობა შენდა!
და ჰრქუა მას ტობი: რომლისა ტომისა ხარ და რომელთა მამათა, ძმაო?
ხოლო მან ჰრქუა: რა გნებავს? ტომსა და მამულსა ეძიებ, ანუ სასყიდლით-მოდგინესა, რომელი წარვალს ძისა შენისა თანა? და ჰრქუა მას ტობი: ძმაო, ჭეშმარიტად მინებს ცნობად სახელი შენი, და რომლისა ნათესავისა ხარ შენ?
და ჰრქუა ანგელოზმან მან: მე ვარ აზარია ანანიასი, სახლისაგან სედემისი დიდისა, ძმათაგან შენთა.
და ჰრქუა ტობი: ცოცხლებით მოხუედ და ცხორებული, ძმაო, და ნუ განმირისხდები, რამეთუ ნათესავთაგან დიდისა ხარ შენ და მინებს ცნობად ჭეშმარიტად მამული შენი და აჰა, ესერა, ძმა ჩემი ხარ შენ და ნათესავისა კეთილისა და სახიერისა, ვიცოდე.
და მითხარ მე: რა მიგცე შენ სასყიდელი დღისა, და საზრდელი შენი იყოს მსგავსად ძისა ჩემისა. და წარვედ ძისა ჩემისა თანა.
და მერმეღა შევსძინო სასყიდელსა შენსა ზედა. და ჰრქუა მას ანგელოზმან: ნუ გეშინინ! მე წარვიდე ძისა შენისა თანა, მოვიდეთ და მოვაქციოთ მშჳდობით.
და მზა-ყვეს საგზალი და წარემართნეს განსლვად და ამბორს-უყო მამასა თჳსსა და დედასა თჳსსა და ჰრქუა მას ტობი: წარვედ ცოცხლებით. და ტიროდა დედა მისი და ჰრქუა ტობის: რასა წარავლინე ყრმა ესე? ანუ არა ეგე არს კუერთხი ჴელისა შენისა? და ესე განვალს და შემოვალს ჩუენ ზედა.
ყოველი ვეცხლი ვეცხლსა ნუ ეწიოს, არამედ ნასხოვარ იყავნ ძისა ჩემისა,
ვითარცა მოცემულ არს ჩუენდა ცხორებაჲ უფლისა მიერ, ეგრეცა ვცხონდებით.
და ჰრქვა მას ტობი: ნუ გეშინინ! ცოცხლებით მივიდეს და ცოცხლებით მოვიდეს ჩუენდა. ნუ გეშინინ, დაო!
ანგელოზი თანაუვიდოდის მათ და წარემართოს გზა მისი და მოიქცენ ცოცხლებით. მაშინ დასცხრა ტირილად დედა მისი.