ლოცვანი
აპლიკაცია

მათეს სახარება, თავი 20

1

ვინაიდან მსგავსია ცათა სასუფეველი ოჯახის პატრონისა, რომელიც გამოვიდა დილაუთენია, რათა თავის ვენახში სამუშაოდ დაექირავებინა მუშები.

2

დღეში თითო დინარად გაურიგდა მათ და თავის ვენახში გაგზავნა ისინი.

3

მერე გამოვიდა დაახლოებით სამ საათზე, და დაინანა მოედანზე უქმად მდგომი სხვა მუშები.

4

და უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში, და რაც გერგებათ, მოგცემთ.

5

ისინიც წავიდნენ. და კვლავ გამოვიდა მეექვსე და მეცხრე საათს და ასევე მოიქცა.

6

ბოლოს, გამოვიდა ასე თერთმეტ საათზე, დაინახა უქმად მდგომი სხვა მუშები, და უთხრა მათ: რატომ დგახართ მთელი დღე ასე უქმად?

7

მათ უთხრეს: იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა, ხოლო მან თქვა: წადით თქვენც ჩემს ვენახში, და რაც გერგებათ, მოგცემთ.

8

რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა თავის მოურავს უთხრა: დაუძახე მუშებს და მიეცი საზღაური, უკანასკნელთაგან მოყოლებული პირველებამდე.

9

მოვიდნენ თერთმეტზე დაქირავებულნი, და მიიღეს თითო დინარი.

10

მოვიდნენ პირველნიც და ეგონათ, უფრო მეტი მოგვიწევსო, მაგრამ მათაც თითო დინარი მიიღეს.

11

და როცა მიიღეს, ყვედრება დაუწყეს ვენანის პატრონს

12

და თქვეს: ეს უკანასკნელნი მხოლოდ ერთ საათს მუშაობდნენ და ჩვენ კი გაგვითანაბრე, რომელთაც ვიტვირთეთ სიმძიმე დღისა და სიცხე.

13

ხოლო მან პასუხად უთხრა ერთ მათგანს: მეგობარო, უსამართლოდ არ მოგქცევივარ: განა ერთ დინარად არ მომირიგდი?

14

მიიღე შენი და წადი: მე მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ.

15

იქნებ ნება არა მაქვს, როგორც მსურს, ისე მოვექცე ჩემსას? ან იქნებ შენი თვალია უკეთური, იმიტომ, რომ მე ვარ კეთილი?

16

ასე იქნებიან უკანასკნელნი - პირველნი, და პირველნი - უკანასკნელნი, ვინაიდან მრავალნი არიან ხმობილნი და მცირედნი - რჩეულნი.

17

და როცა ადიოდა იერუსალიმს, იესომ ცალკე გაიხმო გზაში თავისი თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ:

18

აჰა, ავდივართ იერუსალიმს, და ძე კაცისა მიეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, და მიუსჯიან მას სიკვდილს;

19

და საგინებლად, საგვემად და ჯვარზე საცმელად მისცემენ მას წარმართთ: და აღდგება მესამე დღეს.

20

მაშინ ზებედეს ძეთა დედა თავისი ვაჟებითურთ მიეახლა მას, თაყვანს სცემდა და რაღაცას ევედრებოდა.

21

მან უთხრა: რა გსურს? ხოლო ქალმა მიუგო მას: თქვი, რომ ეს ჩემი ორი ძე შენს სასუფეველში ერთი შენს მარჯვნივ, მეორე კი შენს მარცხნივ დაჯდეს.

22

იესომ პასუხად თქვა: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ შესვათ სასმისი, რომელიც მე უნდა შევსვა? მათ თქვეს: შეგვიძლია.

23

ხოლო იესომ უთხრა მათ: ჩემს სასმისს შესვამთ, მაგრამ მე როდი მომეცა, თუ ვინ დაჯდება ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ, არამედ ვისთვისაც ეს გამზადებულია ჩემი მამის მიერ.

24

ამის მოსმენისას ათი მოწაფე რისხვით აღივსო ორივე ძმის მიმართ.

25

ხოლო იესომ მიიხმო ისინი და უთხრა: თქვენ იცით, რომ ხალხთა მთავარნი მბრძანებლობენ მათზე, და დიდებულნი განაგებენ მათ.

26

ხოლო თქვენს შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, თქვენს მსახურად იქცეს.

27

და ვინც თქვენს შორის მოისურვებს პირველობას, თქვენს მონად იქცეს.

28

რადგან ძე კაცისა იმისთვის კი არ მოვიდა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ რათა სხვებს ემსახუროს და მრავალთა სახსნელად მისცეს თავისი სული.

29

როდესაც გამოვიდნენ იერიხონიდან, მისდევდა მას დიდძალი ხალხი.

30

და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას, და როდესაც გაიგონეს, იესო მოდისო, აყვირდნენ და თქვეს: შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძეო!

31

ხოლო ხალხი ტუქსავდა მათ და აჩუმებდა. ისინი კი უფრო ხმამაღლა ყვიროდნენ: შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძეო!

32

იესო შეჩერდა, მიიხმო ისინი და უთხრა: რას მოითხოვთ ჩემგან?

33

მათ მიუგეს: თვალის ახელას, უფალო.

34

შეებრალა ისინი იესოს და შეეხო მათ თვალებს; იმ წამსვე აეხილათ თვალი და გაჰყვნენ მას.

1

რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთიად დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა.

2

და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულსა დრაჰკანი დღესა შინა და წარავლინნა იგინი ვენაჴსა თჳსსა.

3

და განვიდა იგი მესამესა ჟამსა და პოვნა სხუანი, მდგომარენი უბანთა ზედა უქმად,

4

და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიგცე თქუენ.

5

ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა და ყო ეგრეთვე.

6

ხოლო მათერთმეტესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ: რაჲსა სდეგით თქუენ აქა დღე ყოველ უქმად?

7

ხოლო მათ ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ დამიდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიიღოთ.

8

და ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა უფალმან სავენაჴისამან ეზოჲს-მოძღუარსა თჳსსა: მოუწოდე მუშაკთა მათ და მიიღეს თითოჲ დრაჰკანი.

9

10

მოვიდეს პირველისანიცა იგი და ჰგონებდეს, ვითარმედ უფროჲსი მიიღონ, და მიიღეს მათცა თითოჲ დრაჰკანი.

11

ხოლო მი-რაჲ-იღეს, დრტჳნვიდეს სახლისა უფლისა მისთჳს

12

და იტყოდეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელთა მათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს, და სწორ ჩუენდა ჰყუენ იგინი, რომელთა ვიტჳრთეთ სიმძიმე დღისაჲ და სიცხე.

13

ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და ჰრქუა: მოყუასო, არარას გავნებ შენ, ანუ არა ერთი დრაჰკანი აღგითქუ შენ?

14

მიიღე შენი და ვიდოდე. ხოლო მე მნებავს უკუანაჲსკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ.

15

ანუ არა ჯერ-არსა ჩემდა, რაჲცა მინდეს, ყოფად ჩემსა ზედა? არამედ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ.

16

ესრეთ იყვნენ წინანი უკანა, და უკანანი წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი რჩეულ.

17

და ვითარცა აღვიდოდა იესუ იერუსალჱმდ, წარიყვანნა ათორმეტნი იგი მოწაფენი თჳსაგან და მგზავრ ეტყოდა მათ:

18

აჰა ესერა აღვალთ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილად.

19

და მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და ტანჯვად და ჯუარ-ცუმად, და მესამესა დღესა აღდგეს.

20

მაშინ მოუჴდა იესუს დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ ძეთა მისთა თანა, თაყუანის-სცემდა მას და ითხოვდა რასმე მისგან.

21

ხოლო თავადმან ჰრქუა მას: რაჲ გნებავს? ჰრქუა მას: თქუ, რაჲთა დასხდენ ორნი ესე ძენი ჩემნი ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა სასუფეველსა შენსა.

22

მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა იცით რასა ითხოვთ. ძალ-გიცა შესუმად სასუმელი, რომელი მე მეგულების შესუმად, ანუ ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო ნათლის-ღებად? ხოლო მათ ჰრქუეს: ძალ-გჳც.

23

ჰრქუა მათ იესუ: სასუმელი სამე ჩემი შესუათ და ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ, ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთდა განმზადებულ არს მამისა მიერ ჩემისა.

24

ვითარცა ესმა ესე ათთა მათ, განრისხნეს ორთა მათ ძმათათჳს.

25

ხოლო იესუ მოუწოდა მათ და ჰრქუა: უწყითა, რამეთუ მთავარნი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა, და დიდ-დიდნი ჴელმწიფებენ მათ ზედა?

26

ხოლო თქუენ შორის არა ეგრეთ იყოს, არამედ რომელსა უნებს თქუენ შორის დიდ ყოფაჲ, იყავნ თქუენდა მსახურ;

27

და რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფაჲ, იყოს იგი თქუენდა მონა.

28

ვითარცა ძე კაცისაჲ არა მოვიდა, რაჲთამცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთათჳს.

29

და ვითარცა გამოვიდოდეს იგინი იერიქოჲთ, მისდევდა მას ერი მრავალი.

30

და აჰა ესერა ორნი ბრმანი სხდეს გზასა ზედა. და ვითარცა ესმა, ვითარმედ იესუ წარმოვალს, ჴმობდეს და იტყოდეს: შემიწყალენ ჩუენ, უფალო, ძეო დავითისო!

31

ხოლო ერი იგი ჰრისხვიდა მათ, რაჲთა დადუმნენ. ხოლო იგინი უფროჲს ღაღადებდეს: შემიწყალენ ჩუენ, უფალო, ძეო დავითისო!

32

და დადგა იესუ, მოუწოდა მათ და ჰრქუა: რაჲ გნებავს, და გიყო თქუენ?

33

ჰრქუეს მას: უფალო, რაჲთა აღვიხილნეთ თუალნი ჩუენნი.

34

შეეწყალნეს იგინი იესუს და შეახო თუალთა მათთა, და მეყსეულად აღიხილნეს და შეუდგეს მას.

12345678910111213141516171819202122232425262728