მათეს სახარება, თავი 1
წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა.
აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები.
ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან; ფარეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი.
არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი.
სალმონმა შვა ბოოსი რაქაბისაგან; ბოოსმა შვა იობედი რუთისაგან; იობედმა შვა იესე; იესემ შვა მეფე დავითი.
მეფე დავითმა შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან.
სოლომონმა შვა რობოამი; რობოამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა.
ასამ შვა იოსაფატი; იოსაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ოზია.
ოზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა აქაზი; აქაზმა შვა ეზეკია.
ეზეკიამ შვა მანასე; მანასემ შვა ამონი;. ამონმა შვა იოსია.
იოსიამ შვა იექონია და მისი ძმები ბაბილონის ტყვეობის ჟამს.
ხოლო ბაბილონის ტყვეობის შემდეგ იექონიამ შვა სალათიელი; სალათიელმა შვა ზორობაბელი.
ზორობაბელმა შვა აბიუდი; აბიუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი.
აზორმა შვა სადოკი; სადოკმა შვა აქიმი; აქიმმა მვა ელიუდი.
ელიუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მატთანი; მატთანმა შვა იაკობი.
ხოლო იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, ვისგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.
ასე რომ, მთელი შთამომავლობა აბრაამიდან დავითამდე თოთხმეტი თაობა, და დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდე თოთხმეტი თაობა და ბაბილონის ტყვეობიდან ვიდრე ქრისტემდე თოთხმეტი თაობა.
ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი მარიამი დანიშნული იყო იოსებზე, და მათ შეერთებამდე აღმოჩნდა, რომ მუცლად ეღო სული წმიდისაგან.
ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, არ უნდოდა მისი შერცხვენა და განიზრახა ფარულად გაეშვა იგი.
ეს რომ დააპირა, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად და უთხრა: იოსებ, დავითის ძეო, ნუ შიშობ მოიყვანო მარიამი, ცოლი შენი: რადგან ვინც მასში ჩასახულია, სული წმიდისაგან არის.
და შობს ძეს და უწოდებ სახელად იესოს, რადგან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან.
ხოლო ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს სიტყვა უფლისა, წინასწარმეტყველის მიერ თქმული:
აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი.
გამოიღვიძა იოსებმა ძილისგან და ისე მოიქცა, როგორც უბრძანა ანგელოზმა უფლისა, და მოიყვანა თავისი ცოლი.
და არ უცვნია იგი, ვიდრე არა შვა ძე თვისი პირმშო, და უწოდა სახელი მისი იესო.
წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი.
აბრაჰამ შვა ისაკ; ისაკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი;
ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ;
არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ;
სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე;
იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან;
სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა;
ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ;
იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია;
ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია;
იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა.
შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ;
აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ;
აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ;
ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ;
იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე.
ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.
ხოლო იესუ ქრისტეს შობაჲ ესრეთ იყო, რამეთუ: თხოვილ იყო დედაჲ მისი მარიამ იოსებისა და ვიდრე შერთვადმდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა.
ხოლო იოსებ, ქმარი ამისი, მართალი იყო და არა უნდა განმხილებაჲ მისი, იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი.
და ვითარ იგი ამას განიზრახვიდა ოდენ, აჰა ანგელოზი უფლისაჲ ჩუენებით გამოუჩნდა მას და ჰრქუა: იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, რამეთუ რომელი-იგი მისგან იშვეს, სულისაგან წმიდისა არს.
შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი იესუ, რამეთუ მან იჴსნეს ერი თჳსი ცოდვათა მათთაგან.
ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ პირითა წინასწარმეტყუელისაჲთა თქუმული:
აჰა ქალწული მოუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩუენ თანა ღმერთი.
განიღჳძა იოსებ ძილისა მისგან და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმან უფლისამან, და წარიყვანა ცოლი თჳსი.
და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე იგი მისი პირმშოჲ და უწოდა სახელი მისი იესუ.