მათეს სახარება, თავი 12
ერთხელ, შაბათ დღეს, ყანაში მიდიოდა იესო; მოშივდათ მის მოწაფეებს და დაიწყეს თავთავების კრეფა და ჭამა.
ეს რომ დაინახეს, ფარისევლებმა უთხრეს მას: აი, შენი მოწაფეები იმას სჩადიან, რაც ნებადართული არ არის შაბათს.
ხოლო იესომ უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მოშივდა მასაც და მის მხლებლებსაც?
როგორ მევიდა ღმერთის სახლში და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ქმნა არც მისთვის იყო ნებადართული და არც მისი მხლებლებისათვის, და რისი ნებაც მხოლოდ მღვდლებს ჰქონდათ?
არც ის ამოგიკითხავთ რჯულში, რომ შაბათობით მღვდლები ტაძარში არღვევენ შაბათს, და მაინც უცოდველნი არიან?
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: აქ არის ის, ვინც ტაძარზეც უმეტესია.
რომ იცოდეთ, რას ნიშნავს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, აღარასოდეს შეაჩვენებდით უცოდველთ.
რადგან ძე კაცისა შაბათის უფალიც არის.
წამოვიდა იქიდან იესო და შევიდა მათ სინაგოგაში.
და, აჰა, იყო იქ ერთი ხელგამხმარი კაცი, და ჰკითხეს იესოს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: თუ შეიძლება კაცი განკურნო შაბათს?
ხოლო იესომ პასუხად უთხრა მათ: რომელიმე თქვენგანს ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათ დღეს ორმოში ჩაუვარდეს, ნუთუ ხელს არ ჩასჭიდებს და არ ამოიყვანს მას?
ხოლო კაცი რამდენად უმჯობესია ცხვარზე? ამიტომაც შეიძლება შაბათ დღეს სიკეთის ქმნა.
და უთხრა მაშინ კაცს: გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და ისევე გაუმრთელდა, როგორც მეორე.
ხოლო ფარისევლები გამოვიდნენ და მოითათბირეს მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი.
მაგრამ იესომ გაიგო ეს და გაეცალა იქაურობას; თან მისდევდა დიდძალი ხალხი და განკურნა ყველა.
და უბრძანა მათ, არ გამთქვათო.
რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
აჰა, მსახური ჩემი, რომელიც ავირჩიე; საყვარელი ჩემი, რომელიც შევიტკბე სულით; დავსდებ მასზე ჩემს სულს, და აუწყებს სამართალს ხალხებს.
არ იდავებს, არ იყვირებს და ვერც ვერავინ მოისმენს ქუჩებში მის ხმას.
მოტეხილ ლერწამს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ დაშრეტს, ვიდრე არ მოუპოვებს ძლევას სამართალს.
და მისი სახელი სასოებად ექნება ხალხებს.
მაშინ მიჰგვარეს მას ბრმა და მუნჯი ეშმაკეული, და განკურნა იგი, ისე, რომ ამ ბრმასა და მუნჯს თვალი აეხილა და ამეტყველდა.
უკვირდა ხალხს და ამბობდა: ეს ხომ არ არის დავითის ძეო?
ხოლო ამის გამგონე ფარისევლები ამბობდნენ: ეს თუ ეშმაკებს აძევებს, მხოლოდ ეშმაკთა მთავრის, ბელზებულის შეწევნითო.
მაგრამ იცოდა იესომ, რასაც ფიქრობდნენ ისინი, და უთხრა მათ: ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება: და ყოველი ქალაქი, გინდა სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა.
თუკი სატანა აძევებს სატანას, მაშინ ის თავის თავს განეყოფა; როგორღა გაძლებს მასი სამეფო?
და თუ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ, ვისი შეწევნითღა აძევებენ მათ თქვენი ძენი? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულნი.
ხოლო თუ მე ღმერთის სულით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენამდე ღმრთის სასუფეველს.
ან როგორ შეძლებს ვინმე შევიდეს ძლიერის სახლში და გაძარცვოს იგი, თუკი თავდაპირველად არ შებოჭავს ძლიერს? მხოლოდ ამის შემდეგ თუ შესძლებს მისი სახლის გაძარცვას.
ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა; და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს.
ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ.
ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად.
ან სცანით ხე ვარგისად და მისი ნაყოფიც ვარგისად; ან სცანით ხე უვარგისად და მისი ნაყოფიც უვარგისად; ვინაიდან ნაყოფით იცნობა ხე.
იქედნეს ნაშიერნო, როგორ შეგიძლიათ, თავად უკეთურთ, კეთილი სიტყვის თქმა? ვინაიდან გულის სისავსისგან მეტყველებს ბაგე.
კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი.
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს.
ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები.
მაშინ ზოგმა მწიგნობარმა და ფარისეველმა უთხრა მას: მოძღვარო, გვსურს სასწაული ვიხილოთ შენგან.
ხოლო მან პასუხად თქვა: უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს; მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა.
ვინაიდან როგორც იონამ დაყო ვეშაპის მუცელში სამი დღე და სამი ღამე, ასევე დაყოფს ძეც კაცისა ქვეყნის გულში სამ დღეს და სამ ღამეს.
ნინეველნი აღსდგებიან განკითხვისას ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებენ მას, ვინაიდან მათ შეინანეს იონას ქადაგებით, და, აჰა, აქ იონაზე უმეტესია.
სამხრეთის დედოფალი აღსდგება განკითხვისას ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებს მას, ვინაიდან ქვეყნის დასალიერიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის სასმენად, და, აჰა, აქ სოლომონზე უმეტესია.
როდესაც უწმინდური სული გამოვა კაცისაგან, უწყალო ადგილებს დაეძებს განსასვენებლად, და ვერ ჰპოვებს მას.
და მაშინ იტყვის: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი; და როცა მივა, ჰპოვებს მას ცარიელს, დაგვილსა და დამშვენებულს.
მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულსაც, მასზე უბოროტესს; შევა და დაემკვიდრება იქ; და ამ კაცის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. იგივე დღე ელის ამ უკეთურ მოდგმასაც.
და ვიდრე ასე ესაუბრებოდა ხალხს, მისი დედა და ძმები გარეთ იდგნენ და სიტყვის სათქმელად ეძებდნენ მას.
მაშინ ვიღაცამ უთხრა მას: აჰა, დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და სიტყვის სათქმელად გეძებენ შენ.
ხოლო იესომ პასუხად თქვა: ვინ არის დედაჩემი? ან ვინ არიან ჩემი ძმები?
გაიშვირა ხელი თავისი მოწაფეებისაკენ და თქვა: აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები.
რადგან ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას, იგია ძმაც, დაც და დედაც ჩემი.
მას ჟამსა შინა წარვიდოდა იესუ დღესა შაბათსა ყანობირსა მათსა. ხოლო მოწაფეთა მისთა შეემშია და იწყეს მუსრვად თავსა ჴუვილისასა და ჭამად.
ხოლო ფარისეველთა მათ იხილეს რაჲ, ჰრქუეს მას: აჰა მოწაფენი შენნი იქმან, რომელი არა ჯერ-არს შაბათსა შინა საქმედ.
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია და მისთანათა მათ?
ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამად მისა, არცა მისთანათა მათ, გარნა მღდელთა ხოლო?
ანუ არა აღმოგიკითხავსა შჯულსა, რამეთუ შაბათთა შინა მღდელთა ტაძარსა მას შინა შაბათი შეურაცხ-ყვიან და უბრალო იყვნიან?
ხოლო გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ტაძრისა უფროჲს არს აქა.
უკუეთუმცა გეცნა, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი, არამცა დასაჯენით უბრალონი.
უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.
და წარმოვიდა მიერ იესუ და მოვიდა შესაკრებელსა მათსა.
და იყო მუნ კაცი ერთი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა. ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა კურნებაჲ რაჲთამცა შეასმინეს იგი.
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა ედგას ცხოვარი ერთი და შთავარდეს იგი დღესა შაბათსა ჯურღმულსა, არა-მე უპყრასა და აღმოიქუას იგი?
რაოდენ უმჯობეს არს კაცი ცხოვრისა? ამისთჳს ჯერ-არს შაბათსა შინა კეთლისა საქმე.
მაშინ ჰრქუა იესუ კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! და მან განირთხა ჴელი, და კუალად მოეგო ცოცხალი, ვითარცა ერთი იგი.
ხოლო ფარისეველნი იგი გამოვიდეს და ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთა წარწყმიდონ იგი. ხოლო იესუ გულისჴმა-ყო და განეშორა მიერ და წარვიდა.
და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგი ყოველნი.
და ამცნო მათ, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი.
რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს:
აჰა ესერა ძე ჩემი, რომელი მე სათნო-ვიყავ, საყუარელი ჩემი, რომელი სთნავს სულსა ჩემსა. დავდა სული ჩემი მის ზედა, და სამართალი წარმართთა მიუთხრას.
არა ჰჴდებოდის, არცა ღაღადებდეს, არცა ესმეს ვის უბანთა ზედა ჴმაჲ მისი.
ლერწამი შემუსრვილი არა განტეხოს და პატრუკი მბნდჳნვარე არა დაშრიტოს, ვიდრემდე გამოიღოს ძლევად სასჯელი.
და სახელსა მისსა წარმართნი ესვიდენ.
მაშინ მოჰგუარეს მას ეშმაკეული ბრმაჲ და ყრუჲ, და განკურნა იგი, ვითარმედ ყრუჲ და ბრმაჲ ხედვიდა და იტყოდა.
და განუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: ნუუკუე ესე არს ძე დავითისი?
ხოლო ფარისეველთა მათ ვითარცა ესმა ესე, იტყოდეს: ესე არა განასხამს ეშმაკთა, გარნა ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა.
იცოდნა იესუ ზრახვანი იგი გულისა მათისანი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაჲ, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, მოოჴრდის; და ყოველი ქალაქი გინა სახლი, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, ვერ დაემტკიცოს.
და უკუეთუ ეშმაკი ეშმაკსა განჰჴდის, თავსა თჳსსა განევლთა; ვითარ დამტკიცნეს მეუფებაჲ მისი?
და უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენნი რაჲთა განასხმენ? ამისთჳს იგინივე მსაჯულ თქუენდა იყვნენ.
უკუეთუ მე სულითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამე-იწია თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ.
ანუ ვითარ ვის ჴელ-ეწიფების სახლსა ძლიერისასა შესლვად და ჭურჭელი მისი გამოტყუენვად, უკუეთუ არა პირველად შეკრას ძლიერი იგი და მაშინღა სახლი მისი იავარ-ყოს.
რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს.
ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა.
და რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათჳს, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას.
ანუ ყავთ ხე იგი კეთილ და ნაყოფიცა მისი კეთილ; ანუ ყავთ ხე იგი ხენეშ და ნაყოფიცა მისი ხენეშ; რამეთუ ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს.
ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ ჴელ-გეწიფების კეთილისა სიტყუად, რამეთუ თქუენ უკეთურნი ხართ? რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყჳნ.
კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი.
ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველი სიტყუაჲ უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა.
რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო.
მაშინ მი-ვიეთმე-უგეს მწიგნობართაგან და ფარისეველთა და ჰრქუეს: მოძღუარ, გუნებავს შენგან სასწაულისა ხილვად.
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იგი იონა წინაწარმეტყუელისაჲ.
რამეთუ ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე.
კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა; და აჰა ესერა უფროჲს იონაჲსსა არს აქა.
დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს სასჯელსა მას ნათესავსა ამას თანა და დასაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად ამის თანა და დასაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად სიბრძნესა სოლომონისსა; და აჰა ესერა უფროჲს სოლომონისსა არს აქა.
ხოლო რაჟამს სული იგი არაწმიდაჲ განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის.
მაშინ თქჳს: მივიქცე სახედ ჩემდა, ვინაჲცა გამოვედ; და მი-რაჲ-ვიდის, პოვის იგი მოცალე, განშუენებული და შემკული.
მაშინ წარვიდის და მოიყვანნის მის თანა სხუანი შჳდნი სულნი, უბოროტესნი მისა, და მოვიდის და დაემკჳდრის მუნ. და იქმნის უკუანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა. ესრეთ ეყოს ნათესავსა ამასცა უკუეთურსა.
და იყო ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა ესერა დედაჲ მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად.
მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა.
ხოლო იესუ მიუგო მეტყუელსა მას და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი?
და მიყო ჴელი მისი მოწაფეთა მიმართ თჳსთა და თქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი!
რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი.