მათეს სახარება, თავი 3
ხოლო იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი იუდეის უდაბნოში საქადაგებლად.
და ამბობდა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი.
რადგან ეს არის, ვისთვისაც ითქვა ესაია წინასწარმეტყველის მიერ: ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი.
ხოლო თვით იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელს ერტყა ტყავის სარტყელი: და საზრდელი მისი იყო კალია და ველური თაფლი.
მაშინ გამოდიოდა მისკენ იერუსალიმი, მთელი იუდეა და მთელი შემოგარენი იორდანესი.
ინათლებოდნენ მისგან იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს.
როდესაც დაინახა მისკენ მოსანათლად მომავალი ფარისეველნი და სადუკეველნი, უთხრა მათ: იქედნეს ნაშიერნო, ვინ გასწავლათ გაექეცითო მომავალ რისხვას?
მაშ, გამოიღეთ ნაყოფი, ღირსი სინანულისა.
ნუ გგონიათ, რომ შეგიძლიათ უთხრათ თქვენს თავს: მამად გვივისო აბრაამი; რადგანაც გეუბნებით თქვენ: ღმერთს ხელეწიფება თვით ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს.
ვინაიდან აწ უკვე ცული ხეების ფესვთან დევს. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა.
მე წყლით გნათლავთ, რომ მოინანიოთ, ხოლო ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უძლიერესია, ვისი ხამლის ტარებისაც არა ვარ ღირსი; და ის მოგნათლავთ სული წმიდითა და ცეცხლით.
მას ხელთ უპყრია თვისი არნადი და გაწმენდს თავის კალოს, და შეინახავს ხორბალს ბეღელში, ხოლო ბზეს მისცემს უშრეტ ცეცხლს.
მაშინ მოვიდა იესო გალილეით იორდანეს პირას, იოანესთან, რათა მონათლულიყო მისგან.
იოანე კი არ უშვებდა და ეუბნებოდა: მე მმართებს შენგან მონათვლა და შენ მოდინარ ჩემთან?
ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: დე, ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ მთელი სიმართლე. მაშინღა მიუშვა იგი.
და როცა მოინათლა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან, და, აჰა, გაეხსნენ მას ცანი და იხალა სული ღმრთისა, დაბლა რომ ეშვებოდა მტრედივით და გადმოდიოდა მასზე.
და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე.
მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლის-მცემელი ქადაგებად უდაბნოსა მას ჰურიასტანისასა
და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ.
რამეთუ ესე არს, რომელ-იგი თქუმულ არს ესაია წინასწარმეტყუელისა მიერ და იტყჳს: ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი.
ხოლო თავადსა იოვანეს ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა; ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური.
მაშინ განვიდოდა მისა იერუსალიმი და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები იორდანისაჲ.
და ნათელს-იღებდეს იორდანესა შინა მისგან და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა.
და ვითარცა იხილნა მრავალნი ფარისეველნი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო: ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა?
ყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ,
და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ თავით თჳსით: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. რამეთუ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა.
რამეთუ აწვე ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.
მე უკუე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად. ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ჴამლთა მისთა ტჳრთვად. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა.
რომლისა ნიჩაბი ჴელთა მისთა, განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა მით უშრეტითა.
მაშინ მოვიდა იესუ გალილეაჲთ იორდანედ იოვანესა ნათლის-ღებად მისგან.
ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიჴმს შენ მიერ ნათლისღებაჲ, და შენ ჩემდა მოხუალა?
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე. მაშინ მიუშუა მას.
და ნათელ-იღო იესუ. და მეყსეულად აღმოვიდა რაჲ წყლისა მისგან, და აჰა განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა.
და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ.