ლოცვანი
აპლიკაცია

ტობითი, თავი 4

1

იმ დღეს გაიხსენა ტობითმა ვერცხლი, რომელიც გაბაელისთვის ჰქონდა მიბარებული რაგეში.

2

და თქვა თავისთვის: მე სიკვდილს ვნატრობ. რატომ არ დავუძახო ტობიას, ჩემს ძეს, და არ განვუცხადო იმ ვერცხლის ამბავი, ვიდრე ცოცხალი ვარ?

3

დაუძახა მას და უთხრა: შვილო, როცა მოვკვდები, დამმარხე. ნუ მიატოვებ დედაშენს, პატივი მიაგე მას, ვიდრე ცოცხალია, და აკეთე მისი მოსაწონი. ნუ დაამძიმებ დარდით.

4

გახსოვდეს, შვილო, რომ მრავალი ჭირი ნახა შენთვის, მუცლით რომ გატარებდა. როცა მოკვდება, დამარხე ჩემს გვერდით, ერთ საფლავში.

5

ყოველდღე მოიხსენიე, შვილო, უფალი, ღმერთი ჩვენი, ნუ შესცოდავ და ნუ გადახვალ მის მცნებებს. სამართლიანი იყავი მთელი შენი სიცოცხლე და უსამართლობის გზას ნუ დაადგები.

6

რადგან სამართლის მიმდევარს კეთილად აგეწყობა საქმეები.

7

ყველას, სიმართლის მოქმედს, მიეცი მოწყალება, როგორც შეგიძლია. ნუ დაენანება შენს თვალს, მოწყალებას რომ გაიღებ, პირს ნუ შეაქცევ ღარიბ-ღატაკს, რომ შენც არ შეგაქციოს პირი ღმერთმა.

8

რაცა გაქვს მრავლად, მისგან გაეცი მოწყალება.

9

რადგან სიკეთეს დაიუნჯებ ჭირის დღისთვის.

10

რადგან მოწყალება სიკვდილისგანაც იხსნის კაცს და ბნელს აარიდებს.

11

კეთილი ნიჭია მოწყალება ყველასთვის, ვინც კი გაიღებს მას უზენაესის წინაშე.

12

მოერიდე, შვილო, ყველანაირ სიძვას. ქალი შენი მამა-პაპის მოდგმისა წამოიყვანე. სხვა ქალს ნუ მოიყვან, თუ არ არის მამაშენის ტაძრისა, რადგან წინასწარმეტყველთა შვილები ვართ. გახსოვდეს, შვილო, რომ ნოემ, აბრაამმა, ისაკმა და იაკობმა, ჩვენმა მთელმა მამა-პაპამ, ყველამ თავიანთ მოძმეთაგან წამოიყვანეს ცოლები და დაილოცნენ თავიანთ შთამომავლობაში და მათმა მოდგმამ დაიმკვიდრა ქვეყანა.

13

გიყვარდეს, შვილო, შენი ძმები და ნუ გაუდიდგულდები შენს ძმებს. შენი ერის ძეთა და ასულთაგან წამოიყვანე შენთვის ქალი. ამპარტავნობას კი მოჰყვება დაღუპვა და აღრეულობა, ხოლო ცუდად დებამ დიდი დანაკლისი და გაჩანაგება იცის, ცუდად დება ხომ შიმშილის დედაა.

14

ნურავის გასამრჯელოს ნუ დაიტოვებ, ვინც კი საქმეს გაგიკეთებს, არამედ გაეცი იგი მაშინვე. ღვთის მორჩილი თუ იქნები, შენვე დაგიბრუნდება. ყურადღებით წარმართე, შვილო, ყოველი შენი საქმე და ჭკუით მოზომე ყოველი შენი ნაბიჯი.

15

რაც შენ გძულს, ნურავის შეამთხვევ. ღვინოს დასათრობად ნუ დალევ. ნუ წაგყვება სიმთვრალე გზაში თანამგზავრად.

16

გაუყავი შენი პური ღარიბ-ღატაკთ და მოსასხამი - შიშველ-ტიტველთ. ყველაფერი, თუ რამ ზედმეტი გაქვს, გაეცი სამადლოდ და ნუ დაენანება შენს თვალს, მოწყალებას რომ გასცემ.

17

მიმოაბნიე შენი პური მართალთა საფლავზე და ნურას გასცემ ცოდვილთათვის.

18

ეძიებდე რჩევას ყოველი გონიერისაგან და ნუ უგულებელყოფ სასარგებლო რჩევას.

19

ყოველ ჟამს აკურთხებდე უფალს, ღმერთს. მას შესთხოვდე, რათა წრფელი იყოს ყოველი შენი გზა და განზრახვა კურთხეული იყოს. რადგან არცერთი ხალხის ხელთ არ არის განგება, არამედ თავად უფალი ანიჭებს ყოველივე სიკეთეს, ვისაც მოისურვებს, დაამდაბლებს თავისი ნებისაებრ. ახლა კი, დაიმახსოვრე, შვილო, ჩემი ანდერძი და ნუ ამოშლი მას შენი გულიდან.

20

ახლა გაუწყებ შენ: ათი ტალანტი ვერცხლი მაქვს მიცემული გაბაელისთვის, გაბრიას ძისთვის, მიდიის რავეში.

21

ნუ შეგეშინდება, შვილო, გაღატაკებისა, დიდძალი ქონება გაქვს, თუკი ღვთის შიში გექნება, თუ განუდგები ყველანაირ ცოდვას და მოწიწებით მოიქცევი ღვთის წინაშე.

1

მას ჟამსა შინა მოეჴსენა ტობის ვეცხლი იგი, რომელი ვედრად მიეცა გაბაელს რაგუელსა ხუჟიკეთისასა, და თქუა გულსა თჳსსა: მე ვითხოო სიკუდილი, რასა არა მოუწოდა ტობიას, ძესა ჩემსა, რათა ვაუწყო მას ვიდრე სიკუდიდმდე ჩემდა?

2

და მოუწოდა მას და ჰრქუა: ყრმაო,

3

მო-რა-ვკუდე, დამფალ მე და ნუ უგულებელს-ყოფ დედასა შენსა, არამედ პატიოსნად იპყარ იგი ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა. და ჰყოფდი სათნოებასა მისსა და ნუ შეაწუხებ მას.

4

მოიჴსენე, ყრმაო. რამეთუ, მრავალნი ჭირნი იხილნა შენ ზედა მუცელსა მისსა.

5

ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა ნუ ინებებ ცოდვად და გარდასლვად მცნებათა მისთა. სიმართლესა იქმოდე ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა და ნუ შეხვალ გზათა სიცრუისათა, რამეთუ იქმოდი რა შენ ჭეშმარიტებასა, წარმართებულ იყვნენ საქმენი შენნი.

6

7

ნაყოფისაგან შენისა ჰყოფდე ყოველსა საქმესა და ნუ ანგაჰრებნ თუალი შენი, ოდესცა ჰყოფდე მოწყალებათა, და ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ყოვლისა დავრდომილისაგან და არა გარემიგექცეს შენ პირი ღმრთისა.

8

ვითარცა გაქუნდეს შენ, სიმრავლისაებრ ჰყოფდი მათგან მოწყალებასა,

9

რამეთუ უნჯი კეთილი დაიუნჯო თავსა შენსა დღესა მას ჭირისასა.

10

რამეთუ მოწყალებამან სიკუდილისაგან იჴსნის და არა უტევის შესლვად, ბნელსა.

11

ნიჭი კეთილი არს მოწყალებაჲ ყოველთა, რომელთა ყონ იგი წინაშე მაღლისა

12

ეკრძალე, შვილო ჩემო, ყოვლისაგან სიძვისა და ცოლისა შენისაგან კიდე ნურავინ იცი და ნუცა გამოიძიებ ესევითართა საქმეთა.

13

რამეთუ ამპარტავანებით არს წარწყმედა და შფოთი მრავალი და უჴმარებითა დაკლება და ნაკლულევანება დიდი, რამეთუ უჴმარება არს დედა სიყმილისა.

14

სასყიდელი ყოვლისა კაცისა, რომელი გიქმოდის შენ, ნუ დადგებინ შენ თანა, არამედ მიეც მას მეყსეულად, და ჰმონებდე თუ უფალსა, მოგეგოს შენ კეთილი. ეკრძალე, შვილო, ყოველთა შინა საქმეთა შენთა და იყავ წურთილ ყოველთა შინა სლვათა შენთა.

15

და რომელი შენ გძულს, სხვასა ნუ ვის უყოფ. ღჳნოსა მორვალობით ნუ სუამ და ნუ იქცევინ შენ მთრვალობით ყოველთა შინა გზათა შენთა.

16

პურისა შენისაგანი სცი მშიერსა და სამოსლისა შენისაგანი შიშუელსა. ყოვლისაგან ნამეტნავისა შენისა ჰყოფდი მოწყალებასა.

17

მიჰფინე პური შენი საფლავსა ზედა მართალთასა და ნუ სცემ ცოდვილთა.

18

ზრახებასა ყოველთაგან გონიერთა ეძიებდ და ნუ შეურაცხ-ჰყოფ ყოველსა ზრახებასა საჴმარსა.

19

და ყოველსა ჟამსა აკურთხევდი უფალსა შენსა და მისგან ითხოვდი, რათა ყოველნი გზანი შენნი წარმართებულ იყუნენ და ყოველნი ალაგნი და ზრახვანი შენნი წარემართნენ.

20

გამოიძიე იგი, რა მიხჳდე, და მოუღე მისგან ათი იგი ტალანტი ვეცხლი და უკუნეც ჴელით-წერილი მისი.

21

ნუ გეშინინ, ყრმაო, რამეთუ დავგლახაკენით ფრიად და გაქუს შენ მრავალი რაჲმე. უკუეთუ გეშინოდის ღმრთისა და განეშორო ყოვლისაგან ცოდვისა და ჰყოფდე სათნოებასა წინაშე მისსა.

1234567891011121314