ტობითი, თავი 13
დაწერა ტობითმა ლოცვა სიხარულით და თქვა:
კურთხეულია ღმერთი ცხოველი უკუნისამდე და სუფევა მისი, რადგან ის არის შემაჭირვებელი და შემწყნარებელი, ჯოჯოხეთს ჩამყვანი და ამომყვანი, ვერავინ დაუსხლტება ხელიდან.
აღიარებდეთ მას, ისრაელიანებო, ხალხების წინაშე, რადგან მან გაგფანტათ მათ შორის.
იქ ცხადყავით დიდსულოვანება მისი, ადიდებდეთ მას ყოველი ცოცხალის წინაშე, რადგან ის არის ჩვენი უფალი და ღმერთი, ის არის ჩვენი მამა უკუნითი უკუნისამდე.
ის შეგვაჭირვებს ჩვენ ურჯულოებაში და კვალად შეგვიწყალებს და შეგვყრის ჩვენ ყველა ხალხებიდან, თუკი ვიქნებით განბნეულნი მათ შორის.
თუ მთელი გულით მოიქცევით მისკენ და მთელი სულით ჰყოფთ სამართალს მის წინაშე, მაშინ ისიც მოიქცევა თქვენსკენ და არ დაფარავს თქვენგან თავის სახეს.
იხილავთ, რასაც მოგაწევთ თქვენ. აღიარებდეთ მას ერთხმად და აკურთხევდეთ სიმართლის უფალს, ადიდებდეთ მეფეს საუკუნეთა.
მე ჩემი ტყვეობის ქვეყანაში ვაღიარებ მას და განვაცხადებ ცოდვილთა მოდგმას მის ძალასა და სიდიადეს. მოიქეცით, ცოდვილნო, და ქმენით სამართალი მის წინაშე. ვინ იცის, იქნებ ისურვოს თქვენი თავი და მოიღოს თქვენზე წყალობა?
მე ვადიდებ ჩემს ღმერთს, სული ჩემი ადიდებს ცათა მეუფეს და ხარობს მისი სიდიადით.
გააცხადოს ყველამ და აღიაროს იგი იერუსალიმში. იერუსალიმო, წმიდა ქალაქო! შეგაჭირვებს შენი შვილების ნამოქმედარის გამო და კვალად შეიწყალებს მართალთა შვილებს.
აღიარებდე უფალს კეთილად და აკურთხევდე საუკუნეთა მეფეს, რათა კვლავაც მადლით აშენდეს შენთვის მისი კარავი.
რათა გაახაროს შენ შორის ტყვედქმნილები და შეიყვაროს შენ შორის გატანჯულნი საუკუნის ყოველ თაობაში.
მრავალი ხალხი შორიდან მოვა უფლის, ღმერთის სახელთან. ძღვენით ხელში, ძღვენით ცათა მეფისათვის, თაობათა თაობანი მოგიძღვნიან ქება-დიდებას.
წყეულიმც იყოს ყოველი მოძულე შენი, კურთხეულ იყოს ყოველი შენი მოყვარული უკუნისამდე.
იშვებდე და იხარებდე მართალთა შვილების გამო, რადგან შეიკრიბებიან ისინი და აკურთხევენ მართალთა უფალს! ნეტარნი არიან შენი მოყვარულნი! გაიხარებენ შენი მშვიდობით.
ნეტარნი არიან შენს ტანჯვათა გამო შეწუხებულნი, რადგან გაიხარებენ შენით, როცა შენს დიდებას მოესწრებიან, და სიხარულში იქნებიან უკუნისამდე! აკურთხოს სულმა ჩემმა ღმერთი, დიდი მეუფე,
რადგან საფირონითა და სმარაგდით აშენდება იერუსალიმი, და პატიოსანი ქვით - შენი კედელი, გოდოლები და ბურჯები წმიდა ოქროთი, ხოლო მოედნები იერუსალიმისა ბერილონით, ანთრაკით და სუფირული ქვით მოიკირწყლება.
გაისმება მის ყოველ კუთხეში ალელუია და იტყვიან ქება-დიდებით: კურთხეულია ღმერთი, რომელმაც აღგაზევა უკუნისამდე.
და ტობი დაწერა ლოცვა მათ მიმართ სიხარულად და თქუა: კურთხეულ არს ღმერთი, რომელი ცხოველ არს საუკუნეთა. და სუფევა მისი ჰგიეს მარადის,
რამეთუ მან ტანჯის და შეიწყალის, შთაიყვანის ჯოჯოხეთად და აღმოიყვანის, და არა ვინ არს, რომელი განერეს ჴელსა მისსა.
აუარებდით მას ძენი ისრაჱლისანი წინაშე წარმართთა,
რამეთუ მან მიმოგთესნა თქუენ მათ შორის. მუნ უჩუენეთ დიდებულება მისი, აღამაღლებდით მას წინაშე ყოვლისა ცხოველისა, რამეთუ იგი თავადი არს უფალი ჩუენი და ღმერთი, და იგი თავადი არს მამა ჩუენი ყოველთა მიმართ საუკუნეთა.
მტანჯის ჩუენ ცოდვათა ჩუენთათჳს და კუალად შეგჳწყალნის და შემკრიბნის ჩუენ ყოველთაგან თესლთა, სადაცა განვიბნიენით მათ შორის.
უკუეთუ მოიქცეთ მისა ყოვლითა გულითა თქუენითა და ყოვლითა სულითა თქუენითა ყოფად წინაშე მისა ჭეშმარიტებისა, მაშინ მოიქცეს იგი თქუენდა და არა გარემიიქციოს პირი მისი თქუენგან.
და იხილოთ- რა იგი, ყოს თქუენ თანა და აუარებდით მას ყოვლითა პირითა თქუენითა და აკურთხევდით უფალსა სიმართლისასა და აღამადლებდით მეუფესა საუკუნეთასა.
მე ქუეყანასა ამას ტყუეობისასა აღუარებ მას და ვაჩუენო ძალი სიმდიდრისა მისისა. ნათესავნი ცოდვილთანი მოიქეცით მისა, ცოდვილნო, და ყავთ სიმართლე წინაშე მისა. ვინ უწყის, ინებოს ხოლო თქუენდა, ყოს მოწყალებაჲ თქუენ თანა.
ღმერთსა ჩუენსა აღვამაღლებდე, და სული ჩემი მეუფესა ცათასა უგალობდეს დიდებულებასა მისსა.
იტყოდეთ ყოველნი და აუარებდით მას.
აუარებდ უფალსა კეთილად და აკურთხევდ მეუფესა საუკუნეთასა, რამეთუ კუალად კარავი მისი აღეშენოს შენ შორის სი. ხარულითა.
და იხარონ შენ შორის ტყუეთა, და შეიყუარენ შენ შორის უბადრუკნი ყოველთა მიმართ ნათესავთა საუკუნოთა.
ნათესავნი მრავალნი მოვიდოდიან სახელისათჳს უფლისა ღმრთისა, ძღუენი ჴელითა მოაქუნდეს, ძღუენი მეუფისა ცათასა. ნათესავმან ნათესავთამან მოსცეს სიხარული,
და წყეულ არიან ყოველნი მოძულენი შენნი, კურთხეულ არიან ყოველნი მოყუარენი შენნი უკუნისამდე.
გიხაროდენ და მხიარულ იყავ ძეთა ზედა მართალთასა. შეკრბენ იგინი ერთბამად და აკურთხევდენ უფალსა სიმართლითა ზოგად.
ნეტარ არიან მოყუარენი მისნი, უხაროდენ მშჳდობასა შენსა ყოვლისა შემდგომად ტანჯვისა და იხარებდეს
რამეთუ აღაშენოს იერუსალჱმი საფირონითა და ზმარაგდონითა, ქვითა პატიოსნითა, ზღუდენი მისნი და გოდოლნი და არდაბაგნი მისნი ოქროთა წმიდითა.
და იტყოდიან ყოველთა უბანთა იერუსალჱმისათა: ალელუა! იქებდენ და იტყოდიან: კურთხეულ არს უფალი, რომელი ნათელი არს. ყოველთათჳს უკუნისამდე!