ლოცვანი
აპლიკაცია

ტობითი, თავი 2

1

როცა მოვედი ჩემს სახლში და დამიბრუნეს ხანა, ჩემი ცოლი, და ტობია, ჩემი ძე, მეერგასის დღესასწაულზე, რომელიც არის წმიდა შვიდი შვიდეული, მომიმზადეს მე დიდებული სადილი და შევუდექი ჭამას.

2

გადავხედე უამრავ სასმელ-საჭმელს და მივმართე ჩემს ძეს: წადი და მომიყვანე, ვინც კი შეგხვდება ჩვენს მოძმეთაგან გაჭირვებული, ვისაც ახსოვს უფალი. აბა, გელოდები-მეთქი.

3

უკან რომ მობრუნდა, მითხრა: მამა, ერთი ჩვენი თვისტომი გაგუდული გდია მოედანზე.

4

და მეც, ვიდრე შევუდგებოდი სმა-ჭამას, წამოვვარდი და შევინახე გვამი რომელიღაც სახლში მზის ჩასვლამდე.

5

შინ რომ მოვბრუნდი, განვიბანე და ვჭამე ჩემი პური დადარდიანებულმა.

6

გავიხსენე წინასწარმეტყველება ამოსისა, რომელმაც თქვა: დღესასწაულები გლოვად გადაგექცევათ და ყველა თქვენი სიმღერა - გოდებად. და ავტირდი.

7

მზე რომ ჩაესვენა, გავედი და გავთხარე მიწა და დავმარხე იგი.

8

ახლობლები დამცინოდნენ, ამბობდნენ, არ ეშინია, რომ მოკლან ამ საქმისათვის, გაიქცა და აჰა, ისევ მარხავს მიცვალებულებსო.

9

იმავე ღამეს აღვასრულე დაკრძალვის წესი და გაუწმინდურებული დავწექი ეზოს კედელთან. სახე დაუფარავი მქონდა.

10

ვერ შევნიშნე, რომ კედელზე ბეღურები ისხდნენ და ჩემს გახელილ თვალებს გადმოაღვარეს თბილი სითხე და ლიბრი გადამეკრა თვალებზე. ვიარე მკურნალებთან, მაგრამ ვერ მიშველეს. აქიაქაროსი მინახავდა, ვიდრე ელამში წავიდოდა.

11

რამდენიმე ხნის შემდეგ ჩემი ცოლი ხანა მოჯამაგირედ დაუდგა ბანოვანებს.

12

უგზავნიდა თავის ბატონებს ნაშრომს და უხდიდნენ მას გასამრჯელოს. ერთხელაც თიკანი აჩუქეს.

13

როცა მომიახლოვდა თიკანი, კიკინი მორთო. ვკითხე ხანას, საიდან არის ეს თიკანი? ნაქურდალი ხომ არ არის-მეთქი? დაუბრუნე პატრონებს, რადგან არა ხამს ნაქურდალის ჭამა-მეთქი.

14

მან კი მიპასუხა, საჩუქრად მიბოძესო გასამრჯელოსთან ერთად. არ დავუჯერე და ვუთხარი, პატრონისთვის დაებრუნებინა, და გავუწყერი. მან კი პასუხად მომიგო: სად არის შენი მოწყალებანი და სამართალნი? აჰა, ახდა შენზე ყოველივეო.

1

და იყო ერგასისთა მათ დღესასწაული, რომელ არს წმიდა შჳდთა მათ შაბათთა, დაუმზადეს მათ პური, და დაჯდა ჭამად და სუმად.

2

იხილნა რა სანოვაგენი მრავალნი, ჰრქუა ძესა თჳსა წარვედ და მომგუარე, ვინა ჰპოო ძმათა ჩუენთაგანი ნაკლულევანი, რომელსა ეჴსენოს უფალი, და არქუ: აჰა, ესერა, გელი შენ.

3

მოვიდა და ჰრქუა მას: მამაო, ერთი ვინმე ნათესავთა ჩუენთაგანი შეგულარძნილი დაგდებულ არს უბანთა ზედა მკუდარი.

4

ხოლო იგი ვიდრე პურის-ჭამამდე აღდგა და აღიღო იგი და შეიღო სახლად ვიდრე მზისა დასლვამდე.

5

და რათა მოიქცეს, იბანოს და ჭამოს პური მწუხარებითა.

6

და მოეჴსენა წინაწარმეტყუელება იგი ამოსისი, ვითარცა თქუა, ვითარმედ: გარდაიქცეს დღესასწაულნი თქუენნი გლოვად და ყოველნი სიხარულნი თქუენნი გოდებად; ხოლო მოეჴსენა ესე რა, ტიროდა ფრიად.

7

ოდეს დაჴდა მზე, წარვიდა და დაფლა იგი.

8

და მოძმენი მისნი ეკიცხოდეს მას და იტყოდეს: არღარა ეშინის ამას მოკლვისა, ამა საქმისათჳს ივლტოდა და კუალად მკუდართავე დაჰფლავს.

9

დღესა მას მოვიდა მაშურალი და დაწვა შეგინებული კედელთა თანა ეზოსათა და პირსა არარა ებურა.

10

და არა იცოდა, რამეთუ მერცხალნი იყვნეს კედელსა მას, და თუალნი მისნი ეხილნეს და დააჯვნეს თუალთა მისთა ტფილი და მიმოექცა თეთრი თუალთა.

11

ხოლო ცოლი მისი ანნა ნადობდა სადედოსა და მიუძღვანებდა უფალთა მათთა,

12

და მოიღებდა სასყიდელსა. და მეშჳდესა თთვისა მის იგრიკასასა მოჰკუეთნა ქსელნი და მიუძღვნა იგინი უფალთა მისთა. მოსცეს მას სასყიდელი და დაურთეს მას ზედა თიკანი.

13

ხოლო ოდეს შემოვიდა მისა, იწყო ბარიდა თიკანმან. და არქვა მას: ვინა მოიყვანე თიკანი ესე? ნუუკუე პარვითა არს, მიეც უფალთა თჳსთა, ვისიცა არს, რამეთუ არა ჯერ-არს ნაპარევი ჭამად.

14

ხოლო მან თქუა: ნიჭად მომცეს ეგე სასყიდელსა ზედა. და არა ჰრწმენა მისი, ეტყოდა, რათამცა მისცა უფალთა მისთა და რისხევდა მას. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მას: სადა არიან მოწყალებანი შენნი და სიმართლენი შენნი? აჰა, ესერა, განცხადნა ყოველი შენ ზედა!

1234567891011121314