მათეს სახარება, თავი 11
და როდესაც დაასრულა იესომ შეგონება თავისი თორმეტი მოწაფის მიმართ, წავიდა იქიდან მათს ქალაქებში სასწავლად და საქადაგებლად.
ხოლო იოანემ შეიტყო საპყრობილეში ქრისტეს საქმენი, და გამოგზავნა თავისი ორი მოწაფე.
რათა ეკითხათ მისთვის: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ?
ხოლო იესომ მიუგო მათ: მიდით და უთხარით იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ:
ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ: მკვდარნი აღდგებიან და გლანაკნი სახარებით ხარობენ.
ნეტარ არს, ვინც არ შემცდარა ჩემში.
ხოლო მათი წასვლის შემდეგ იესომ იოანეზე ჩამოუგდო სიტყვა ხალხს: რისთვის დადიოდით უდაბნოში? ქარისაგან რხეული ლერწმის ხილვად?
რისთვის დადიოდით უდაბნოში? ლბილი სამოსით მოსილი კაცის ხილვად? მაგრამ ლბილი სამოსით მოსილნი მეფეთა დარბაზებში არიან.
რისთვის დადიოდით უდაბნოში? წინასწარმეტყველის ხილვად? დიახ, გეტყვით თქვენ, წინასწარმეტყველისა და უფრო მეტისაც.
რადგან ეს არის იგი, ვისთვისაც დაიწერა: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენსავ წინაშე.
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედისაგან შობილი არვინ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე უმეტესი, ხოლო ცათა სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია.
ვინაიდან იოანე ნათლისმცემლიდან მოყოლებული დღემდე, ცათა სასუფეველი ძალით იღება, და ძალისმხმეველნი მიიტაცებენ მას.
რადგან ყველა წინასწარმეტყველი, და თვით რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ.
და თუ გნებავთ გაიგოთ, ეს არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს.
ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!
ან ვის ვამსგავსო ეს მოდგმა? ვამსგავსებ მოედანზე მსხდომ ბალღებს, თავიანთ ტოლებს რომ უყვირიან
და ამბობენ: თქვენთვის ვუკრავდით, და არ იცეკვეთ; თქვენთვის ვგოდებდით, და არ იგლოვეთ.
ვინაიდან მოვიდა იოანე; არც ჭამს და არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკი ჰყავსო.
მოვიდა ძე კაცისა; კიდეც ჭამს და კიდეც სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო. მაგრამ გამართლდა სიბრძნე მისი შვილებისაგან.
მაშინ დაიწყო იესომ იმ ქალაქთა გმობა, სადაც ყველაზე მეტი ძალნი გამოავლინა, მაგრამ მათ არ შეინანეს:
ვაი შენდა, ქორაზინ, და ვაი შენდა, ბეთსაიდა; რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი ძალნი, რა ხანია ძაძითა და ნაცრით შეინანებდნენ.
ამიტომ გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის.
და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებულო, ჯოჯოხეთამდე დაემხობი: რადგან სოდომს რომ მოვლენოდა შენში მოვლენილი ძალნი, იქნებ კიდევაც მდგარიყო დღევანდელ დღემდე.
ამიტომ გეუბნები შენ: განკითხვის დღე სოდომის მხარისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე შენთვის.
იმ ხანად იესომ პასუხად თქვა: გადიდებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გონიერთ დაუფარე ყოველივე ეს, და გაუცხადე ჩვილ ბალღებს.
დიახ, მამაო, ასე კეთილინებე შენ.
ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას.
მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.
დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.
და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ ბრძანებანი ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა მისთა, წარვიდა მიერ ქადაგებად და სწავლად ქალაქებსა მათსა.
ხოლო იოვანეს რაჲ ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი ქრისტესნი, მიავლინნა ორნი მოწაფენი თჳსნი
და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ჰხედავთ:
ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, და ყრუთა ესმის, და მკუდარნი აღდგებიან და გლახაკთა ეხარების.
და ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ.
და ვითარცა ესენი წარვიდეს, იწყო იესუ სიტყუად ერსა მას იოვანესთჳს: რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა?
არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილისა? აჰა ესერა რომელნი ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილ არიან, სახლთა შინა სამეუფოთა არიან.
არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? წინაწარმეტყუელისა? ჰე, გეტყჳ თქუენ, და უმეტეს წინაწარმეტყუელისა.
რამეთუ ესე არს, რომლისათჳს წერილ არს: აჰა ესერა წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა, რომელმან განჰმზადეს გზანი შენნი წინაშე პირსა შენსა.
ამენ გეტყჳ თქუენ: არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაჲ უფროჲს იოვანეს ნათლის-მცემელისა; ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს.
რამეთუ დღითგან იოვანე ნათლის-მცემლისაჲთ ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათაჲ იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი.
რამეთუ ყოველნი წინაწარმეტყუელნი და სჯული ვიდრე იოვანესამდე წინაწარმეტყუელებდეს.
და უკუეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ელია, რომელი მოვალს.
რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
აწ ვის ვამსგავსო ნათესავი ესე? მსგავს არს ყრმათა, რომელნი სხენედ უბანთა და მოუწესედ მოყუასთა თჳსთა
და ეტყჳედ მათ: გისტჳნევდით თქუენ, და არა ჰროკევდით, გიგოდებდით, და არა იტყებდით.
რამეთუ მოვიდა იოვანე, არცა ჭამდა, არცა სუმიდა, და იტყჳან, ვითარმედ: ეშმაკეულ არს.
მოვიდა ძე კაცისაჲ, ჭამს და სუამს, და იტყჳან: აჰა კაცი მჭამელი და ღჳნის-მსუმელი, მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაჲ. და განმართლდა სიბრძნე შვილთაგან თჳსთა.
მაშინ იწყო იესუ ყუედრებად ქალაქებისა მის, სადა-იგი იქმნნეს უმრავლესნი ძალნი მისნი, რამეთუ არა შეინანეს:
ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა! რამეთუ ტჳროსს თუმცა და სიდონს იქმნნეს ძალნი მისნი, რომელნი იქმნნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს.
ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე თქუენ.
ხოლო შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე, რამეთუ სოდომს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელნი იქმნნეს შენ შორის, ჰგიანამცა დღენდელად დღედმდე.
ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე შენ.
მას ჟამსა შინა იტყოდა იესუ და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა.
ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე.
ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ; და არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების.
მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ.
აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ.
რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს.